განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002757692, №1ბ/161-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ჯე---– გ--–----- ბლ---–---–ი - დაბადებული 198--–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-------–--------------------------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ე.ი. პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ჯე---– ბლ---–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ლმობიერი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოცემული დენადი დანაშაულის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი და სისტემატური ხასიათი, რაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯე---– ბლ---–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (იხ. შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
ჯე---– ბლ---–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ადევნება, ე.ი. პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 და 19 ოქტომბერს, ჯე---– ბლ---–---–ი მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთხელ დაემუქრა განადგურებით მა----- დვ--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ჯე---– ბლ---–---–ი სისტემატურად ამყარებდა მა----- დვ--–-–---–ის მიმართ არასასურველ კომუნიკაციას, რაც გამოიხატებოდა ტელეფონზე დარეკვასა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, საცხოვრებელ ბინასა და სამსახურში არაერთხელ მისვლაში, იმ მოტივით, რომ სურდა მა----- დვ--–-–---–თან შერიგება ან/და მისი მხრიდან მასზე დახარჯული თანხის დაბრუნება. აღნიშნულ პერიოდში მა----- დვ--–-–---–მა შეიცვალა გადაადგილების მარშრუტი. მიუხედავად ამისა, ჯე---– ბლ---–---–ი, კვლავ ახერხებდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, აკითხავდა სამსახურში, აწუხებდა მის თანამშრომლებს და ოჯახის წევრებს. განხორციელებული ქმედებების სისტემატურობის გამო მა----- დვ--–-–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ჯე---– ბლ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ჯე---– ბლ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯე---– ბლ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ჯე---– ბლ---–---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან - 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯე---– ბლ---–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულ მა----- დვ--–-–---–ის და მოწმეების: ხვ--- დვ--–-–---–ის, ლ--–- დვ--–-–---–ის, ან---–--------ის, ეთ---------------–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი N0-----, დაზარალებულ მა----- დვ--–-–---–ის მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე ბრალდებულ ჯე---– ბლ---–---–ის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ ჯე---– ბლ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ირ---–- ლუ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ჯე---– ბლ---–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველ ნაწილს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის სამართლიანობა ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს დასაბუთებული აქვს ყველა ის ნიშანი, რომლის გათვალისწინებითაც მიიღო გადაწყვეტილება პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების თაობაზე. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, დაახლოებით 2 თვის მანძილზე იმყოფებოდა პატიმრობაში.
სააპელაციო საჩივარში დენადი დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, რადგან სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით დაუნიშნა სასამართლომ ჯე---– ბლ---–---–ს თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებთან: ჯე---– ბლ---–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც მან აღიარა და ასევე დააფიქსირა სინანული მის ჩადენასთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და წარსულში არ ყოფილა ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისი იყო დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ჯე---– ბლ---–---–ს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული საბოლოო სასჯელი, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ჯე---– ბლ---–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სტაჟიორ-პროკურორის ირ---–- ლუ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ჯე---– ბლ---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ირ---–- ლუ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯე---– ბლ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
ჯე---– ბლ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯე---– ბლ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ჯე---– ბლ---–---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან - 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ჯე---– ბლ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯე---– ბლ---–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე