განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
010210018001893784
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001893784

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1236-2018 29 იანვარი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ი----- დ-------ე, ჯ----– დ-------ე

წარმომადგენელი - რ------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–--------ი

წარმომადგენელი - რ----------ე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა-–--------ის წარმომადგენლის რ----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით. მოპასუხეების ი----- დ-------ისა (პ/ნ 6----------) და ჯ----– დ-------ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ა-–--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ა--------------–--ა, დაზუსტებული ფართობი - 901 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე აღმართული შენობა-ნაგებობით, ს/კ #0-----------, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელე ა-–--------ს. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2017 წლის 21 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა-–--------ის წარმომადგენელმა მოპასუხეების ი----- დ-------ის და ჯ----– დ-------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. 2.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 22 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა-–--------იმ ი----- დ-------ესაგან საკუთრების უფლებით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ა-----, 901 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე აღმართული შენობა-ნაგებობით, ს/კ #0-----------. აღნიშნული ქონება მოპასუხეებს დღემდე უკანონოდ აქვთ დაკავებული, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრების უფლების განხორციელებაში. 2.3. 2017 წლის 06 ივნისს შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბერს ი----- დ-------ისა და ჯ----– დ-------ის წარმომადგენელმა რ------------------ემ გასააჩივრა. 2.4. საჩივარი დაკმაყოფილდა და შესაგებლის წარმოსადგენად მხარეს მიეცა ვადა. 2.5. 2018 წლის 02 თებერვალს მოპასუხეებმა ი----- დ-------ემ და ჯ----– დ-------ემ წარადგინეს წერილობითი პასუხი (შესაგებელი), რითაც არ ცნეს სარჩელი. 2.6. საქმის განხილვის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 06 ივლისს, 16:00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2.7. 2018 წლის 03 ივლისს ი----- დ-------ისა და ჯ----– დ-------ის წარმომადგენელმა რ------------------ემ წარადგინა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის განხილვა გადაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 13 ივლისს, 10:00 საათზე. 2.8. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა აღნიშნულ სხომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა. 2.9. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ასევე მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 205-ე მუხლის მიხედვით, თუ მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადო მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. 2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2.13. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი----- დ-------ისა და ჯ----– დ-------ის წარმომადგენელმა, რ------------------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საქმის მომზადების სტადიაზე მოპასუხეებმა არსებული წესით სასამართლოში წარადგინეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს - „ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ს/კ#0-----------“. 3.2. სასამართლომ დაარღვია სსსკ 248-ე მუხლი რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 3.3. სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. 3.4. მოცემული საქმეზე მოსამზადებელ სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 13 ივლისს. აპელანტმა 2018 წლის 12 ივლისს განცხადება წარადგინა სასამართლოში და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა შეგებებული სარჩელი, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია; მას არ ჰქონდა ინფორმაცია შეგებებულ სარჩელთნ დაკავშირებით; თუ შეგებებული სარჩელი მიღებული იყო წარმოებაში, მაშინ სასამართლოს უნდა განესაზღვრა საპროცესო ვადა შეგებებული სარჩელის მოწინააღმდეგე მხარეზე ჩასაბარებლად; ხოლო თუ სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია შეგებებული სარჩელი, მაშინ უნდა ჩაბარებოდა განჩინების ასლი, რომელსაც გაასაჩივრებდა არსებული წესით. 3.5. როგორც ირკვევა სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია განცხადებაში დაფიქსირებულ გარემოებებზე და 2018 წლის 13 ივლისს გამოუტანია - განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს გარემოება იძლევა აბსოლუტურ საფუძველს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ა-–--------მა (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ი----- დ-------ისა და ჯ----– დ-------ის (აპელანტები) წინააღმდეგ და კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. 4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. 4.3. შესაგებლით აპელანტებმა სარჩელი არ ცნეს და 2018 წლის 2 თებერვალს აღძრეს შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 4.4. 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით სასამართლომ შეგებებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, თუმცა ამის თაობაზე აპელანტებისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული წესით, არ შეუტყობინებია. 4.5. თავად განჩნება სასამართლომ აპელანტებს, მხოლოდ, 2018 წლის 19 ოქტომბერს გაუგზავნა და იგი მათ წარმომადგენელს 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩაჰბარდა. 4.6. ამავდროულად, სასამართლომ, ჯერ 2018 წლის 6 ივლისს, ხოლო შემდეგ, იმავე წლის 13 ივლისს სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დანიშნა. 4.7. ორივე შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელმა მათი სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა და, ამასთან, განმარტა, რომ მისთვის შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე უცნობი იყო. 4.8. ამის მიუხედავად, 2018 წლის 13 ივლისს საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. 4.10. პალატის აზრით, ამ ნორმის მიზნებისათვის „საქმის ფაქტობრივ გარემოებებად“ ითვლება სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომლებმაც, შეიძლება, გავლენა იქონიოს საქმის განხილვის შედეგზე ან მის მიმდინარეობაზე. 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. 4.11.1. ამავე კოდექსის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4.12. ამის შესაბამისად, შეგებებული სარჩელის აღძრვა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა, როგორც საქმის განხილვის შედეგზე, ისე მის მიმდინარეობაზე უაღრესად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 4.13. ამიტომ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 8 თებერვალს შეგებებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, სასამართლოს აპელანტებისათვის უნდა ეცნობებინა. 4.14. დადგენილია, რომ ეს ვალდებულება სასამართლოს არ შეუსრულებია. 4.14.1. ამის შესაბამისად, სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ ეცნობა, ეს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებაა. 4.15. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.16. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს. 4.16.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს კი საქმე არსებითად არ განუხილავს. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის საფუძვლიანობაზე იმსჯელოს. 4.17. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქალაქო სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი----- დ-------ისა და ჯ----– დ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე