განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
190100118002248177
ინსტანცია
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100118002248177, №1ბ/763-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ----- ხ----ე.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - დავით სუვოროვი, დაბადებული 1994 წლის 02 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №35401133956, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ.რუსთავი, მეგობრობის მე-2 გასასვლელი N3/104, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.რუსთავი, გაგარინის ქუჩა N2.

 

ადვოკატი - ანნა კეკენაძე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).

 

სასჯელი:

 

9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ დავით სუვოროვის ინტერესების დამცველი ადვოკატის ანნა კეკენაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ძალაყინზე არ აღმოჩნდა დავით სუვოროვის დნმ და სისხლის კვალი. შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა სუნის კვალი და არ ჩატარებულა ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ასევე საქმეში არ წარმოდგენილა ვიდეო-სამეთვალყურეო ჩანაწერები.

§ არ არის ამოღებული დავით სუვოროვის ტანსაცმელი, რომელზეც მიხეილ ბოკელავაძის სისხლის ან დნმ-ის კვალი იქნებოდა აღმოჩენილი. ასევე გაუგებარია, რატომ არ მოხდა შემთხვევიდან მალევე დავით სუვოროვის ბინის ჩხრეკა, ან დამნაშავის ადევნება და მისი დროული დაკავება.

▪ სისხლის სამართლის საქმე აგებულია ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებაზე, რომელთა ჩვენებები ასევე წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

▪ დავით სუვოროვი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იგი 2017 წლის 9 დეკემბერს საღამოდან 10 დეკემბრის დილამდე იმყოფებოდა ელენე ფერაძის ოჯახში, რაც დაადასტურა თავად ელენე ფერაძემაც. გამოძიება ასევე არ დაინტერესებულა დავით სუვოროვის არასრულწლოვანი ძმით - ლევან სუვოროვით, რომელმაც განცხადებით მიმართა პოლიციას და გამოთქვა სურვილი მომხდართან დაკავშირებით ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ლევან სუვოროვის განმარტებით, მან მიაყენა მიხეილ ბოკელავაძეს დაზიანება, რა დროსაც იქ დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი არ ყოფილან, გაქცევისას კი დაინახა, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი ცდილობდა მიხეილ ბოკელავაძის დახმარებას. შიშის გამო მეორე დღეს დატოვა სახლი, გავიდა ქალაქიდან და ტელეფონიც დატოვა სახლში (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხილეთ სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით, დავით სუვოროვი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით დავით სუვოროვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 თებერვლის განჩინებით და 2013 წლის 30 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 9 თვე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დავით სუვოროვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დავით სუვოროვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

დავით სუვოროვი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 10 მაისს.

 

2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი მიხეილ ჭანუყვაძე, რომელიც იყო სამსახურებრივი ფორმით და დეტექტივ-გამომძიებელი მიხეილ ბოკელავაძე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ახორციელებდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებას, სადაც შენიშნეს დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი, რომლებსაც, როგორც წარსულში ნასამართლევ პირებს, პირადად იცნობდნენ. მათ ხელში ეჭირათ ძალაყინები. ვინაიდან ადრე ადგილი ჰქონდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხების ქურდობის ფაქტს ძალაყინებით აპარატების გატეხვის გზით, მათი გვიან ღამით ძალაყინებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა მიიჩნიეს საეჭვოდ. იმის გასარკვევად, თუ რატომ იმყოფებოდნენ ძალაყინებით, მიხეილ ბოკელავაძე მიუახლოვდა მათ და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც დავით სუვოროვმა უპასუხა, „კარგად ვიცი ვინც ხარ, ვიცი, რომ ძაღლი ხარო“ და ისე, რომ არ დააცადა სხვა არაფრის თქმა, დავით სუვოროვი თავს დაესხა მას, კერძოდ, მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა ნაწილობრივ ქურთუკის მკლავში შეცურებული რკინის მილი, თავის არეში მარცხენა მხარეს დაარტყა მიხეილ ბოკელავაძეს, რის შედეგადაც მიხეილ ბოკელავაძემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ქალა ტვინის ღია ტრავმის, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით, დავით სუვოროვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს განაჩენი დავით სუვოროვის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დავით სუვოროვმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონფლიქტის გამო აღარ ცხოვრობს ძმასთან - გიორგი კომაროვთან ერთად და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 2017 წლის 9 დეკემბერს იყო მისი აწ გარდაცვლილი მეგობრის - გია ფერაძის ორმოცი, ამიტომ იგი შემთხვევის დღეს, 2017 წლის 10 დეკემბერს, ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა გია ფერაძის ოჯახში. იგი არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და არც საქმის დეტალების შესახებ ფლობს ინფორმაციას. დაზარალებულ მიხეილ ბოკელავაძეს იცნობს სახეზე და იცის, რომ პოლიციელია, თუმცა მასთან დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობია, რატომ ასახელებს მიხეილ ბოკელავაძე მას, როგორც დანაშაულის ჩამდენს. ჰყავს არასრულწლოვანი ძმა - ლევან სუვოროვი, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ აღარ უნახავს, დაწესებულებაში ყოფნისას კი შეიტყო, რომ ლევან სუვოროვი იმყოფებოდა ბათუმში. დაკავების დღეს იგი გიორგის მოსაძებნად გავიდა სახლიდან, რა დროსაც შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გიორგის ადგილსამყოფელის შესახებ დაუსვეს შეკითხვები და თხოვეს გიორგის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში. მან პოლიციის თანამშრომლებს არ დაუსახელა სად იმყოფებოდა 2017 წლის 10 დეკემბერს, რადგან არ სურდა მგლოვიარე ოჯახში მყოფი პირების მიყვანა დაკითხვაზე.

 

სააპელაციო პალატა აპელანტის მოთხოვნას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 2 ოქტომბრის №2176271 ბრძანებით (ამონაწერი) მიხეილ ბოკელავაძე 2015 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, ხოლო 2016 წლის 31 აგვისტოს №2181106 ბრძანებით (ამონაწერი) მიხეილ ჭანუყვაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

დაზარალებულმა მიხეილ ბოკელავაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დანაშაულის პრევენციის და მათზე დროული რეაგირების მიზნით პოლიციის თანამშრომლები ღამის საათებში ამოწმებენ ქუჩებს და სხვადასხვა ადგილებს. 2017 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ ჭანუყვაძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ავტომანქანით იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზირი №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ძმები დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი, რომლებსაც ხელში ეჭირათ ძალაყინები. აღნიშნული პირები იცნეს, რადგან იყვნენ ნასამართლევები და სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე არაერთხელ ჰქონდათ მათთან შეხება. მათ გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ აპირებდნენ ძმები ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას, ამიტომ გააჩერა ავტომანქანა და მეწყვილესთან ერთად სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდა მათთან. მან ძმებს წარუდგინა თავი და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც დავით სუვოროვმა უთხრა ,,ვიცი ძაღლი ხარო“ და მოუქნია ძალაყინი. დარტყმის გამო დაკარგა გონება და გონს მოსულს გარს ეხვიენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო მკურნალობა. მან მოგვიანებით გაიგო, რომ დავით სუვოროვი ძალაყინის დარტყმის შემდეგ ძმასთან ერთად გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულის განმარტებით, ნოემბრის თვეში, მამუკა ნებიერიძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ფალიაშვილის ქუჩაზე ძალაყინებით ხელში შენიშნა ორივე ძმა, რომლებსაც გამოელაპარაკნენ და იმედი გამოთქვეს, რომ არაფერს დააშავებდნენ. მას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია თუ არა გარე სათვალთვალო კამერები არ იცის, თუმცა რამდენადაც ფლობს ინფორმაციას იქვე მდებარე კომპანია ,,CGC“-ს გარე პერიმეტრზე კამერები არ აქვს.

 

მოწმე მიხეილ ჭანუყვაძემ სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ განყოფილების უფროსის - სოსო ღუნწკიძის დავალებით, მიხეილ ბოკელავაძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ავტომანქანით მოძრაობდა ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. მათი მოვალეობაა რეაგირება მოახდინონ დანაშაულის ფაქტზე, ასევე უზრუნველყონ მისი თავიდან აცილება. მეგობრობის გამზირი №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი, რომლებსაც ხელში ეჭირათ ძალაყინები. მათ გააჩერეს ავტომანქანა და გადაწყვიტეს მითითებულ პირებთან მისვლა. მათთან პირველი მივიდა მიხეილ ბოკელავაძე, თავად კი მიყვებოდა უკან. დავით სუვოროვს და გიორგი კომაროვს მიხეილ ბოკელავაძემ წარუდგინა თავი და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც დავით სუვოროვმა უპასუხა ,,ვიცი ვინც ხართ, ძაღლები ხართო“ და მთელი ძალით მოუქნია ძალაყინი, მანამდე კი გიორგი კომაროვმა ჰკრა ხელი. მიხეილ ბოკელავაძემ დაიძახა მიშველეთო, დაეცა ძირს და დაკარგა გონება, ხოლო ძმებმა დაყარეს ძალაყინები და გაიქცნენ. იგი მათ არ გაკიდებია, რადგან შეეცადა დახმარებოდა მეწყვილეს, რომელსაც ყურიდან მოსდიოდა სისხლი და იწვა უგონოდ. მან მომხდარის შესახებ ტელეფონით აცნობა თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა მამუკა ნებიერიძე, რომლის მანქანითაც გადაიყვანეს დაზარალებული საავადმყოფოში. ამ დროს მიხეილი უკვე გონს იყო მოსული, თუმცა ფეხზე ვერ დგებოდა. დავით სუვოროვს დარტყმისას ძალაყინი ნახევრად ქურთუკის მკლავში ედო. მან დაზარალებულს მარჯვენა ხელით მოუქნია ძალაყინი და გაარტყა მარცხენა მხარეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დავით სუვოროვს და გიორგი კომაროვს იცნობს წარსულში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე, რადგან გამოძიებასთან ერთად ეწევა ოპერატიულ საქმიანობას. იცის, რომ დასახელებულ პირებს ასევე ჰყავთ არასრულწლოვანი ძმა - ლევანი, რომელიც მათზე მაღალი აღნაგობისაა. დავით სუვოროვს აქვს დაბალი თმა, არის საშუალო სიმაღლის და სუსტი ტანის, მას კარგად იცნობს ვიზუალურად და ასევე იცის მისი ჩვევები, კერძოდ, იგი გადაადგილდება ხოლმე ე.წ. ,,ბარსეტკით“. გიორგი კომაროვი კი არის უფრო სრული და ქერათმიანი. ორივე მათგანს ეცვა ქურთუკი და შარვალი. იმ დროს შემთხვევის ადგილზე ჩართული იყო ღამის განათება და ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი. მათ ძმები შენიშნეს მათგან დაახლოებით ორ მეტრში და სახეზე ორივე მათგანი დაინახა კარგად. მათი ცნობა არ გაუჭირდებოდა, რადგან არაერთხელ შეხვედრია მათ ქუჩაში და განყოფილებაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 11 დეკემბრის დასკვნით, მიხეილ ბოკელავაძე მკურნალობდა სტაციონარულად 10.12.17-დან დიაგნოზით: ქალა-ტვინის ღია ტრავმა, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ, როგორც რუსთავის, ისე თბილისის საავადმყოფოებიდან გამოსაკვლევად წარედგინა ავადმყოფობის ისტორიები. გამოკვლევის შედეგად დაზიანება ხარისხის მიხედვით შეფასდა, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. კვლევა არ ჩატარებულა იმის შესახებ შეეძლო თუ არა მიღებულ დაზიანებებს მეხსიერებაზე გავლენის მოხდენა.

 

მიხეილ ბოკელავაძის დაზიანება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მამუკა ნებიერიძემ. მისი ჩვენებით, 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათისთვის დაურეკა მიხეილ ჭანუყვაძემ, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზირ №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ ბოკელავაძესთან ერთად, რომელსაც დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თხოვა დახმარება. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა კომპანია ,,CGC“ კორპუსის შესასვლელი თაღის მარცხენა მხარეს და ნახა, რომ დაზარალებული იწვა ასფალტზე, მარცხენა ყურიდან მოსდიოდა სისხლი და უჭირდა ფეხზე ადგომა. მან მიხეილ ჭანუყვაძის დახმარებით ავტომანქანაში ჩასვა მიხეილ ბოკელავაძე და წაიყვანა საავადმყოფოში. გზაში დაზარალებულმა უამბო, რომ მას თავს დაესხნენ ძმები დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი, რა დროსაც დავით სუვოროვმა რკინის მეტალი ჩაარტყა თავში. შემთხვევის ადგილი იყო ლამპიონებით განათებული, ხოლო იქვე ახლოს მდებარეობს სავაჭრო ჯიხური და ლომბარდი, დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით კი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. თუმცა როგორც მისთვის არის ცნობილი, გარე-სათვალთვალო კამერა, რომელიც დააფიქსირებდა უშუალოდ შემთხვევის ადგილს, დამონტაჟებული არ არის. იგი კარგად იცნობს დავით სუვოროვს, გიორგი კომაროვს და მათ არასრულწლოვან ძმას - ლევან სუვოროვს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2017 წლის ნოემბერში, იგი მიხეილ ბოკელავაძესთან ერთად, ღამის საათებში შეხვდა გიორგი კომაროვს და დავით სუვოროვს, რომლებსაც გამოელაპარაკნენ.

 

№2966572 შეტყობინებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიხეილ ბოკელავაძეზე მომხდარი თავდასხმის შესახებ შეატყობინა მამუკა ნებიერიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს, 04:05 საათზე, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მისივე სამმართველოს თანამშრომელი - მიხეილ ჭანუყვაძე და უთხრა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე სამმართველოს თანამშრომელ მიხეილ ბოკელავაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა.

 

კლინიკა რუსთავის ექიმის ეგნატაშვილის №2966585 შეტყობინებით, კლინიკა რუსთავში შეყვანილმა მიხეილ ბოკელავაძემ განაცხადა, რომ ყურის არეში მიღებული დაზიანება მიაყენეს დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა სოსო ღუნწკიძემ განმარტა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს, ამავე განყოფილების პოლიციის თანამშრომლები მიხეილ ჭანუყვაძე და მიხეილ ბოკელავაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ღამის საათებში მოძრაობდნენ მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით პოლიციის თანამშრომლები მორიგეობით ამოწმებენ ქალაქის ქუჩებს და საეჭვო ვითარების შემთხვევაში დანაშაულის აღსაკვეთად იღებენ ზომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მობილური ტელეფონით ან რაციით. შემთხვევის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ოცდასამი პოლიციის თანამშრომელი და თითოეულ მათგანს განსაზღვრული ჰქონდა მათი სამოქმედო ტერიტორია. მიხეილ ჭანუყვაძეს ეცვა პოლიციის ფორმა, ხოლო მიხეილ ბოკელავაძე იმყოფებოდა სამოქალაქო ტანსაცმლით. შემთხვევის დღეს მას შეატყობინეს, რომ დავით სუვოროვმა მიხეილ ბოკელავაძეს დაარტყა რკინის საგანი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დავით სუვოროვს იცნობს ქურდობის საქმეზე მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს, მოწმე მიხეილ ჭანუყვაძისგან გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზირ N2-ის მიმდებარედ, რა დროსაც მოწმემ მიუთითა ე.წ. ,,პარკთან” არსებულ კაფე-ტავერნა ,,სენსის” წინ არსებულ ადგილზე და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილას დაარტყა დავით სუვოროვმა ხელთ არსებული რკინის ნაჭერი მიხეილ ბოკელავაძეს. ამის შემდეგ მიუთითა 22 მეტრის მოშორებით არსებულ ადგილზე, სადაც ეყარა 2 ცალი რკინის მოგრძო ნაჭერი და განმარტა, რომ მითითებულ ადგილას ნანახი რკინის ნაჭრები, იყო სწორედ ის რკინის ნაჭრები, რომლებიც გაქცევის დროს დაყარეს დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა მოწმე ლაშა მენაბდემ, რომელმაც განმარტა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შესული შეტყობინების საფუძველზე დაევალა შემთხვევის ადგილზე გასვლა, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი ძალაყინისმაგვარი რკინის საგანი, რომელიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელ ნოდარ ცხოვრებაძეს. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი ასევე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა მიშიკო მალასიძემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითვისას მოწმე ნოდარ ცხოვრებაძემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა მიხეილ ჭანუყვაძის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, რა დროსაც ამოღებული იქნა რკინის საგნები, რომელთა დანახვა გამვლელ ადამიანსაც შეეძლო და დაძებნა საჭირო არ იყო. საგამოძიებო მოქმედების დროს გარე განათება იყო დამაკმაყოფილებელი და დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე იყო შესაძლებელი ადამიანის სახის გარჩევა. მისთვის უცნობია მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დამონტაჟებული იყო თუ არა ვიდეო-კამერები. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დავით სუვოროვი დაკავებული იქნა მის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული ძალაყინები - მოგრძო ზომის რკინის საგნები, რომლებსაც სისხლის კვალი არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 4 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით: პაკეტში წარწერით „.... 1 ც მოგრძო ფორმის რკინის საგანი“ და პაკეტში, წარწერით „....1 ც მოგრძო რკინის საგანი N2 ,,მოთავსებულ მეტალის ორ ცალ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლებიც კოლუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.

 

ამოღების ოქმით, 2017 წლის 10 დეკემბერს შპს „კლინიკა რუსთავიდან“ ამოღებული იქნა მიხეილ ბოკელავაძის შავი ფერის უმკლავებო ქურთუკი ქუდით, რომელსაც მარცხენა მხარეს, ქუდსა და საყელოზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის ლაქები, ასევე შავი ფერის ყელსახვევი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ვერიკო ჩაჩავამ განმარტა, რომ მან მიხეილ ბოკელავაძის ტანსაცმელი აღრიცხა და გადასცა გამომძიებელს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით: მიხეილ ბოკელავაძის სისხლი მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს. მიხეილ ბოკელავაძის ჟილეტზე და ყელსახვევზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს. მიხეილ ბოკელავაძის სისხლი და მიხეილ ბოკელავაძის ჟილეტზე და ყელსახვევზე არსებული სისხლი მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეზე დართული მიხეილ ბოკელავაძის ტანსაცმელი, კერძოდ, მიხეილ ბოკელავაძის ქურთუკი, რომელიც არ არის პოლიციის ფორმის აღმნიშვნელი სიმბოლოებით, ქურთუკსა და კაშნეს აღენიშნება ექსპერტების მიერ გამოსაკვლევად აღებული ნიმუშების კვალი. ტანისამოსი არის მუქი ფერის. დაცვის მხარის განმარტებით, აღინიშნება სისხლის ორი წვეთი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მარიამ ნინოშვილმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოქმებში მითითებული ინფორმაციის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ საჭიროდ აღარ მიიჩნია სუნის ნიმუშების აღება, ვინაიდან დაზარალებული ადასტურებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დავით სუვოროვმა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ინფორმაცია დავით სუვოროვის ნასამართლობის შესახებ, რომლის თანახმად 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით დავით სუვოროვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), ასევე გასამართლებულია 2014 წლის 22 ივლისს დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2015 წლის 21 აგვისტოს, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით.

 

დაცვის მხარის მოწმე ელენე ფერაძემ განმარტა, რომ დავით სუვოროვი იყო აწგარდაცვლილი მამის - გია ფერაძის მეგობარი. 2017 წლის 10 დეკემბერს იყო მამის ორმოცი და ოჯახში, სხვა ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა დავით სუვოროვი, რომელიც მათთან მივიდა დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის და დარჩა დილის 5-6 საათამდე. სტუმრების ნაწილი წავიდა, თუმცა დავით სუვოროვი, გიორგი სიმონიშვილი, სალომე ქადაგიშვილი, დათო ფერაძე, ნინო სიმონიშვილი და მამა მათე გვიანობამდე იმყოფებოდნენ მათთან და საუბრობდნენ რაღაც საკითხებზე. მას ზუსტად ახსოვს, რომ დავით სუვოროვი ადრე არ წასულა, რადგან თავად გააცილა სტუმრები. იმ დღის შემდეგ დავით სუვოროვი აღარ უნახავს, მისი დაკავების შესახებ შეიტყო ძმისგან, დაინტერესდა ამ ფაქტით და გადაწყვიტა განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც დავით სუვოროვი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული მიხეილ ბოკელავაძე არის პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად დავით სუვოროვმაც. მისი განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ ბოკელავაძე იყო პოლიციელი.

 

2017 წლის 10 დეკემბერს, ღამის საათებში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი მიხეილ ჭანუყვაძე და დეტექტივ-გამომძიებელი მიხეილ ბოკელავაძე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ როგორც აღნიშნული პირები, ისე მოწმე - რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი სოსო ღუნწკიძე. ამასთან, დადასტურებულია, რომ სამსახურებრივი ფორმით იყო მიხეილ ჭანუყვაძე.

 

აღსანიშნავია, რომ დაზარალებული და მოწმე მიხეილ ჭანუყვაძე ასახელებენ დავით სუვოროვს, როგორც პირს, რომელმაც მიხეილ ბოკელავაძეს მიაყენა დაზიანება. მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია, როდესაც უთითებენ, რომ იმყოფებოდნენ ერთად, როდესაც ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზირი №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ძმები დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი, რომლებსაც ხელში ეჭირათ ძალაყინები. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდნენ აღნიშნულ პირებთან, ვინაიდან ხშირი იყო ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის შემთხვევები. მიხეილ ბოკელავაძემ ძმებს წარუდგინა თავი როგორც პოლიციის თანამშრომელმა, რაზეც დავით სუვოროვმა უთხრა, რომ იცოდა „ძაღლი“ რომ იყო და მოუქნია ძალაყინი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული იქნა მეტალის საგნები, ხოლო თანდართულ ფოტოსურათში ნათლად ჩანს, რომ მითითებულ ადგილზე ნამდვილად იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს მიხეილ ბოკელავაძის დაზიანება ქალა ტვინის ღია ტრავმის, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით, შესაბამისად, ეჭვქვეშ ვერ დადგება დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლომ განაჩენი დააყრდნო დაინტერესებულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებით. ის გარემოება, რომ გამოძიებამ არ ან ვერ მოიპოვა კიდევ სხვა დამატებითი მტკიცებულებები, არ უნდა გახდეს პოლიციის თანამშრომლის ჩვენების გაუზიარებლობის უპირობო საფუძველი. მარიამ ნინოშვილმა განმარტა, რომ არ მიიჩნია საჭიროდ სუნის ნიმუშების აღება, ვინაიდან დაზარალებული პირდაპირ უთითებდა დავით სუვოროვზე. რაც შეეხება ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მითითებულ ადგილზე დამონტაჟებული იყო კამერები. ასევე არ წარმოდგენილა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ დაცვის მხარემ მიმართა გამოძიებას აღნიშნული ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა რომელიმე პირს იმისთვის, რომ გამოეგონათ დავით სუვოროვის პიროვნება და მისთვის დაებრალებინათ დანაშაული. შეტყობინებებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მამუკა ნებიერიძის განცხადებით 04:05 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა მისივე სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ ჭანუყვაძე, რომელმაც განუცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე სამმართველოს თანამშრომელ მიხეილ ბოკელავაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა. შესაბამისად, პირველივე შეტყობინებაში მითითებულია დავით სუვოროვის და გიორგი კომაროვის შესახებ და არა ლევან სუვოროვის შესახებ, როგორც ამას დაცვის მხარე აღწერს. მეორე შეტყობინების მიხედვით, განმცხადებელი კლინიკა რუსთავის ექიმი ეგნატაშვილია, რომლის გადმოცემით მიხეილ ბოკელავაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება ყურის არეში მიაყენეს დავით სუვოროვმა და გიორგი კომაროვმა. აღნიშნული შეტყობინებებით დასტურდება, რომ როგორც მიხეილ ჭანუყვაძე, ისე დაზარალებული მიხეილ ბოკელავაძე, შემთხვევიდან უახლოეს პერიოდში ასახელებდნენ როგორც დავით სუვოროვს, ისე გიორგი კომაროვს.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ იმსჯელა ლევან სუვოროვის დაკითხვაზე უარის თქმის საფუძვლიან მიზეზზე, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოს დაზიანება მიხეილ ბოკელავაძეს მიაყენა ლევან სუვოროვმა, მათ გარდა იქ სხვა პირი არ იმყოფებოდა და პოლიციის სხვა თანამშრომელი ლევან სუვოროვმა შენიშნა მოგვიანებით.

 

ფაქტია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ ამოღებულა სუნის კვალის ნიმუში და დავით სუვოროვის ტანსაცმელი, ასევე ფაქტია ისიც, რომ საქმეს არ ერთვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, თუმცა, აღნიშნული გარემოებები არ მიუთითებს დავით სუვოროვის უდანაშაულობაზე.

 

საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს (ჩატარების დრო 2017 წლის 10 დეკემბერი, 06:45 – 07:20 საათი), შემოწმდა მოწმე მიხეილ ჭანუყვაძისგან გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია. ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა 2 რკინის ნაჭერი, რაზეც მ.ჭანუყვაძემ განმარტა, რომ სწორედ ეს რკინის ნაჭრები ეჭირათ დავით სუვოროვს და გიორგი კომაროვს, რაც შემდეგ მითითებულ ადგილზე დაყარეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ რკინის ძალაყინებზე აღმოჩნდა შერეული პროფილი, რაც ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიული იყო მისი კუთვნილების დასადგენად. გენეტიკური პროფილის არაინფორმატულობა კი არ გამორიცხავს ძალაყინის დავით სუვოროვის მფლობელობაში ყოფნას.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც დავით სუვოროვის ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის ნაცვლად სტუმრად იმყოფებოდა ელენე ფერაძის ოჯახში, მიიჩნია არადამაჯერებლად. ელენე ფერაძის ჩვენებით ვერ დადასტურდა, დავით სუვოროვი მასთან სახლში 2017 წლის 10 დეკემბრის გამთენიისას იმყოფებოდა თუ წინა დღეს. ამავე საფუძვლით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ელენე ფერაძის ჩვენებას, ვინაიდან არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და ემსახურება ოჯახის ახლობლის - დავით სუვოროვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. აღნიშნულს ამყარებს დაცვის მხარის არგუმენტი გამამართლებელი მტკიცებულების მხოლოდ სასამართლოში დაფიქსირების შესახებ, მაშინ, როდესაც იმ ღამით ელენე ფერაძის ოჯახში ყოფნის ფაქტი არ დაუფიქსირებია დავით სუვოროვს გამოძიების მიმდინარეობისას, ხოლო ამის არგუმენტი უტყუარს ვერ ხდის დაცვის მხარის ვერსიას.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილი მტკიცებულებები განამტკიცებს დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არის ურთიერთშეჯერებული - ექსპერტიზის დასკვნასთან და მოწმეთა ჩვენებებთან. მსჯავრდებულის განზრახვას ადასტურებს მის მიერ პოლიციის თანამშრომლისთვის ძალაყინის თავის არეში დარტყმა მაშინ, როდესაც მიხეილ ბოკელავაძე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ეს ცხადი იყო დავით სუვოროვისთვის.

 

საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის ობიექტური შემოწმებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულ დავით სუვოროვის მიმართ დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები წინასწარი გამოძიების სტადიაზე ან საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე. საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის მტკიცებულებების წარმომავლობასთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი კი პალატას არ გააჩნია მხოლოდ იმის გამო, რომ არიან პოლიციის თანამშრომლები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მიხეილ ჭანუყვაძის და მიხეილ ბოკელავაძის ჩვენებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობები. გარკვეული სახის ცდომილებები კი არ არის იმ ხასიათის, რაც სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ბოკელავაძე კლინიკაში შეყვანილია 04:20 საათზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე და იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული იყო მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა ქალა ტვინის ღია ტრავმა, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით, პალატას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მას და მიხეილ ჭანუყვაძეს ერთობლივად მიეთითებინათ დავით სუვოროვის შესახებ. სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მითითებულ ადგილზე იმყოფებოდნენ დავით სუვოროვი და გიორგი კომაროვი და არა ლევან სუვოროვი, როგორც ეს დაცვის მხარემ აღნიშნა. ასევე აღსანიშნავია მოწმეთა მითითება იმის თაობაზე, რომ დავით სუვოროვს და გიორგი კომაროვს იცნობდნენ მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და არ ცდებიან. საქმეში წარმოდგენილი განაჩენებით კი დასტურდება მსჯავრდებულის და მისი ძმის ნასამართლობების ფაქტი, რაც ასევე საფუძვლიანს ხდის პოლიციის თანამშრომელთა განმარტებებს.

 

რაც შეეხება დავით სუვოროვის დაკავებას, პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 04:00 საათისთვის, ხოლო დავით სუვოროვი დაკავებული იქნა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, იმავე დღის 18:35 საათზე, მას შემდეგ, რაც საქმეზე შეტყობინების მიღებიდან უწყვეტად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მიხეილ ჭანუყვაძის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაეკიდა დამნაშავეს, რადგან შეეცადა დახმარებოდა თანამშრომელს, რეალურია და არ ქმნის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაშვებული რაიმე გადაცდომის ან დავით სუვოროვის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებაში დარწმუნების საფუძველს. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოძიება არ ეწინააღმდეგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებას, რომლის თანახმად, სხვა საგამოძიებო ორგანო საქმეს იძიებს მაშინ, როდესაც თავად პოლიციის თანამშრომლის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი თვითმხილველი მოწმე, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ლოკაცია და ხარისხი, საქმეზე დაკითხული ის პირები, რომლებიც ადასტურებენ მიხეილ ბოკელავაძისა და მიხეილ ჭანუყვაძის შემთხვევის ადგილზე უტყუარად ყოფნას, მიხეილ ბოკელავაძის ქურთუკზე არსებული სისხლის კვალი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ძალაყინები ქმნის ერთიან, სწორ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას დავით სუვოროვის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30). მოცემულ შემთხვევაში, პალატამ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დავით სუვოროვის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას. მსჯავრდებულის ქმედებით, რაც გამოიხატა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფით, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის ობიექტური შემადგენლობა. აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დავით სუვოროვის ინტერესების დამცველი ადვოკატის ანნა კეკენაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დავით სუვოროვის მიმართ.

 

დავით სუვოროვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

დავით სუვოროვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მიხეილ ბოკელავაძის ქურთუკი (ჟილეტი) და ყელსახვევი - დაუბრუნდეს მფლობელს, ხოლო ნიმუშები და ძალაყინები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ნივთები ინახება შს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე