განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
330310018002343927
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002343927

საქმე №3ბ/35-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,რ-------------ი“;

წარმომადგენელი (დირექტორი) - რ----- ა--------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის №----- ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (N----------- საჩივარი).

 

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,რ-------------ის’’ 2017 წლის 15 ნოემბრის საჩივრის განხილვა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „რ-------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 მაისის N----- ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს ,,რ-------------ის’’ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012-2013 წლებით. შემოწმება დაიწყო 2016 წლის 20 მაისს და დასრულდა 2016 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 21 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.

 

საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №----- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №------- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 118394,47 ლარი ( ს/ფ 44-46, 49-96).

 

4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N---- ბრძანებით შპს ,,რ-------------ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწარმოში რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხის მიღების საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი ჩგდ-ები თუ რისთვის იყო გამოწერილი, დადგენილიყო მათი გამოწერის მიზნობრიობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

ამავე ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამფუძნებლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება წლების მიხედვით კომპანიის ფინანსური რესურსის, გასაცემი დივიდენდის ოდენობისა და გაცემის პერიოდის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სამეურნეო წლის ფინანსური მოგებისა და დამფუძნებლის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, განეხილა დამფუძნებლის მიერ მითითებულ პერიოდში დივიდენდის სახით გაცემულად და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით დამატებით შეესწავლა და გაეანალიზებინა აღნიშნული საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ( ს/ფ 31-34).

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N----- ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N---- ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ შპს ,,რ-------------ის’’ მიერ დოკუმენტაციის წარდგენისათვის 2017 წლის 29 მარტის N---- ბრძანებით გათვალისწინებული ვადა განისაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 დღით (ს/ფ 35-36).

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 2017 წლის 25 მაისის დასკვნით (სააღრიცხვო N912) დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის N---- ბრძანება გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 03 აპრილს. ამავე თარიღში გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული წერილი შესაბამისი დოკუმენტაციის და შენიშვნების წარმოდგენის მიზნით, ასევე დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს 26 აპრილს განმეორებით გაეგზავნა ელექტრონული წერილი (ელ. ფოსტით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესაბამისი პროგრამული მოდულის მეშვეობით) და გაფრთხილებული იქნა, რომ ინფორმაციის/შენიშვნების წარუდგენლობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარებოდა შემცირებას და გამოიცემოდა ახალი საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელს არცერთ შემთხვევაში არ მოუხდენია რეაგირება. გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ცხრილები, რომლებიც საფუძვლად დაედო შემოწმების აქტს, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2017 წლის 11 იანვარს და განმეორებით 17 მარტს. შესაბამისად 15 სამუშაო დღეზე მეტი დრო ჰქონდა გადამხდელს იმისათვის, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შენიშვნები წარედგინა.

 

გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის 25 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა შემდეგი შინაარსის საჩივარი (წერილის ნომერი N----- საჩივრის ნომერი N------------): 2017 წლის 15 მარტს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე (ოქმი N--) განხილულ შპს ,,რ-------------ის’’ 2017 წლის 23 იანვრის საჩივარზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული ვადის დაცვა შეუძლებელია, რადგან წარსადგენი დოკუმენტაცია ითვალისწინებდა 25000-ზე მეტი დოკუმენტის გადამოწმებას, რეესტრში შეყვანას და აუდიტის დეპარტამენტისთვის მიღებულ ფორმაში მიწოდებას. გადამხდელმა ითხოვა ბრძანების შესრულების გადავადება 30 დღით. აღნიშნული მოთხოვნის განხილვის შედეგად, 2017 წლის 16 მაისის ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი N---- ბრძანების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით (ფაქტობრივად გადამხდელს დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დაუდგინდა 27 დღით). გადამხდელს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესაბამისი პროგრამული მოდულის მეშვეობით 17 მაისს გაეგზავნა წერილი და ინფორმირებული იქნა, რომ დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2017 წლის 22 მაისი. შპს ,,რ-------------ის’’ მიერ ამჯერადაც არ განხორციელდა დოკუმენტაციის წარდგენა ( ს/ფ 232-241).

 

4.5. 2017 წლის 21 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №----- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არდარიცხვის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით შპს ,,რ-------------ის’’ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 29 მარტის სსიპ შემოსავლების სამსახურის N---- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 მაისის დასკვნა ( ს/ფ 215).

 

4.6. 2017 წლის 21 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა 118394,47 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება N-----.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N------- საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 21 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №----- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ, შპს ,,რ-------------ის’’ გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2017 წლის 21 ივნისს და გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს ( ს/ფ 212-214).

 

4.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N----- ბრძანებით, განუხილველად დარჩა შპს ,,რ-------------ის’’ 2017 წლის 15 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გაუქმებას.

 

ბრძანებაში მითითებულია, რომ ერთიანი ელექტრონულ ბაზის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი შპს ,,რ-------------იმ’’ წარადგინა 2017 წლის 15 ნოემბერს (ს/ფ 43).

 

4.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „რ-------------ის“ 2017 წლის 22 დეკემბრის N----------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება პირის მიერ მისი გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (განთავსებიდან) 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად დადგენილი იქნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნა საზოგადებას გაეგზავნა ელექტრონულად პორტალზე 2017 წლის 21 ივნისს, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა 2017 წლის 15 ნოემბერს, გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ (ს/ფ 40-42).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლ, მე-3, მე-9 ნაწილებზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტზე, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „რ-------------ის“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ შპს „რ----------------სათვის“ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. შპს „რ-------------ის“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება N----- ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 23 ივნისს.

 

სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია, რომ ლალი სუხიტაშვილი არაუფლებამოსილი პირი იყო, მიიჩნია დაუსაბუთებლად და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია არა მისი შპს „რ-------------ისთან“ შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი, არამედ საზოგადოების ფინანსური დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება - შესულიყო შპს „რ-------------ის“ ინტერნეტ-პორტალზე. აღნიშნულ პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა ადრესატის მიერ აქტის გაცნობას, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის №----- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს 2017 წლის 21 ივნისის აუდიტის დეპარტამენტის №------- საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2017 წლის 15 ნოემბერს, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საჩივრის წარდგენის 30-დღიანი ვადის დარღვევით.

 

6. შპს ,,რ----------------ს“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს ,,რ----------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენდა გასაჩვრების ვადის აღდგენის საკმარის საფუძველს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 21 ივნისს კომპანიის ვებ-პორტალზე გამოგზავნილ საგადასახადო მოთხოვნის შესახებ ელექტრონულ შეტყობინებას 2017 წლის 23 ივნისს გაეცნო არაუფლებამოსილი პირი - საწარმოს ყოფილი ბუღალტერი, რომელიც მხოლოდ საქმეთა გადაბარების მიზნით იმყოფებოდა ორგანიზაციის ოფისში და მან არ შეატყობინა ამის შესახებ საწარმოს დირექტორს ან სხვა პასუხისმგებელ პირს, რამაც გამოიწვია გასაჩვრების ვადის გაშვება. აპელანტი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნისა და დარიცხვის შესახებ ბრძანების არსებობის თაობაზე მათ შეიტყვეს მხოლოდ 2017 წლის 10 ნოემბერს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისგან ზეპირსიტყვიერად.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო საჩვრის ავტორს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველი დავის ძირითად საგანს წარმოადგენს შპს ,,რ----------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი. საგადასახადო ორგანომ საჩივრის განუხილველად დატოვების მოტივად მიუთითა მომჩივნის მიერ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის არსებითად სწორად გადაწყვეტის მიზნით უპირველესად უნდა დადგინდეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა როგორ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა პირობებში მიიჩნევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ჩაბარებულად. სწორედ აქტის ჩაბარების მომენტი წარმოადგენს გასაჩივრების ვადის ათვლის პერიოდს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა შპს ,,რ-------------ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, 2016 წლის 23 დეკემბრის N----- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს ,,რ-----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 118 394,47 ლარი. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გადასახადის გადამხდელმა კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N---- ბრძანებით შპს ,,რ-----------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საწარმოში რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხის მიღების საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი ჩგდ-ები თუ რისთვის იყო გამოწერილი, დაედგინა მათი გამოწერის მიზნობრიობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამფუძნებლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება წლების მიხედვით კომპანიის ფინანსური რესურსის, გასაცემი დივიდენდის ოდენობისა და გაცემის პერიოდის თაობაზე. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სამეურნეო წლის ფინანსური მოგებისა და დამფუძნებლის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, განეხილა დამფუძნებლის მიერ მითითებულ პერიოდში დივიდენდის სახით გაცემულად და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს ,,რ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოიცა 2017 წლის 23 მაისის დასკვნა, 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არდარიცხვის შესახებ და ამავე თარიღის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე გადასახადის გადამხდელს 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა და კვლავაც დარჩა ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული 118 394,47 ლარი. შპს ,,რ-----------იმ“ სწორედ ეს უკანასკნელი საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსაველების სამსახურში, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით.

 

სააპელაციო პალატას განსახილველი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია სსიპ შემოსავლების სამსახურს 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნისა და მისი საფუძველი დოკუმენტების შპს ,,რ-----------ისთვის“ ჩაბარების საკითხის განსაზღვრა, ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის დასადგენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის დინების დაწყების ზუსტი თარიღის დადგენა.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს სსიპ შემოსავლების სამსახურის განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 06 დეკემბრის N----- ბრძანებაზე, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს N------- საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 15 ნოემბერს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოც აპელირებას აკეთებს საგადასახადო მოთხოვნის მხარისათვის ჩაბარების თარიღზე და მასზედ დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერზე, სადაც მითითებულია, რომ აუდიტის მოთხოვნა, რევიზიის აქტი გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2017 წლის 21 ივნისს და ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს. პალატას მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელი მტკიცებულებით მყარდება სადავო აქტებში საგადასახადო ორგანოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,რ-----------ის“ ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს, თუმცა მისი საფუძველი დოკუმენტების - 23.05.2017წ. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნისა და 21.06.2017წ. N----- ბრძანების გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ ჩაბარება არ დასტურდება. აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარების საკითხს არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეყრდნობა.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შს ,,რ-----------ის“ მიერ 2017 წლის 21 ივნისის N------- საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებას იმავე წლის 23 ივნისს. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სადავო აქტს გაეცნო არაუფლებამოსილი პირი, რაც გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს. პალატას მაიჩნია, რომ კომპანიის დოკუმენტაციასთან წვდომის უფალებამოსილების მინიჭება ამა თუ იმ პირისთვის, წარმოადგენს ამავე კომპანიის რისკს და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე. ამდენად, კომპანიის მიერ მინიჭებული უფლება თუნდაც ყოფილი თანამშრომლისთვის/ბუღალტრისთვის, ჰქონოდა წვდომა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო პორტალთან, წარმოადგენდა კომპანიის რისკს და პასუხისმგებლობის წარმოშობის დროს იგი ვერ დაეყრდნობა აღნიშნული პიროვნების არუფლებამოსილების საკითხს. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 2017 წლის 23 ივნისს მოსარჩელე კომპანიის მიერ განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობა, თუმცა პალატა მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს უკანასკნელი გარემოება ვერ გახდება შპს ,,რ-----------ის“ მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

7.2.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული აქტების გასაჩივრების წესს, კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილია 30 დღიანი ვადა მისი ჩაბარებიდან (299.4 მუხლი).

 

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს, ელექტრონული წესით, საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს, თუმცა არ დასტურდება საგადასახადო მოთხოვნის საფუძველი დოკუმენტების - ბრძანებისა და გადაანგარიშების შესახებ დასკვნის ჩაბარება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი იყო მხოლოდ დარიცხვის შესახებ, გამოხატული მხოლოდ ციფრობრივი მონაცემცებით, თუმცა დარიცხვის მიზეზები, დასაბუთება და შინაარსი იყო უცნობი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებაზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზიუმირებას იმისა, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი, გასაჩივრება გულისხმობს აქტის გამოცემის მოტივების ცოდნას. ამ თვალსაზრისით აქტის დასაბუთებას მისი გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის დატვირთვა გააჩნია (სუს 06.10.2016წ. ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილება). გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას (სუს 10.10.13წ. ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება).

 

პალატა იზიარებს უზენაესი სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირს დაეკისროს გასაჩივრების ვადის ათვლა იმ თარიღიდან, როდესაც მისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ გამხდარა აქტის შინაარსი და მისი საფუძლები. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდება აქტის ისეთი სახით გაგზავნა, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირისთვის, რომ ცნობილი არ იქნება ამ აქტის საფუძვლების შესახებ, აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილებაზე, რაც შედეგობრივად არ უნდა აისახოს დაინტერესებული პირის კანონიერ უფლებებზე, არ უნდა შეიზღუდოს ამ უფლებების რეალიზებით. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელს გაუგზავნა და ჩააბარა საგადასახადო მოთხოვნა, საიდანაც დაიწყო გასაჩივრების ვადის ათვლა, თუმცა გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი არ იყო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების საფუძვლების შესახებ. საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო ამ უკანასკნელის საფუძველს კი წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საქმიანობის შესახებ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული აქტების გასაჩივრების ვადის ათვლა მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღიდან გაუმართლებელია, იმ პირობებში, როდესაც მას არ ჩაბარებია დარიცხვის/არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

 

საგადასახადო მოთხოვნა მიმართულია უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ. სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ასლი უნდა წარედგინოს გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. თუმცა ასეთ აქტს წარმოადგენს არა მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნა, არამედ აგრეთვე გადასახადის დარიცხვის შესახებ სადავო ბრძანება. ,,საგადასახადო მოთხოვნა შესაძლოა იყოს გადასახადის დარიცხვის ერთადერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო მოთხოვნა გამოიცემა არა გადასახადის დარიცხვის შესახებ ბრძანების საფუძველზე, არამედ საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე ან როდესაც გადასახადის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას შეადგენს” (სუს 06.10.2016წ. ბს-770-762(კ-15). განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია გადასახადის არდარიცხვის შესახებ ბრძანების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის ზემოღანიშნულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებით სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს გადასახადის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება. შემოწმების აქტი, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა არის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, იგი იძლევა გადაწყვეტილების ფორმალური მართებულობის შემოწმების შესაძლებლობას, ხოლო საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს გადაწყვეტილების შესაბამისად დაკისრებული თანხის მოთხოვნისა და გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას. გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ქმნის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველს (62.2 მუხ.).

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობიდან გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის დაცვის - საგადასახადო მოთხოვნის და გადაწყვეტილების ასლის ერთად წარდგენის შემთხვევაში (ანალოგიურ მოტივაციას ავითარებს უზენაესი სასამართლო 06.10.2016წ. ბს -770-762(კ-15) გადაწყვეტილებაში), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გადასახადის გადამხდელისათვის აქტების ერთად წარდგენის დანაწესი მიზნად ისახავს დარიცხული გადასახადის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფას, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვას. საგადასახადო ორგანოსათვის დარიცხვების შესახებ გადაწყვეტილებისა და საგადასახადო მოთხოვნის ერთობლივად გადაცემის ვალდებულების დაკისრება ემსახურება გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გარანტიას, საჩივრის უფლების სრულყოფილი რეალიზების საშუალებას.

 

ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დაცული აქვს ამ აქტის ადრესატისათვის წარდგენის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მითითებული დოკუმენტების გადასახადის გადამხდელისათვის ერთდროულად წარდგენა - წინააღმდეგ შემთხვევაში პირის საჩივარი განხილვას უნდა დაექვემდებაროს დოკუმენტის კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში, თითოეული დოკუმენტის (ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა) გასაჩივრების ვადა დამოუკიდებლად უნდა აითვალოს, მითუმეტეს, რომ თითოეულ მათგანში მითითებულია მათი გასაჩივრების წესი და ვადა. შესაბამისად, შპს ,,რ-----------ისთვის“ 23.06.2017წ. N------- საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება არ იწვევს 23.05.2017წ. საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნითა და 21.06.2017წ. N----- ბრძანებით დარიცხული თანხების შემცირებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლას. განსახილველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელი დოკუმენტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყებაც კი არ დასტურდება საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენამდე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მოტივაცია გასაჩივრების ვადის ამოწურვის/დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ამოწურვა არ გამორიცხავდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებაზე საჩივრის განხილვის ვალდებულებას, ვინაიდან ბრძანების გასაჩივრების ვადა არ იყო გაშვებული. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ფიანანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მართებულობა, ასევე, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს.

 

სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და შპს ,,რ-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

სსსკ–ის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანაბარწილად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,რ-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს ,,რ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის №----- ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (N----------- საჩივარი) და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს შპს ,,რ-------------ის’’ 2017 წლის 15 ნოემბრის საჩივრის განხილვა.

 

5. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინასთა სამინისტროს შპს ,,რ-----------ის“ სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -