განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210117002110611
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/3726-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ა-–------- გ---------ი, გ------- ნ-----ა, ნ------ ნ-----ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-------------“
წარმომადგენელი – ბ--------------
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლის 15 დეკემბერს, შპს „მ-----------------------------–-----------სა" და ნ------ ნ-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 5500 აშშ დოლარი, 20 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%-ს.
2. სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
3. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ნ------ ნ-----ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მ-----------------------------–-----------ს” მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,ს-----------------------------------------ში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მ-----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.
4. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.
5. შპს ,,მ-----------------------------–-----------სა” და ნ------ ნ-----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ა-–------- გ---------თან და გ------- ნ-----ასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
7. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდები პირები პასუხს აგებენ 7380 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
8. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 17 ივნისის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.
9. 2014 წლის 15 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კ-------------ს“ მიმართ შეადგენს 3270,29 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2250 აშშ დოლარი, პროცენტი - 88,85 აშშ დოლარი, დაზღვევა - 20,19 აშშ დოლარი, ჯარიმა - 911,25 აშშ დოლარი.
10. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მ-----------------------------–-----------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კ-------------“.
11. სს „კ--------------“ მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ნ------ ნ-----ის, ა-–------- გ---------ისა და გ------- ნ-----ასათვის სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად 3270,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 2250 აშშ დოლარი, პროცენტი - 88,85 აშშ დოლარი, დაზღვევა - 20,19 აშშ დოლარი, ჯარიმა - 911,25 აშშ დოლარი.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 15 დეკემბერს, შპს „მ-----------------------------–-----------სა" და ნ------ ნ-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 5500 აშშ დოლარი, 20 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად, გადახდის გრაფიკი ასევე შეიძლება ითავლისწინებდეს მომსახურების გადასახადსაც. სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით. სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება". მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ ა-–------- გ---------ი და გ------- ნ-----ა, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებები პასუხს აგებენ 7380 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე. მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 17 ივნისის შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 3270,29 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2250 აშშ დოლარი, პროცენტი - 88,85 აშშ დოლარი, დაზღვევა - 20,19 აშშ დოლარი, ჯარიმა - 911,25 აშშ დოლარი. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მ-----------------------------–-----------დ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კ-------------“.
12 . წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ შეთავაზებული იქნა სხვა პირობები, რომელზეც თანახმანი არ იყვნენ. ვალუტის კურსის ცვლილების გამო ვერ შეძლეს სესხის დროულად დაფარვა, რის გამოც მხარეს შესთავაზეს გადავადება ან გრაფიკის სხვაგვარად შედგენა, თუმცა მათ აღნიშნული წინადადება არ მიიღეს. 2017 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ი----------–-–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე სარჩელს ცნობს სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო ჯარიმა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხე მხარემ მოითხოვა ჯარიმის შემცირება 100 აშშ დოლარამდე (იხ. 21.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:18:35).
13. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ნ------ ნ-----ს, ა-–------- გ---------სა და გ------- ნ-----ას მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2014 წლის 15 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2662,04 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 2250 აშშ დოლარი, სარგებელი - 88,85 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 20,19 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 303 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
13.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოს მოსმაზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს ნ------ ნ-----მა შპს ,,მ-----------------------------–-----------საგან” ისესხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2,35%-იანი სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 თვე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 17 ივნისიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებმა პირებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ნ------ ნ-----ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია.
13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 911,25 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 303 აშშ დოლარის გადახდა.
13.3. სს ,,კ-------------“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ა-–------- გ---------მა და გ------- ნ-----ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 7380 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
14. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა-–------- გ---------მა, გ------- ნ-----ამ და ნ------ ნ-----მა. აპელანტის განმარტებით სასამართლომ მიიღო უსაფუძვლო გადაწყვეტილება და მართალია პირგასამტეხლო შეამცირა, თუმცა არ გაითვალისიწინა ის გარემოება რომ, აპელანტებისათვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი და იგი არ იყო შედგენილი მათთვის გასაგებ ენაზე.
სამოტივაციო ნაწილი
15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცლვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში განხილულ ფაქტობრივ გარემოებებსა, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სსკ 623-ე მუხლი, რადგან, მხარეებს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება. ამასთან, პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა ცნო სარჩელი ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში. მათი შედავება მოიცავდა მხოლოდ ჯარიმის/პირგასამტეხლოს ოდენობას. გარდა ამისა, აპელანტები სააპელაციო საჩივარში ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს არ ესმოდათ ხელშეკრულების შინაარსი, ვინაიდან არ იციან ქართული ენა, ამასთან საბანკო დაწესებულების მიერ არ მოხდა ხელშეკრულების მათთვის გასაგებ ენაზე თარგმნა აქედან გამომდინარე, დაკისრებული თანხა სრულიად უსაფუძვლოა.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტების მითითებას რომ დაკისრებული თანხა არის სრულიად უსაფუძვლო, ვინაიდან მათ მიერ მოხდა ძირითადი თანხის პროცენტისა და სადაზღვევო თანხის აღიარება, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს რომ აპელანტების ამ გარემოებებს სადავოდ სააპელაციო სასამართლოში ვეღარ გახდიან. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3; 131-ე და 380-ე მუხლებს.
17. მიუხედავად ამისა პალატა ვერ გაიზიარებს შეეხება აპელანტების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს არ ესმოდათ ხელშეკრულების შინაარსი, ვინაიდან არ იციან ქართული ენა, ამასთან საბანკო დაწესებულების მიერ არ მოხდა ხელშეკრულების მათთვის გასაგებ ენაზე თარგმნა აქედან გამომდინარე, დაკისრებული თანხა სრულიად უსაფუძვლოა, პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საუბარია სასესხო ურთიერთობაზე, რომელსაც წერილობითი ფორმა აქვს, აღსანიშნავია შემდეგი: ნების წერილობით გამოვლენისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე (დოკუმენტზე) ხელის მოწერის გზით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - დოკუმენტის ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ დოკუმენტის შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. პრეზუმფცია, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. (საქმე №ას-713-713-2018)
გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. ამდენდ, რომ აპელანტები აცნობიერებდნენ იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ მიერ დადებულ ხელშეკრულებას. ამასთან, თუკი მათ ეჭვი ეპარებოდათ ხელშეკრულების შინაარსში, მათ შეეძლოთ მოეთხოვათ მათთვის სასურველ ენაზე ეთაგმნათ აღნიშნული ხელშეკრულება და გაცნობოდნენ მათ შინაარსს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ მხარეებს გამოთქმული ჰქონდათ ნება ეთარგმნათ საბანკო დაწესებულების მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება, ან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადეს პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. შესაბამისად ივარაუდება, რომ ისინი იცნობდნენ ხელშერულებას და თანახმა იყვნენ შესულიყვნენ სამართლებრივ ურთიერთობაში კონტრაჰენტთან. ამასთან დამატებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდები პირების მიერ შედგენილი განცხადება, რომლითაც გამოთქვეს სურვილი ეკისრათ თავდებობა ძირითადი მოვალის ვალდებულებასთან მიმართებით, შედგენილი და შევსებულია მათ მიერ სწორედ ქართულ ენაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, აჩენს იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ როგორც მოვალემ, ისე თავდებმა პირებმა იციან ქართული ენა და შეუძლიათ გაიაზრონ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების შინაარსი.
18. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას პირგასამტეხლოს კიდევ მეტად შემცირებასთან დაკავშირებით და მოიხმობს სსკ 417-418-ე მუხლებს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. პალატას მიაჩნია რომ, პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულია გონივრული ოდენობის და არ არსებობს მისი კვლავ შემცირების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
19. საპროცესო ხარჯები
ა-–------- გ---------ის, გ------- ნ-----ასა და ნ------ ნ-----ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-–------- გ---------ის, გ------- ნ-----ასა და ნ------ ნ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/
/ბესარიონ ტაბაღუა/