განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100117002162465
ინსტანცია
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002162465

საქმე №1ბ/23-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - თი-----------------–იას

ადვოკატ - მი----–-–---–---–ის

გამართლებულ - და----------–--ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–იას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

და----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ქ--------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ც---------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენით და----------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და----------–--ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------------–----------------------- კვეთაზე, და----------–--ემ ყოფილ მეუღლეს - ნა------------ას ყელში მოუჭირა ხელი, რის შემდეგაც ხელი ჰკრა და წააქცია ასფალტზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. მობილური ტელეფონი კი ჩაუგდო საკანალიზაციო ჭაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, აშკარა, დამაჯერებელი, საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ და----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თი-----------------–იამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და და----------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ და----------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ: მოწმის სახით გამოკითხული გამომძიებლების თე----------ისა და გი-------------ის მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან და საქმის მასალებთან, ასევე საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებთან.

პატრულ-ინსპექტორების ლა–--------ისა და გო------------ის განმარტებით მოქალაქე ნა------------ა ითხოვდა დახმარებას ქ-------------ში. ისინი გავიდნენ მითითებულ მისამართზე. ქ------------ზე ფეხით მიდიოდა ქალი, რომელმაც გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, იგი იყო აღელვებული და შეშინებული, უთხრა, რომ მას ესაჭიროებოდა დახმარება და იყო შეტყობინების ინიციატორი. აქვე განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ იმავე ტერიტორიაზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში წაუჭირა ხელი და დააგდო მიწაზე, ასევე წაართვა მობილური ტელეფონი, რომელიც ჩაუგდო საკანალიზაციო ჭაში. ადგილზე მისვლისას დახვდათ მხოლოდ მოქალაქე ნა------------ა, მისი ყოფილი მეუღლე ადგილზე აღარ იყო.

მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის და - ფი--------–ია, რომელმაც განმარტა, რომ ნა------------ას არაერთხელ მოუყოლია მისთვის, რომ მეუღლე და----------–--ე მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის აპრილში საბურთალოს ქუჩაზე თვითონაც შეესწრო და----------–--ის მიერ ნა------------ას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბერს და----------–--ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ტელეფონის ჭაში ჩაგდების თაობაზე მოუყვა ნა------------ამ.

მოწმის ივ----–---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ და----------–--ე ნა------------აზე ახორციელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურცხყოფას. სწორედ ამან განაპირობა ნა------------ას სახლიდან წამოსვლა. საქმეში მოიპოვება შემთხვევის ადგილიდან ნა------------ას მითითებით ამოღებული მობილური ტელეფონი.

აპელანტი აღნიშნავს, რომ მართალია საქმის არსებით განხილვაზე, დაზარალებულმა ნა------------ამ, საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა, მაგრამ მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოში გამოკვლეული და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და----------–--ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ და----------–--ემ მეუღლის - ნა------------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ნა------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მე------------–---–ის, გო------------ის, ლა–--------ის, ივ----–---–-----ის და ფი--------–იას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

დაზარალებულმა ნა------------ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის - და----------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო და----------–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

აპელანტი მიუთითებს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით. ოჯახური დანაშაული, როგორც წესი, მიმდინარეობს ფარულად და დაზარალებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს პოლიციას. მაგრამ, პალატა ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტი აპელირებს ბრალდების მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების: თე----------ის და გი-------------ის, ლა–--------ის და გო------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე, მაგრამ პალატა აღნიშნავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტის მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, ისევე როგორც სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მაშველი-მეხანძრის მე------------–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, საღამოს საათებში, მათთან სამსახურში ქ. თბილისი, ქ----------------ში შევიდა გოგონა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეფონი ჩაუვარდა ჭაში და სჭირდებოდა დახმარება. მოწმემ განუმარტა, რომ ისინი ინდივიდუალურ გამოძახებებზე არ გადიან და საჭირო იყო 112-დან შესულიყო ზარი, რის გამოც გოგონამ მისგან ითხოვა ტელეფონი და დარეკა 112-ში. იგი იყო აღელვებული, თუმცა, გარეგნულად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

ასევე ირიბია მოწმეების: ფი--------–იას და ივ----–---–-----ის ჩვენებები; ფი--------–იას განმარტებით ნა------------ა არის მისი და, ხოლო და----------–--ე მისი ყოფილი სიძე. ფი--------–იას 2017 წლის 14 სექტემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ ნა------------ამ მოუყვა, თავად ფაქტს ფი--------–ია არ შესწრებია, ხოლო მოწმე ივ----–---–-----მა განმარტა, რომ ნა------------ა არის მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მას 2017 წლის სექტემბერში დაუკავშირდა და მოუყვა 2017 წლის 14 სექტემბრის ფაქტის შესახებ. თუმცა, უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირი იგი არ არის და მხოლოდ ნა------------ასგან იცის მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და----------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა და----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–იას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

და----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ და----------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ნა------------ას მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე