განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
140100118002535002
ინსტანცია
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002535002

საქმე №1ბ/1676-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ნათია ბარბაქაძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------–---–ის

მსჯავრდებულ: ო--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ო--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №082180418001) ო---------–--------------–---–ის მიმართ. ო--------------–---–ი დაბადებულია 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–---–-------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა.

 

ო--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე ქალაქ კ---–-----------–---–-------------–- მდებარე მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ო--------------–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის დარტყმით ძმას - გ----------------–---–ს მიაყენა ჭრილობა ყელის არეში, რის შედეგად გ----------------–---–ი გარდაიცვალა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

 

ო---------–--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ო--------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და თანახმად ამავე კოდექ-სის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლე-ბის აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ო--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

ო--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან;

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო--------------–---–მა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა საკმაოდ მკაცრი სასჯელი, არ იქნა გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია უდავო მტკიცებულებებად. შესაბამისად, საქმეზე ხელი შეუწო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო--------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების - მოწმეების: მ--------–--------------------–---–----------------–---------–----------–---–----------–--------------–----–------–---–-----–--–-------–-–---–-------------------–---–------------------------------–---–--------------------------–---–----------------–---–---------–---------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ბილოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. გარად ამისა, მას სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტრური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც, ბუნებრივია, მიჩნეულ უნდა იქნას ო--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად, მაგრამ მოცემულ საქმეზე ნათლად იკვეთება მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებიც, კერძოდ: 1) დანაშაული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იქნა შურისძიების მოტივით (დაუშვებელია ცალკეულმა პირმა თავის თავზე აიღოს მართლსაწინააღმდეგო დასჯა და ანგარიშსწორება), რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის, კულტურისა და ზნეობის ნორმებს მაღალი ხარისხით ეწინააღმდეგება, 2) მსჯავრდებული მიერ განხორციელებული ქმედების სახე, ხერხი და იარაღად გამოყენებული დანის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობა ნათლად მიუთითებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების მაღალ საშიშროებაზე და 3) მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შედეგად მოჰყვა დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ამასთან, 1950 წლის 04 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით დაცულია ადამინის სიცოცხლის უფლება, ხოლო სიცოცხლის დაცვის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად "ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია".

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი ქმედება - განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ოჯახის წევრის - ძმის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს კიდევ ერთ დამამზიმებელ გარემოებას. (დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის).

 

პალატა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა მიმოხილვის შემდეგ ასევე ყურადღებას მიაქვევს მსჯავრდებულის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ ო--------------–---–ი არის წარსულში ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). უფრო მეტიც, იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, მსჯავრდებულის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულების საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო--------------–---–ს პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის და სასჯელის იდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით წარდგენილი ბრალდების ფარდგებში, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობის დროს კანონმდებლის მიერ დადგენილი სტანდარტის (სასჯელების შთანთქმის პრინციპის) გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავდრებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, რითიც ერთი მხრივ, უზრუვნელყოფილი იქნება მსჯავრდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის განაჩენი ო--------------–---–ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ო--------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონილი სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ო--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ო---------–--------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ო--------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და, თანახმად ამავე კოდექ-სის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლე-ბის აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ო--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ო--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ო--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან;

 

ნივთმტკიცება:

 

დასაკეცი დანა, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის კვალი (სულ 24 ფუთა), ავტომანქანიდან ამოღებული სისხლის კვალი, თეფშისა და მინის ნამტვრევები, უჯრის სახელურიდან და ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ვერცხლისფერი კოვზი, ე.წ. “მაუსი“ სადენით, ყელსაბამი, ნოუთბუქი, მობილური ტელეფონები, გ----------------–---–ის ტანსაცმელი, ოთ-----------–----------–---–---საგან ამოღებული ტანსაცმელი, მ--------–---საგან ამოღებული ტანსაცმელი და რეზინის ქოშები, გ--–----------–---–-საგან ამოღებული “მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით U--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

ერთ ერთეული CD დისკი, ერთ ერთეული DVD დისკი და სსიპ 112-ის მიმართვის წერილზე დართული ერთი ერთეული დისკი - საქმის შენახვის ვადით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ.თეთრაული