განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100118002708503
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002708503

საქმე №1ბ/12-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზუ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, ა----------------–--------- ქუჩა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ზუ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ.თბილისი, მ-----------------------------–------------------------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზუ-----------–---–მა, არასრულწლოვანი შვილის, მა------------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლე-–--------–---–ს, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ლე-–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისი, მ------------------------ში არსებულ ავეჯის ცეხში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზუ-----------–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის, მა------------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლე-–--------–---–ს, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით და გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ლე-–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზუ-----------–---–ი ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლე-–--------–---–ს იმის გამო, რომ არ ურიგდებოდა და არ ცხოვრობდა მასთან ერთად, ამისათვის მოკლავდა მას, რის შედეგადაც ლე-–--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლა–----------–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ზუ-----------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი უსამართლოა, რადგან დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ზუ-----------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან, მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისათვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს, მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი. გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ზუ-----------–---–მა საკუთარ მეუღლეს რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ყოველივე ზემოაღნიშნული ჩაიდინა საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. უფრო მეტიც აღნიშნული ფაქტების შემდეგ იგი მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სახლში იმყოფებოდა საკუთარი არასრულწლოვანი შვილი, ცეცხლი წაუკიდა სახლის კარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; რომ არა სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შესაძლოა მეტად სავალალო შედეგით დასრულებულიყო ყოველივე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული არის ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი და ასეთ მდგომარეობაში მისი ქმედების პროგნოზირება ძალიან ძნელია, იგი განსაკუთრებით არაადეკვატური და აგრესიულია დაზარალებულის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული, ასეთი სასჯელის პირობებში მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების გათვალისწინებით სასჯელის მიზნები მიუღწეველი იქნება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლე-–--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვანი მოწმის - მა------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: და--------------ის, ეთ---------------ის, ერ---–------–---ას, რო-–--------------ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი აღიარებს დანაშაულს. ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, რომ ზუ-----------–---–ი ფხიზელ მდგომარეობაში კარგი მამაა, თუმცა როდესაც ნასვამია მისი ეშინია, ხოლო არასრულწლოვანს დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება აღნიშნული ფაქტის შემდეგ და ჩათვალა, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით არ არის ზედმეტად ლმობიერი, საკმარისი იქნება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი. შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

მსჯავრდებულ ზუ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 სექტემბრიდან, ხოლო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე