განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
160210117001958803
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210117001958803

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5639-18 28 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ტ------ ტ--–-----ი, ნ----ი მ----------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-------------------“

 

წარმომადგენელი - ც-------–-----

 

გასაჩივრებული განჩინება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „მ-------------------ს“ წარმომადგენელმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ტ------ ტ--–-----ისა და ნ----ი მ----------ის მიმართ სარჩელი აღძრა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 539 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

 

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ტ------ ტ--–-----სა და ნ----ი მ----------ს შპს „მ-------------------ს“ სასარგებლოდ 4539 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

 

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით ტ------ ტ--–-----მა და ნ----ი მ----------მა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 7 ივნისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შპს „მ---------------------“ სარჩელით მიმართა მოპასუხეების კ-------------–-----, ტ------ ტ--–-----ისა და ნ----ი მ----------ის მიმართ და 4539 ლარის დაკისრება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 1-46).

6. სასამართლოს მიერ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოსარჩელე მხარეს მოპასუხეებისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 36).

7. 2017 წლის 7 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა ც-------–-----მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ მოპასუხეებს რამდენჯერმე გაეგზავნათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ფაქტობრივ/იურიდიულ მისამართზე, თუმცა, კ-------------–-----ათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე არყოფნის გამო, და გზავნილის ჩაბარება პოლიციის მეშვეობით ან საჯაროდ გავრცელებით გზით მოითხოვა. რაც შეეხება მოპასუხე ტ------ ტ--–-----ს, მას გზავნილი, პირადად, 2017 წლის 20 ივნისს, ხოლო მოპასუხე ნ----ი მ----------ის გაგზავნილი გზავნილი მის მეუღლეს ი--------------- 2017 წლის 30 ივნისს ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 61-65).

8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „მ-------------------ს“ წარმომადგენლის ც-------–-----ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს საუბნო სამსახურს (უბნის ინსპექტორს) სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების) ჩაბარება მოპასუხე კ-------------–-----ათვის დაევალა (ტომი I, ს.ფ. 72-73).

9. 2017 წლის 11 აგვისტოს, შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, გზავნილი 2017 წლის 02 აგვისტოს მოპასუხის მამას ფ----–--------–---- ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 79).

10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში კ-------------–----- მიერ შესაგებელი წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 15 აგვისტოს, შესაგებლის წარდგენისთვის განკუთვნილი ვადის გასვლიდან ერთი დღის დაგვიანებით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, კ-------------–----- წარმომადგენლის, ო-----------------–----- მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილი შესაგებელი განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი I, ს.ფ. 80-111).

11. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დანარჩენი მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო იყო. შესაბამისად, 2017 წლის 3 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 80-117).

12. 2018 წლის 16 მაისს, მოპასუხეებმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს, 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. საჩივრის ავტორებმა საჩივარში მიუთითეს, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები არ ჩაბარებიათ პირადად მათ და არც მათ ოჯახის წევრებს. შესაბამისად, ვინაიდან, მათ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ ჩაბარდათ სარჩელი (თანდართული მასალები), შესაგებლის წარმოდგენა ვერ შეძლეს (ტომი I, ს.ფ. 131-134).

13. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ, ასევე, 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზებიც განემარტათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 232-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე ტ------ ტ--–-----ს პირადად ჩაბარდა გზავნილი 2017 წლის 20 ივნისს, ხოლო მოპასუხე ნ---- მ----------ისათვის გაგზავნილი გზავნილი 2017 წლის 30 ივნისს მის მეუღლეს, ი--------------- ჩაბარდა. აღნიშნული წესით ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილ ყველა დანაწესს აკმაყოფილებს, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა, უწყების თავად ადრესატის გარდა, შეტყობინების ჩაბარებად ოჯახის სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირისთვის ჩაბარებასაც ითვალისწინებს.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ტ----- ტ--–-----ს მიმდინარე საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, არაერთხელ ჰქონდა ჩაბარებული სასამართლო გზავნილი, მაგალითად, 2017 წლის 16 ივნისს ბოლნისის რაიონული სასამართლოს წერილობითი კორესპონდენცია მისამართზე, ჩ---–----–---–--------- მარნეული მის მეუღლეს ფ----–--------- ჩაბარდა, ასევე 2017 წლის 20 ივნისის წერილობითი კორესპონდენცია იმავე მისამართზე თავად ტ----- ტ--–-----ს ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 41-62). ასევე, 2017 წლის 15 ივნისს წერილობითი კორესპონდენცია, გაგზავნილი მისამართზე, სოფელი ჯ--------, მარნეული, მოპასუხე ნ----ი მ----------ს პირადად ჩაბარდა, ხოლო 2017 წლის 29 ივნისს ამავე მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია ნ----ი მ----------ის მეუღლე ი----------------- ჩაბარდა. შესაბამისად, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მხოლოდ აპელანტის ზეპირ მითითებას მასზედ, რომ მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს მხედველობაში ვერ მიიღებს. უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ კორესპონდენციის ხსენებული პირების მიერ ჩაბარების შემდგომ ისინი შესაბამის საპროცესო მოქმედებებს ახორციელებდნენ, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება (ტომი I, ს.ფ. 47) და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციაც იდენტურ მისამართებზე ჩაიბარეს (ტომი II, ს.ფ. 12-14).

 

14. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ, მოგვიანებით აღნიშნული საპროცესო ვადის გაშვების მიზეზად უწყების სათანადო წესით ჩაუბარებლობა დასახელდა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი, მართალია, იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა, აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. როდესაც მხარე სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენა და მისი გაშვების საპატიოდ ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ვინაიდან წერილობითი კორესპონდენციების ჩაბარება პალატის მიერ კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიჩნევის შესაძლებლობა გამოირიცხება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, თუ პროცესში მონაწილე მხარეებს სხდომის გადადების ან საპროცესო მოქმედებების შესასრულებელი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული მიზეზების არსებობისას, მაშინ საქმის დროული და ეფექტური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება, რაც უდავოდ დაარღვევს, როგორც მოსარჩელე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ასევე, ეჭვქვეშ დააყენებს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვის ვალდებულებას.

 

15. სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარდგენა არ მოხდება და აღნიშნული არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება ბოლნისის რაიონულ სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, არ არსებობდა.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ისინი იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას ამართლებდა, კერძოდ, 2017 წლის 18 იანვარს შპს „მ-------------------“ და მოპასუხეებს შორის სესხის ხელშეკრულება №L 536 დაიდო, რომლის საფუძველზეც, კ-------------–----- სახელზე 60 დღის ვადით სესხი 10 000 ლარის ოდენობით გაიცა. სესხიდან გამომდინარე სარგებელი 1 200 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 1.13. პუნქტით, მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა, ანუ 1200X3=3600 ლარი ერიცხებოდა. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ტ------ ტ--–-----მა და ნ----ი მ----------მა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მ-------------------ს“ წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სოლიდარულად იკისრეს. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების მაქსიმალური ოდენობა პირგასამტეხლოს ჩათვლით 14 800 ლარს შეადგენდა. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. მოპასუხეთა დავალიანება ხელშეკრულების საფუძველზე 4539 ლარს შეადგენდა, საიდანაც 2999 ლარი სესხის ძირითადი თანხა, სარგებელი - 340 ლარი, ხოლო დანარჩენი 1200 ლარი პირგასამტეხლოს წარმოადგენდა. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამსესხებელი მოპასუხეებისთვის აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვდა, რის სამართლებრივ საფუძველსაც მას სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 400-ე და 463-ე მუხლები აძლევდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობს.

 

17. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო დოკუმენტაცია ან/და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც პალატას საპროცესო ვადის გაშვების/შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ ცნობის ლეგიტიმურობაში დაარწმუნებდა, ვერ წარმოადგინა, აღნიშნულის მტკიცების ტვირთს კი კანონმდებელი მას აკისრებდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტებისს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 90 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე 55-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ტ------ ტ--–-----ისა და ნ----ი მ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე