განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6250-16 22 მარტი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა-----–-------–---–- (წარმომადგენელი-გ-------–------–---), ლ-–-------–-–---–-, ჯ----–--–-------, მ--–---------–---, ა-–---------------–---–- (წარმომადგენელი - მ--–---------------), ზ------------–-–---–-
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, მოპასუხეების - ა-----–-------–---–-ს, ლ-–-------–-–---–-ს, ჯ----–--–--------, მ--–---------–--ის, ა-–---------------–---–-სა და ზ------------–-–---–-ს მიმართ, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 2010 წლის 15 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ა-----–-------–---–-, ლ-–-------–-–---–-, ზ------------–-–---–-, ჯ----–--–-------, მ--–---------–---, ა-–---------------–---–- ცნობილი იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
აღნიშნული განაჩენის თანახმად, 2007 წლის ივნისში ლ-–-------–-–---–მა და მისმა ქვისლმა შპს ,,მ------------”-ის გენერალურმა დირექტორმა მ--–---------–---მ და ამავე საზოგადოების დამფუძნებელმა ჯ----–--–-------მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განიზრახეს ქ. თბილისში, ისნის რაიონში, 300 არაგველის აღმართსა და მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაახლოებით 5 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლება. მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ხსენებული პირები შეთანხმდნენ, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაცია მოეხდინათ გარეშე პირის, ამავე საზოგადოების ფინანსისტის, ა-----–-------–---–-ს მამის, გ------–--------–---–-ს სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, მ--–---------–--- და ლ-–-------–-–---–- დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ა-----–-------–---–ს, რომელსაც გაანდეს რა ხსენებული განზრახვა და გარკვეული ანაზღაურების დაპირების სანაცვლოდ დაითანხმეს, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაციას მოახდენდნენ გ------–--------–---–-ს სახელზე. ა-----–-------–---–მა, შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობის განცხადების შემდეგ, აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში თანამონაწილეობაზე თავის მხრივ დაითანხმა გ------–--------–---–-. აღნიშნულის შემდგომ ლ-–-------–-–---–- დანაშაულებრივად დაუკავშირდა მეგობარს-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებების რეგისტრაციის სექტორის ყოფილ რეგისტრატორს ა-–---------------–---–ს, ხოლო მისი მეშვეობით გი---------–---ს და მის მეგობარს-ამავე სამსახურის სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის განყოფილების ყოფილ უფროსს-ზ------------–-–---–ს, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაითანხმა ხსენებულ დანაშაულში თანამონაწილეობაზე...
განაჩენის თანახმად, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 300 არაგველთან მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ------–--------–---–-ს კერძო საკუთრებად რეგისტრაცია.
ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომლის დადგენილი ნორმატიული ღირებულება 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 570 650 ლარს, რითიც სახელმწიფო მიადგა ზიანი.
ამავე განაჩენით, მოპასუხეებს სასჯელის სახით მათ შორის დაეკისრათ ჯარიმის გადახდაც სახელმწიფოს სასარგებლოდ, მათ შორის, ზ------------–-–---–ს-5000 ლარი, ასევე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 72.03.12.1--- 2---- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გადაეცა სახელმწიფოს.
მ--–---------–---ს მათ შორის 30 000 ლარის ოდენობით დაეკისრა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ----–--–-------- მიმართ ასევე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფო სასარგებლოდ დაეკისრა 50 270 ლარის გადახდა.
ასევე სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად სამოქალაქო მოპასუხეების-ზ------------–-–---–-ს და კ-----------–--ის მიმართ და მათ სოლიდარულად დაეკისრათ 498 685 ლარის გადახდა სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფო სასარგებლოდ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამის პირთა მიმართ გამოძიება დაიწყო 2--- წლის 20 სექტემბერს და დასრულდა 2--- წლის 21 სექტემბერს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა ეპიზოდზე, წარდგენილი იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სამოქალაქო სარჩელი ჯ----–--–-------- მიმართ და მოთხოვნილი იქნა ზიანის ანაზღაურება 50 270 ლარის ოდენობით 04.11.2--- წელს.
2.2. დადგენილია, რომ 2009 წლის 12 მარტს დაზარალებულის სახით დაკითხული იქნა ი-----–-------------, რომელმაც მიუთითა შემდეგი: გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე გ------–--------–---–-ს საკუთრებაში გადაცემულია 5 501 კვ.მ. უძრავი ქონება, რომლის ნორმატიული ღირებულება არის 1კვ.მ.-ზე 350-500 აშშ დოლარი, სახელმწიფოს გ------–--------–---–-ს ქმედებით მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც ითხოვენ დამნაშავისგან მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
ი-----–------------- ასევე იქნა დაკითხული სასამართლო სხდომებზე დაზარალებულის სახით.
2.3. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.03.2--- წლის წერილით, 300 არაგველის მიმდებარედ არსებული 5 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ღირებულებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურას ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილის-2 130 კვ.მ. ღირებულება შეადგენდა 320 ლარს, ხოლო მეორე ნაწილის-3 371კვ.მ.-ის ღირებულება - 96 ლარს.
2.4. 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით გ------–--------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სს კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
აღნიშნული განაჩენით დადგენილი იქნა, რომ გ------–--------–---–მა დაამზადა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1--- წლის 14 ივლისით დათარიღებული ?14.11.3-- დადგენილება, რომელიც შემდგომში გამოიყენა ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მეტრო ”300 არაგველის” მიმდებარედ არსებული 5 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლებაში.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცებული იქნა საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულსა და ქ. თბილისის პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის.
2.5. ჯ----–--–------- 2013 წლის 13 იანვარს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან 1-.01.2--- წლის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე.
2013 წლის 16 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მ--–---------–--- გათავისუფლდა სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სს კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.
ამავე განაჩენით დადგენილია, რომ მ--–---------–--- მიჩნეული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად 2012 წლის 05 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, 300 არაგველის მიმდებარედ ს/კ 01.17.01.1-8.0--. მესაკუთრედ 2007 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა გ------–--------–---–-.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 14.07.1--- წლის ?14.11.3-- დადგენილება და არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.
2.7. უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, 300 არაგველის მიმდებარედ ს/კ 01.17.01.1-8.0--. მესაკუთრეს წარმოედაგენს სს ,,ვ-----------------------“;
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - 07.04.2--- წლის საქართველოს იუსტიციის სამონისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება.
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ ხანდაზმულია.
კერძოდ, სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ის განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და რომ მან ზიანის მიყენების ფაქტის და ზიანის მიმყენებელი პირების თაობაზე შეიტყო 2010 წლის 15 აპრილს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამ წელი იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა, თუ პირმა, თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო, ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება,2. სახეზე უნდა იყოს ზიანი,3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის,4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30921 მუხლები არეგულირებენ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებულ წესს და ასეთ სარჩელებს უნდა დაერთოს მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლას ვერ დაუკავშირდება ისეთი მატერიალურ-სამართლებრივი ინსტიტუტის განხორციელება, როგორიცაა ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, ამ ფაქტობრივ გარემოებას ვერ გავაიგივებთ და ვერ დავაკავშირებთ ავტომატურად ყველა შემთხვევაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლასთან. ამ შემთხვევაში, ამგვარი კატეგორიის საქმეების განხილვა დადგენილი იქნა გამარტივებულად, რადგან კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილად მიიჩნევს სასამართლო ზიანის მიყენების ფაქტს და ამიტომ ამგვარი დავები იხილება გამარტივებული წესით. სასამართლოს შეფასებით, ეს სრულებითაც არ ადასტურებს, რომ შესაბამისი პირი, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის ან ზიანის მიმყენებელი პირის შესახებ, იგებს განაჩენით. ბუნებრივია, ის რომ ზიანის ფაქტია სახეზე და არსებობს ზიანის მიმყენებელი პირი ანდა უნდა დადგინდეს ასეთი პირი, ამიტომ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და დგება ამ საქმეზე სისხლის სამართლის განაჩენი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებული დაკითხული იქნა ჯერ კიდევ 2009 წლის 12 მარტს, რომელიც ადასტურებდა ზიანის მიყენების, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობას, აგრეთვე წარდგენილი იყო მიყენებული ზიანის გაანგარიშება არქიტექტურის სამსახურის მიერ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისათვის. შესაბამისად, ის რომ მოსარჩელემ მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეიტყო ზიანის მიყენების და ზიანის ოდენობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, სასამართლოს აზრით, მოკლებულია გონივრულობას და დამაჯერებლობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი იყო ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო 2010 წლის 15 აპრილი, როდესაც მოპასუხეთა მიმართ დადგა განაჩენი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გ------–--------–---–-ს მიმართ განაჩენი დადგა 2009 წლის 02 ოქტომბერს და აღნიშნული განაჩენით დასტურდება გ------–--------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელისათვის მის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი. ანუ მოსარჩელემ უკვე ამ პერიოდში იცოდა, რომ მას ზიანი მიაყენა გ------–--------–---–მა. უფრო მეტიც, ამავე განაჩენით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მას ასევე ზიანი მიაყენეს მოპასუხეებმა, რადგან მათ თაობაზე განმარტავდა გ------–--------–---–-. გარდა ამისა, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ ამავე 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით დადგენილია და შეფასებულია დაზარალებულ ი-----–------------ის მიერ წინაწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები; ამ ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ 1994 წლის 14 ივლისით დათარიღებული N14.11.3-- დადგენილება, რომლითაც მოქალაქე გ------–--------–---–ს საკუთრებაში გადაეცა შესაბამისი უძრავი ქონება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს მითითებულ პერიოდში მსგავსი შინაარსის დადგენილება არ გაუცია და შესაბამისად, იგი იყო გაყალბებული. ამასთან, როგორც განაჩენშია მითითითებული ,,რაც შეეხება განხორციელებულ ქმედებას, რითაც წარმოიშვა საკუთრების უფლება, ამით მიადგა ზიანი თვითმმართველ ერთეულს და შესაბამისად ითხოვს ანაზღაურებული იქნას ამ დანაშაულით მიყენებული ზიანი. სავარაუდოდ, მიწის ნორმატიული ღირებულება 1მ2-ზე შეადგენს 350-500 ლარამდე, ხოლო საბაზრო ღირებულება უფრო მეტია”.
სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული უდაოდ ადასტურებს, რომ ყველაზე გვიან 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით მაინც იყო ცნობილი მოსარჩელისათვის, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ისე მიყენებული ზიანის ოდენობის და რაც მთავარია, ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მომართა მხოლოდ 2013 წლის 15 აპრილს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია და არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ვიდრე არ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, იგი ვერ მომართავდა სასამართლოს და სასამართლო არ მიიღებდა მის სარჩელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ,,ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის” თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით, რაც მას ერთგვარად უადვილებს მის მტკიცებაში შემავალი ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს.
სასამართლოს შეფასებით, უდავოა, რომ შესაბამის პერიოდში შესაძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმეზეც წარდგენილი ყოფილიყო სამოქალაქო სარჩელი და უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხეთა მიმართ, მაგრამ სხვა ეპიზოდზე, სამოქალაქო სარჩელი წარდგენილი იქნა კიდეც. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არც ითვალისწინებდა (2010 წლის 15 აპრილს) გამარტივებული წესით ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვას და შესაბამისად, მოსარჩელეს სამოქალაქო წესით დელიქტის შესაბამის ნორმებზე მითითებითაც შეეძლო დაეცვა თავისი დარღვეული უფლებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დასტურდება მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელეთა მიმართ დამდგარ ზიანში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
,,ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა, თუ პირმა, თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო, ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად, შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს; კერძოდ კი, სასამართლომ არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება; ამასთან, სასამართლომ გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რამაც გამოიწვია საკითხზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა დავის ობიექტურ გადაწყვეტას. აპელანტების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სამართლის ნორმების დარღვევა, რაც წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და და არასწორად განმარტა კანონი.
3.2. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწიანააღმდეგო, განზრახი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;
ამ კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელ მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამდენად, იმისათვის რომ არსებობდეს ამ ნორმის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა გვქონდეს შემდეგ წინაპირობათა კუმულატიური ერთობლიობა: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ხსენებული პირობების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს საქმის განმხილველი სასამართლოც და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს სწორედ ქმედების მართსაწინააღმდეგოობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 1008-ე მუხლის დისპოზიციის ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც პირმა შეიტყო, რომ სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედება , ამასთან ამ ქმედებით დამდგარია ზიანი და აღნიშნული ზიანის დადგომაში ბრალეულია კონკრეტული პირი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის შეფასებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის ის დოკუმენტი, რომელიც პირს აძლევს ინფორმაციას ზემოხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით; კერძოდ, სწორედ განაჩენით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, სწორედ გამოძიებისა და შესაბამისი სასამართლო წარმოების პროცესში დგინდება ზიანის ოდენობა და ამასთან, ხდება ზუსტი იდენტიფიცირება იმ პირის, რომლის მარლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამაც გამოიწვია ზიანი.
აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრიგი შეფასებები, არამარტო მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, არამედ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის პრინციპებს და მოქმედ სასამართლო პრაქტიკას.
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემსახურება მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის დადგენას და ზიანის ფაქტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშეც ბუნებრივად არსებობს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეფუძვნება მხოლოდ ვარაუდს _ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ზიანის არსებობის შესახებ. სწორედ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში დგინდება და დასტურდება _ კონკრეტული ქმედება არის თუ არა დანაშაულის ნიშნების შემცველი და ზიანის გამომწვევი. ასევე დგინდება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტიც.
აპელანტი მიიჩნვს, რომ სასამართლოს მსგავსი მსჯელობა, პირველ რიგში წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაეს კანონთან - საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის მე-40 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
აპელანტი მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, შესაბამისი ორგანოების კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, არის თუ არა პირი დამნაშავე ანუ ჩაიდინა თუ არა მან მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას კი ადასტურებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, 2009 წლის 12 მარტს დაზარალებულის წარმომადგენლის დაკითხვა, რომელმაც დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი, არ წარმოადგენს იმ მომენტს, საიდანაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა აეთვალოს დელიქტიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან პირის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და ბრალეულობას ადასტურებს არა დაზარალებულის პოზიცია, არამედ სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი.
3.3. აპელანტების განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს შემდეგი მსჯელობა: გ------–--------–---–-ს მიმართ განაჩენი დადგა 2009 წლის 02 ოქტომბერს, აღნიშნული განაჩენით დასტურდება გ------–--------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელისათვის მის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი. ანუ სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ უკვე ამ პერიოდში იცოდა, რომ ზიანი მიაყენა გ------–--------–---–მა. უფრო მეტიც, ამავე განაჩენით მისთვის ცნობილი იყო, რომ მას ასევე ზიანი მიაყენეს მოპასუხეებმა, რადგან მათ თაობაზე განმარტავდა გ------–--------–---–-. აღნიშნული კი უდაოდ ადასტურებს, რომ ყველაზე გვიან 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით მაინც იყო ცნობილი მოსარჩელისათვის როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე მიყენებული ზიანის ოდენობის და რაც მთავარია, ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობასთან და შეფასებებთან დაკავშირებით, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მხოლოდ და მხოლოდ გ------–--------–---–-ს მიმართ და არა მოცემულ დავაში ქ. თბილისის მერიის მიერ დასახელებული მოპასუხეების: ა-----–-------–---–-ს, ლ-–-------–-–---–-ს, ჯ----–--–--------, მ--–---------–--ის, ა-–---------------–---–-ს და ზ------------–-–---–-ს მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2010 წლის 15 აპრილს, რაზე დაყრდნობითაც იქნა შეტანილი სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიერ; აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონის მითითებულ დანაწესთან წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სადაც საქალაქო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს აქცენტი გააკეთა ჯერ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის დაზარალებულად ცნობის თარიღზე, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენზე; ამ განაჩენში მოცემულ დავაში მოპასუხედ დასახელებული პირები ნახსენები არიან, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ მათ მიმართ 2009 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.
3.4. აპელანტი მიუთითებს ზემოაღნიშნულ საკითხებზე არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დანაშაულის გზით მიყენებული ზიანი; შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება ზიანის შეტყობის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ზუსტ იდენტიფიკაციას; ე.ი. დანაშაულის შემთხვევაში _ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დადგომას, ვინაიდან სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არის შესაძლებელი დადგინდეს ზიანის და ზიანის მიმყენებელი პირის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით, აპელანტი განმარტავს, რომ ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდებოდა პირის დამნაშავეობა, ქ. თბილისის მერიას არ შეეძლო დამნაშავედ და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულად მიეჩნია პირი და მიემართა სასამართლოსთვის მის წინააღდეგ სარჩელით, მხოლოდ საკუთარი ვარაუდით ან გ------–--------–---–-ს პოზიციის გათვალისწინებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა, მოპასუხეთა მიმართ, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ არის ხანდაზმული. სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და შეფასებებს:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, მატერიალური უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომლის შემოწმების გარეშე, სასამართლოს მხრიდან ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენა, აზრს კარგავს.
კანონმდებლობაში სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით, კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა სპეციალურად განსაზღვრავს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიან ვადას.
პალატა სრულად იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ დავაში სახეზეა დანაშაულის გზით მიყენებული ზიანი, რომლის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა მოხდეს ზიანის შეტყობის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ზუსტი იდენტიფიკაციის მომენტიდან, ანუ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დადგომის შემდეგ, ვინაიდან სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არის შესაძლებელი დადგინდეს ზიანის და ზიანის მომყენებელი პირის შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2009 წლის 12 მარტიდან - მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულია დაკითხვის მომენტიდან უნდა განხორციელდეს, რამდენადაც ხსენებული გარემოება წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან; კერძოდ, დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დასახელებული დანაწესი გამორიცხავს ხანდაზმულობის ზოგადი წესით გამოთვლისათვის გათვალისწინებულ ისეთ პირობებს, როგორიცაა მოთხოვნის წარმოშობის დროის დადგენისას, მოთხოვნის მქონე პირის მიერ უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებულად ცნობა ინფორმაციის მიღების ან იმ დროის გათვალისწინებით, როცა პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). ნაცვლად ამისა, კანონი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების დროს, რაც დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა, დადგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ შეფასებას სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირთა წრის შესახებ ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა მიემართა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 3 წლის განმავლობაში - 2013 წლის 15 აპრილამდე, რაც მან განახორციელა კიდეც; კერძოდ, აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სწორედ 2013 წლის 15 აპრილს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ვადის ფარგლებში, რაც გამორიცხავს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობას.
4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად, აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ დააკმაყოფილა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი არსებითად არ განიხილა. ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, აღნიშნული გარემოება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას, რათა გამოკვლეული იქნას სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და გათვალისწინებული იქნეს მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი პოზიცია, რათა მათ არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა. პალატის შეხედულებით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ დავაზე მხარეებმა არ დაკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი პირველი ინსტანციის სასამართლო სამართალწარმოებაში.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა განიხილოს არსებითად, რა დროსაც უნდა დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გადაწყვიტოს დავა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ იმავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.
თავმჯდომარე ხათუნა არევაძე
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი