განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001290285
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4418-18 27 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „თ----- ლ------ი“
წარმომადგენელი - ფ------ე გ-------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ-----------–---------–ი“
წარმომადგენელი - დ-------- ბ----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ----- ლ------მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „ქ-----------–---------–ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის სს „თ----- ლ------ის“ სასარგებლოდ, ლ------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 25,406.64 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ----- ლ------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. სს „თ----- ლ------სა“ და შპს „ქ-----------–---------–ს“ შორის, 2013 წლის 18 ივლისს, ლიზინგის გენერალური ხელშეკრულება დაიდო. ლიზინგის მაქსიმალური ფასი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში: 2014 წლის 25 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულება #6------------- გაფორმდა, რომლის საფუძველზე ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნები გადაეცა. ლიზინგის ფასი 62 047.88 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 36 თვეს შეადგენდა.
2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #6------------- ხელშეკრულების სალიზინგო ფასი 20 647.45 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 36 თვეს შეადგენდა. ასევე, 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #6------------- ხელშეკრულებით ლიზინგის მთლიანი ფასი 42 643.33 აშშ დოლარით განისაზღვრა. სალიზინგო ქონება მოპასუხისათვის გადაცემული იქნა იმავე წლის 2014 წლის 20 აგვისტოს, 30 აგვისტოს და 15 ოქტომბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. სულ ლიზინგის თანხა 125 338.66 აშშ დოლარს შეადგენდა.
ლიზინგის მიმღებმა 43 012.74 აშშ დოლარი გადაიხადა (ს.ფ. 19-31, 61).
6. 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ზ------–---–მა შპს „ქ-----------–---------–ის“ ლ------ის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა (ს.ფ. 36-37).
7. 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ----- ზ------–---–მა შპს „ქ-----------–---------–ის“ ლ------ის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა (ს.ფ. 38-39).
8. 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, ე---------ე ზ------–---–მა შპს „ქ-----------–---------–ის“ ლ------ის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა (ს.ფ. 40-41).
9. 2015 წლის 10 ივნისს, შპს „ქ-----------–---------–ის“ მიერ ლ------ის ხელშეკრულების დარღვევის, დავალიანების ოდენობისა და მოსალოდნელი პროცედურების თაობაზე შპს „ქ-----------–---------–ის“, ე---------ე ზ------–---–ის, გ------- ზ------–---–ის და ნ----- ზ------–---–ის მისამართით, გაფრთხილების წერილებია შედგენილი. წერილები ჩაბარებული აქვს გ------- ზ------–---–ს პირადი ნომრით 4----------, რაც შპს „ქ-----------–---------–ის“ დირექტორის გ------- ზ------–---–ის პირად ნომერს 4---------- არ ემთხვევა (ს.ფ. 42-56).
10. 2016 წლის 11 მარტს სს „თ----- ლ------ის“ მიერ, ლიზინგის საგნები შეფასდა, რომლის თანახმად ღ--------–------------------ის ღირებულება 15 000 აშშ დოლარით, ღ-------–-------------ია 5 000 აშშ დოლარით, ლ--------–-–--–ი დანადგარი 18 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. შეფასების დროს გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი. ღირებულება სარწმუნოა მხოლოდ შეფასების პერიოდისათვის. აუდიტორული დასკვნა სს „თ----- ლ------ის“ აქტივებისა და შეფასების მენეჯერის დ--------------ის მიერ არის შედგენილი (ს.ფ. 42-56, მოწმე დ-------------ის ჩვენება (სხდომის ოქმი)).
11. შპს „ა-------------“-ის დამოუკიდებელი აუდიტორის ი. ტ-----–---–ის 4.05.2016 წლის დასკვნით, შპს „ქ-----------–---------–ის“ მიერ ლ------ით მიღებული მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის მიმდინარე საბაზრო ღირებულება მათზე დარიცხული ამორტიზაციის გამოკლებით, 80 430.85 აშშ დოლარს შეადგენს (ს.ფ. 135-139).
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „ქ-----------–---------–ს“ 25,406.64 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მართებულად არ დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით. ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა. ლიზინგი ფინანსური ინსტიტუტია და მისი სამართლებრივი მოწესრიგება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მისი პრაქტიკული დანიშნულება კი, ყველაზე უკეთ იმით გამოიხატება, რომ ლიზინგი ცალკე უფლების ობიექტადაა აღიარებული. ლიზინგის საკანონმდებლო რეგულირებისას იმიჯნება მასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო, საგადასახადო თუ გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები. ლიზინგის ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკური ბაზრისთვის ნოვაციაა ლიზინგის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინაში დამკვიდრებული პრინციპების გაცნობა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის, როგორც ბოლოდროინდელი ცვლილებები ასევე, სალიზინგო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ევროპული და საერთაშორისო სამართლისგან ნასესხებ ნორმებს წარმოადგენს. ამ მხრივ, ყურადსაღებია კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. კერძოდ, 1988 წლის 28 მაისის ოტავის კონვენცია და 2008 წლის 13 ნოემბრის რომის მოდელური კანონი (Financial Leasing and its Unification by UNIDROIT). ოტავის კონვენცია, მისი სათაურიდან გამომდინარე, მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ვრცელდება. თუმცა, მასში გათვალისწინებული პრინციპები მნიშვნელობას ქვეყნის შიგნით ადგილობრივად განხორციელებული კონტრაჰირებისასაც არ კარგავს.
ლიზინგის ხელშეკრულება სპეციფიურია, შესაბამისად, სპეციფიურია გარიგების მხარეთა დაცვის მექანიზმებიც, სააპელაციო პალატა დასაწყისშივე მიუთითებს, რომ მიუხედავად სალიზინგო ურთიერთობებში ლიზინგის გამცემის უფლებათა დაცვის აშკარა უპირატესობისა აღნიშნული ნორმების გამოყენება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ აშკარად/მკვეთრად დაარღვიოს თანაფარდობის პრინციპი ლიზინგის მიმღების საუარესოდ. შესაბამისად ცალსახაა, რომ სალიზინგო ურთიერთობებში გარდა მისი მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებისა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტები და სამოქალაქო სამართლის უზოგადესი პრინციპები (კეთილსინდისიერება, უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა, გონივრული ქცევის სტანდარტი და ა.შ).
მიხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსით ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები პირდაპირ არ მიუთითებს ლიზინგის გამცემის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტზე და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მისი უსაფუძვლოდ გამდიდრების აკრძალვის თაობაზე, იგი სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმებიდან და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მიერ დადგენილი კარგი პრაქტიკიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ოტავის კონვენცია ლ------ის მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევისას ითვალისწინებს ლ------ის გამცემის დაცვის მექანიზმს. ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა სახის გამოყენებისას კონვენცია აწესებს უმთავრეს სტანდარტს ლ------ის გამცემის უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის მიზნით. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების შედეგად ლ------ის გამცემი უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ის ლ------ის მიმღების მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დროს იქნებოდა (აშშ-ს სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე Garner (Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, Thomson West, 2004, 949-950).
გარდა უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ვალდებულებისა, სალ------ო ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებში უმნიშვნელოვანესია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია, როგორც მოდალური კანონით ასევე, ოტავის კონვენციით და რა თქმა უნდა, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკითაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმეზე Nას-1686-1580-2012).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხოურ სასამართლო პრაქტიკაში, ლ------ის გამცემის კეთილსინდისიერება, ლ------ის მიმღებისთვის ვალდებულების უპირობოდ დაკისრების წინაპირობაც კი შეიძლება გახდეს. ლ------ის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლ------ის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლ------ის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლ------ის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას. ასეთს განეკუთვნება, მაგალითად, ლ------ის ხელშეკრულების მოშლის დაუშვებლობა ლიზინგის საგნის მიღების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ლ------ის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე უარის დაუშვებლობა გამცემის მიერ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად (სამოქალაქო კოდექსის 579-ე მუხლი) და ა.შ თუმცა, აღნიშნული ტიპის ვალდებულებების ლ------ის მიმღებისათვის დაკისრებით არ უნდა დაირღვეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის პრინციპი. თითოეულ ასეთ ვალდებულებას გააჩნია შესაბამისი წინაპირობები და გამონაკლისები. ამ თვალსაზრისით კეთილსინდისიერების პრინციპი უპირობო ვალდებულებების განმსაზღვრელი პირობების სამართლიანობის საზომად განიხილება. ლ------ის გამცემის კეთილსინდისიერების შეფასებით ლ------ის მიმღების მინიმალური დაცვის სტანდარტია გარანტირებული.
ლ------ის გამცემის კეთილსინდისიერებას განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკით ექცევა. აშშ-ს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ლ------ის მიმღების მიერ ლ------ის საზღაურის გადახდის უპირობო ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს ლ------ის გამცემის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, თუმცა ლ------ის მიმღებს შეუძლია ამტკიცოს ლ------ის გამცემის არაკეთილსინდისიერება და აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის საფუძვლადაც კი აქციოს (Harte-Hanks Direct Marketing/Baltimore, Inc. v. Varilease Technology Finance Group, Inc., 299 F.Supp.2d 505 (D. Md. 2004). საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სასამართლო ლ------ის ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეფასებისას, ასევე, უფლებათა სადავოობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მომხმარებლის, როგორც კონტრაჰენტის ინტერესს და სასამართლო ავლენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ქცევას, რომელიც მიმართულია მეორე მხარის სისუსტის ბოროტად გამოყენებისკენ, პალატა მიიჩნევს, რომ სალ------ო ურთიერთობებთან დაკავშირებული დავების განხილვისას აღნიშნული ტესტის გამოყენება სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას ხარვეზიანი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებშიც კი, სალ------ო ურთიერთობაში მონაწილეთა უფლებები კერძო სამართალში არსებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით დაიცვას.
13. განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს ლ------ის გამცემის ქცევის კეთილსინდისიერების შეფასება და ლ------ის მიმღებისთვის სარჩელით მოთხოვილი დავალიანების დაკისრების წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენს.
მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 25 და 27 აგვისტოს სამი (N6-------------; N6-------------, N6------------) ლ------ის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ლ------ის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით სს „თ----- ლ------სა“ და გ------- ზ------–---–ს, ნ----- ზ------–---–სა და ე---------ე ზ------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. საქმის მასალებში არსებული სს „თ----- ლ------ის“ მიერ 2015 წლის 10 ივნისის შპს „ქ-----------–---------–ისა“ და თავმდებებისთვის გაგზავნილი წერილით დგინდება, რომ ლ------ის მიმღების დავალიანება 2015 წლის 08 ივნისის მდგომარეობით 6 435,41 აშშ დოლარს შეადგენდა. დავალიანების 15 დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ლ------ის საგნების სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ აცნობა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს წერილი სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების მოშლამდე მოვალის გაფრთხილების ვალდებულების დაცვას წარმოადგენს, თუმცა, განმარტავს, რომ იგი მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს და იგი ნამდვილია მხოლოდ მას შემდეგ რაც მოვალე აღნიშნულ ნებას მიიღებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარემ სადავო გახადა გზავნილების ჩაბარება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გაგზავნილი კორესპონდენცია არც მოვალეს და არც თავმდებ პირებს არ ჩაჰბარებიათ. აღნიშნული დასკვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ წერილები ჩაბარებული აქვს გ------- ზ------–---–ს პირადი ნომრით 4----------, რაც არ ემთხვევა შპს „ქ-----------–---------–ის“ დირექტორის გ------- ზ------–---–ის პირად ნომერს 4----------, ხოლო თავმდები პირებისთვის კორესპონდენციის გაგზავნის შესახებ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. იდენტური მდგომარეობაა 2015 წლის 09 სექტემბერს გაგზავნილ გაფრთხილების წერილების მიმართაც. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სს „თ----- ლ------ის“ მიერ 2015 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილი წერილი, სადაც ლ------ის მიმღებს აცნობებენ, რომ 2015 წლის 20 ნოემბრამდე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე დღიდან, მათ შორის დადებული სალ------ო ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვეტილად ჩაითვლებოდა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კორესპონდენციაც ჩაბარებული აქვს არა საწარმოს დირექტორ გ------- ზ------–---–ს, რომლის პირადი ნომერია 4----------, არამედ გ------- ზ------–---–ს პირადი ნომრით 4---------- (ს.ფ. 42-57). ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს ხსენებული წერილები არ მიუღია ადასტურებს სს „თ----- ლ------ის“ ამონაწერიც, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ ლ------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად 2015 წლის 30 ივნისს 6 500 ლარი, 2015 წლის 07 ოქტომბერს 4 366,08 ლარი, ხოლო 2015 წლის 16 ნოემბერს 10 000 ლარი ჩარიცხა (ს.ფ. 57-59). ამ მხრივ სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ მხოლოდ წერილის გაგზავნის ფაქტი უკვე იმაზე მიანიშნებდა, რომ ლ------ის გამცემი კეთილსინდისიერად მოქმედებდა, აღნიშნულთან მიმართებით პალატა განმეორებით განმარტავს, რომ 405-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალის გაფრთხილების ვალდებულება მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს, რომელიც ნამდვილია მხოლოდ იმ დროიდან როდესაც ის მეორე მხარეს მიუვა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სალ------ო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც კვალიფიციური თანამშრომლები და საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი აქვს იმ მარტივი პრობლემის მოსაგვარებლად, რომ წერილის გაგზავნა სწორი ადრესატის მიმართ მოხდეს. შესაბამისად, კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებში პალატა მიიჩნევს, რომ გაფრთხილების წერილის გაგზავნისას მოსარჩელემ დაარღვია ელემენტარული წინდახედულობისა და გულმოდგინების ქცევის სტანდარტი, სათანადოდ არ შეამოწმა წერილის ადრესატის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რასაც წერილის სრულიად სხვა პირისთვის ჩაბარება მოჰყვა შედეგად, ხოლო თავმდებებისთვის ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე შეტყობინება საერთოდ არ გაუგზავნია, რაც რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ბიზნესმენის ქცევის სტანდარტად ვერ იქნება მიჩნეული.
14. გარდა ამისა, ასევე საყურადღებოა ლ------ის გამცემის ქცევა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მოვალის გაფრთხილების წესების დარღვევისა, იმ პირობებში, როდესაც ლ------ის მიმღების მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, სამოქალაქო კოდექსის 5806-ე მუხლის თანახმად, ლ------ის გამცემს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას უფლება ჰქონდა. სს „თ----- ლ------სა“ და შპს „ქ-----------–---------–ს“ შორის გაფორმებული ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 6.2.5. პუნქტის თანახმად, ლ------ის გამცემი უფლებამოსილია, მოითხოვოს ლ------ის საგნის დაბრუნება და ხელშეკრულების მოშლა, თუ ლ------ის მიმღები არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ხოლო ხელშეკრულების 6.2.6 პუნქტით, ლ------ის ხელშეკრულების შეწყვეტისას ლ------ის გამცემს უფლება აქვს დაიბრუნოს ლ------ის საგანი და განკარგოს ის. ამ მხრივ საყურადღებოა მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 18 ივლისს გაფორმებული ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 14.17.4 მუხლი, რომლის თანახმად ლ------ის საგნის რეალიზაციის ან/და ხელახალი ლ------ით გადაცემის შემთხვევაში, ლ------ის მიმღებს უნდა ეცნობოს რა ფასად ხდება რეალიზაცია, ხელახალი ლ------ით გაცემა და მიეცეს არანაკლებ 5 საბანკო დღე უფრო მაღალ ფასად ყიდვის მსურველის შესარჩევად. აღნიშნული შეთანხმება ემსახურება ლ------ის მიმღების უფლების დაცვას, კერძოდ ამ დათქმით ხელშეკრულების სუსტ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მიუხედავად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა მოიძიოს მყიდველი, რომელიც ლ------ის საგანს იმ ფასად შეიძენს, რომელიც ლ------ის მიმწოდებელს ლ------ის მიმღებისგან დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას მოუსპობს.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტიც არ უარყოფდა იმ გარემოებას, რომ ლ------ის საგნის რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია შპს „ქ-----------–---------–ისთვის“ წერილობით არ მიუწოდებიათ, თუმცა, აღნიშნავდა, რომ ამგვარ ვალდებულებას მას კანონი არ აკისრებდა, მოპასუხისთვის ცნობილი იყო ლ------ის საგნის ღირებულების შესახებ და მას არცერთხელ არ მიუმართავს ლ------ის საგნის შეძენის თაობაზე. ასევე სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარეს ზეპირი ფორმით არაერთხელ ეცნობა ლ------ის საგნის ხელახალი რეალიზაციის შესახებ, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას კი, მას არც კანონი და არც ხელშეკრულება ავალდებულებდა.
აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და უპირველესად მიუთითებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპზე, რომელიც მხარეებს უფლებას აძლევს კანონით ნებისმიერი აუკრძალავი ქმედების განხორციელებაზე შეთანხმდნენ და იმგვარად მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ურთიერთობა. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების განუხრელი დაცვა მხარეთა უმთავრესი ვალდებულებაა და რომელიმე მხარის მიერ მათი დარღვევა უარყოფით შედეგებს წარმოშობს. პალატა ადგენს, რომ ამ შემთხვევაშიც ლიზინგის გამცემი კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტით არ მოქმედებდა, მან ხელშეკრულების პირობის დარღვევით არ შეატყობინა მოპასუხე მხარეს ლიზინგის საგნის რეალიზაციისა და ფასის შესახებ რითიც ლიზინგის მიმღებს მოუსპო შესაძლებლობა მოეძებნა მყიდველი, რომელიც უფრო ძვირად შეიძენდა აღნიშნულ ქონებას ან/და თავად შეესყიდა იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევის შეფასებისთვის ერთ-ერთ ელემენტს იმ საკითხის გამოკვლევა წარმოადგენს მისმა მოქმედებამ გამოიწვია თუ არა კონტრაჰენტისთვის ზიანის მიყენება. როგორც ზემოთგანვითარებული მსჯელობიდან ირკვევა, ლიზინგის მიმღებს არ მიეცა საშუალება მოეძიებინა ლ------ის საგნის უფრო მაღალ ფასად შემძენი, სწორედ ამ მიზეზით ლ------ის გამცემს მის მიმართ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეუნარჩუნდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, რომ ლ------ის მიმღებმა ის საკმაოდ სოლიდური თანხა რაც ლ------ის საგნის საბოლოო შესყიდვის მიზნით ეტაპობრივად გადაიხადა დაკარგა, ასევე უფლება სალ------ო საგნებზეც ვერ შეინარჩუნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ას-1338-1376-2014). კეთილსინდისიერების სტანდარტიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ლ------ის ხელშეკრულების 14.17.4 მუხლით და დარღვეული იქნა ლ------ის გამცემის მიერ.
განვითარებული მსჯელობის თანახმად, პალატა ადგენს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო სს „თ----- ლ------ს“ ლიზინგის მიმღების მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ გააჩნდა, ვინაიდან მის მიერ ვალდებულების ჯეროვანი დაცვისა და კეთილსინდისიერი ქცევის პირობებში შესაძლებელია დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წინაპირობები საერთოდ არ დამდგარიყო.
15. სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო ლიზინგის საგნის ფასის განსაზღვრის მიზნებისთვის დაეყრდნო. პალატა მიუთითებს, რომ იმ პროცედურული და მატერიალური ვალდებულებების დარღვევის გათვალისწინებით რომელსაც ლიზინგის გამცემის მიერ ჰქონდა ადგილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასება, მათი გაზიარება ან გაზიარებაზე უარის თქმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელე სს „თ----- ლ------ის“ თანამშრომლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების აქტი. ამ მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, ისეთი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ვერ ლახავს სანდოობისა და მიუკერძოებლობის ტესტს, რის გამოც იგი გაზიარებული არ უნდა იქნეს, იგივე სტანდარტი მოქმედებს წერილობითი მტკიცებულებების მიმართაც, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს კონკრეტული საკითხის მიმართ სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, ამ დროს იგი გადაწყვეტილებას ვერ დააფუძნებს მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ შედგენილ შეფასებას ვინაიდან იგი საქმის შედეგით დაინტერესებულ პირად შეიძლება მივიჩნიოთ რაც მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-------------“-ის დამოუკიდებელი აუდიტორის 4.05.2016 წლის დასკვნას, რომლის მიხედვითაც შპს „ქ-----------–---------–ის“ მიერ ლიზინგით მიღებული მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის მიმდინარე საბაზრო ღირებულება მათზე დარიცხული ამორტიზაციის გამოკლებით, 80 430.85 აშშ დოლარს შეადგენდა. სააპელაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იყო დაფუძნებული ისეთ სამართლებრივ აქტებს, რომელიც მისი შედგენის მომენტში ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. აღნიშნული გარემოება არ უარყვია არც შპს „ქ-----------–---------–ის“ წარმომადგენელს, თუმცა, პალატა მიუთითებს, რომ სადავო დასკვნით მოხდა ლიზინგის საგნის ღირებულების შეფასება, რომელიც გარდა ძალადაკარგული ნორმატიული აქტებისა, ასევე დაეყრდნო „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს“, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებას, რის შემდგომაც ექსპერტმა დაადგინა, რომ ლიზინგით გადაცემული მანქანა დანადგარებისა ღირებულება მათზე დარიცხული ამორტიზაციის გამოკლებით 80 430,85 აშშ დოლარს შეადგენდა. ამ მიმართებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ შეიტყო რა აუდიტორულ დასკვნაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესახებ, შპს „თ---------------–----გს“ სხვა დასკვნის შედგენა დაუკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მისი საქმეზე დართვა პროცესუალურ სამართლებრივი შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში აუდიტორული დასკვნა მხარემ მთავარ სხდომაზე წარმოადგინა, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კერძო საჩივრის წარდგენის გზით ითხოვდა მტკიცებულების საქმეზე დართვას) სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ შპს „ა-------------“-ის მიერ შედგენილი დასკვნა არ შეიცავდა იმგვარ შინაარსობრივ ცდომილებებს, რომელსაც საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო, მით უფრო საყურადღებოა ის გარემოება, რომ ისევე როგორც შპს „თ---------------–-----ის“ ასევე შპს „ა-------------“-ის მიერ შედგენილი დასკვნა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს“ ეფუძნება, რომელიც უნივერსალურია და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, შესაფასებელი ქონების ღირებულების მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება სს „თ----- ლ------ის“ მიერ შედენილ დასკვნას მასში მითითებულია, რომ ქონების შეფასება მხოლოდ შემფასებლის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება, რაც სასამართლოს ცალსახად აძლევდა მის გაზიარებაზე უარის თქმის უფლებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ლიზინგის საგნის ღირებულება მისი შეძენისას 125 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა, პირველ ინსტანციაში დაკითხული მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ ქონების შეფასებისას მანქანა-დანადგარებს არ აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი ცვეთა და ახალივით იყო, ამ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ რელიზინგის დროს ლიზინგის საგნების ღირებულება დაახლოებით 38 000 აშშ დოლარს შეადგენდა, რეალურად კი 28 000 დოლარად გაიყიდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს იმგვარ საპროცესო დარღვევას, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის კონტექსტში, გადაწყვეტილების შედეგზე შეეძლო გავლენა მოეხდინა.
16. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯერვანი შესრულება, გამაფრთხილებელი წერილების გაგზავნა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, რელიზინგის თაობაზე ლიზინგის მიმღებისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა ემტკიცებინა. საქმის მასალებით თვალნათლივ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არაჯეროვნად სრულდებოდა, თუმცა ამონაწერიდან დგინდება, რომ მოპასუხე მართალია დაგვიანებით, მაგრამ იხდიდა სალიზინგო თანხას. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გაფრთხილების წერილები არცერთ მოპასუხეს (არც ძირითად მოვალეს და არც სოლიდარულ თავმდებებს) არ ჩაბარებია, უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დასტურდება თავმდებების ინფორმირება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან რელიზინგის შესახებ აცნობა მოვალეს რაც მას შესაძლებლობას მისცემდა ეპოვნა პირი, რომელიც უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა ლიზინგის საგნებში და შესაბამისად, სს „თ----- ლ------ს“ შპს „ქ-----------–---------–ისგან“ დარჩენილი დავალიანების მოთხოვნის უფლებას მოუსპობდა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ხელშეკრულებით რელიზინგის შესახებ წერილობით შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა შეტყობინების წერილობითი ფორმით დაცვა მის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა, შეტყობინების ვალდებულების დაცვა არ დასტურდება, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარეტბა კი თუ იგი სხვა მტკიცებულებებუთ არ არის განმტკიცებული გადაწყვეტილების მიღებისას გაზიარებული ვერ იქნება. რაც შეეხება მოპასუხეს მან წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაამტკიცა, რომ ვალდებულების დარღვევის შესახებ წერილი ჩაბარდა არა შპს-ს დირექტორ გ------- ზ------–---–ს არამედ სხვა გ------- ზ------–---–ს განსხვავებული პირადი ნომრით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გარდა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტისა ასევე, დაირღვა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ლიზინგის საგნის რელიზინგის დროს მოპასუხისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რამაც მოპასუხეს არ მისცა საშუალება ეპოვნა ქონების უფრო მაღალ ფასად შემძენი და ამ გზით შეემცირებინა ან გაექვითა ის დავალიანება, რომელიც სს „თ----- ლ------ის“ მიმართ გააჩნდა.
17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ასევე წინამდებარე განჩინებით აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიღებული განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები, ვინაიდან პალატის რწმენით აპელანტისთვის ზიანის მიყენების ან/და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, მისი აღსრულების გართულების რისკი არ არსებობს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სს „თ----- ლ------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 3 108,38 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ----- ლ------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფოს ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე