განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001974851
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1448-18 17 ოქტომბერი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
აპელანტი -სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ----------–--ე;
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი - ჯ--- ა--–--ე;
წარმომადგენელი - ირ---–--------ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ--- ა--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ და ,,შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანებები და მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; ჯ--- ა--–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე ჯ--- ა--–--ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და ასრულებდა ფიზიკური პირის კერძო დაცვის ფუნქცია-მოვალეობებს.
2014 წლის პირველი აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, მოქალაქე დ----- კ------- და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსი მ------ ლ---------–---ი შეთანხმდნენ მასზედ, რომ ,,დაცვა“ უზრუნველყოფდა მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს II განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 2 (ორი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.
2014 წლის 11 დეკემბერს მოქალაქე დ----- კ-------სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს მ------ ლ---------–---ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ფიზიკური პირის დაცვას განახორციელებდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს II განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის N1----- ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 იანვარს N14 ბრძანებაში და საშტატო განრიგი ჩამოყალიბდა დანართი N1-ს შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვაში გათვალისწინებული იქნა უფროსი ინსპექტორის 1 და ინსპექტორის 1 თანამდებობა.
2017 წლის 11 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის თავმჯდომარეს და აცნობა მოქალაქე დ----- კ-------სთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის N1------ ბრძანების მიხედვით, 2017 წლის 15 მაისიდან დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვალი დანართი N1-ის შესაბამისად და შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს N14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვაში შემცირდა 2 თანამდებობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ--- რ------ს ძე ა--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 15 მაისიდან.
2017 წლის 18 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსს განცხადებით მიმართა მოქალაქე დ----- კ-------მ და მისი პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად ითხოვა ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულის გამოყოფა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი დ-------ი ჯ-------–---–-ს დანიშვნა.
2017 წლის 18 მაისს მოქალაქე დ----- კ-------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება N1664, რომლის საფუძველზეც დ----- კ-------ს დაცვას განახორციელებდა ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილება: პოლიციის (შემდგომში მცველი) 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ--- რ------ს ძე ა--–--ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2017 წლის 16 სექტემბრიდან.
მოქალაქე დ----- კ-------ს 2017 წლის 21 ივნისის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯ--- ა--–--ე სამსახურიდან გათავისუფლდა მასთან შეთანხმების გარეშე და მის დაცვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მცველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე დ----- კ------- მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის ჯ--- ა--–--ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "ე" ქვეპუნქტების მიხედვით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფელბამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის, დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანება და ,,შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ჯ--- ა--–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლომ აქვე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (განაცხადი N 21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996 -III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, მის პროფესიულ რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ჯ--- ა--–--ის მიმართ კადრების განკარგულებაში გადაყვანა, სამსახურიდან გათავისუფლება და შემდგომ დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ამავე წესის მეორე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე.
სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულ მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. იგი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ--- ა--–--ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა პოლიციელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად , როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება .
ხსენებული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ--- რ------ს ძე ა--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 15 მაისიდან, ხოლო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანებით, დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2017 წლის 16 სექტემბრიდან.
სასამართლო მიუთითებს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტსა და მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე რომელთა მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმ საშტატო ერთეულების რაოდენობას, რომლითაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ფიზიკურ პირთა დაცვას, განსაზღვრავს შესაბამისი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის N1----- ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 იანვარს N14 ბრძანებაში და საშტატო განრიგი ჩამოყალიბდა დანართი N1-ს შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვაში გათვალისწინებული იქნა უფროსი ინსპექტორის 1 და ინსპექტორის 1 თანამდებობა, სულ 2 (ორი) საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის N1------ ბრძანების მიხედვით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს N14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვაში არსებული ორივე თანამდებობა შემცირდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 11 მაისის პატაკი, რომლითაც დგინდებოდა მოქალაქე დ----- კ-------სთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში, თუმცა საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოქალაქე დ----- კ-------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2017 წლის 18 მაისს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება N1664, რომლის საფუძველზეც დ----- კ-------ს დაცვას განახორციელებდა ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილება: პოლიციის (შემდგომში მცველი) 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (საშტატო ერთეულის) არსებობა დამოკიდებული იყო დასაცავი პირის ნებაზე და მასთან დადებული ხელშეკრულებაზე, ხოლო დასაცავი პირის მიერ არ გამოხატულა ნება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ჯ--- ა--–--ეს აღარ გაეგრძელებინა დაცვა და მისი დაცვა მხოლოდ ერთი საშტატო ერთეულით უზრუნველეყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, უფრო მეტიც, დასაცავმა პირმა წერილობით მოსთხოვა განმარტება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, თუ რატომ შემცირდა მისი დაცვის მიზნით დადგენილი საშტატო ერთეულების რაოდენობა და რატომ აღარ ახორციელბდე მოსარჩელე ჯ--- ა--–--ე მის დაცვას. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იმ პირობებში შეამცირა დასაცავი პირის დაცვისათვის დადგენილი საშტატო ერთეულები, როდესაც ხელშეკრულებით ეს არ იყო გათვალისწინებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები (ჯ--- ა--–--ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ინფორმაციის მოძიების, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო მოქალაქე დ----- კ-------სთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, მოქალაქე დ----- კ------- კვლავ მოითხოვდა თუ არა უფროსი ინსპექტორის ჯ--- ა--–--ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის №1------ ბრძანება, რომლითაც შემცირდა საშტატო ერთეულები, რის გამოც სასამართლო არ შედის მისი კანონიერების გამოკვლევაში, თუმცა მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს დასაცავი პირის მოთხოვნა მოსარჩელე ჯ--- ა--–--ის მიერ, მის დაცვასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოქალაქე დ----- კ-------მ ერთის მხრივ - 2017 წლის 18 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მისი პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად ითხოვა ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულის გამოყოფა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი დ-------ი ჯ-------–---–-ს დანიშვნა, ხოლო მეორეს მხრივ - მოქალაქე დ----- კ-------ს 2017 წლის 21 ივნისის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯ--- ა--–--ე სამსახურიდან გათავისუფლდა მასთან შეთანხმების გარეშე და მის დაცვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მცველი, რის გამოც მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის ჯ--- ა--–--ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საშტატო ერთეულის არსებობა დამოკიდებული იყო იმ პირის ნებაზე, რომლის დაცვასაც ახორციელებდა მოსარჩელე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მტკიცებულებათა მოპოვების გზით დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოება - მოქალაქე დ----- კ-------ს ნება მისი დაცვის თაობაზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მას შეეძლო თავად დაედგინა აღნიშნული გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანებები და მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს ჯ--- ა--–--ის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მონიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე ჯ--- ა--–--ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ჯ--- ა--–--ის სასარგებლოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა, კერძოდ სასამართლო უთითებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და მესამე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეკრულების, სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიული პირთა დაცვას. ამდენად, ჯ--- ა--–--ის საშტატო ერთეული შეიქმნა და გაუქმდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და დ----- კ-------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, დაცვის მომსახურება ითვალისწინებს მომსახურების საფასურის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილია დ----- კ-------ს განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა ერთი მცველის დანიშვნა და დეპარტამენტთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც იმას ადასტურებს, რომ დ----- კ-------ს მხრიდან გამოვლენილია ნება ჰყავდეს ერთი დაცვის თანამშრომელი და გადაიხადოს ერთი დაცის თანამშრომლის მომსახურების საფასური. ამრიგად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მცდარია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დეპარტამენტმა არ შეისწავლა საქმე და ისე გამოსცა ბრძანებები.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ ჯ--- ა--–--ის კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების ბათილად ცნობაზე და აღნიშნავს, რომ თავად სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია ის ბრძანება, რომლითაც დ----- კ-------ს დაცვის თანამშრომლების შტატები გაუქმდა, უფრო მეტიც, დ----- კ-------მ, როგორც აღნიშნა, ახალი ხელშეკრულება გააფორმა დეპარტამენტთან, რის საფუძველზეც შეიქმნა ახალი ერთ ადგილიანი შტატი და დაინიშნა მისი ნდობით აღჭურვილი პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც შტატი არ არსებობდა, თანამდებობიდან ჯ--- ა--–--ის გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა გარდაუვალი იყო, შესაბამისად აპელანტის N1------ ბრძანების ბათილობა უკანონო და დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება ჯ--- ა--–--ის შს ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანებას, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა დ----- კ-------ს წერილზე, რომლითაც მან შეკითხვა დაუსვა დეპარტამენტს, თუ რატომ გაუქმდა ჯ--- ა--–--ის საშტატო ერთეული, რაზეც დეპარტამენტისაგან მიიღო შესაბამისი პასუხი, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული პასუხი დ----- კ-------ს არ გაუპროტესტებია, რაც აპელანტის მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ მისთვის პასუხი დამაკმაყოფილებელი და მისაღები იყო. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ჯ--- ა--–--ის შს ორგანოებიდან დათხოვნა მოხდა საქმის გამოკვლევისა და კანონის დაცვის შედეგად.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ შტატების შემცირება/დამატება ხორციელდება დეპარტამენტსა და დ----- კ-------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის დავა არ წარმოშობილა და ხელშეკრულების შესრულება მიმდინარეობს მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოცემულ შეთხვევაში არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში მოპასუხეს არ დაუდასტურებია დამკვეთის მიერ ნების არ გამოხატვა ან თანამდებობაზე დანიშვნის დამაბრკოლებელი რაიმე სხვა საფუძველი, ის მხოლოდ მიუთითებს, რომ დამკვეთმა მოითხოვა მხოლოდ ერთი დაცვის წევრი და სრულიად იგნორირებას უკეთებს წარდგენილ მტკიცებულებას და სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ დამკვეთს დღესაც გააჩნია გამოხატული ნება ჯ--- ა--–--ის, როგორც მისი დაცვის წევრის დანიშვნაზე.
ჯ-----–--- განმარტავს, რომ მოპასუხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები სპეციფიკურია და განსხვავდება უმეტესი ადმინისტრაციული ორანოებისაგან, სადაც საშტატო ნუსხის დადგენა ხდება რაიმე კოეფიციენტის ან ზემდგომი აქტის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში საჯარო სამსახური წარმოადგენს პოლიციელის მიერ კონკრტეული ფიზიკური პირის დაცვას, ამ პირსა და დაცვის განმახორციელებელ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად არსებითი მნიშვნელობისაა დასაცავი პირის ნება და დაცვის ხევრის შესაბამისობა სააჯრო სამსახურთან. ამ გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობს მისი გათავისუფლების არავითარი აუცილებელი გარემოება, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პოზიცია. შესაბამისად, ჯ-----–---ს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება, რადგან მისი მოსაზრებით, მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალება, მისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ვერ უზრუნველყოფს პირის უფლების და უფლების ნამდვილი შინაარსის განხორციელებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სარჩელის საფუძველზე მთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ,,შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ--- ა--–--ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ--- ა--–--ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში. ჯ--- ა--–--ე არის პოლიციელი - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი და მასზე, როგორც პოლიციელზე ვერცელდება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ და იმავე შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება“. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება უნდა შემოწმდეს სწორედ ზემოაღნიშნულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რა მიზნითაც სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოვლენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლის პირველ აგვისტოს დაიდო ხელსეკრულება, რომლის საფუძველზეც, ერთის მხრივ მოქალაქე დ----- კ------- და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსი შეთანხმდნენ მასზედ, რომ ,,დაცვა“ უზრუნველყოფდა მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს მე-2 განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 2 (ორი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.
2017 წლის 11 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის თავმჯდომარეს და აცნობა მოქალაქე დ----- კ-------სთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის N1------ ბრძანებით, 2017 წლის 15 მაისიდან დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვალი დანართი N1-ის შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს N14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში შევიდა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, მოქალაქე დ----- კ-------ს პირად დაცვაში შემცირდა 2 თანამდებობა.
შტატების შემცირების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ--- რ------ს ძე ა--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ----- კ-------ს პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჯ--- რ------ს ძე ა--–--ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2017 წლის 16 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია დავის გადაწყვეტის პროცესში სრულადაა აგებული იმ მოსაზრებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მოქალაქე დ----- კ------- კვლავ მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის ჯ--- ა--–--ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე და დ----- კ-------ს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის არარსებობის პირობებში, გამოსაკვლევია, რამ განაპირობა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლო ფაქტობრივად ადასტურებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (საშტატო ერთეულის) არსებობა დამოკიდებულია დასაცავი პირის ნებაზე.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათები და სოციალური გარანტიები, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე უდავოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი არის საჯარო მოხელე. პოლიციელის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ასევე ის უფლებამოსილებები, რომელიც ენიჭება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელს. იმავე ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლო, პოლიციელის სტატუსისა და მისი ფუნქციური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, პოლიციელის, როგორც საჯარო მოხელის საშტატო ერთეულის მიბმას ( საშტატო ერთეულის დაშვება ან გაუქმება) ცალკეულ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მიიჩნევს დაუშვებლად და თვლის, რომ აღნიშნული უხეშად ხელყოფს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის პრინციპებს, რომლის მიზანია სტაბილური და საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
სააპელაციო სასამართლო სრულად გამორიცხავს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვის შესაძლებლობას და საუბარს სტაბილურობაზე, იმ პირობებში, როდესაც საჯარო მოხელის სამსახურში მიღება და სამსახურიდან დათხოვნა დამოკიდებულია ცალკეულ პირთან დადებულ გარიგებაზე. არსებულ შემთხვევაში, საჯარო მოხელე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძენს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსს, ანუ იმ პირის, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; მით უფრო აღსანიშნავია, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ თავადვე ახდენს მოსამსახურეთა დიფერენცირებას და ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურე შეიძლება იყოს სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე (მუხლი 2); შტატგარეშე მოსამსახურედ, იმავე წესის თანახმად, მიიჩნევა პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დ) ამოღებულია (17.05.2017 N 261); ე) დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
როგორც აღინიშნა, ჯ--- ა--–--ეზე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სისტემაში, მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდება და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. სამსახურში მისი მიღება, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოხდა განუსაზღვრელი ვადით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე - შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ქმნის პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, როგორც ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ იმ გარემოების მტკიცება, რომ ადგილი აქვს შტატების შემცირებას და სახეზეა პირის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტის შეფასების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რაც გამოვლინდა საქმის შესწავლის პროცესში: დაცვის მომსახურების თაობაზე მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, მიიღება გადაწყვეტილება იმ პოლიციელის საშტატო ერთეულის შემცირების თაობაზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა დაცვითი მომსახურეობა, ამავდროულად, იმავე დღეს შესაძლოა დაცვითი მომსახურეობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდეს სხვა პირთან, რაც იწვევს ახალი საშტატო ერთეულის დამატებას. შესაბამისად, ერთი დღის განმავლობაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, როგორც საშტატო ერთეულის გაუქმების, ასევე მისი შექმნის ფაქტს. არსებული მექანიზმი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა თუ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ზოგად პრინციპებს, ამავდროულად გამორიცხავს სამართლებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რამდენადაც დამტკიცებული ერთიანი საშტატო ნუსხის არასებობა და საშტატო ერთეულების პარალერულ რეჟიმში შექმნა-გაუქმება, შეუძლებელს ხდის დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი რეალურად შტატების შემცირებას და არსებობდა თუ არა ამ მოტივით საჯარო მოხელის, ამ შემთხვევაში პოლიციელის, სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალურ ქარტიაზე, რომლის პირველი მუხლი ხელშემკვრელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან;
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება უპირობოდ გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, და აღნიშნული მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვერ ადასტურებს, რომ არსებობდა ჯ--- ა--–--ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის, სამსახურიდან გათავისუფლების და შემდგომ დათხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ყველა სადავო აქტს მიიჩნევს უკანონოდ და თვლის, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან დაზუსტებული მოთხოვნისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი სტრუქტურის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ჯ--- ა--–--ის აღდგენა უნდა მოხდეს მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ჯ--- ა--–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ჯ--- ა--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
ბათილად იქნეს ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანება;
ბათილად იქნეს ცნობილი ,,შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის №2------ ბრძანება;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ--- ა--–--ის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს ჯ--- ა--–--ეს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო სარგოს ოდენობით კადრების განკარგულებაში გადაყვანიდან სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გაცემული 2 თვიანი სახელფასო სარგოს გამოკლებით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე