განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1323-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მსჯავრდებულ გ-------–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------–--------–----–--ის მიმართ - დაბადებული 19---–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ----------------–-------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
გ-------–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) დანაშაული სასჯელი და საბოლოოდ გ-------–----–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ-------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან.
გ-------–----–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის;
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით გ-------–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 13 ივნისს ქ.თბილისში, დ---------------------------------–--––----------------------------------იიდან, დაახლოებით 15:30 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ-------–----–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----–------------ის კუთვნილ „iphone 7“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულ ნ-----–------------ეს მიადგა მნიშნველოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 26 აპრილს, დაახლოვებით 21:35 საათზე, ქ.თბილისში, გ-–----–-------------------------------–-----------ის“ მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრ „მ-------ს“ შენობაში განთავსებულ აფთიაქ „ფ-----–-------–-----–--------- ფილიალიდან გ-------–----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ეველაინის“ ფირმის 17 (ჩვიდმეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის ღირებულების პუდრა ბურთულიანს და პუდრა გარუჯვის ეფექტს, ღირებულს 09 (ცხრა) ლარად და 80 (ოთხმოცი) თეთრად. განხორციელებული ქმედების შედეგად შპს „ფ-----–-------–------–-+“-ს მიადგა 27 (ოცდაშვიდი) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრის ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------–----–--ემ. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. მისი განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი; საჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პირადი და ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის გარემოებები, რომ ჰყავს ხანდაზმული - 82 წლის დედა და მე-2 ჯგუფის ინვალიდი მამა, ზარალი მთლიანად ანაზღაურებულია და დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია მის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------–----–--ემ ითხოვა დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენს; დათვალიერების ოქმებს; დაკავების ოქმს; ამოღებულ ნივთმტკიცებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------–----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------–----–--ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებებს, რომ გ-------–----–--ემ უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა, ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყებეით, დანიშნული იქნა ადეკვატური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი გ-------–----–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------–----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-------–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელი და საბოლოოდ გ-------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
გ-------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
„აიფონ 7“ თავისი ვარდისფერი სილიკონის ჩასადებით, დეოდორანტი და ორი ცალი პუდრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე