განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100117001959017
ინსტანცია
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001959017

საქმე №1ბ/09-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

ნანა უნდილაშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის, ანი ჭაბაშვილის,მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ----------–--ის, მ---------------–---–ის, ა----–----–---–ის

ადვოკატის: მ-----------–---–ის

მსჯავრდებულის: გ-----------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------–---–---ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-----------–--ის, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----–-------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–--ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით გ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2017 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------–--ე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ---------------ის კუთვნილ „IPhone 6s plus“ მოდელის მობილურ ტელეფონს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა საჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთბლიობით, გ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მაისიდან.

 

გ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------–---–---მა. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა გ-----------–--ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა არ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ გამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით მოითხოვა გ-----------–--ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით დაკვალიფიცირება და აღნიშნული სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ-----------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------–---–---ის სააპელაციო საჩივრები და ალტერნატიული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, მსჯავრდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენება არასარწმუნოა, რადგან მან მსჯავრდებულს თავად ათხოვა ტელეფონი. მსჯავრდებულმა გ-----------–--ემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ დაზარალებულს ტელეფონი ნამდვილად გამოართვა მისი თანხმობით, ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ტელეფონს მეორე დღეს დაუბრუნებდა. მსჯავრდებულის განმარტებით, დაზარალებულმა მისი სახელი, გვარი და მისამართი იცოდა. სააპელაციო საჩივრიდან და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაცხადებული პოზიციიდან ნათლად ჩანს, რომ რეალურად, მსჯავრდებული გ-----------–--ე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ტელეფონი ნამდვილად გამოართვა, თუმცა აღნიშნული დაზარალებულის თანხმობით განახორციელა და მისი მხრიდან ტელეფონის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარა დაუფლებას ადგილი არ ჰქონია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ გ---------------ის ჩვენების, მოწმე გაიოზ გიუნაშვილის ჩვენების, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების - მოწმეების - რ----------------ის, გ-------------–---–ის, რ------–-----------ის, ნ-------------ის დაკითხვის ოქმების, მობილური ტელეფონისა და სალომბარდო ხელშეკრულების ამოღების ოქმის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენის, მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმის, სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის, გ---------------ის მიერ გ-----------–--ის ამოცნობის ოქმის, ტანსაცმლის ამოღების ოქმის - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ გ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 აპრილს, როდესაც ქორწილიდან დაბრუნებული, ფეხით მოძრაობდა ქ-------–--–-----------------------------------------–---------“ მიუახლოვდა, რა დროსაც შენიშნა ორი პიროვნება: გოგონა და ბიჭი, რომლებიც უყურებდნენ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რომელიც ხელში ეჭირა და წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაიგო - გ-----------–--ე, მიუახლოვდა და მიმართა - „ფული ხომ არ გექნება“-ო, რაზედაც უპასუხა, რომ არ ჰქონდა, თუმცა გ-----------–--ე არ მოეშვა და ახლა ხურდა ფული მოსთხოვა. აღნიშნულზეც უარი უთხრა, ვინაიდან ფული არ ჰქონდა. მიუხედავად უარისა, გ-----------–--ე არ მოეშვა და მობილურ ტელეფონზე სთხოვა დარეკვა. მან (დაზარალებულმა) კეთილსინდისიერება გამოიჩინა, რადგან ადამიანს უჭირდა და ათხოვა ტელეფონი დარეკვის მიზნით იმ პირობით, რომ უკან დაუბრუნებდა მას შემდეგ, რაც ზარს განახორციელებდა. მართალია, ბრალდებულს ტელეფონი ათხოვა, თუმცა საუბრის შინაარსი არ გაუგია, რადგან სამი მეტრის დაშორებით იყვნენ ერთმანეთისგან. საუბრის დასრულების შემდეგ გ-----------–--ემ დაუბრუნა ტელეფონი და წავიდა. დაახლოებით რვა მეტრის გავლის შემდეგ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც ჰკითხა - ვინ იყო. ივარაუდა (დაზარალებულმა), რომ გ-----------–--ეს ურეკავდნენ. აღნიშნულის გამო მიტრიალდა და გ-----------–--ეს გადასცა მობილური ტელეფონი, თან მიმართა სიტყვებით, რომ „მას ურეკავდნენ“. გ-----------–--ემ გამოართვა ტელეფონი და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ, თითქოს, საუბრობდა. გ------–--ის თანმხლებმა გოგონამ უთხრა, რომ მას არ სურდა „დედას გაეგო მანქანების ხმაურის ხმა“ და სთხოვა, შესულიყვნენ მოფარებულ ადგილას. აღნიშნულზე დათანხმდა და შევიდნენ იქვე არსებულ თაღში. გ-----------–--ემ თაღში შესვლისას ტელეფონი გადასცა მის თანმხლებ გოგონას და მიმართა - „მოდი დედაშენს დაელაპარაკე“-ო. გოგონამ გამოართვა ტელეფონი და გავიდა მოშორებით, ხოლო თვითონ (ფ-----ი და გ------–--ე) დარჩნენ ადგილზე და დაიწყეს საუბარი, თუმცა საუბრის შინაარსი არ ახსოვს, რადგან ამ დროს ეჭვი გაუჩნდა, რომ აღნიშნული პირები ცდილობდნენ მისგან მოშორებით ყოფნას. აღნიშნულის თქმის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი მიდიოდა მისგან შორს და მეორე პირს ეძახდა, რომ მისულიყო მასთან, თუმცა იგი (გ---------------ი) მათ არ ტოვებდა მარტოს და ცდილობდა ერთ-ერთთან ახლოს ყოფილიყო. შემდეგ გოგონამ დაუძახა გ-----------–--ეს, რომ მისულიყო მასთან, რომელსაც თვითონაც გაყვა. მისვლისას გოგონამ ტელეფონი გადასცა გ-----------–--ეს, რომელმაც გააგრძელა ტელეფონზე საუბარი. თვითონ (დაზარალებული) ამ დროს იყო გოგონასთან ერთად. ცოტა ხანში გ-----------–--ემ გოგონას დაუძახა - „მოდი დედას დაენახე“-ო. გოგონასთან ერთად მიუახლოვდა გ-----------–--ეს, რომელიც აგრძელებდა ტელეფონზე საუბარს „აქ ვართ დედა მოვედით“-ო, თან ორივე მაღლა კორპუსისკენ იხედებოდნენ. ამ დროს თვითონაც აიხედა ზევით, მაგრამ ვერაფერი დაინახა. გ-----------–--ე და მისი თანმხლები გოგონა საუბრობდნენ და თან მოძრაობას აგრძელებდნენ, ნაბიჯს აუჩქარეს, შეუხვიეს კორპუსის შესახვევთან და კედელს მოეფარნენ. დაზარალებულის განმარტებით, იგი მიხვდა, რომ მიმალვას აპირებდნენ, ამიტომ თვითონაც შეუხვია და დაუძახა, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ გ-----------–--ემ და მისმა თანმხლებმა პირმა გზა გადაკვეთეს და მიიმალნენ. მოწმის განმარტებით, საკუთარი ძალებით ცდილობდა აღნიშნული პირების მოძებნას, მაგრამ ვერ იპოვა, რის გამოც მიმართა პოლიციას.

 

დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმის სახით გამოკითხული ნ--------------ის ჩვენებასთან, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 მაისს იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე - 5----------- შევიდა ზარი ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, რომელიც ისე სწრაფად გაითიშა, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო. ვინაიდან გვიანი იყო, იფიქრა, რომ შეიძლებოდა ვინმე ახლობელს სჭირდებოდა დახმარება. ამ მიზნით გადარეკა აღნიშნულ ნომერზე, რომელზეც უპასუხა ახალგაზრდა ბიჭმა, ასევე გაიგონა ხმა - „მოდი, თქვენ გირეკავენ“-ო. შემდეგ უპასუხა სხვა ახალგაზრდა ბიჭმა და შეეკითხა (მოწმე) - „ვინ იყო“, რაზედაც უპასუხა, რომ ზარი იყო შესული აღნიშნული ნომრიდან, მაგრამ პიროვნებამ ტელეფონი ისე გაუთიშა, რომ პასუხი არ გასცა.

 

საქმეში წარმოდგენილი, შპს „მაგთიკომი“-ს იურისტთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ ტელეფონის ნომერზე გამოთხოვილ დეტალურ ინფორმაციაში კონკრეტულ ტელეფონის ნომერზე არ ფიქსირდება ის შემავალი ზარი, რომელსაც არ უპასუხებს ზარის მიმღები. ტელეფონის ნომრიდან 5----------- (დაზარალებულის კუთვნილი ნომერი) ტელეფონის ნომერზე 5----------- შემავალი ზარი დაფიქსირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ნომრებს შორის შედგებოდა ერთწამიანი კომუნიკაციაც კი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, ძარცვის დროს ნივთის დაუფლება ხდება აშკარად. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების დაუფლება ხდება თვალნათლივ (რასაც დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი). რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს, პალატა მიუთითებს, რომ ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. ძარცვის დროს დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი აშკარად ეუფლება სხვის კუთვნილ ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ამასთანავე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების (ნივთის) დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგად დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს ის. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, - საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე გ-----------–--ეს რაიმე სახის უფლება გააჩნდა. პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ-----------–--ე, თანმხლებ გოგონასთან ერთად, გ---------------ის ნების საწინააღმდეგოდ, აშკარად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ის გარემოება, რომ გ-----------–--ე და მისი თანხმლები პირი ერთმანეთთან შეთანხმებით, სიმულაციურად მოქმედებდნენ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, გამოიკვეთა და დადასტურდა მოწმე ნ--------------ის გამოკითხვის ოქმითაც, ასევე, საქმეში წარმოდგენილი შპს „მაგთიკომი“-ს იურისტთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-----------–--ე და მისი თანმხლები პირი ცდილობდნენ გ---------------ი დაერწმუნებინათ, რომ, თითქოს, მობილური ტელეფონი ნამდვილად ზარის განსახორციელებლად სჭირდებოდათ და მობილური ტელეფონზე საუბრობდნენ, თუმცა საქმეში არსებული მითითებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა, რომ არც ერთ მათგანს ახლობელ ადამიანთან ზარი არ განუხორციელებია და სატელეფონო საუბარი არავისთან შემდგარა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გ-----------–--ის თანმხლები პირი გოგონა აქტიურ მოქმედებას ახორციელებდა სატელეფონო ზარის განხორციელების იმიტაციაში, კერძოდ, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, სწორედ გ-----------–--ის თანმხლებმა გოგონამ უთხრა მას (დაზარალებულს), რომ არ სურდა დედას მანქანების ხმაური გაეგო და ამის გამო სთხოვა მოფარებულ ადგილას შესულიყვნენ. გარდა ამისა, დაზარალებულის განმარტებით, გ-----------–--ე და მისი თანმხლები პირი - ერთ-ერთი მათგანი - მისგან (დაზარალებულისგან) შორს მიდიოდა და მეორეს ეძახდა, რომ მასთან მისულიყო. გ---------------ის განმარტებით, ხან ერთი ახდენდა ტელეფონზე საუბრის იმიტაციას და ხან - მეორე. გარდა აღნიშნულისა, მობილური ტელეფონის აშკარა დაუფლების ფაქტთან (ძარცვის კვალიფიკაციასთან) დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან მიუთითა, რომ გ-----------–--ე და მისი თანმხლები პირი საუბრობდნენ და თან მოძრაობას აგრძელებდნენ, ნაბიჯს აუჩქარეს, შეუხვიეს კორპუსის შესახვევთან და კედელს მოეფარნენ. იგი (გ---------------ი) მიხვდა, რომ მიმალვას აპირებდნენ. ამიტომ თვითონაც შეუხვია და დაუძახა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ გ-----------–--ემ და მისმა თანმხლებმა გოგონამ გადაკვეთეს გზა და მიიმალნენ. მოგვიანებით, საკუთარი ძალებით სცადა აღნიშნული პირების მოძებნა, მაგრამ ვერ იპოვა, რის გამოც მიმართა პოლიციას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ გ---------------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ გ---------------ის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ დაზარალებულმა გ-----------–--ეს ტელეფონი ათხოვა და შემდეგ უსაფუძვლოდ ამხილა დანაშაულის ჩადენაში მოგონილია და ემსახურება მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს.

 

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ-----------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ-----------–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-----------–--ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-----------–--ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. ზოგადად ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-----------–--ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-----------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

გ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 2 მაისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გ---------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი დისკზე და გამოთხოვილი ვიდეო კამერების ჩანაწერები დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ლომბარდიდან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 6S +“ და გ---------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში, დაუბრუნდეს გ---------------ს;

 

გ-----------–--ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში, დაუბრუნდეს გ-----------–--ეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის მაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე