განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210015778787
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015778787

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1694-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ჯი-–----------ი, შპს „ჯი------9“

 

წარმომადგენელი - ჯე---–-–--–-ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - სო-----------------ძე

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. 2015 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სო-----------------ძემ მოპასუხეების ჯი-–----------ისა და შპს „ჯი------9-ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. სარჩელით მატერიალური და მორალური ზიანის - ჯამში 9784 ლარის (მატერიალური ზიანი - 6784 ლარი, მორალური ზიანი - 3000 ლარი) ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ჯი------9-ს“ მოსარჩელე სო-----------------ძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 6 784 ლარის და მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის მოთხოვნა ჯი-–----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. 2018 წლის 01 მარტის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

 

4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით „ჯი------9-მ“ გაასაჩივრა და მათი გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელე სო-----------------ძემ მოპასუხეების ჯი-–----------ისა და შპს „ჯი------9-ის“ მიმართ. სარჩელით მატერიალური და მორალური ზიანის - ჯამში 9784 ლარის (მატერიალური ზიანი - 6784 ლარი, მორალური ზიანი - 3000 ლარი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებელში სარჩელი არ ცნეს (ს.ფ. 1-37).

 

6. საქმე სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად 2017 წლის 30 ნოემბერს 15:00 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც მოპასუხე მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ (ს.ფ. 98-99).

 

7. 2017 წლის 30 ნოემბერს მოპასუხეები არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა. 2017 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელე სო-----------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე შპს „ჯი------9-ს“ მოსარჩელე სო-----------------ძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 6 784 ლარის ხოლო, მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებილება დაეკისრა. მოსარჩელე სო-----------------ძის სარჩელი მოპასუხე (ფიზიკური პირი) ჯი-–----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 105-110).

 

8. მოპასუხე ჯი-–----------მა 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივარი წარადგინა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს გამართულ სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ვინაიდან იყო ავად, მტკიცებულებად კი 2017 წლის 28 ნოემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (#I-------) წარმოადგინა (ს.ფ. 114-116).

 

9. 2018 წლის 15 თებერვალს, 13:30 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე ჯი-–----------მა დააზუსტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც შპს „ჯი------9-ის“ დირექტორმა და არა, როგორც ფიზიკურმა პირმა მოპასუხე ჯი-–----------მა(ს.ფ. 114-116).

 

10. 2018 წლის 01 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივრის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ს.ფ 129-134).

 

11. 2018 წლის 13 მარტს შპს „ჯი------9-მ“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 139-147).

12. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლო უწყება 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომის თაობაზე საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლო უწყება 2017 წლის 09 ნოემბერს, სასამართლოს თანაშემწის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის გზით ჩაბარდა (ს.ფ. 99). აღნიშნული საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლით დადგენილ უწყების ჩაბარების ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს.

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ყოველთვის არ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი მართალია იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. როდესაც მხარე სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენა და მისი გაშვების საპატიოდ ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ავადმყოფობა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იმ ობიექტურ მიზეზთაგანია, რომლებსაც საპროცესო კოდექსი საპატიო მიზეზთა წრეს მიაკუთვნებს, შესაბამისად, მათი დადასტურების შემთხვევაში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, ჯი-–----------მა შპს „აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას“ 2017 წლის 27 ნოემბერს მიმართა, აღნიშნული თარიღია ასევე მითითებული მოპასუხის სტაციონარში მოთავსების თარიღად, ამავე ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი სტაციონარიდან 2017 წლის 28 ნოემბერს გაეწერა. უდავოა, რომ სასამართლო სხდომა, რომელზეც მოპასუხე არ გამოცხადდა 2017 წლის 30 ნოემბერს იყო ჩანიშნული. მართალია აღნიშნული ცნობით საპროცესო დღეს მოპასუხის სტაციონარში ყოფნა არ დასტურდება, თუმცა უდავოა, რომ მხარემ საკმაოდ რთული გულის ოპერაცია გაიკეთა და სტაციონარიდან გაწერის მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სტაბილური. აღნიშნულს ადასტურებს ექიმის რეკომენდაცია, რომლითაც მას შემდგომი შვიდი დღის განმავლობაში ნახევრად წოლითი რეჟიმი დაენიშნა სასამართლო სხდომა კი, რომელზე გამოცხადებაც მხარემ ვერ შეძლო, სწორედ ამ შვიდდღიან პერიოდს ემთხვევა.

 

პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით დამსჯელობითი ღონისძიებაა, იგი მხარისთვის სასამართლო წესრიგის უგულებელყოფისთვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომასთან ასოცირდება, თუმცა, აღნიშნული იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოყენება ფორმალური ხასიათისაა, ასეთ დროს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არა მხოლოდ ზედაპირულად/ფორმალურად, არამედ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, მით უფრო ისეთ დროს, როდესაც პროცესზე გამოუცხადებლობის მოტივად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა დასახელებული, სასამართლომ საქმის მასალების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, მართლაც ხომ არ არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისთვის პროცესზე დასწრებას შეუძლებელს გახდიდა.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, აღნიშნული სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიმართ ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება პროცესში მონაწილე მხარეებს თანაბრად იცავს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: ,,ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“, 10978/06, „აზდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“, N71872/12, „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, N2430/06 და სხვა მრავალი).

 

15. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ექიმის მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაცია პაციენტისთვის შვიდი დღის განმავლობაში წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, ასევე მისი სტაციონარიდან სხდომამდე ძალიან მოკლე პრიოდით ადრე (ორი დღე) გაწერა, იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას ქმნის, რომლითაც მისი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა დასტურდება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ წარმატებით დასძლია, მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები სახეზეა.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 390-ე 53-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჯი------9-ის“ წარმომადგენლის ჯი-–----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ასევე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე