განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020232118700067547
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1093-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები - სხდომის მდივანი - ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე თამარ სვანიძე ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი- მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - ც---–- კ------–--ე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერია, ე---------- მ---- შპს ,,ჩ-------“ ლ------- კ----–--ე
დავის საგანი - სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2018 წლის 25 მაისს ც---–- კ------–--ემ ადმინისტრაციული სარჩელის ფორმაში შედგენილი სარჩელით მიმართა ჭ--------ის მაგისტრატ სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჩ-------ს“ მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით, რაზედაც დაუდგინდა ხარვეზი. ამავე წლის 01 ივნისს კვლავ ანალოგიური ფორმით წარდგენილი იქნა სარჩელი ზემოხსენებული მოპასუხეების მიმართ,რომლითაც მოთხოვნები ფორმულირებული იქნა შემდეგი სახით: 1) ,,სასადილო ,,ჩ-------მ“ შეასრულოს ვალდებულებები, რაც სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, კერძოდ მე-5 პუნქტით(მომსახურების გაწევის პირობები) და მისი დანართით გასაწევი მომსახურების გეგმა-გრაფიკით აქვს გათვალისწინებული; 2)ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ზედამხედველობა გაუწიოს შპს ,,ჩ-------ს“ მიერ ზემოთ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. (იხ.ს.ფ.1-12;52-55; 57-71;) 2018 წლის 06 ივნისს მიჩნეულ იქნა რა ხარვეზი შევსებულად სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნა მიღებული წარმოებაში. (იხ.ს.ფ. 72-73) 2.2. სარჩელის საფუძვლები მოსარჩელემ სარჩელში დავის ფაქტობრივ გარემოებებად მიუთითა შემდეგზე: მოსარჩელის განმარტებით, იგი არის შპს ,,ჩ-------ს“ ბენეფიციარი, რომელიც მდებარეობს ჭ--------აში. შპს ,,ჩ-------სა“ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული სასადილო ვალდებულია ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მიერ გადარიცხული თანხების საფუძველზე უფასო მომსახურება გაუწიოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, თუმცა მოპასუხე ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობებს. ბოლო წლებში მდგომარეობა გართულდა, დაინიშნა უპასუხისმგებლო პერსონალი, რომლებიც სათანადოდ არ ემსახურებიან ბენეფიციარებს, არ აძლევენ მათ საკვების ნორმას. სასადილოს აქვს უვარგისი საკვები, რომელსაც ასევე ამზადებენ სასმელად უვარგისი წყლით. მან აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მრავალჯერ მიმართა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა უშედეგოდ. ამდენად, მოითხოვა შპს „ჩ-------ს“ დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ხოლო ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას - ზედამხედველობა გაუწიოს შპს „ჩ-------ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. 2.3. მოპასუხე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე: 2018 წლის 03 იანვარს, ჭ--------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჩ-------ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების N03 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის №თ170014646 საშუალებით ჭ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო სასადილოთი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურება ეწეოდა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 165 ადამიანს. 2018 წლის №03 იანვრის ხელშეკრულებაზე კონტროლის მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე კონტროლს. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყველა პუნქტი სრულდება კანონის სრული დაცვით. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. 2.4. მოპასუხე შპს ,,ჩ-------ს“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე: შპს ,,ჩ-------სა“ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება სრულდებოდა კეთილსინდისიერად, პირნათლად და ხელშეკრულების ყველა მოთხოვნის დაცვით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ზედამხედველობა გაეწიოს შპს ,,ჩ-------ს“ , ასეთი ხორციელდება ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამასთან შესაგებლით მოპასუხის მიერ მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ც---–- კ------–--ე სარგებლობდა მათი მომსახურებით, თუმცა იგი საკვების მაგივრად ყოველთვის ითხოვდა ფულად ანაზღაურებას. 2.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ც---–- კ------–--ის (პ/ნ.540010362--) სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს ,,ჩ-------სა“ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისა და ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. 2.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2.6.1. 2018 წლის 03 იანვარს შპს ,,ჩ-------სა“ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომსახურება ეწეოდა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 165 ბენეფიციარს; 2.6.2. შ.პ.ს ,,ჩ-------“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად ასრულებდა თავის ვალდებულებებს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების მიმართ; 2.6.3. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებდა შესაბამის ზედამხედველობას შ.პ.ს ,,ჩ-------ს“ მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე; 2.7. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება 2.7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 65-ე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2, მე-6, მე-16, 251-ე ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე, 102-ე, 103-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: 2.7.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. 2.7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. 2.7.4. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასადილო შპს „ჩ-------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული იყვნენ მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი). 2.7.5. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, ხოლო თავის მხრივ მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები მასზედ, რომ ხელშეკრულების პირობები სრულდება სათანადოდ და ჯეროვნად და რომ შესრულებაზე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხორციელდებოდა შესაბამისი ზედამხედველობა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია,რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ მითითებული ის გარემოება, რომ შპს ,,ჩ-------“ სათანადოდ ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. სასადილოში არის ბევრი ხარვეზი, სისუფთავის და საკვების მხრივ, ასევე მათ არ მიეწოდებათ სუფთა წყალი. 3.2. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გამოვლენილ დარღვევებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამართალდარღვევის ოქმები. ასევე სასამართლომ ადგილზე დათვალიერება არ ჩაატარა ჯეროვნად, არ შეამოწმა წყლის ვარგისიანობა, დაეყრდნო წყლის ვარგისიანობის თაობაზე შემოწმების ძველ ოქმებს, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. 3.3. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა იმაზეც, რომ სასამართლო პროცესზე მან სრულყოფილად ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის ჩამოყალიბება, არ გაახსენდა რა რიგი საკითხებისა და ვერ მიუთითა ყველა იმ პრობლემაზე, რაც მისი თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია და ხელყოფს მის უფლებებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან გამოიყენა კანონი , რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. 4.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს ც---–- კ------–--ემ ადმინისტრაციული სარჩელით (ადმინისტრაციული სარჩელის ფორმაში) მიმართა ჭ--------ის მაგისტრატ სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჩ-------ს“ მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. (იხ.სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ 1-12, 59-71). 4.4. დადგენილია, რომ ჭ--------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც---–- კ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება, ტომი 1-ლი, ს/ფ 247-254). 4.5. დადგენილია, რომ ჭ--------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც---–- კ------–--ემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი 1, ს.ფ 266-275). 4.6. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით ც---–- კ------–--ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სააპალაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას იმ საფუძვლით, რომ დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას და განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართლწარმოების წესით. (იხ.განჩინება, ტომი 1-ლი, ს.ფ 294-297). 4.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ც---–- კ------–--ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი განხილვა სასამართლო მთავარ სხდომაზე. (იხ.განჩინება, ტომი მე-2, ს.ფ 4-6). 4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ; სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს. 4.9. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის კი აუცილებელია დავა წარმოშობილი იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, ასევე სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო. 4.10. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე. სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას. სარჩელის საფუძველი განაპირობებს დავის განსჯადობას. 4.11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს ც---–- კ------–--ემ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ჭ--------ის მაგისტრატ სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ჩ-------ს“ მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა სარჩელი თავისი შინაარსით გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, სახელდობრ განსახილველი სამართალურთიერთობა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლს (მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება) . შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე სამოქალაქო წესით განსახილველია, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან. 4.12. იმის გათვალისწინებით, რომ ც---–- კ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით პალატა მიუთითებს შემდეგს: 4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: 1.სარჩელში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი; ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) დავის საგანი; დ) სარჩელის ფასი; ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა; თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები: ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს; ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები; ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები; კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. 4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააფართოებს. ამდენად, სარჩელში ნათლად, გარკვევით და ამომწურავად უნდა იყოს მითითებული, თუ რას მოითხოვს მოსარჩელე თითოეული მოპასუხისგან. სასამართლოსთვის მიმართვის დროს მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა და დავის ფაქტობრივი გარემოებები ჩამოყალიბებული იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ბუნდოვანი სასამართლოსთვის და ქმნიდეს დავის არსის სრულყოფილად გაგების საფუძველს, სარჩელს უნდა გააჩნდეს გარკვეული პერსპექტივა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა. ამასთან გამოკვეთილი უნდა იყოს პირის იურიდიული ინტერესი და ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ზემოთ მოხმობილი ნორმის მოთხოვნა მოსარჩელისათვის სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მკაფიოდ და ნათლად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა ,ვინაიდან მისი შინაარსი შეადგენს სარჩელის საგანს. სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე მიუთითებს სარჩელში საამისოდ გამოყოფილ გრაფაში შესაბამისობაში უნდა იყოს დავის საგანთან და უნდა იყოს თვისობრივად იმ ხასიათის, რასაც უნდა დაეფუძნოს სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანიც ზემოაღნიშნულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ზემოხსენებულთან ერთად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სარჩელში სავალდებულოდ მისათითებელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ისევ და ისევ მოსარჩელის სამართლინი სასამართლო უფლების დაცვას ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არასრულ სარჩელს მიიღებს და ფაქტობრივი გარემოებების მხარის მიერ არასწორად მითითებისა და მტკიცებულებების არქონის პირობებში განიხილავს საქმეს, მაშინ მხარეს სრულყოფილი სარჩელითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ხელმეორედ მიმართვა იმავე მოთხოვნით, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით აღარ შეეძლება. შესაბამისად არასრულყოფილი და გაუმართავი სარჩელის წარმოებაში მიღებით და მისი არსებითად განხილვით მას ერთმევა საკუთარი უფლებისა და კანონიერი ინტერესის ჯეროვანი დაცვის უფლება. აღსანიშნავია, რომ მხარე წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილია ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, ამასთან აღმოფხვრას ის ხარვეზი, რაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, უფრო მეტიც, მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯეროვანი სასამართლო სამართალწარმოება მხოლოდ ჯეროვანი სარჩელის პირობებშია შესაძლებელი. შესაბამისად, მას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გზით ეძლევა შესაძლებლობა სარჩელი კანონით დადგენილი წესით მოამზადოს, რათა არასრულყოფილი სარჩელი არ გახდეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. 4.15. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი სახით არის ძალზე ზოგადი სახით ფორმულირებული მაშინ როდესაც მოსარჩელე ვალდებულია, ნათლად და გარკვევით მიუთითოს მოთხოვნა - დააკონკრეტოს და სამოქალაქო სამართალის ნორმების ფარგლებში ამომწურავი ფორმულირება მისცეს მას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით შეცვალოს ან გარკვეული ვარაუდით თავად მოახდინოს სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააფართოებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ამიტომაც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი აღსრულება. ამასთან, ამის აუცილებლობა უფრო მკაფიო ხდება, როდესაც შესაძლოა, დადგეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მართებულად არ არის რა განსაზღვრული დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი დავის ფაქტობრივი გარემოებანი და ასეთის სამტკიცებლად მოხმობილი მტკიცებულებანი. 4.16.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული ესა თუ ის კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს; გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე; ამდენად, დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ც---–- კ------–--ის სარჩელი განეკუთვნება არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო დავათა კატეგორიას, ასევე დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ აღნიშნული სარჩელი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო სამოქალაქო სამართალწარმოებით მისაღები სარჩელისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ზემოთ მოხმობილი ნორმის თანახმად ასევე არ წარმოადგენდა საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის განხილვას დაქვემდებარებულ განსჯად საქმეს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ ც---–- კ------–--ის სარჩელის მიღება და განხილვა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მთხოვნათა დარღვევით, ადმინისტრაციული წესით, არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. 4.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს . 4.17.ამდენად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ზემოხსენებული საფუძვლებიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ც---–- კ------–--ის სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამასთან, უნდა განემარტოს მოსარჩელეს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება ხელს არ უშლის განმეორებით მიმართოს განსჯად - საჩხერის რაიონულ სასამართლოს იმავე მოთხოვნით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ც---–- კ------–--ის სააპელაციო საჩივარი, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ჩ-------ს“ მიმართ, ჭ--------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს, ჭ--------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და ც---–- კ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ჩ-------ს“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; 6.2. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ც---–- კ------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. ც---–- კ------–--ის სარჩელი ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ჩ-------ს“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე თამარ სვანიძე