განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141318700070199
საქმე N1ა/გ 605-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი , 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ივ-----------------------–---–-ს (დაბადებული: 1----–-–------------–-------------------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ივ-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდება(ორი ეპიზოდი) ამოერიცხა.
ივ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1641-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით 2(ორი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1(ერთი)წლის და 15(თხუთმეტი)დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 9(ცხრა)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2(ორი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დანიშნილი სასჯელები გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლის და 3(სამი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით -10(ათი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 1641-ე მუხლით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ივ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 21 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ივ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლით, 1(ერთი)თვით და 15(თხუთმეტი)დღით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების მიღების დღიდან - 2013 წლის 30 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი)წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შემცირდა ¼-ით და 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ივ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება -აღნიშნული დროის განმავლობაში ივ-----------–---–ს სახელმწიფო ორგანოებში ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
მსჯავრდებულ ივ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.
4.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6(ექვსი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი)წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 2(ორი)წლით და 3(სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ივ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ივ-----------–---–ს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 22 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.
5.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 1 ივლისისთვის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან 2017 წლის 3 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.
6.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ივ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან 2017 წლის 16 იანვრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 16 იანვრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, ივ-----------–---–ს განესაზღვრა 6(ექვსი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
8.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ივ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან 2018 წლის 25 ივნისიდან.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
2018 წლის 27 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ივ-----------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016-2017 წელს, მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე მითითებით და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების გადასინჯვა და გაუქმება.
აპელანტი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის ივნისში ევროპული სასამართლოს პალატამ (მეოთხე სექცია), ხოლო 2017 წლის ნოემბერში დიდმა პალატამ მის მიმართ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მისი პატიმრობის მიზეზი იყო შეფარული, არალეგიტიმური და ატარებდა განგრძობად ხასიათს. შესაბამისად, პატიმრობის თითოეული დღე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ვინაიდან მის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა უკანონო მიზნებს ემსახურება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ პუნქტის განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენით ამ დარღვევას ეფუძნება.
საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, რომელიც არეგულირებს ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის ვადას, პირი უფლებამოსილია სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით მითითებული საფუძვლით, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
მსჯავრდებულმა ივ-----------–---–მა, პენიტენციური დაწესებულების მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა 2018 წლის 27 ნოემბერს, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან 1 წლის განმავლობაში, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლით დადგენილ რეგულაციას.
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ივ-----------–---–მა 2013 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საჩივრით (N72508/13) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ,,მომჩივანი’’ დაობდა, რომ 2013 წლის 21 მაისიდან 2014 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში მისი დაკავება მოხდა და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 სექტემბერს მისი დაკავების საკითხი არ იქნა სათანადოდ განხილული და მისი თავისუფლების უფლების შეზღუდვა გამოყენებული იქნა სხვა და არა იმ მიზნისთვის, რისთვისაც მის მიმართ ეს უკანასკნელი იქნა დადგენილი. შესაბამისად, მისი დაკავებით და მის მიმართ პატიმრობის შეფარდებით დაირღვა ევროკონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, ასევე კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა:
ა) ,,მომჩივნის’’ წინასწარ პატიმრობაში მოთავსების შესახებ თავდაპირველ გადაწყვეტილებასთან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25 მაისის განჩინებები - მიმართებით კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ დარღვეულა.
ბ) დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არ არსებობდა არანაირი მიზეზი ივ-----------–---–ისთვის უარი ეთქვათ გათავისუფლების - აღკვეთის ღონისძიების შეცვლის - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გ) არ არსებობდ ასაჩივრის განხილვის აუცილებლობა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე.
დ) დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობით.
2016 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა და 2016 წლის 17 ოქტომბერს, დიდმა პალატამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინა:
ა) ,,მომჩივნის’’ - ივ-----------–---–ის - დაკავებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულ საკითხთან მსჯელობისას დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ ივ-----------–---–ის დაკავება იყო კანონიერი და კანონით დადგენილი წესით შესაბამისი. მისი დაკავება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტის ,,მიზნის’’ შესაბამისი იყო (იხილეთ პარაგრაფი 187-194).
ბ) ,,მომჩივნის'' - ივ-----------–---–ის - წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტთან თავსებად მიზანს ემსახურებოდა. აღნიშნული კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდება ამ დებულებასთან თავსებადი გამხდარიყო (იხილეთ პარაგრაფი 195-208).
გ) დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე - ივ-----------–---–ის წინასწარი პატიმრობის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა.
2013 წლის 25 სექტემბრის და 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებები, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე, მოკლებული იყო დასაბუთებულობას და საკმარისი აღარ იყო მომჩივნის პატიმრობის გახანგრძლივების გასამართლებლად (იხილეთ პარაგრაფი 226-235).
დ) დიდმა პალატამ იქიდან გამომდინარე, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, საჭიროდ აღარ მიიჩნია კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე იგივე საკითხის განხილვა.
ე) ,,მომჩივნის’’ - ივ-----------–---–ის - მიმართ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლ;ის პირველ პუნქტთან ერთობლიობით.
დიდმა პალატამ არ გაიზიარა ,,მომჩივნის’’ მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება და გადაწყვეტილებაში მიუთითა: ,,მომჩივნის’’ მიერ დასახელებული სხვადასხვა საკითხი, რომელთა შორის არსებობს გარკვეული გადაფარვა არ არის საკმარისი იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული დაპატიმრების უპირატეს მიზანს წარმოადგენდა მისი ქართულ პლიტიკაში მონაწილეობისათვის ხელის შეშლა და არა იმის, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება სათანადოდ წარმართულიყო (იხილეთ პარაგრაფი 329).
დიდმა პალატამ სრულად გაიზიარა ივ-----------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და სარწმუნოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ის გაიყვანეს საპატიმრო საკნიდან მთავარ პროკურორთან და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან შესახვედრად, სადაც მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია ბ----–------ სიკვდილისა და ბ---------–---–-- საბანკო ანგარიშების შესახებ.
დიდი პალატაის გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,აღნიშნული ფაქტით ,,მომჩივნის’’ თავისუფლების შეზღუდვის მიზანი შეიცვალა, დასაწყისში ის იყო დანაშაულების გამოძიება საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, მოგვიანებით კი გარდაიქმნა გამოძიებად, რომლის მიზანი გახდა ბ----–------ სიკვდილისა და ბ---------–---–-- ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. როგორც ეს დადასტურდა 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტით’’.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ აკეთებს დიდი პალატის გადაწყვეტილების რევიზიას. პალატის მსჯელობის და შეფასების საგანია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მიზნებიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მიჩნეული იქნეს დიდი პალატის მიერ დადგენილი კონვენციის მე-18 მუხლის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში დარღვევის ფაქტი კანონიერი ძალაში შესული განაჩენების გაუქმების საფუძველი, ანუ მთავარი გადასაწყვეტი საკითხის არსი მდგომარეობის მასში, რომ აპელანტის მიერ მითითებული გადასასინჯი განაჩენები რამდენად ემყარება დიდი პალატის მიერ დადგენილ დარღვევებს.
აპელანტი - ივ-----------–---–ი - მოითხოვს იმ განაჩენების გაუქმებას, რომლითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად კავშირში არ არიან დიდი პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან. კერძოდ, 2013 წლის 14 დეკემბერს ივ-----------–---–ის საპატიმრო საკნიდან გაყვანისა და მასზე შესაძლო ზეწოლის მოხდენის ფაქტთან.
სააპელაციო პალატას ამის თქმის საშუალებას აძლევს თავად დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მოყვანილი რამდენიმე გარემოება.
აპელანტის წინასწარი პატიმრობა გრძელდებოდა 2013 წლის 21 მაისიდან მის მიმართ პირველი განაჩენის გამოტანამდე - 2014 წლის 17 თბერვლამდე. დიდი პალატის გადაწყვეტილების 351-ე პარაგრაფში მითითებულია: ,,არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ 2013 წლის 14 დეკემბრამდე ,,მომჩივნის’’ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებიდან თითქმის 7 თვის შემდეგ ხელისუფლების ორგანოებმა სცადეს გამოეყენებინათ მისი წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის იარაღად, რომლის მიზანი იქნებოდა ბ----–------ სიკვდილის, ან ბ---------–---–-- საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტამდე, ივ-----------–---–ს ბრალდება წაუყენეს 2013 წლის 28 მაისს და 2013 წლის 24 ივნისს, რომლის საფუძველზეც აპელანტის მიმართ გამოტანილი იქნა 2014 წლის 27 თებერვლისა და 2014 წლის 20 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენები, რომლის გაუქმებასაც ითხოვს აპელანტი.
სააპელაციო პალატის აზრით, საქმეზე ობიექტური დამკვირვებლისთვის იმის მტკიცება, რომ 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტს - აპელანტის საპატიმრო საკნიდან გაყვანასა და მასზე შესაძლო ზეწოლის განხორცილებეას - რაიმე სამართლებრივი გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამ ფაქტამდე წარდგენილ ახალ ბრალდებებზე და მათ საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყოველგვარ დამაჯერებლობას და ლოგიკას მოკლებულია.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მე-60 პარაგრაფის მიხედვით ბ-ნი ო---- რომელთა შესახვედრადაც ,,მომჩივანი’’ გაიყვანეს საპატიმრო საკნიდან, მთავარ პროკურორად დაინიშნა 2013 წლის 21 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 30 დეკემბერს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან აღნიშნულ ფაქტთან კავშირის არმქონე საკითხის გამო.
აპელანტს 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ, ახალი ბრალდებები წაუყენეს 2014 წლის 5 აგვისტოს და 2015 წლის 16 ნოემბერს, რომლის საფუძველზეც მის მიმართ გამოტანილი იქნა 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის გამამტყუნებელი განაჩენები, ანუ ის განაჩენები, რომელთა გაუქმებას ასევე ითხოვს აპელანტი.
სააპელაციო პალატისათვის აშკარაა, რომ მთავარი პროკურორის გადადგომიდან ერთ შემთხვევაში, თითქმის 8 თვით და ხოლო მეორე შემთხვევაში, თითქმის წელიწადი და 11 თვის შემდეგ წარდგენილ ბრალდებებთან და მათ საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებთან, მსჯავრდებულის საპატიმრო საკნიდან გაყვანის ფაქტს ვერანაირი სამართლებრივი კავშირი ვერ ექნებოდა და ამის მტკიცება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
დიდი პალატა თავის გადაწყვეტილებაში ,,მტკიცების საკითხზე’’ მსჯელობისას, პრეცედენტული საკითხის მიმოხილვის შედეგად, 316-ე პარაგრაფში მიუთითებს: ,,სასამართლოს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ პირდაპირი მტკიცებულებებით შემოიფარგლოს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საჩივრების შემთხვევაში, ან სპეციალური მტკიცებითი სტანდარტი გამოიყენოს ასეთი პრეტენზიის მიმართ’’.
სააპელაციო პალატისათვის კონვენციის მე-18 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, დიდი პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა სავსებით გასაგებია, მაგრამ, როდესაც აპელანტი საკითხს აყენებს სხვა სამართლებრივი კუთხით, რომელიც ეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გაუქმებას, ასეთ შემთხვევაში, პალატისათვის წინა პლანზე იწევს ის მტკიცებულებათა სტანდარტი, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს იმ ფაქტს, რომელიც თავის მხრივ სამართლებრივ გავლენას იქონიებს გადასასინჯი განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის საპატიმრო საკნიდან გაყვანა და მასზე შესაძლო ზეწოლის განხორციელება, წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ ფაქტს, რომელიც დიდი პალატის მიერ დადგენილი ,,შეცვლილი, ფარული და განგრძობადი’’ მიზნის გათვალისწინების შემთხვევაშიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე, მოითხოვს უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე დადასტურებას, რის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო პალატა თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მოკლებულია.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი აპელანტის პირადი საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები უშუალოდ რეაგირებას ახდენდნენ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის კუთხით.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აპელანტის - ივ-----------–---–ის - 2013 წლის 14 დეკემბერს საპატიმრო საკნიდან გაყვანის ფაქტი და ამ საფუძლით ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობით დარღვევა, თავისი სამართლებრივი არსიდან გამომდინარე ზეგავლენას ვერ ახდენს აპელანტის მიერ მითითებულ გადასასინჯი განაჩენში გამოყენებულ რომელიმე სამართლებრივ ნორმაზე, ან ამ განაჩენებით დადგენილ ცალკე აღებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამისად, გადასასინჯი განაჩენებიც დიდი პალატის მიერ დადგენილ დარღვევას არ ეფუძნება.
ამდენად, ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ ვერ აყენებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების კანონიერებას, დასაბუთებულობას და შესაბამისად, მათ გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტ ივ-----------–---–ის შუამდგომლობა არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით დადგენილ რეგულაციას და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ივ-----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების გაუქმების თაოაბაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენები დარჩეს უცვლელად;
3. სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის დადგენისთანავე;
4. სააპელაციო პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე