განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002271286
საქმე №1ბ/1065-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის
მსჯავრდებულის: დ-------------–---–ის
ადვოკატის: გ--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის და მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ დ-------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის (პირადი #0-----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–-------------–------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვეში, ქ-------–---------------–------------------------–---, ე-–-----–---–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში დ-------------–---–მა, ჯოხი ჩაარტყა მის შვილს მ--------------–---–ს ფეხის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 7 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–------------------------–---, ე-–-----–---–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 15:50 საათზე, დ-------------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა სიმამრთან-ნ----------------–---–თან, რა დროსაც ხელი დაარტყა მარჯვენა თვალის მიდამოში, ხოლო შემდგომ აიღო გატეხილი მაგიდის ფეხი და ორჯერ ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ნ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:
დ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მა-------------–---–-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
დ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 20 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ ა-–---------------–------–---–მა და მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (შვილის-მა-------------–---–-ს ეპიზოდი) ჩადენაში, პროკურორმა ასევე მოითხოვა დ-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ნ----------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელი. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ დ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (შვილის-მა-------------–---–-ს ეპიზოდი) ჩადენა მოწმეთა ჩვენებებისა და წარდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია. სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ-------------–---–ისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ დ-------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალოს ერთი წლით პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს ერთი წელი. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ დ-------------–---–ი წარსულში არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულსახდელდადებული. ასევე, მსჯავრდებულს ჰყავს ცხრა მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობისას დაიბადა. გარდა ამისა, მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებულია და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის შეცვლა ერთი წლით პირობითი მსჯავრით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით.
საქმის არსებითი განხილვისას, მ--------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ----------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ მა-------------–---–-ს პაპა. მ------- მასთან და მის მეუღლესთან - ფ-------–----------–---–თან ცხოვრობს. მ------- მათი გაზრდილია და სკოლაში მათ დაჰყავთ. მოწმის განმარტებით, არასდროს შესწრებია დ-------------–---–ის მხრიდან მისი შვილის - მა-------------–---–-ს ცემის ფაქტს. აღნიშნული ფაქტის თაობაზე გაგონილი აქვს მხოლოდ შვილიშვილებისგან, თუმცა მას ეს ვერ წარმოუდგენია, რადგან მ------ს ფეხებზე გარკვეული პრობლემა აქვს და მამამისი მ------ს ჯოხს არ დაარტყამდა. დ-------------–---–ი მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას აძლევდა ბავშვებს და არასდროს უცემია ისინი. ნ----------------–---–მა გამოძიების ეტაპზე მიცემული განსხვავებული ჩვენება იმით ახსნა, რომ მაშინ სათვალე არ ჰქონდა, გამომძიებლის მიერ დაწერილი ჩვენება არ წაიკითხა და ოქმს გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი.
მოწმე ნ-----–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ მა-------------–---–-ს დედა და ბრალდებულ დ-------------–---–ის მეუღლე. მოწმის განმარტებით, მისი შვილი მა-------------–---–- ცხოვრობდა ბებიასთან - ფ-------–----------–---–თან. მ------ს და მამამისს - დ-------------–---–ს არ ჰქონდათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, რადგან მ------- ხშირად უზრდელობდა, ხოლო დ------ ვერ უთმენდა, თუმცა დავითს ფიზიკური ძალადობა არასდროს განუხორციელებია თავის შვილზე.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ-------------–---–ს, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო თავისი შვილის - მა-------------–---–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების და სიტყვიერი შეურაცხყოფის (გინების) ფაქტი. დ-------------–---–ის განმარტებით, მას შვილთან, - მ--------------–---–თან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მისივე განმარტებით, მ------- ძირითადად ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (მა-------------–---–-ს ეპიზოდი). პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა მ--------------–---–მა (დ------------–---–ის შვილი), რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია შვილი. მა-------------–---–- მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირია (მოწმე), რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის) მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა მ--------------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი დ-------------–---–მა მას ნამდვილად ჩაარტყა თუ არა ჯოხი ფეხის მიდამოში და დარტყმის შედეგად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებაში ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ----------------–---–ის ირიბი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირების (როგორც თავად აღნიშნავს დ-------------–---–ის შვილების) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მოწმე ნ----------------–---–ის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ბრალდების მხარემ მოცემულ ეპიზოდთან მიმართებაში დაადასტურა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობა და განმარტა, რომ ბრალდება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეყრდნობა.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguи and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ-------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების კონკრეტულ ეპიზდოთან დაკავშირებით კი არ არსებობს არამარტო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ-------------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ დ-------------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ბრალდების ხსენებულ ეპიზოდში მსჯავრდებულს დანიშნული დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეეცვალოს ერთი წლით პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს ერთი წელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის და მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მა-------------–---–-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
დ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 20 დეკემბრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხის ნაჭერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გატეხილი მაგიდის ფეხი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ნ----------------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი