განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002676539
საქმე №1ბ/299-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შა--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ-------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
შა--------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი).
შა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
შა--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდი);
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 17 ივლისს, ქ. თბილისი ჟ-------------------ში, დაახლოებით 00:00 სთ-ზე შა--------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს მა---------------ს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მა---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შა--------------ი გამართლდა მასში, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - 2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი);
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის მხრიდან დედაზე - მა---------------ზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - 2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი).
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–----------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენში ცვლილების შეტანა და შა--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შა--------------ის მიერ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ამასთან, განაჩენი უსამართლოა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მა---------------მა რადიკალურად შეცვალა პირვანდელი პოზიცია, ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, მას არც მინიჭებული დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მანამდე გაცხადებული ფაქტები უარყვია. ასევე გასათვალისწინებელია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენცია“. კონვენცია განმარტავს, რომ ამგვარი დანაშაულის შემთხვევაში სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარ მტკიცებულებებს შორისაა მა---------------ის თავდაპირველი შეტყობინება, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას და რომელშიც დაზარალებული ცალსახად მიუთითებდა შვილის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაზე, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მხედველობაში არ მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას.
აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა შა--------------ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი და მისი პიროვნების შესახებ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ მსჯავრდებული ოჯახის წევრებისათვის მუდმივ საფრთხის წყაროს წარმოადგენს. მართალია, შა--------------მა ნაწილობრივ აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედება, თუმცა, მისი პირობითი მსჯავრის ქვეშ, თავისუფლებაში დატოვება აფუძნებს ხელახალ რეალურ საფრთხეს, რომ მსჯავრდებული კვლავ განახორციელებს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას. როგორც დაზარალებული თავდაპირველად აცხადებდა, აღნიშნული არ წარმოადგენდა მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის პირველ შემთხვევას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის მიერ განცხადებაში მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, ხოლო მსჯავრდებულის ქცევის ამგავრი მახასიათებელი იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა შესაძლოა მომავალშიც საკმარისი აღმოჩნდეს მსგავსი ქმედების ხელახლა ჩასადენად. დაზარალებული მსჯავრდებულის ოჯახის წევრია და არსებობს მასზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად სასამართლო მაქსიმალურად უნდა ეცადოს დამნაშავის დაზარალებულებისაგან დისტანცირებას. მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს და შ---- ს---------მა კვლავ განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრების მიმართ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას 2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ შვილის - მა---------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მა---------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ლი--------–-----ის, მა--------------–-----ის გამოკითხვის ოქმები და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შა--------------ის მიერ დედის მა---------------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი /2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი/, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შა--------------მა დედის - მა---------------ის მიმართ, განახორციელა ძალადობა, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მა---------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მა---------------ის და ვა--------------ის გამოკითხვის ოქმები, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი, მოწმეები: ემ--–---------ა და გი-------------–---ი.
დაზარალებულმა მა---------------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა შვილის - შა--------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო შ---- ს--------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში /2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდში/.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება შა--------------ის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, კერძოდ:
მოწმე მა---------------ის განმარტებით იგი 2018 წლის 15 სექტემბერს დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შეიტყო შა--------------ის დაკავების შესახებ, მას არ აქვს ინფორმაცია შა--------------ის მიერ მა---------------ზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ბრალდების მოწმეები: მა---------------ი და პოლიციის თანამშრომელი ვა--------------ე, რომელმაც მიიღო შეტყობინება შა--------------ის ადგილმდებარეობის შესახებ, არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, ისევე როგორც პოლიციის თანამშრომლები: გი-------------–---ი და ემ--–---------ა, რომლებიც მხოლოდ ბრალდებულის დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ინფორმაცია არ გააჩნიათ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს /იმ დროს მოქმედი/ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმს და მასში ასახულ დაზარალებულ მა---------------ის განცხადებას, ვინაიდან დათვალიერება ზოგადად ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით.
არ შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებით ისეთი გარემოების მტკიცება, რაც მისი ბუნებიდან და შინაარსიდან არ გამომდინარეობს. საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ძალიან ჰგავს საგამოძიებო ექსპერიმენტს (მიღებული ინფორმაციის შემოწმება) თუმცა არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება/განმარტება, ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
აპელანტი ასევე მიუთითებს დაზარალებულის თავდაპირველ შეტყობინებაზე, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი ფაქტობრივად წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მან უარი განაცხადა მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შა--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა შა--------------ის მიერ დედის - მა---------------ის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ შა--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც პალატის აზრით, მისთვის დამაფიქრებელი იქნება.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
შა--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი).
შა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ შა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ შა--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შა--------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი კომპიუტერული დისკები, დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო დათვალიერების დროს ამოღებული ფილის ნატეხი, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე