განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210116001421411
საქმე №2ბ/1147-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ლ---- ხ-----------ი
წარმომადგენელი - თ----- მ----------ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ხ-----------ი
წარმომადგენელი - ლ--–- ჩ------------ი
დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სადაო უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით: 1. სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; 2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, ქ. თელავის ნოტარიუსის ც----- კ-–-------ის მიერ 2008 წლის 28 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N----, ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. თელავი, გ-----–---–-- ქუჩა N-, ს/კ N------------ შემდგომი სამართლებრივი შედეგით;
2) ბათილად იქნა ცნობილი, გ------- ხ-----------სა (პ/ნ 2---------) და ლ----ი ხ-----------ს (პ/ნ 2----------) შორის 2011 წლის 11 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, ს/კ 5------------------, მის: ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორპ. 1--, ბ---. დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ;
3) ლ---- ხ-----------ს (პ/ნ 2----------) უარი ეთქვა ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) და მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) ლ---- ხ-----------ი და მოპასუხე (ძირითად სარჩელში) და მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) გ------- ხ-----------ი არიან - ძმები.
- ლ---- ხ-----------ისა და მოპასუხის გ------- ხ-----------ის მამა იყო - ვ------- ხ-----------ი.
- ნ----- ხ-----------ი 1976 წლის 11 აგვისტოდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ (მამკვიდრებელ) ვ------- ხ-----------თან, რომელიც თელავის რაიონულ სასამართლოში აღძრული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით პრეტენზიას აცხადებს უძრავი ნივთების, მდებარე:1) ქ. თელავი, გ-----–---–-- ქ. N-, ს/კ 5-----------, და 2)ქ. თელავი, რ---------–-- ქ. N1--, ს/კ 5------------------) 1/2 წილზე (მეუღლეთა თანასაკუთრება) და ასევე დანარჩენი 1/2 წილის 1/3 ნაწილზე (სამემკვიდრეო წილი).
- ვ------- ხ-----------ი გარდაიცვალა 2002 წლის 10 აპრილს.
- ლ----ი ხ-----------ი, გ------- ხ-----------ი და ნ----- ხ-----------ი არიან აწ გარდაცვლილი ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი პირველის რიგის მემკვიდრეები.
- ვ------- ხ-----------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არც ლ---- ხ-----------ს, არც გ------- ხ-----------ს და არც ნ----- ხ-----------ს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის ვ------- ხ-----------ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ძირითადი და შეგებებული სასარჩელო განცხადებები, თანდართული მასალების ასლები და შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე; ნ----- ხ-----------ის სასარჩელო განცხადება;
ლ----ი ხ-----------ის დაბადების მოწმობა (ს. ფ. 48);
-გ------- ხ-----------ის დაბადების მოწმობა;
ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების მოწმობა (ს. ფ. 49;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 2008 წლის 26 თებერვალს გ------- ხ-----------მა მიმართა ც----- კ-–-------ს ნოტარიუსს ქ. თელავში, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი მამის - ვ------- ხ-----------ის კანონისმიერი პირველი მემკვიდრე და მოითხოვა მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მოწმობის გაცემა და სანოტარო წესით დამოწმება.
ნოტარიუსმა ც----- კ-–-------მა შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტები და დარწმუნდა, რომ:
1.ვ------- ხ-----------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების მოწმობით გაცემული
04.10.2007 წელს სრს თელავის სამსახურის განყოფილების მიერ. მოწმობის სერია და ნომერია ალ N------.
2.სამკვიდრო გაიხსნა 10.04.2002 წელს. სამკვიდროს გახსნის დრო დასტურდება ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების მოწმობით.
3.სამკვიდრო გახსნის ადგილია თელავი, რაც დასტურდება ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების მოწმობით გაცემული 04.10.2007 წელს სრს თელავის სამსახურის განყოფილების მიერ. მოწმობის სერია და ნომერია ალ N------.
4.ვ------- ხ-----------ის ქონებას ფაქტიური ფლობით დაეუფლა მისი შვილი - გ------- ხ-----------ი.
5.მემკიდრეობა გაიხსნა მამკვიდრებლის სარგებლობაში არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ მშენებარე საცხ. სახლზე.
6.მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
7.სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის სარგებლობაში არსებული 600 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თელავი, გ-----–---–-- ქუჩა. სამკვიდრო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, რაც დასტურდება დოკუმენტებით: 1)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 22.02.2008 წელს გაც. ცნობა N---------- და მასზე თანდართული იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ცნობა.
სამკვიდრო ქონებას ყადაღა არ ადევს, ყოველივე ზემოთქმულისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საფუძველზე 2008 წლის ოცდაექვს თებერვალს გაიცა წინამდებარე სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსი ც----- კ-–-------ი ადასტურებს, რომ გ------- ხ-----------ი (დაბ. 1--------- წელს, თელავი, მცხ. ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორ.1--, ბ-----, პ/ნ 2----------, პ/მ Nდ 1------ გაც. 20.02.2007წ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის სამსახურის მიერ) არის ვ------- ხ-----------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, გ------- ხ-----------მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის ვ------- ხ-----------ის სახელზე რიცხული 600 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე საცხ. სახლი, მდებარე ქ. თელავი, გ-----–---–-- ქუჩა.
2011 წლის 15 მარტს ნოტარიუსს ც----- კ-–-------ს ქ. თელავში მიმართა გ------- ხ-----------მა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი მამის - ვ------- ხ-----------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე და რომ 2008 წლის 26 თებერვალს მან უკვე მიიღო თავისი მამის ვ------- ხ-----------ის სამკვიდრო, ახლა მან მოითხოვა ვ------- ხ-----------ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსმა შეამოწმა მისი უფლებამოსილება და დარწმუნდა, რომ გ------- ხ-----------ს უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო ქონება
მემკვიდრეობა გაიხსნა ვ------- ხ-----------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თელავი, შ. რ---------–-- გამზ. კორპ. 1--. სამკვიდრო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, რაც დასტურდება: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობა გაც. 20.10.2010წ.
სამკვიდრო ქონებას ყადაღა არ ადევს, ყოველივე ზემოთქმულისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე 2001 წლის 15 მარტს ნოტარიუსის მიერ გაიცა წინამდებარე დამატებითი სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსი ც----- კ-–-------ი ადასტურებს, რომ გ------- ხ-----------ი (დაბ. 1--------- წელს, თელავი, მცხ. ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორ.1--, ბ------, პ/ნ 2----------, პ/მ Nდ 1------ გაც. 20.02.2007წ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის სამსახურის მიერ) არის ვ------- ხ-----------ის კანონისმიერი პირველი მემკვიდრე შვილი, მან საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის მამკვიდრებლის ვ------- ხ-----------ის კუთვნილი ქონება: მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 2475.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მაჩვენებლები: საცხოვრებელი სახლი, სართულიანობა 2, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი 400.0 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 275.0 კვ.მ, დამხმარე ფართი-125.0 კვ.მ, მდებარე: ქ. თელავი შ. რ---------–-- გამზ. კორპ. 1--, სართული II. ბ---.
- 2011 წლის 7 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთი, ს/კ 5------------------, მის: ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორპ. 1--, ბ---. გ------- ხ-----------მა აჩუქა ლ----ი ხ-----------ს, რის შემდეგაც საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში ლ----ი ხ-----------ის სახელზე.
- გ------- ხ-----------ის მიერ აწ გარდაცვლილი ვ------- ხ-----------ის კუთვნილი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე ნოტარიუსთან მიმართვისას (ორივე შემთხვევაში) არ გაცხადებულა, რომ მის გარდა აღნიშნულ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერ პირველი რიგის მემკიდრეებს წარმოადგენდნენ: ლ----ი ხ-----------ი და ნ----- ხ-----------ი.
არ დასტურდება აწ გარდაცვლილი ვ------- ხ-----------ის კუთვნილი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეების: ლ----ი ხ-----------ისა და ნ----- ხ-----------ის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უარის თქმის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ძირითადი და შეგებებული სასარჩელო განცხადებები, თანდართული მასალების ასლები და შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე; ნ----- ხ-----------ის სასარჩელო განცხადება;
სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობა 2008 წლის 26 თებერვალი (ვ------- ხ-----------ი) რეესტრში რეგისტრაციის N---- (ს. ფ. 29-30);
სამკვიდრო მოწმობის გაცემა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------, რეგისტრაციის თარიღი 15.03.2011წ;
უძრავი ნივთის ჩუქებს ხელშეკრულება 07.07.2011წ. (უძრავი ნივთის ს/კ
5-----------------);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილი ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1307 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროსი შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი ულებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებელები).
სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დრიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავის მოწვევის შესახებ შესახებ სამკვიდროს მისაღებად, საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
სამოქალაქო კოდექსის 1457-ე მუხლის თანახმად, თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდრო გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.
სამოქალაქო კოდექსის 1467-ე მუხლის თანახმად, თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 1478-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არია მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ- სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობის და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
ლ---- ხ-----------სა და ნ----- ხ-----------ს თავიანთ სამკვიდროზე გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ უარი არ უთქვამთ. შესაბამისად, ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ სამკვიდრო მასაში შევიდა უძრავი ქონების: (უძრავი ნივთი, ს/კ 5------------------, მის: ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორპ. 1--, ბ--- და (უძრავი ნივთი) მდებარე, ქ. თელავი, გ-----–---–-- ქ. N-, ს/კ 5-----------) ლ---- ხ-----------ისა და ნ----- ხ-----------ის წილი (თითოეულის 1/3 ნაწილი), რომელიც მათ ვ------- ხ-----------ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს და რაც მათ გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ არ განუკარგავთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ─ ამ ქონების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველიო ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის მიერ მიღებულად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლი.)
ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი. მემკვიდრე რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დრიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა, განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რაზედაც მიუთითებს სკ-ის 1447-ე მუხლი, რომლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ლ----ი ხ-----------მა და ნ----- ხ-----------მა დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, შესაბამისად, ლ---- ხ-----------სა და ნ----- ხ-----------ს გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ ვ------- ხ-----------ის ქონებაში თავიანთ წილზე უარი კანონით გათვალიწინებულ ვადაში სანოტარო ორგანისათვის მიმართვის გზით უნდა განეცხადებინა. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ----ი ხ-----------სა და ნ----- ხ-----------ს თავიანთ სამკვიდრო წილზე უარი ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით არ განუცხადებია. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრე, მიღებულ სამკვიდროს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ ვერ განკარგავს. ასეთ ვითარებაში გამოხატული ნება კვალიფიცირდება არა სამკვიდროზე უარის თქმად, არამედ მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონების უსასყიდლოდ განკარგვას, რაც თავისი არსით, სხვა არაფერია, თუ არა ჩუქება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ლ----ი ხ-----------ისა და ნ----- ხ-----------ის მიერ გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ კანონით დადგენილ ვადაში ვ------- ხ-----------ის დანაშთ ქონებაში თავიანთ წილ ქონებაზე უარის თქმა და არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული წილის გ------- ხ-----------ისათვის ჩუქება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ---- ხ-----------ი და ნ----- ხ-----------ი ინფორმაციას არ ფლობდნენ იმის შესახებ, რომ გ------- ხ-----------მა სამკვიდრო მოწმობა ვ------- ხ-----------ის მთელ დანაშთ ქონებაზე მიიღო. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი ვ------- ხ-----------ის სამკვიდრო ქონებაზე გ------- ხ-----------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები. აღსანიშნავია, რომ მითითებულ სამკვიდრო მოწმებებში გ------- ხ-----------ი მოხსენიებულია როგორც ვ------- ხ-----------ის ერთადერთი მემკვიდრე. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობები მთელ სამკვიდრო ქონებაზეა გაცემული და მხოლოდ მის 1/3 ნაწილზე.
აღნიშნული გარემოების სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის ნიშანდობლივია ფაქტი მასზედ, რომ იმ დროისათვის ლ----ი ხ-----------სა და ნ----- ხ-----------ს ვ------- ხ-----------ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ. ლ----ი და ნ----- ხ-----------ებს გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ მემკვიდრეობის მიღებაზე უარი არ უთქვამთ და არც მიღებული სამკვიდრო ქონება უჩუქებიათ გ------- ხ-----------ისათვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გ------- ხ-----------ი ნოტარიუსს მიაწვდიდა ინფორმაციას, კიდევ ორი მემკვიდრის არსებობის შესახებ, რომელთაც სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა, ნოტარიუსი მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობას არ გასცემდა.
ლ----ი ხ-----------ი 2011 წლის 07 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების შედეგად გ------- ხ-----------ის კუთვნილი ქონების კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნევა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ----ი ხ-----------ი გ------- ხ-----------ის ძმაა. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ლ----ი ხ-----------მა ქონება უსასყიდლოდ, ჩუქების გზით, შეიძინა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლო ნათესავთან დადებული უსასყიდლო გარიგების პირობებში, თუ დადასტურდა „სხვისი“ ქონების არამართლზომიერად, „სხვა“ პირის ნების გარეშე გასხვისების ფაქტი, ქონების უსასყიდლოდ მიმღების კეთილსინდისიერება მას ვერ დაიცავს და შესაბამისად, ჩუქების გაბათილებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო, რომ სარჩელსა და შესაგებელზე წარმოდგენილი შესაგებლები ამგვარ მტკიცებას არ შეიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანშეწონილობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია რომ:
1). ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ქ. თელავის ნოტარიუსის ც----- კ-–-------ის მიერ
2008 წლის 28 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N----, ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. თელავი, გ-----–---–-- ქუჩა N-, ს/კ N------------ შემდგომი სამართლებრივი შედეგით;
2)ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, გ------- ხ-----------სა და ლ----ი ხ-----------ს შორის 2011 წლის 11 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, ს/კ 5------------------, მის: ქ. თელავი, რ---------–-- ქ. კორპ. 1--, ბ---. დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ;
3) ლ---- ხ-----------ს უარი უნდა ეთქვას ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებაზე.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი მასზედ, რომ ლ---- ხ-----------ი ქ.თელავი, რ---------–-- ქუჩა #1--, ბ------ში მდებარე უძრავი ნივთის, ს/კ #5------------------, არაკეთილსინდისიერი შემძენია. აპელანტის მითითებით საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ნ----- ხ-----------ის სარჩელზე დავა გადაწყვეტილია. უფრო მეტიც, მხედველობაშია მისაღები ფაქტი მასზედ, რომ გ------- ხ-----------ი შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენდა, მოთხოვნის საფუძვლად კი დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ უმადურობაზე უთითებდა. აპელანტის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნის და საქმეში არსებული მტკიცებულებების პირობებში სასამართლოს უნდა ემსჯელა ლ---- ხ-----------მა გ------- ხ-----------ის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრით გამოიჩინა თუ არა დიდი უმადურობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;
განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ---- ხ-----------მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმის და 11.07.2011წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმება მოითხოვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს 28.02.2008 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძვლებზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უაპელაციოდ, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 28.02.2008 წელს გ------- ხ-----------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა რეესტრში რეგისტრაციის ნომრით #2--- ბათილია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, უდავოდ დადგენილად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ლ---- ხ-----------ი, როგორც ვ------- ხ-----------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვირე მამის სამკვიდრო ქონებას კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა. აღნიშნული დასკვნის საფუძველია თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც----- კ-–-------ის მიერ გ------- ხ-----------ის სასარგებლოდ 28.02.2008 წელს მამის - ვ------- ხ-----------ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
4.1.1. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ლ---- ხ-----------ის მიერ გ------- ხ-----------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრულია 28.02.2008 წელს გაცემული სამკიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით განკარგული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპისსარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელისდავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისგადაწყვეტილება საქმეზე # ას -664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე , სუსგ -ებს: # 1089 -1009 - 2017, 05.12.2017წ; # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285- 17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773- 730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე №ას-595-554-2017, 15 დეკემბერი , 2017 წელი ).
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა ეფუძნება დასკვნას, რომ მოსარჩელემ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრი დაუფლების გზით მიიღო, ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ მამკვიდრებლის - ვ------- ხ-----------ის პირველი რიგის ერთ-ერთ მემკვიდრეს ლ---- ხ-----------ს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება არ არსებობდა სადავო სამკვიდრო მოწმობის მხოლოდ გ------- ხ-----------ის სახელზე გაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო სადავო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს სადავო სამკვიდრო მოწმობით განკარგული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარებაზე. ხაზგასასემელია, რომ ქონების თანამესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამის მოტივაციას არ შეიცავს. ამ მიმართებით პალატა მიზანშწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება საკასაციო პალატის განმარტებაზე მასზედ, რომ გარიგების ბათილობა წარმოადგენს არა დამოუკიდებელ მოთხოვნას, არამედ მიკუთვნებითი მოთხოვნის მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ წინაპირობას. გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიუხედავად მოსარჩელეს უარი ეთქვა მიკუთვნებით ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, პასუხგაუცემელი დარჩა რა მიზანს ემსახურება განსახილველი დავის ფარგლებში სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რამეთუ მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა არ ქმნის იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით საქმის ხელახალი განხილვის დროს პირველი ინსტანცის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის და ამ ნაწილთან - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასთან მიმართებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით უნდა დაადგინოს რომელი სამართლის ნორმიდან ან ნორმებიდან გამომდინარებს მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობით განკარგული ქონების თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ნაწილის გათვალისწინებით არსებობს თუ არა იმ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლის მიღწევაც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის გათვალისწინებით მოსარჩელეს სურს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში უნდა მიეთითოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, ასევე მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამათუიმ მტკიცებულებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს, თუმცა, ვერ აფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის სისწორეს უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმასთან მიმართებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიმართებით მოტივაციას არ შეიცავს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ლ---- ხ-----------ს უარი ეთქვა ვ------- ხ-----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივაცია კი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის.
4.1.3. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 11.07.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ნიშანდობლივია, აღინიშნოს, რომ სადავო გარიგების გაუქმების საფუძვლად შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებდა დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ დიდ უმადურობაზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის, მის საფუძვლად მითითებული გარემოებების და ამ გარემოებათა დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოების - დასაჩუქებრებულის მხრიდან გამოჩენილი დიდი უმადურობის დადასტურებულად მიჩნევის და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სადავო გარიგების გაუქმებასთან მიმართებით გარდა დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი დიდი უმადურობისა შეგებებული სარჩელის ავტორის მხრიდან სხვა საფუძვლებზე მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლოს 11.07.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერება სპეციალური ნორმის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეემოწმებინა. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმეზე უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში დგინდება თუ არა სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემობები და არსებობს თუ არა იმ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლის მიღწევაც შეგებებული სარჩელის ავტორს სურს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ლ---- ხ-----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება 11.07.2011წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ხ-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება 11.07.2011წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე