განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002498778
საქმე №1ბ/1514-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის, მ-------------–---–ის
ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის
მონაწილეობით,გამართლებულ: პ--------------–------ის (მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ პ--------------–------ის დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #4----------),დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, მცხოვრების: ქ------––--------------–---–--------------, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ---------------–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ------––---–------------–---–---------------ში მცხოვრები პ--------------–------ი რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლეს ვ----------–------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2018 წლის 4 მაისს, დილის საათებში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას პ--------------–------მა მეუღლეს ვ----------–------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ზურგის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი და წააქცია იატაკზე, პ--------------–------ის ძალადობრივი ქმედებით ვ----------–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:
პ--------------–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გაუქმდა პ--------------–------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს პ--------------–------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და პ--------------–------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოწმე მ-------------------ის ჩვენებით, მოწმე ი------–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება პ--------------–------ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი პ--------------–------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ--------------–------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ვ----------–------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმე მ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილიშვილი. 2018 წლის 4 მაისს დაურეკა ბებიამ - ვ----------–------მა და საშველად დაუძახა რადგან მისი მეუღლე სახლში მისული იყო მთვრალი. სახლში მისულმა დაინახა, რომ ბებია აბაზინის კართან იწვა და ტიროდა. მას აღენიშნება ასთმური შეტევა. ბაბუას ბებიასათვის არ დაურტყამს. მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს განუმარტა მისი ვალდებულებები და გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი მოწმემ განმარტა, რომ როდესაც სახლში მივიდა დაინახა, რომ ბაბუა თავის ოთახიდან გამოდიოდა, რომელმაც ვ----------–------ს ხელი ჰკრა მსუბუქად აბაზანის კარებთან, რა დროსაც იგი წაბორძიკდა და წაიქცა. მეუღლეები სიტყვიერ შეუარცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. მანვე განმარტა, რომ ვ----------–------ს ხშირად ემართება ასთმური შეტევა, ამჯერადაც შეუძლოდ იგრძნო თავი, მან (მოწმემ) სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
მოწმე თ------------–-–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
პ--------------–------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.
მოწმე - ი------–------–-–---–ის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და აღნიშნულ მტკიცებულებებს მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მოწმე ი------–------–-–---–ის გამოკითვის ოქმით ირკვევა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვ-----------–------ისა და პ---------------–------ის მეზობლად. 2018 წლის 4 მაისს დილის საათებში გაიგონა პ--------------–------ის ყვირილის ხმა, მაგრამ არ იცის და არ დაუნახავს პ--------------–------ი ვინმეს ეჩხუბებოდა თუ არა. მეორე დღეს ვ----------–------ისაგან შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დაარტყა.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N4---------- დასკვნით დგინდება, რომ ვ----------–------ს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვ----------–------მა (პ--------------–------ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ვ----------–------ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია პ--------------–------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმე - ი------–------–-–---–ის ირიბ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის (ვ----------–------ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც შეეხება მოწმე მ-------------------ის ჩვენებას, პირველი ინსტანციის მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება არ არის თანმიმდევრული, აღნიშნული მოწმე ჩვენების მიცემის დროს, განსხვავებული ფაქტობრივი გარემობებეის შესახებ უთითებდა, კერძოდ: ერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ ბებიისათვის ფიზიკური შეუარცხყოფის ფაქტი მას არ დაუნახავს, ხოლო მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ბაბუამ ბებიას მსუბუქად ჰკრა ხელი. აღნიშნული წინააღმდეგობის გამო, მისი ჩვენება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც უტყუარი მტკიცებულება და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა ის გარემობაც, რომ ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვ----------–------ს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ პ--------------–------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა პ--------------–------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პ--------------–------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი პ--------------–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
პ--------------–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ პ--------------–------ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს ლ-–-----------ეს (პ/ნ4----------) განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - G----------------------- მიმღები ბანკი - სს,,საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი B-------- 2018 წლის 7 ნოემბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პ--------------–------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი