განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/1564-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ანა გოგიშვილი
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - სს „თ--–--ი“;
წარმომადგენელი: ა-----------–-----–-;
მოწინააღმდეგე მხარე - ხ------ა ე------ე;
წარმომადგენელი - ლ---------------ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. აპელანტ - სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხ------ა ე------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაეკისრა სს "თ--–--ს", ხ------ა ე------ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ხ------ა ე------ეს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. ხ------ა ე------ე დასაქმებული იყო სს „თ--–--ის“ „ო------------“ აბონენტთა მომსახურების ცენტრში, ოპერატორის თანამდებობაზე აბონენტებთან მუშაობის სფეროში.
2.3. ხ------ა ე------ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 700 (შვიდასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით.
2.4. ხ------ა ე------ე სს „თ--–--ის“ 2013 წლის 17 დეკემბრის ბრძანება N-------ით გათავისუფლდა თანამდებობიდან, რა დროსაც მას მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
2.5. მოსარჩელემ, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლომ 14.05.2014 წლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი. სს „თ--–--ს“ დაევალა მოსარჩელის აღდგენა სამსახურში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო და საკასაციო წესით. ამის შემდეგ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2.7. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სს „თ--–--ის“ მიერ მისი აღუსრულებლობის გამო 29.04.15 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხმობილი გადაწყვეტილება აღსრულებულია: ხ------ა ე------ე დაინიშნა სს „თ--–--ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის „ნ----–-------“ ბიზნეს-ცენტრის აბონენტებთან მუშობის ჯგუფში, აბონენტებთან მუშაობის ოპერატორის თანამდებობაზე მოპასუხის 2015 წლის 22 მაისის N----- ბრძანებით, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 700 (შვიდასი) ლარით (დარიცხული). სს „თ--–--მა“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მიიღო სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
2.9. სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან _ 2013 წლის 18 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე _ 2015 წლის 22 მაისამდე მოსარჩელე ხ------ა ე------ეს წარმოეშვა განაცდური, რამაც შეადგინა 17 თვე.
2.10. ხ------ა ე------ემ სამსახურიდან განთავისუფლებისას, სს „თ--–--ისგან“ მიიღო კომპენსაცია მისი 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხა 14 სამუშაო დღის ოდენობის შესაბამისად.
2.11. მოსარჩელეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ადრე სასამართლოსთვის არ მოუმართავს. ამასთან, მან აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მომართა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში (სამსახურიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 დეკემბერს, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით მომართა 2015 წლის 02 ივლისს).
2.12. მოპასუხე სს "თ--–--მა", ხ------ა ე------ესთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტით დაარღვია მისი შრომითი უფლებები, მოუსპო მას შესაძლებლობა ემუშავა და მიეღო კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რითაც მას მიაყენა ზიანი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით (განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 04 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქციით).
ხ------ა ე------ის სარჩელი არ არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს დამსაქმებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობიდან, ამ სარჩელის მიმართაც უნდა გავრცელდეს სწორედ მოხმობილი ნორმის მოთხოვნა.
2013 წლის 18 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე - 2015 წლის 22 მაისამდე, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო შრომის ანაზღაურება. სასამართლოს მიერ სს „თ--–--ის“ ბრძანების ბათილად ცნობით დადგინდა, რომ ხ------ა ე------ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არაკანონიერად. ანუ ის ანაზღაურება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მას შეეძლო „ო------------“ აბონენტთა მომსახურების ცენტრში ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობის საფუძველზე მიეღო და მოპასუხის ბრალით ეს ვერ შეძლო, წარმოადგენს მისთვის მიყენებულ ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ძირითადად დაუსაბუთა სასამართლოს, თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი პოზიციის საფუძვლიანობის სრულად დასაბუთება, რამაც განაპირობა მოსარჩელე ხ------ა ე------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. მოსარჩელე ხ------ა ე------ეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (განთავისუფლების ბრძანების) გასაჩივრებისას არ ჰქონია წარდგენილი მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს სწორედ განთავისუფლების თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2013 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა, როგორც ძირითადი (განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის), ასევე დამატებითი მოთხოვნის (განაცდური ხელფასის) წარდგენის უფლება. განაცდურის ანაზღაურებაზე მოთხოვნა (როგორც დამატებითი მოთხოვნა) მოსარჩელის მხრიდან წარდგენილია 2015 წლის 1 ივლისს. დამატებითი (განსახილველ შემთხვევაში, განაცდური ხელფასის ანაზღაურების) მოთხოვნა, წარმოადგენს მთავარ/ძირითად მოთხოვნასთან ისე დაკავშირებულ მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ავტომატურად გასულად ითვლება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად მაშინაც, კი, როდესაც ამ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. დამატებითი მოთხოვნა გაიგივებულია აქცესორულ უფლებასთან, რომელიც, ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. განაცდური სწორეს აქცესორულ (დამატებით) უფლებას წარმოადგენს, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნისაგან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია არის თუ არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ხანდაზმული. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2.-2.12 პუნქტები) და დამატებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.
მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აქვე, პალატა დამატებით განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს განთავისუფლების თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2013 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა, როგორც ძირითადი (განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის), ასევე დამატებითი მოთხოვნის (განაცდური ხელფასის) წარდგენის უფლება, რაც შრომის კოდექსის თანახმად უნდა განხორციელებულიყო 30 დღის ვადაში. პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოქმედებს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ვადა (30 დღე) ეხება დასაქმებულის შესაძლებლობას 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც განხორციელებულ იქნა მოსარჩელის მიერ. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და, შესაბამისად, მართებულად დაასკვნა, რომ სარჩელი წარდგენილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, ხ------ა ე------ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 დეკემბერს, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით კი, მომართა 2015 წლის 2 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელე - ხ------ა ე------ის მოთხოვნას, მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც, სს „თ--–--ს“ მართლზომიერად დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი