განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002489482
ინსტანცია
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002489482

საქმე #1/ბ-990-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხათ------------–--ლი;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ლე---------------------------------ი, დაბადებული 1--- წლის 2-----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-----–-------------–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–--------------, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით ლე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლე--------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 მაისიდან.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულმა ლე--------------მა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ზიანი ანაზღაურებული აქვს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ შეფარდებული იქნა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, უსამართლობას და უკანონობას ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმადაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. შესაბამისად, სასამართლოს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა აღნიშნული დათქმა და სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალა პირობით, რაც არ განახორციელა. მართალია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი შინაარსი თავისი არსით წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას, არ შეიძლება განიმარტოს როგორც მოსამართლის აბსოლუტური დისკრეცია, როდესაც არსებობს ზემოაღნიშნული მოცემულობა სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს აღნიშნული მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, და დასაბუთებული და სამართლიანია. ლე--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ლე--------------ის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. ლე--------------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში და ორჯერაა გასამართლებული განზრახი დანაშაულისათვის. სასამართლო არ არის უფლებამოსილი დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაუთვალოს პირობითად, თუ მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება.

სასამართლომ დაადგინა:

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 01 ივლისის განაჩენით, ლე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ლე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუქნტებით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის 04 თებერვალს, ქ.თბილისში, ა-----–-------–-- გამზირზე, მე-6 კორპუსის, ბინა №--–- მდებარე ცი------------ას საძინებელი ოთახიდან, ლე--------------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ცი------------ას კუთვნილ ვერცხლის ჯაჭვს და მინანქრის კულონს ღირებულს 200 ლარად. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლე--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლე--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი ლე--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლე--------------ის მოთხოვნას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება ზემოაღნიშნულ შემთხვევებშიც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, ლე--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ლე--------------ი 2015 წლის 26 ნოემბერს გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ნაცვლად იმისა, რომ განმსჭვალულიყო კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, არ გააკეთა სათანადო დასკვნები და გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, 2018 წლის 4 თებერვალს კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შეღავათები ვერ გახდა მისი ნორმალური ქცევის გარანტი და დამაფიქრებელი შემდგომი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის. შესაბამისად, ლე--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ლე--------------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლე--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლე--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი ლე--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ლე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ლე--------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 მაისიდან.

მსჯავრდებულ ლე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცება: ვერცლხის ჯაჭვი და მინანქრის კულონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დაზარალებულ ცი------------ას;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე