განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
140100118002675148
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002675148

საქმე №1ბ/290-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე---------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: რუსეთის ფედერაცია, ქ--–-----------------------------------------------–------–------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: გორის რაიონის ს------–------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ლე---------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლე---------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გორის რაიონის ს------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ლე---------–--ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა დის - მა----------–--ის მიმართ. კერძოდ, ლე---------–--ემ საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას მა----------–--ეს ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მა----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლე---------–--ის მიერ, მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მი----–-------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლე---------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ლე---------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: 2018 წლის 06 სექტემბერს, შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინებების მიხედვით, დაზარალებულმა მა----------–--ემ დახმარების სათხოვნელად მიმართა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) და განმარტა, რომ გორის რაიონის ს------–------ში მასსა და მის ძმას შორის იყო მწვავე კონფლიქტი, ხოლო თავად იყო ნაცემი. შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში ამავე დღეს, დროის მოკლე მონაკვეთის გასვლის შემდეგ შპს „------------ სამედიცინო ცენტრიდან შესული იქნა მეორე შეტყობინება, სადაც განმცხადებელი უთითებდა, რომ საავადმყოფოში მივიდა მა----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ სცემა თავისმა ძმამ - ლე---------–--ემ. გარდა აღნიშნულისა, მა----------–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა მის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც მან დაადასტურა მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ოქმების სისწორე კი დაადასტურა ხელმოწერით. საქმეში არსებული არაერთი შეტყობინების ოქმიდან ასევე პირდაპირ და აშკარად დასტურდება, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ლე---------–--ის მხრიდან დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან და სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომელიც მისივე განმარტებით მიაყენა ძმამ - ლე---------–--ემ და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან ლე---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის თარიღს - 2018 წლის 05 სექტემბერს.

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ნათლად არის განმარტებული, რომ დაზარალებულის მიერ გაკეთებული შეტყობინება, სადაც იგი პირდაპირ ამხელს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით შეესაბამებიან დანაშაულის ჩადენის თარიღს; დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დაზარალებული პირდაპირ უთითებს თუ სად და რა ვითარებაში მაიყენა მას ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა - ნამდვილად წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. მათი ურთიერთშეჯერებით და საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში გაანალიზებით კი არაერთ ოჯახში ჩადენილ დანაშაულთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.

გასათვალისწინებელია, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს (უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება - N527აპ-17).

 

გამართლებულ ლე---------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნი----–--–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლე---------–--ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ლე---------–--ემ დის - მა----------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მა----------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მი----–------–--ის, თა----------–--ის, ლა–---------ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

დაზარალებულმა მა----------–--ემ და მოწმე მი----–------–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ძმის და შვილის - ლე---------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, ლე---------–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.

შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ისევე როგორც შეტყობინების ოქმებს, რომლითაც დაზარალებული აკეთებს განცხადებას სამართალდამცავ ორგანოებში ტელეფონის საშულებით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით /შეიცავს იმავე ინფორმაციას, რასაც გამოკითხვის ოქმი/ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვინაიდან აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად მა----------–--ეს, 2018 წლის 6 სექტემბერს, დაუდგინდა კისრის ზედაპირული ტრავმა. აღენიშნებოდა კისერზე ექსკორაცია (ნაჭდევი). ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვით მა----------–--ეს 2018 წლის 06 სექტემბერს, 14:25 საათზე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევი და დამწვრობა. სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაჭდევი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან მკვეთრად გამოხატული წახნაგოვანი კიდის მქონე მკვრივი საგნის სხეულის ზედაპირის გასწვრივ გადაადგილების შედეგად. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარიხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 05 სექტემბერს. მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული დამწვრობა განვითარებული უნდა იყოს რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს - 2018 წლის 02 სექტემბერს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების მიყენების ფაქტს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: ლა–---------ის და მა----------–--ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ლე---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ-----------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლე---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე