განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
010210016001447623
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001447623

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1217-18 30 იანვარი 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - ლ-–- კ--–------ა, ი-----–- მ------–---–ი, თ---- ხ--–--–ი ა(ა)იპ ბ-------- კ--------ი დ----- ფ----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ა(ა)იპ ბ-------- კ--------ის დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის №38, №39, №40 ბრძანებებით, ლ-–- კ--–------ა, ი-----–- მ------–---–ი და თ---- ხ--–--–ი გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან. ამავე ბრძანებებით, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მათზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების სახით და გამოუყენებელი შვებულების თანხები, კერძოდ, ლ-–- კ--–------აზე გაცემული იქნა კომპენსაციის თანხა 1760 ლარი და გამოუყენებელი შვებულების თანხა -277,9 ლარი; ი-----–- მ------–---–ზე - კომპენსაცია 1200 ლარი და გამოუყენებელი შვებულების თანხა- 189,87 ლარი; თ---- ხ--–--–ზე კომპენსაცია 1200 ლარი და გამოუყენებელი შვებულების თანხა- 947,37 ლარი. ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აგვისტოს №2-1059/15 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ი“-ს დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის №38, №39, №40 ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგენილი იქნენ ტოლფას თანამდებობებზე და აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური - ხელფასი, 2015 წლის 01 აპრილიდან, სამუშაოზე სრულად აღდგენამდე: ლ-–- კ--–------ას ყოველთვიური შრომის ანაზღაურების-1100 ლარის დაანგარიშებით; ი-----–- მ------–---–ს - 750 ლარის დაანგარიშებით; თ---- ხ--–--–ს - 750 ლარის დაანგარიშებით. სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა აღსრულებული. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები, ლ-–- კ--–------ა, ი-----–- მ------–---–ი და თ---- ხ--–--–ი აღდგენილ იქნენ ტოლფას თანამდებობზე და აუნაზღაურდათ იძულებით განაცდური სრულად. შესაბამისად, გათავისუფლების მოტივით მოპასუხეებზე გაცემული კომპენსაციის თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხეები ნებაყოფილობით არ აბრუნებენ თანხას და უარს აცხადებენ კომპენსაციის სახით მიღებული თანხის დაბრუნებაზე, რამაც განაპირობა სასამართლოში წარჩელის წარდგენა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია, ეთანხმებიან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა იმ მიზეზით, რომ სამუშაოზე აღდგენასთან და იძულებით განაცდურთან დაკავშირებით დავის განხილვისას დამსაქმებელს (ამჟამად მოსარჩელეს) შუამდგომლობა არ დაუყენებია და არც ბ-------- საქალაქო სასამართლოს უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში უსაფუძვლო გათავისუფლების შემთხვევაში გაცემული საკომპენსაციო თანხის უკან დაბრუნებაზე, გამორიცხავდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს წერილიდანაც ირკვევა, რომ კრედიტორების, ლ-–- კ--–------ას, თ---- ხ--–--–ის და ი-----–- მ------–---–ის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა, რამდენადაც ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ის’’ მიერ, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არ აქვს უკუმოთხოვნის უფლება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. დაეკისროს, მოპასუხე ლ-–- კ--–------ას, მოსარჩელის, ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ი’’-ს სასარგებლოდ 2037,9 ლარის გადახდა; 3. დაეკისროს, მოპასუხე ი-----–- მ------–---–ს, მოსარჩელის ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ი’’-ს სასარგებლოდ, 1389,37 ლარის გადახდა; 4. დაეკისროს, მოპასუხე თ---- ხ--–--–ს მოსარჩელის, ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ი’’-ს სასარგებლოდ -2147,37 ლარის გადახდა; 5. დაეკისროთ მოპასუხეებს, მოსარჩელის, ა(ა)იპ ,,ბ-------- კ--------ი’’-ს სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 167,24 ლარის გადახდა, საიდანაც ლ-–- კ--–------ას დაეკისროს-61,14 ლარის გადახდა, ი-----–- მ------–---–ს-41,68 ლარის გადახდა, ხოლო თ---- ხ--–--–ს-64,42 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ა(ა)იპ ბ-------- კ--------ის დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის №38 ბრძანებით, ლ-–- კ--–------ა გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან და საქართველოს შრომის კოდექსის 21- მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მასზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების სახით-1760 ლარი და გამოუყენებელი შვებულების სახით-277,9 ლარი; 2.2. ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ის“ დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის №39 ბრძანებით, ი-----–- მ------–---–ი გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ის“ ამხანაგობის კოორდინატორის თანამდებობიდან და საქართველოს შრომის კოდექსის 21- მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მასზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების სახით- 1200 ლარი და გამოუყენებელი შვებულებისათვის- 189,87 ლარი; 2.3. ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ი“-ს დირექტორის, 2015 წლის 01 აპრილის №40 ბრძანებით, თ---- ხ--–--–ი გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ის“ ამხანაგობის კოორდინატორის თანამდებობიდან და საქართველოს შრომის კოდექსის 21- მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მასზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების სახით -1200 ლარი და გამოუყენებელი შვებულებისათვის-947,37 ლარი; 2.4. ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აგვისტოს №2-1059/15 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ-–- კ--–------ას, თ---- ხ--–--–ის და ი-----–- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ის“ დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის №38, №39, №40 ბრძანებები და ლ-–- კ--–------ა, ი-----–- მ------–---–ი და თ---- ხ--–--–ი აღდგენილი იქნენ ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ი“-ში გათავისუფლებულ ან ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდათ, ყოველთვიური შრომის ანაზღაურების-ხელფასის შესაბამისი ოდენობით იძულებითი განაცდური, 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სრულად აღსრულებულია, კერძოდ: ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში, ლ-–- კ--–------ას აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი ყოველთვიური 1100 ლარის დაანგარიშებით, სულ- 5866,7 ლარი, თ---- ხ--–--–სა და ი-----–- მ------–---–ს ანალოგიური პრინციპით აუნაზღაურდათ განაცდური ხელფასი თითოეულს ყოველთვიური 750 ლარის დაანგარიშებით, სულ თითოეულს 4000-4000 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 976-ე, 987-ე, 991-ე მუხლებზე; შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე და განმარტა: მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან. მოპასუხეები სრულად არიან რეაბილიტირებულნი, კერძოდ, ბათილად იქნა რა ცნობილი მოპასუხეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, ისინი აღდგენილნი იქნენ ტოლფას თანამდებობაზე და სრულად აქვთ მიღებული იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის მიუღებელი ხელფასი. შესაბამისად, ბათილი ბრძანების საფუძველზე მიღებული საკომპენსაციო და საშვებულებო თანხები, უსაფუძვლო გამდიდრების წესებით ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 2.6. გაიზიარებული არ იქნა მოპასუხეთა არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, შრომითი დავის მიმდინარეობისას, არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და არ გადაუწყვეტია კომპენსაციის უკან დაბრუნების საკითხი, გამორიცხავდა მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის დაბრუნების საკითხი შრომითი დავის წარმოებისას არ იყო დავის საგანი და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა. ასევე, ვერც მოპასუხე ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ი“ დააყენებდა ამ მოთხოვნას, თუნდაც შეგებებული სარჩელის აღძვრით, ვინაიდან, დავის თავისებურებიდან გამომდინარე, აღნიშნულზე ა(ა)იპ „ბ-------- კ--------ი“-ს სარჩელის აღძვრის წინაპირობა წარმოეშობოდა, მხოლოდ მოპასუხეთა გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ არ დაუდგენია რეალურად, მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა, თუ არა უსაფუძვლო გამდიდრებას. 3.2. ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ "ბ-------- კ--------ის" დირექტორის 2015 წლის 01 აპრილის N38, N39 და N40 ბრძანებები გათავისუფლების შესახებ და ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაევალა, მოსარჩელეთა აღდგენა ტოლფას თანამდებობებზე და აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, თუმცა, იმ დავაზე, არც მოპასუხე მხარეს უშუამდგომლია და არც სასამართლოს უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გაცემული საკომპენსაციო თანხის უკან დაბრუნების თაობაზე. 3.3. მოპასუხეს კომპენსაცია მიღებული აქვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ასეთივე დანაწესს ითვალისწინებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ქვეპუნქტი. შესაბამისად, კომპენსაციები, რომელიც მოპასუხემ გათავისუფლების შესახებ ბრძანებით მიიღო, არ წარმოადგენდა საფუძვლის გარეშე გაცემულს. 3.4. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ კომპენსაციის დაბრუნების საკითხი არ იყო თავდაპირველად მსჯელობის საგანი, მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილებაში მიეთითებინა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეებს აღებული აქვთ სახელფასო განაცდურის სახით კომპენსაცია 2 თვის ოდენობით, მოპასუხეს გადახდეს კომპენსაციის გადახდა ამ 2 თვის თანხის გამოკლებით. გარდა ამისა, აღსრულების დროსაც შეეძლო მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის გადახდაზე, რაც არ განუხორციელებია. ამრიგად, მოსარჩელეს არ აქვს უკუმოთხოვნის უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა(ა)იპ ბ-------- კ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 976-ე, 987-ე, 991-ე მუხლებზე; შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებს აუნაზღაურდათ კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა, წარმოადგენს თუ არა ამ თანხების უკან დაბრუნების წინაპირობას. 4.4. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა უნდა შეფასდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, ვინაიდან, სახეზეა კონდიქციური სარჩელი. ამ სარჩელის ფარგლებში შესაფასებელია, ადგილი აქვს თუ არა ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას. 4.5. განსახილველი შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. 4.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ბ-------- კ--------მა აპელანტებს, 2015 წლის 01 მარტიდან სამუშაოდან გათავისუფლების გამო, შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, გადასცა 2 თვის კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა. თუმცა, შემდგომში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ის ბრძანებები, რაც საფუძვლად დაედო ამ თანხების გადაცემას, მოსარჩელეები აღდგენილნი იქნენ სამსახურებში და სრულად აუნაზღაურდათ გათავისუფლების დღიდან-2015 წლის 01 მარტიდან იძულებითი განაცდური. ამდენად, ადგილი აქვს სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებას-გარიგების ბათილობას, რაც სკ-ის 979.1 მუხლის შესაბამისად, ამ გარიგების შედეგად გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საფუძველია. ზემოაღნიშნული მსჯელობები გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (სუს 2012 წლის 4 აპრილის განჩინება №ას-1249-1269-2011; სუს 2015 წლის 27 აპრილის განჩინება №ას-653-621-2013; სუს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება №ას-360-342-2015). 4.7. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს: კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არის დროის ის პერიოდი, როდესაც დასაქმებული მისით სარგებლობის შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ იღებს ხელფასს. გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხა აპელენტებს მიეცათ სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო, თუმცა შემდგომში, გარიგების ბათილობის გამო, ისინი აღდგენილნი იქნენ სამსახურში და სრულად აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური. ამდენად, აღარ არსებობს შვებულების თანხის გადახდის საფუძვლები, ვინაიდან, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხა თავისი არსით არ გულისხმობს დასაქმებულისათვის მე-13 ხელფასის მიცემას. 4.8. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტთა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი უნდა ყოფილიყო კანონიერ ძალაში შესული ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით დასრულებული დავის დარგლებში. პალატა განმარტავს, რომ ვიდრე არ გადაწყდებოდა დასაქმებული პირების სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერება, დამსაქმებელს უფლება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების საფუძველზე გადაცემული თანხების უკან დაბრუნებისა ვერ ექნებოდა. ამდენად, არ არსებობს თანხის დაბრუნების თაობაზე, ა(ა)იპ ბ-------- კ--------ის მოთხოვნის გამომრიცხავი და შემაფერხებელი გარემოებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაკმაყოფილებული სარჩელი. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ა(ა)იპ ბ-------- კ--------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ლ-–- კ--–------ას, ი-----–- მ------–---–ის და თ---- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტების მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ-–- კ--–------ას, ი-----–- მ------–---–ის და თ---- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე