განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118001274891
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-592-2018 13 ნოემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს გ-–-----– თ------ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ი---------------ის ფ--–---–- გ--------ში
წარმომადგენელი - მ-----–-----–-----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ი---------------ის ფ--–---–- გ--------ში სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს გ-–-----– თ------ს შპს ი---------------ის ფ--–---–- გ--------ში სასარგებლოდ დაეკისრა 97 000 აშშ დოლარის გადახდა. შპს გ-–-----– თ------ს შპს ი---------------ის ფ--–---–- გ--------ში სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. შპს გ-–-----– თ------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთის მხრივ გამყიდველს შპს გ-–-----– თ------სა (ს/კ 4--------) და მეორეს მხრივ მყიდველს -შპს ი---------------ს (საფირმო სახელწოდება - შპს ი---------------ის ფ--–---–- გ--------ში, რეგისტრირებული ჰამბურგის საოლქო სასამართლოს სავაჭრო რეესტრში, ფირმის #H-------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 1. დაჭრილი და მოხალული თხილის გული 2-4მმ, 20 კგ-იან ვაკუუმიან შეფუთვაში, 7000 კგ, 2. თხილის გულის ფქვილი 0-2მმ, 20 კგ-იან ვაკუუმიან შეფუთვაში, 15000კგ. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა: 950 აშშ დოლარს-100კგ-ზე და 850 აშშ დოლარს 100 კგ-ზე. ჯამში -194 000 აშშ დოლარი. გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით: 50% ავანსი, დანარჩენი მყიდველი მიერ ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მიწოდების სხვა პირობებიც. კერძოდ: წარმომავლობისა და შესაბამისობის სერტიფიკატი, ლაბორატორიული შემოწმების შედეგები (აფლატოქსინის ჩათვლით), ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ფორმა „ა“, ეტიკეტები: შეთანხმებისამებრ, კლიენტის დიზაინის მიხედვით. 2.2. მყიდველმა ჩაურიცხა გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების 50% ავანსის სახით-97000 აშშ დოლარის ოდენობით. 2.3. 2015 წლის 22 დეკემბერს, მყიდველმა წერილობით მიმართა (შეატყობინა) გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის, შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების და ავანსად გადარიცხული თანხის დაბრუნებების შესახებ. გამყიდველმა მიიღო შეტყობინება, დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას, დაიბრუნა პროდუქცია, მაგრამ ავანსად მიღებული თანხა არ დაუბრუნებია მყიდველისათვის. 2.4. მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად შესყიდული პროდუქცია შეიცავდა დასაშვებ ზომაზე მეტ მავნე ნივთიერება აფლატოქსინს, ასევე, ის დაბინძურებული იყო მიკრობიოლოგიურად, შესაბამისად შესყიდული საქონელი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა გერმანიის აკრედიტაციის სამსახურის მიერ აკრედიტირებული შპს „B-- -ა---–----- & კო.“ სურსათის საკვლევი ლაბორატორიის 2015 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად საკვლევი ნიმუშის: თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, ჩატარებული კვლევის საფუძველზე „წარმოდგენილი ნიმუში დასაბრაკია. მასში აფლატოქსინების შემცველობა დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას აჭარბებს“. ასევე, მოსარჩელემ წარმოადგინა შპს SGS ი-----------ის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნა, ნიმუში თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, შემაჯამებელი შეფასების მიხედვით „დადგენილი მიკრობიუოლოგიური სტატუსი არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ენტერობაქტერიები გერმანიის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოების სასიგნალო სიდიდეს მცირეოდენ აღემატება“. ლაბორატორიული გასინჯვის შედეგების საფუძველზე, მყიდველმა მიმართა გამყიდველს ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქციის უკან დაბრუნების მოთხოვნით. შპს გ-–-----– თ------ი დაეთანხმა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტას, გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნებას და ავანსად მიღებული თანხის გადარიცხვას, თუმცა არ დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მითითებულ არგუმენტს პროდუქციის ნივთობრივი ნაკლის შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი სახეზე არ იყო და შესაბამისად, არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა, სადავო საკითხთან მიმართებაში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული შემოწმების აქტებიდან, რომლებიც პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავენ, სადავო საკითხს ეხება მხოლოდ აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორია „TestLAB”-ის მიერ 2016 წლის 29 იანვარს გაცემული გამოცდის ოქმი, რომელშიც გამოცდის ობიექტად მითითებულია თხილის ფქვილი მოხალული 2. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა ლაბორატორიული დასკვნები შეეხება დაჩეხილ და შემწვარ თხილს, თხილის გრანულებს, რომლის ხარისხიც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისას შედავებული არ ყოფილა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა შესყიდული თხილის ფქვილის ხარისხთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნა ეფუძნებოდა თხილის მიწოდებიდან რამოდენიმე დღეში გერმანიის ორ სხვადასხვა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩატარებულ გამოკვლევას. სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელშეკრულებო ღირებულება სრულად დაიფარებოდა მყიდველის მიერ პროდუქციის ჩამოტვირთვის და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღის ვადაში. ხელშეკრულების „სხვა პირობების“ თანახმად ხელშეკრულების შესრულება დაკავშირებული იყო ლაბორატორიული შემოწმების შედეგებთან (აფლატოქსინის ჩათვლით). აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროდუქციის ნივთობრივი ვარგისიანობის დადგენას, სწორედ, პროდუქციის მიმღები ქვეყნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგების მიხედვით. 2.5. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) განმარტა, რომ პროდუქციის დაბრუნების გამო, მას მიადგა ზიანი, რომლის გამოთვლაც დაუკავშირა თხილის სარეალიზაციო ფასების სხვაობას პროდუქციის მიწოდება-დაბრუნების თარიღსა და 2016 წლის 31 მაისის პერიოდებს შორის. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) წარადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად 27.11.15-29.12.15 წლის პერიოდის შუალედში თხილის ფქვილისა და დაჭრილი თხილის გულის საბაზრო ღირებულება შემცირდა. იმის მიუხედავად, ჩათვლიდა თუ არა სასამართლო შპს ი---------------ის გასვლას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მაინც ვერ გახდებოდა შპს გ-–-----– თ------ისათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების საფუძველი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფასთა სხვაობა არ ფიქსირდება პროდუქციის მიწოდებისა და უკან მობრუნების პერიოდში, ექსპერტიზით დადგენილია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის ფასები იყო იდენტური. რაც შეეხება 2016 წლის 31 მაისის პერიოდს, რა დროსაც, დასკვნის თანახმად, მოხდა ფასის ვარდნა, სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მიერ პროდუქციის უკან დაბრუნება განხორციელდა გამყიდველის მიმართ შეტყობინებით და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გონივრულ ვადაში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) არაერთ კორესპონდენციაში აფიქსირებს, რომ პროდუქციის დალუქვის და მისი რეალიზების შეჩერების მიზეზი გახდა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTEO)DG SANTEO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული შეტყობინება. ამასვე ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტო თავის მიმოწერებშიც. 2.6. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ წარმოდგენილი, სურსათის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, მოცემულ დავის საგანთან მიმართებაში ვერ იქნება პრეზუმირებული ფაქტების შემცველი, ვინაიდან არც ადმინისტრაციულ წარმოებაში და არც სასამართლოში შპს ი---------------ი მხარედ არ მონაწილეობდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ შემთხვევაში დავა ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკან დაბრუნებული პროდუქციის დალუქვის მართლზომიერების საკითხს, ხოლო მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას. ამდენად, მოცემულ დავასთან მათ შემხებლობა არ აქვთ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. მოსარჩელე წარმოადგენს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის საოლქო სასამართლოს სავაჭრო რეესტრში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით. დადგენილია, რომ მხარეებს საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია მოცემული დავის განხილვისას არ გაუსაჩივრებიათ. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველისათვის მიეწოდებინა პროდუქცია, ხოლო მყიდველმა აიღო შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ გამყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა 50% ავანსის სახით, ხოლო დანარჩენი მყიდველის მიერ საქონლის ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულება მხარეებმა დაუკავშირეს მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ხარისხს. სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ პროდუქციის ხარისხის თაობაზე მოპოვებული დასკვნა გახდებოდა ორმხრივი ვალდებულების შესრულების საფუძველი. აღნიშნული შეთანხმება, ბუნებრივია, გულისხმობდა იმას, რომ პროდუქციის ხარისხი უნდა შემოწმებულიყო მიმღები ქვეყნის ლაბორატორიული კონტროლის მეშვეობით, რასაც დაუკავშირეს მხარეებმა შესყიდვის ღირებულების მეორე ნაწილის გადახდა. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მყიდველის მიერ პროდუქციის შემოწმება ჩატარდა გონივრულ ვადაში. ასევე, დადგენილია, რომ ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ნასყიდობის საგანი, კერძოდ, პარტია N15385 არ აღმოჩნდა შეთანხმებული ხარისხის. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი უფლება წარმოიშვება მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძველზე და უფლებას აძლევს კრედიტორს გავიდეს ხელშეკრულებიდან აღნიშნულზე ნების გამოხატვის და ამ ნების მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი საფუძველი. დადგენილია, რომ მყიდველმა, ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეატყობინა გამყიდველს შესყიდული პროდუქციის ნაწილის ნივთობრივი ნაკლის შესახებ და აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება. ასევე, დადგენილია, რომ გამყიდველმა მიიღო მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის ნების გამოვლენა და თავადაც უარი თქვა ხელშეკრულებაზე. დადგენილია, რომ გამყიდველის მხრიდან არ მომხდარა ნაკლის აღმოფხვრისათვის ან ნასყიდობის საგნის შეცვლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შეთავაზება. ამდენად, შპს ი---------------ის გასვლა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან განხორციელდა მართზომიერი საფუძვლით. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). "ხელშეკრულების გასვლის მომენტიდან (ex nunc) თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილი შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა" (გერმანიის სამოქალაქო კოდექსში ანალოგიური 346-ე მუხლის სასწავლო კომენტარი - ი. კროპჰოლერი გვ.243). სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად. გასვლის შესახებ განცხადების გაკეთების და ამ განცხადების გამყიდველის მიერ მიღების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაიქმნება „მიღებულის უკუქცევის ურთიერთობად, რომელიც მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ“ (ლ. ჭანტურია სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III გვ. 231). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეთა მოვალეობას წარმოადგენს ორმხრივი რესტიტუცია, რომელიც ხელშეკრულების უკვე შესრულებული ნაწილის უკან დაბრუნების ვალდებულებაში გამოიხატება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაუბრუნა ნასყიდობის საგანი მოპასუხეს, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს ავანსის სახით მიღებული თანხა 97000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ორმხრივი რესტიტუციის განხორციელების მოვალეობა, რის გამოც, შპს ი---------------ის სარჩელი საფუძვლიანია. 2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) განმარტავს, რომ პროდუქციის დაბრუნების გამო, მას მიადგა ზიანი, რომლის რაოდენობას უკავშირებს თხილის სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობას, პროდუქციის მიწოდება-დაბრუნების თარიღსა და 2016 წლის 31 მაისის პერიოდებს შორის. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) წარმოადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ძირითად სარჩელთან მიმართებაში დაადგინა, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა მართლზომიერი საფუძვლებით, რაც გამორიცხავს მოსარჩელისათვის (შეგებებული სარჩელით) მოპასუხის მხრიდან ზიანი მიყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, იმის მიუხედავად, ჩათვლის თუ არა სასამართლო შპს ი---------------ის გასვლას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მაინც ვერ გახდება შპს გ-–-----– თ------ისათვის მიყენებული ზიანის დადგენის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფასთა სხვაობა არ ფიქსირდება პროდუქციის მიწოდებისა და უკან მობრუნების პერიოდში. ექსპერტიზით დადგენილია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის ფასები იყო იდენტური. ფასთა სავარაუდო ვარდნა, რომელსაც დასკვნა აფიქსირებს, განხორციელდა 2016 წლის 31 მაისის პერიოდისათვის. დადგენილია, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მიერ პროდუქციის უკან დაბრუნება განხორციელდა გამყიდველის მიმართ შეტყობინებით და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ხოლო ის გარემოება, რომ მოხდა მითითებული პროდუქციის დალუქვა და მისი რეალიზაციის შეფერხება, არ შეიძლება შეერაცხოს შპს ი---------------ს. სასამართლომ დაადგინა, რომ პროდუქციის დალუქვის საფუძველი გახდა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTEO)DG SANTEO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე ადმინისტრაციული დავა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს გ-–-----– თ------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად შესყიდული პროდუქცია შეიცავდა დასაშვებ ზომაზე მეტ მავნე ნივთიერება აფლატოქსინს, ასევე, ის დაბინძურებული იყო მიკრობიოლოგიურად, შესაბამისად შესყიდული საქონელი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა გერმანიის აკრედიტაციის სამსახურის მიერ აკრედიტირებული შპს „B-- -ა---–----- & კო.“ სურსათის საკვლევი ლაბორატორიის 2015 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად საკვლევი ნიმუშის: თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, ჩატარებული კვლევის საფუძველზე „წარმოდგენილი ნიმუში დასაბრაკია. მასში აფლატოქსინების შემცველობა დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას აჭარბებს“. ასევე, მოსარჩელემ წარმოადგინა შპს SGS ი-----------ის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნა, ნიმუში თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, შემაჯამებელი შეფასების მიხედვით „დადგენილი მიკრობიუოლოგიური სტატუსი არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ენტერობაქტერიები გერმანიის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოების სასიგნალო სიდიდეს მცირეოდენ აღემატება“. ლაბორატორიული გასინჯვის შედეგების საფუძველზე, მყიდველმა მიმართა გამყიდველს ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქციის უკან დაბრუნების მოთხოვნით. შპს გ-–-----– თ------ი დაეთანხმა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტას, გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნებას და ავანსად მიღებული თანხის გადარიცხვას, თუმცა არ დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მითითებულ არგუმენტს პროდუქციის ნივთობრივი ნაკლის შესახებ. სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული და დადგენილი რეალური მიზეზი პროდუქციის უკან დაბრუნების, ვინაიდან საქმეში მოიპოვება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამი ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტი პროდუქციის უკან დაბრუნების, კერძოდ ზემოთ მოყვანილი არგუმენტი პროდუქციაში ალფატოქსინის მაღალი დონის და მიკრობიოლოგიური დაბინძურების გამო, მეორე არგუმენტი საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული პროდუქციის დაფასოვების გამო და მესამე მხარეებს შორის მიმოწერა სადაც მოსარჩელე უთითებს რომ პროდუქცია შეიცავს მიწის თხილს და უფრთხდება რა აპელანტის რეპუტაციას არ სურს გაამჟღავნოს საჯაროდ. არცერთი არგუმენტი რეალურად არ გამხდარა პროდუქციის უკან დაბრუნების მიზეზი და ამის შესახებ თვითონ მოსარჩელის წარმომადგენელმაც მიუთითა პროცესზე, როდესაც განაცხადა, რომ სულ რომ არ ყოფილიყო არანაირი პრობლემა პროდუქცის ხარისხში, უკან დაგიბრუნეთ და თქვენც მიიღეთო. აპელანტს არ მიუცია თანხმობა მოსარჩელისთვის თანხის უკან დაბრუნებაზე, საკითხის გარკვევის გარეშე და რეალური მიზეზის დადგენის შემდეგ თუ კი აღმოჩნდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მზად იყო აეღო პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დათვლილიყო ყველა შესაძლო ზიანი, რაც გამოწვეული იქნებოდა ხელშეკრულებიდან უმიზეზოდ გასვლის და მოხდენილიყო მხარეებს შორის ანგარიშსწორება. აპელანტის მხრიდან სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა სამივე არგუმენტის გასაბათილებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა და არ მისცა სათანადო შეფასება, რის გამოც არ იქნა დადაგენილი რეალური მიზეზი პროდუქციის უკან დაბრუნების, ანუ თხილის ფასი, რომელიც მკვეთრად დაეცა სწორედ მიწოდების შემდეგ და მოსარჩელისთვის აღარ იყო მომგებიანი კონტრაქტი. მან ყველა შესაძლო უკანონო გზა გამონახა ხელშეკრულებიდან გასვლის და ისარგებლა აპელანტის მდგომარეობით, კერძოდ ეს იყო პირველი მცდელობები ევროპულ ბაზარზე გასვლის და დამკვიდრების. აპელანტი სრულიად დარწმუნებული იყო პროდუქცის ვარგისიანობაში და მიიჩნია, რომ უკან არ დაბრუნება უფრო მეტ პრობლემებს შექმნიდა, ჩათვალა, რომ გამოკვლევისა და სიმართლის დადგენის შემდეგ მოახდენდა საკითხის ცივილურ და სამართლიან გადაწყვეტას. 3.2. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა არა ერთი ექსპერტიზის დასკვნა პროდუქციის ვარგისიანობისა და ხელშეკრულებაში მითითებული პარამეტრების შესაბამისობის შესახებ. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა მართლზომიერი საფუძვლებით, გერმანიის რომელიღაც ლაბორატორის დასკვნის თანახმად, რომელიც გაბათილებულია საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტიზის დასკვნებით. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი გადაეცა. ვინაიდან ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, რაც დადასტურებულია არაერთი კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმები არასწორად იქნა განმარტებული საქმეში არსებული მტკიცებულებებთან მიმართებაში. ამიტომ სასამართლომ არასწორად განავითარა სამართლებრივი დასაბუთება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში. სასამართლომ ასევე ვერ დაინახა მოსარჩელის მიზანმიმართული და უკანონო ქმედების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ გარემოებასთან, რომ მოხდა მითითებული პროდუქციის დალუქვა და მისი რეალიზაციის შეფერხება. სასამართლომ დაადგინა, რომ პროდუქციის დალუქვის საფუძველი გახდა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DSANTEO)DG SANTEO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე ადმინისტრაციული დავა. არადა ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემა შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში სწორედ მოსარჩელემ მას შემდეგ, რაც მიიღო უარი უაპელაციო თანხის უკან დაბრუნების შესახებ. არაერთი უტყუარი მტკიცებულება იქნა წარდგენილი სასამართლოში, რომელსაც არ მიეცა შესაბამისი შეფასება. სწორედაც რომ ზიანი მიაყენა მოსარჩელის მიზანმიმართულმა და უკანონო ქმედებებმა და პროდუქცია, რომელიც ვარგისი იყო ყველა სტანდარტით ჩალის ფასი გახდა. სასამართლომ ძირითად სარჩელთან მიმართებაში დაადგინა, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა მართლზომიერი საფუძვლებით, რაც გამორიცხავს მოსარჩელისათვის (შეგებებული სარჩელით) მოპასუხის მხრიდან ზიანი მიყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და უთითებს სამოქალაქო კოდექსის მუხლებს, რომელიც არეგულირებს ნივთობრივად უნაკლო პროდუქციის მიწოდების საკითხებს და ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის დროს, აპელირებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე და 412 მუხლებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ი---------------ის ფილიალმა გ--------ში (მყიდველი) შპს გ-–-----– თ------ისგან (გამყიდველი) შეიძინა 7000 კგ. დაჭრილი და მოხალული თხილის გული და 15 000 კგ. თხილის გულის ფქვილი. 4.3. ნაყიდი პროდუქცია გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 4.4. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა მყიდველს ავანსი, 97 000 აშშ დოლარი გადაუხადა. 4.5. ნასყიდობის სრული საფასური კი მყიდველს უნდა გადაეხადა მიწოდებული პროდუქტის „მყიდველის მიერ ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში“. 4.6. მყიდველის მიერ პროდუქციის მიღების ერთ-ერთი არსებითი პირობა იყო „ლაბორატორიული შემოწმების შედეგები (აფლატოქსინების ჩათვლით)“. 4.7. 2015 წლის 26 ნოემბერს გამყიდველმა მყიდველს პროდუქცია 15 ტ. თხილის ფქვილი ე.წ. პარტია #15385-GD და 7 ტ. თხილი ე.წ. პარტია #15384-GD გაუგზავნა. 4.8. 2015 წლის 8 დეკემბერს მიწოდებული პროდუქცია ლაბორატორიული შემოწმებისათვის გადაეცათ აკრედიტებული საკვლევი ლაბორატორიების მქონე საწარმოებს, შპს B-- - ა---–----- &კო.კს-ს და შპს ს-- ი----------- ფ-----------ს. 4.9. შპს B-- - ა---–----- & კო.კს-ს 2015 წლის 10 დეკემბრის დასკვნის თანახმად, დაფქვილ და მოხალულ თხილის გულში აფლატოქსინების შემცველობა დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას მნიშვნელოვნად აჭარბებდა; კერძოდ მაქსიმუმ 10 გ/კგ-ს ნაცვლად იგი 21,5 გ/კგ-ს შეადგენდა. 4.10. შპს ს-- ი----------- ფ-----------ის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, კი თხილის გულის ფქვილის მიკრობიოლოგიური სტატუსი არადამაკმაყოფილებელი იყო, ვინაიდან ეტნერობაქტერიები გერმანიის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოების სასიგნალო სიდიდეს მცირედით აღემატებოდა. 4.11. ამის გამო, გამყიდველმა ხელშეკრულებაზე წერილობით თქვა უარი და 2015 წლის 17 დეკემბერს მიწოდებული პროდუქცია უკან დაუბრუნა. 4.12. თავის მხრივ, გამყიდველმა დაბრუნებული პროდუქცია მიიღო, ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნას დაეთანხმა და ავანსად მიღებული თანხის გადახდის ვალდებულებაც იკისრა. 4.13. ამის მიუხედავად, მიღებული 97 000 აშშ დოლარი მყიდველს გამყიდველისათვის არ დაუბრუნებია. 4.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 მაისის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით როგორც 1 კგ. „ქართული თხილის“, ისე 1 კგ. „ქართული თხილის ფქვილის“ ფასი უცვლელი იყო და, პირველ შემთხვევაში, 30-40 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 31-38 ლარს შეადგენდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.15.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, გამყიდველს მყიდველისათვის ავანსად მიღებული თანხა უნდა დაებრუნებინა. 4.16. პალატის აზრით, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქცია არც მხარეთა მიერ შეთანხმებულ ხარისხს შეესაბამებოდა და ჩვეულებრივი გამოყენებისთვისაც უვარგისი იყო. 4.16.1. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების თანახმად, მიწოდებული პროდუქცია ლაბორატორიულად მყიდველს, მათ შორის, აფლატოქსინების შემცველობაზე უნდა შეემოწმებინა. 4.16.2. შპს B-- - ა---–----- &კო.კს-სა და შპს ს-- ი----------- ფ-----------ის დასკვნებიდან დგინდება, რომ ამ საწარმოებმა სწორედ #15385-GD პარტიით მიწოდებული პროდუქციის ხარისხი შეამოწმეს. 4.16.3. ამის საწინააღმდეგოდ გამყიდველმა აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 2016 წლის 29 იანვრის გამოცდის ოქმები და თურქეთის რესპუბლიკის საკვების, სოფლის მეურნეობისა და მსხვილფეხა პირუტყვის სამინისტროს პირადი კონტროლის ლობორატორიის შემოწმების/ანალიზის შედეგები წარმოადგინა. 4.16.4. მართალია, ამ დასკვნების შესაბამისად, გამოსაკვლევ ნიმუშებში აფლატოქსინებისა და ენტერობაქტერების დაუშვებელი შემცველობა არ აღმოჩნდა, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ეს ნიმუშები, მაინცდამაინც, #15385-GD და #15384-GD პარტიით მიწოდებული პროდუქციიდან იქნა აღებული. 4.16.5. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ: 4.16.5.1. გამოსაკვლევი ნიმუშები ორივე შემთხვევაში ექსპერტებს თავად გამყიდველმა წარუდგინა, ის კი პროდუქციის ხარისხის დადასტურებით დაინტერესებული იყო და 4.16.5.2. დასკვნების შინაარსიც ერთმანეთისაგან განსხვავდება - თუ აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ოქმების თანახმად, გამოსაკვლევ ნიმუშებში აფლატოქსინების მინიმალური შემადგენლობა მაინც იქნა აღმოჩენილი, თურქეთის რესპუბლიკის საკვების, სოფლის მეურნეობისა და მსხვილფეხა პირუტყვის სამინისტროს პირადი კონტროლის ლობორატორიის დასკვნის მიხედვით, ისინი ამ ორგანულ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავდა. 4.16.6. საყურადღებოა ისიც, რომ აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გამოცდის ოქმის შედეგებს თავად გამყიდველიც კი სადავოდ ხდიდა და სწორედ ამიტომ მიმართა დამატებითი კვლევის ჩასატარებლად სხვა საექსპერტო დაწესებულებას. 4.16.7. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული დასკვნების საფუძველზე მყიდველის მიერ წარმოდგენილი დასკვნების უარყოფა შეუძლებელია. 4.16.8. გამყიდველსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ადმინისტრაციული დავის მასალები მყიდველის სარჩელთან კავშირში არ არის, რადგან ეს დავა გამყიდველის მიერ გაგზავნილ პარტიაში მიწის თხილის შემცველობას ეხებოდა. 4.16.9. ამრიგად, პალატის აზრით, გამყიდველმა ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქცია შეთანხმებული ხარისხის იყო. 4.16.10. პალატისათვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, აფლატოქსინებმა და ენტერობაქტერიებმა, შესაძლებელია, მძიმე დაავადებები და ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 4.16.11. ამიტომ, ამ ნივთიერების ჭარბად შემცველი სურსათის საკვებად გამოყენება დაუშვებელია. 4.16.12. ამის გამო, მხარეებს პროდუქციის ხარისხი შეთანხმებული რომც არ ჰქონოდათ, ნასყიდობის საგანი მაინც ნივთობრივი ნაკლის მქონედ ჩაითვლებოდა. 4.16.13. ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა. 4.17. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, უდავოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის ნება თავად გამყიდველმაც გამოავლინა და დაბრუნებული პროდუქცია მიიღო კიდეც. 4.17.1. მეტიც, მისივე განმარტებით, საბოლოოდ მან ამ პროდუქციის რეალიზაციაც კი მოახერხა. 4.17.2. ამ ვითარებაში, კი მყიდველის მიერ გამოვლენილი ნება უსაფუძვლოც რომ ყოფილიყო, გამყიდველს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულის დაბრუნების ვალდებულება მაინც ექნებოდა. 4.18. როგორც აღინიშნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 მაისის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით როგორც 1 კგ. „ქართული თხილის“ ფასი არ შეცვლილა. 4.18.1. ამის შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პროდუქციის დაბრუნების შედეგად აპელანტმა ქონებრივი დანაკლისი განიცადა. 4.18.2. ის გარემოება, რომ სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება მის მიმართ მყიდველის განცხადების ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.18.3. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, კომპეტენტური ორგანოსათვის სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. მითუმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე არსებობდა საექსპერტო დასკვნა, რომლის სისწორეშიც ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობდა. 4.18.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, კი ზიანის ანაზღაურება დაკისრება მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაშია დასაშვები. 4.18.5. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 4.18.6. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამყიდველის კუთვნილი პროდუქციის დალუქვა სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების უშუალო შედეგი არ არის. 4.18.7. ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა. 4.19. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უნდა დარჩეს უცვლელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს გ-–-----– თ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა