განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210118002337519
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002337519

საქმე №2ბ/5462-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური

 

აპელანტი - გ------- გ----------ი, ლ--- გ----------ი

წარმომადგენელი - ჟ------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- გ----------ი

წარმომადგენელი - თ---------------ი

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ც------ გ----------ი

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის 1/2 წილზე ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 წილზე ბათილად ცნობა, 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 17 ივნისს ნოტარიუს ნ---- ს------- მიერ ნ-------- გ----------ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის - გ------- გ----------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის N2----, 1/3 ნაწილში; ნაწილობრივ, 1/3 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ------- გ----------მა მამის, ნ------- გ----------ის სამკვიდრო ქონება, მდებარე თბილისი,ზ-----------ს ქ-------------------------------- მიყიდა შვილს ლ--- გ----------ს; ნ--- გ----------ი ცნობილ იქნა 1996 წლის 3 აგვისტოს გარდაცვლილი მამის, ნ------- გ----------ის დანაშთი ქონების, ამჟამად, საჯარო რეესტრში ლ--- გ----------ის სახელზე რიცხული ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, ზ-----------ს ქ--------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ნ------- გ----------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ზ-----------ს ქ----------------------, განთავსებულ უძრავ ქონებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომა).

 

2.2. ნ--- გ----------ი 1978 წლის 27 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ზ-----------ს ქ. #------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.28-30).

 

2.3. ც----- გ----------ი მეუღლის, ნ------- გ----------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სამკვიდრო დანაშთ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, ზ-----------ს ქ-----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. ნ------- გ----------ი გარდაიცვალა 1996 6 აგვისტოს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ : მეუღლე - ც----- გ----------ი, შვილები - ნ--- გ----------ი, გ------- გ----------ი და ც------ გ----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა ( ს.ფ.19);

-დაბადების მოწმობა ( ს.ფ. 20);

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.156);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. ნ------- გ----------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ზ-----------ს ქ-----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა-დახასიათება (ს.ფ.18).

 

2.6. ნოტარიუს ნ---- ს------- მიერ მამკვიდრებელ ნ------- გ----------ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის, გ------- გ----------ის სახელზე 2008 წლის 17 ივნისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #-----. ქონება აღირიცხა მემკვიდრის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.22-24);

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.27).

 

2.7. 2008 წლის 17 ივნისს ც----- გ----------მა, სანოტარო წესით შედგენილი განცხადებით, უარი განაცხადა მეუღლის, ნ------- გ----------ის დანაშთი ქონებიდან მის კუთვნილ წილზე, ვაჟის - გ------- გ----------ის სასარგებლოდ. ც----- გ----------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება (ს.ფ.61);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.143).

 

2.8. ც------ გ----------მა 2018 წლის 25 აპრილს შედგენილი სანოტარო განცხადებით განაცხადა, რომ არ აქვს მიღებული მამის სამკვიდრო ქონება არც ფაქტიური დაუფლებით და სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება ( ს.ფ.142).

 

2.9. 2017 წლის 19 ივნისს გ------- გ----------სა და მის შვილს, ლ--- გ----------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ზ-----------ს ქ----------------------, გადაეცა ლ--- გ----------ს. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 40 000 ლარად. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის - ლ--- გ----------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.25-26);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16-17).

 

2.10. გ------- გ----------ს საბანკო დაწესებულებების მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულებები. 2006 წლის 17 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ სს ,,ბ-------------“ სასარგებლოდ, რომლითაც ყადაღა დაედო გ------- გ----------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.თბილისი, ზ-----------ს ქ-----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხის გადახდის გრაფიკები (ს.ფ.82-87, 88);

-სააღსულებო ფურცელი (ს.ფ.92).

 

2.11. ნ--- გ----------მა, მამის - ნ------- გ----------ის გარდაცვალების, 1--------–-–----------------- შემდეგ, 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ ცხოვრობდა და სარგებლობდა მშობლის უძრავ-მოძრავი ქონებით.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის, სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ------- გ----------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებაში. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთებიც.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მისამართზე რეგისტრაციითა და ცხოვრების გაგრძელებით დაეუფლა სამკვიდროს. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასტურად მის მიერ წარმოდგენილია საინფორმაციო ბარათი, რომელიც სადავო პერიოდში საცხოვრებელ სახლში პირის რეგისტრაციის ფაქტს ადასტურებს. 6 თვის ვადაში მემკვიდრის მიერ სამკვიდრო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს მიუთითებენ მოწმეები, მხარეთა დეიდა - ნ---- კ-----ე და ნათესავი - თ------ კ----ე, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი, არ იკვეთება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. სსსკ- ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, დასაშვებ მტკიცებულებად მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ იდენტურია. მოწმე ნ---- კ-----ის ჩვენებით, ნ--- გ----------ი მამის ოჯახში ცხოვრობდა როგორც მის გარდაცვალებამდე, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. პატრონობდა და უვლიდა ავადმყოფ დედას, სახლი კი დატოვა მრავალი წლის შემდეგ რძალთან არსებული კონფლიქტის გამო. მოწმე თ------ კ----ის ჩვენებით მამის გარდაცვალების შემდეგ ნ--- გ----------მა გააგრძელა სახლში ცხოვრება და მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ, ოჯახში განვითარებული უსიამოვნების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. მოპასუხე მხარეს მოწმეთა ჩვენების გამაქარწყლებელი, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოუდგენია.

 

რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ--- გ----------ის ნებას, მამის სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა. დასაბუთება დედმამიშვილებს შორის ქონების შემდგომ მხოლოდ გ------- გ----------ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, აღნიშნულზე მარტოოდენ მითითება, საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ნ--- გ----------ი მშობლის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა მის ნივთებს. მისი განმარტება მამის კუთვნილი უძრავი ნივთის დაუფლების შესახებ გამყარებულია მოწმეთა, ჩვენებით.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, მასში ცხოვრების გაგრძელებით, მოსარჩელე სადავო ბინას მიიჩნევდა თავისად, მამის დანატოვარ სამკვიდროდ. შესაბამისად, მის მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განხორციელებული ქმედებები, მოიცავდა სამკვიდროს დაუფლებისაკენ მიმართულ ნებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ--- გ----------ს არ ჰქონია ნება მიეღო მამის სამკვიდრო ქონება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1----–-–---------------- გარდაცვლილი ნ------- გ----------ის სამკვიდროს მიკუთვნებას. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. განსახილველ შემთხვევაში, ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი.

 

ნ------- გ----------ის სამკვიდროს გახსნისას, მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის, 1----–-–---------------- მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები (მათ შორის შვილობილები), მეუღლე და მშობლები.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოსარჩელეს კანონი განიხილავს მემკვიდრეთა წრეში, მაგრამ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა- პატრონობაში და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------- გ----------ის გარდაცვალებით, 1----–-–---------------- გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - ნ--- გ----------ი, გ------- გ----------ი, ც------ გ----------ი, მეუღლე - ც----- გ----------ი.

 

დადგენილია ასევე, რომ ნ------- გ----------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ-----------ს ქ--------------------------------. მემკვიდრეთაგან ც------ გ----------ს არ მიუღია სამკვიდრო კანონით დადგენილი არც ერთი გზით. ც----- გ----------ი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სამკვიდრო ქონებაში, რაც მისი მხრიდან ქონების ფაქტობრივ დაუფლებაზე მეტყველებს.

 

გ------- გ----------მა 2008 წლის 17 ივნისს მიიღო სამკვიდრო მოწმობა (რეესტრის #-----) ნ------- გ----------ის დანაშთ ქონებაზე და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის მესაკუთრედ.

 

რაც შეეხება ნ--- გ----------ს სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მას, მშობლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული სამკვიდრო. კერძოდ, ნ------- გ----------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებაში. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთებიც. მოსარჩელის განმარტებით, იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მისამართზე რეგისტრაციითა და ცხოვრების გაგრძელებით დაეუფლა სამკვიდროს. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასტურად მის მიერ წარმოდგენილია საინფორმაციო ბარათი, რომელიც სადავო პერიოდში საცხოვრებელ სახლში პირის რეგისტრაციის ფაქტს ადასტურებს. 6 თვის ვადაში მემკვიდრის მიერ სამკვიდრო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს მიუთითებენ მოწმეები, მხარეთა დეიდა - ნ---- კ-----ე და ნათესავი - თ------ კ----ე, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი, არ იკვეთება.

 

მოწმეთა ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ იდენტურია. მოწმე ნ---- კ-----ის ჩვენებით, ნ--- გ----------ი მამის ოჯახში ცხოვრობდა როგორც მის გარდაცვალებამდე, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. პატრონობდა და უვლიდა ავადმყოფ დედას, სახლი კი დატოვა მრავალი წლის შემდეგ რძალთან არსებული კონფლიქტის გამო. მოწმე თ------ კ----ის ჩვენებით მამის გარდაცვალების შემდეგ ნ--- გ----------მა გააგრძელა სახლში ცხოვრება და მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ, ოჯახში განვითარებული უსიამოვნების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. მოპასუხე მხარეს მოწმეთა ჩვენების გამაქარწყლებელი, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოუდგენია.

 

რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ--- გ----------ის ნებას, მამის სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა. დასაბუთება დედმამიშვილებს შორის ქონების შემდგომ მხოლოდ გ------- გ----------ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, აღნიშნულზე მარტოოდენ მითითება, საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ნ--- გ----------ი მშობლის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა მის ნივთებს. მისი განმარტება მამის კუთვნილი უძრავი ნივთის დაუფლების შესახებ გამყარებულია მოწმეთა, ჩვენებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, მასში ცხოვრების გაგრძელებით, მოსარჩელე სადავო ბინას მიიჩნევდა თავისად, მამის დანატოვარ სამკვიდროდ. შესაბამისად, მის მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განხორციელებული ქმედებები, მოიცავდა სამკვიდროს დაუფლებისაკენ მიმართულ ნებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ--- გ----------ს არ ჰქონია ნება მიეღო მამის სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა - ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ მემკვდრე ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სამკვიდროში ნ--- გ----------ის წილის განსაზღვრისათვის კი არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა წრე და ვინაობა. მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ივნისს, ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედებისას, ც----- გ----------ი, გარეშე პირთაგან ძალდატანების გარეშე გამოცხადდა ნოტარიუსთან, შეადგინა სანოტარო აქტი ნ------- გ----------ის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილის წილის მიღებაზე შვილის - გ------- გ----------ის სასარგებლოდ უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.

ამავე კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ამავე კოდექსის 1434-ე მუხლით კი მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

ამავე კოდექსის 1447-ე მუხლით, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

დასახელებული ნორმების განმარტებისა და განცხადების შინაარსის სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია დაცული არ არის სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარს შვილის სასარგებლოდ, არამედ მის მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების (ნ------- გ----------ის სამკვიდროს 1/3 ნაწილის) უსასყიდლო, უნაცვალგებო განკარგვას - ჩუქებას შვილისათვის.

 

ამდენად, სახეზეა ნ------- გ----------ის სამკვიდრო მიმღები სამი კანონისმიერი მემკვიდრე, თითოეულის სამკვიდრო წილი კი უძრავ ქონებაში განსაზღვრულია 1/3-ით.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგი კანონისმიერ მემკვიდრეთაგან, სამკვიდრო მიღებული აქვს სამ პირს, აქედან ც----- გ----------მა თავისი კუთვნილი ნაწილი უსასყიდლოდ განკარგა გ------- გ----------ის სასარგებლოდ, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება უძრავი ნივთის 1/3 ნაწილით, რის გამოც ნ--- გ----------ის სარჩელი მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე ნაწილობრივაა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.13. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ვინაიდან, ნ--- გ----------ი წარმოადგენს ნ------- გ----------ის სამკვიდრო ქონებიდან 1/3 ნაწილის საკუთრების უფლების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირს, შესაბამისად, არსებობს ნოტარიუს ნ---- ს------- მიერ გ------- გ----------ის სახელზე ნ------- გ----------ის დანაშთ ქონებაზე 2008 წლის 17 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, (რეესტრში რეგისტრაციის #-----) მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებში, 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი;

 

ასევე, ყურადსაღებია გარემოება, რომ გ------- გ----------მა სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2008 წელს, ნ------- გ----------ის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, რა დროსაც მისთვის ცნობილი იყო სხვა მემკვიდრეთა არსებობის შესახებ, თუმცა მისი ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით გ------- გ----------მა დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. რამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

 

2.14. სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ--- გ----------ი წარმოადგენდა უძრავი ქონების მდებარე თბილისი,ზ-----------ს ქ--------------------------------, 1/3 ნაწილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, აღნიშნული ცნობილი იყო მისი ძმისშვილის, ლ--- გ----------ისათვის, არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიხედვით, 2017 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ნაწილობრივ, 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტების განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ--- გ----------მა, მამის - ნ------- გ----------ის გარდაცვალების, 1----–-–---------------- შემდეგ, 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ ცხოვრობდა და სარგებლობდა მშობლის უძრავ-მოძრავი ქონებით. აპელანტების განმარტებით სასამართლო მოცემული გარემოების დადგენისას მხოლოდ საინფორმაციო ბარათს და მოწმეთა ჩვენებას დაეყრდნო. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათი, რითაც დგინდება საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის ფაქტი ვერ დაადასტურებს რაიმე ფორმით მშობლის უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტს. აპელანტების განმარტებით სასამართლოს სადავო გარემოება დადგენილად არც მოწმეთა ჩვნების საფუძველზე არ უნდა მიეჩნია, რადგან მოწმეებს ჩვენება თავისუფალი თხრობის რეჟიმში არ მიუციათ. რაც გამოიხატა მიმანიშნებელი შეკითხვების დასმაში და მხოლოდ კითხვა პასუხის რეჟიმის წარმართვაში. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია იდენტურად მოწმეთა ჩვენება. მოწმე ნ---- კ-----ემ აღნიშნა რომ მოსარჩელეს 2012 წელს მოუვიდა კონფლიქტი მის რძალთან, ხოლო მოწმე თ------ კ----ე ასევე ადასტურებს რძალთან უთანხმოების ფაქტს, თუმცა ამის თარიღად 2017 წელს მიუთითებს. აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ ასევე მათ შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე შემძენისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა სადავო ქონებაზე მოსარჩელის უფლების არსებობის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუU სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. ნ------- გ----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ზ-----------ს ქ--------------------------- (ტ.1. ს.ფ. 18)

 

4.1.2. ნ------- გ----------ი გარდაიცვალა 1-----–-–----------------- მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ც----- გ----------ი, შვილები - ნ--- გ----------ი, გ------- გ----------ი და ც------ გ----------ი. (ტ.1. ს.ფ. 19-20; ს.ფ. 156)

 

4.1.3. 2008 წლის 17 ივნისს ც----- გ----------მა, სანოტარო წესით შედგენილი განცხადებით უარი განაცხადა მეუღლის, ნ------- გ----------ის დანაშთი ქონებიდან მის კუთვნილ წილზე, ვაჟის - გ------- გ----------ის სასარგებლოდ. ც----- გ----------ი 2----–-–---------------- გარდაიცვალა. (ტ.1.ს.ფ. 61; ს.ფ. 143)

 

4.1.4. 2008 წლის 17 ივნისს გ------- გ----------ის სახელზე, როგორც ნ------- გ----------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე ნოტარიუს ნ---- ს------- მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #-----, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში გ------- გ---------- საკუთრებად აღირიცხა. (ტ.1.ს.ფ. 22-24; ს.ფ. 27)

 

4.1.5. 2018 წლის 25 აპრილს შედგენილი განცხადებით, რომელიც დადასტურებულია სანოტარო წესით, ც------ გ----------მა დაადასურა ფაქტი მასზედ, რომ მამის ნ------- გ----------ის დანაშთი სამკვიდრო არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. (ტ.1. ს.ფ. 142)

 

4.1.6. სააპელაციო პალატას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ნ--- გ----------ი როგორც ნ------- გ----------ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება, რა დროსაც მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები უნდა ადასტურებდეს სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა მტკიცებულებათა სახეობების იმ ნუსხას, რომლითაც მოსარჩელე სარჩელში, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძენს, მათ შორისაა, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ექსპერტთა დასკვნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან მტკიცებულების არცერთ სახეობას უპირატესობა არ ენიჭება, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნ--- გ----------ის მიერ მამის ნ------- გ----------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- კ-----ემ განმარტა, რომ ნ--- გ----------ი მამის ოჯახში ცხოვრობდა როგორც მის გარდაცვალებამდე, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. პატრონობდა და უვლიდა ავადმყოფ დედას, სადავო საცხოვრებელი სახლი კი მამის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, რძალთან არსებული კონფლიქტის გამო დატოვა. მოწმე თ------ კ----ის განმარტებით მამის გარდაცვალების შემდეგ ნ--- გ----------ი სადავო სახლში აგრძელებდა ცხოვრებას, წლების შემდეგ ოჯახში განვითარებული უსიამოვნების გამო იძულებით გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამდენად, სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ ნ--- გ----------ი მამის გარდაცვალების შემდეგ წლების განმავლობაში სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარემოებასთან მიმართებით მოსარჩელემ მის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენების), რომლითაც როგორც ზემოთ აღინიშნა დადასტურებული იქნა სადავო უძრავი ნივთის, როგორც საკუთრების ფლობა, რაც წლების განმავლობაში მასში ცხოვრებით გამოიხატა მოსარჩელემ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, მან შეძლო სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მისი ბატონობის დადასტურება. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების და ამ გარემოების დასადატურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე/აპელანტი მხარეების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებაში მითითებულ გარემოებას - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო უძრავ ნივთში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტს სამართლებრივ საფუძველს შეურყევდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, მან კანონით გათვალისწინებულ ვადაში მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეებს (აპელანტებს), მათ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლეს იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობას და წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მასზედ, რომ მოსარჩელეს მამის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით არ მიუღია. აღნიშნული კი პალატას უქმნის ვარაუდს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

4.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ------- გ----------ის სამკვიდრო გაიხსნა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და შესაბამისად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უნდა მოწესრიგდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისი ნორმებით. ამასთან, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის და-ძმები. მეორე რიგის მემკვიდრეების მოწოდება მემკვიდრეებად ხდება მხოლოდ მაშინ, თუ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არიან, ან მათ უარი თქვეს მემკვიდრეობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა პირველი რიგის ყველა მემკვიდრეს მემკვიდრეობა ანდერძით ჩამოერთვა (მუხლები 543-ე და 556-ე). სამკვიდროს დამტოვებლის ძმისწულები და დისწულები ითვლებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ მემკვიდრეობის იმ წილს, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. წინა რიგის თუნდაც ერთერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე განჩინებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მამკვიდრებლის ნ------- გ----------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო.

 

4.1.8. ლ--- გ----------ი 2017 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილში კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნევა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ--- გ----------ი გ------- გ----------ის შვილია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ახლო ნათესავთან შვილთან დადებული გარიგების პირობებში, თუ დადასტურდა ,,სხვისი’’ ქონების არამართლზომიერად, ,,სხვა’’ პირის ნების გარეშე გასხვისების ფაქტი, ქონების მიმღების კეთილსინდისიერება მას ვერ დაიცავს და შესაბამისად, ნასყიდობის გაბათილებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო, რომ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელი ამგვარ მტკიცებას არ შეიცავს.

 

4.1.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ----------ის და ლ--- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

მაია სულხანიშვილი