განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002702652
საქმე №3ბ/99-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,გ------------“
დირექტორი - ლ-–- ფ----–------ე;
წარმომადგენელი - ტ------– კ------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ----------–----;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება შპს „გ------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,გ------------ს“ სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით (2014 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით), პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი:1500.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,გ------------ს“ სახელზე (ს.ფ 25).
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 4481.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------; 8-----------; 8-----------; 8-----------;8-----------. 8-----------; სხვა ფართი;2 (ორი) ერთეული შენობა ნაგებობა, №--სათბური; საერთო ფართი-1500 კვ.მეტრი, №2 - ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-1500 კვ.მეტრი, №2 ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-244,20 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,გ------------ს“ სახელზე (ს.ფ 23).
4.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით (2014 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით), სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ მეტრი, შენობა - ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 394,24 სხვა ფართი: შენობა - ნაგებობა, შიდა ფართობი- 376.96 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,გ------------ს’’ სახელზე (ს.ფ 24).
4.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში ,,საჯარო რეესტრი’’), საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილების შესაბამისად, განახორციელოს დანართ №--–- მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, ს----. დ---- ლ--–--, არასას----ლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ 21-22).
4.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–-- (9982 კვ.მეტრი) არასას----ლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №8--------------- გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, ფართი-9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 9982.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ 26; 28).
4.6. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–-- (3520 კვ.მეტრი) არასას----ლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, ფართი-3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით) დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 3520.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. (ს.ფ 27; 29).
4.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, შპს ,,გ-----------მა’’ N3------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანებით, შპს ,,გ------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 18-20; 35-37).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა. განმარტა, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ კერძო საკუთრებისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2018 წლის 15 თებერვალს გამოეცა №------- ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილების შესაბამისად, განხორციელებულიყო დანართ №--–- მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, ს----. დ---- ლ--–--, არასას----ლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 15 თებერვლამდე, სადავო მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულად, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს ,,გ------------ს’’ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.
საქმის განმხილველმა სასამართლომ, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის აგვისტოს №------- ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილში, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილი, 185-ე მუხლი, 201-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითა, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6. შპს ,,გ------------ს“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.
6.1. შპს ,,გ------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოიყენა და რიგ შემთხვევაში არასწორად განმარტა იგი.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩლესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მიუთითებს, რომ არა მარტო მოსარჩლეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები, მითუფრო, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სადაო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მას აქვს საჯარო - სამართლებრივი ვადებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვა წარიმართა სწორედ ამ პრინციპის უგულებელყოფით.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებების - როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანების მიღების პროცესში, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მეტიც, გადაწყვეტილებები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. აპელანტი მიიჩნევს, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, სადაო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „გ------------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი. არ გაითვალისწინა, რომ სადაო აქტები მომზადებული და გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ტენდენციურად, მოქმედი სამართლის ნორმების უხეში უგულებელყოფით რის შედეგადაც იზღუდება მხარის კანონიერი უფლება და ინტერესი.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის ის პოზიცია, რომ გასაჩივრებული უკანონო ადმინისტრაციული აქტები არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მათ კანონიერ უფლებას, ინტერსს და უკანონოდ არ ზღუდავს მას, რასაც არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის ავტორი და მიუთითებს, რომ აღნიშნული აქტების საფუძველზე შპს „გ------------ს“ ქონება, კერძოდ სხავადასხვა ძვირადღირებული ხე მცენარეები, ნარგავები, საკომუნიკაციო თუ სხვა ნაგებობები მოქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ შესაძლოა მოექცეს სხვა პირის საკუთრებაში, რასაც მძიმე სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის - სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ დავაში სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება (უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება (შპს „გ------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე). სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს გასაჩივრებული აქტების კანონიერება და განმარტოს, რა პირობების დაცვით აქვს სახელმწიფოს უფლება, მოითხოვოს თავის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი:1500.00 კვ.მეტრი, ასევე ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 4481.00 კვ.მეტრი და ქ.თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,გ------------ს’’ სახელზე.
სადავო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანების საფუძველზე, შპს ,,გ------------ს’’ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--) საკადასტრო კოდით N8-----------, დაზუსტებული ფართით - 9982 კვ.მ და უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ს------–ი დ---- ლ--–--) საკადასტრო კოდით N8-----------, დაზუსტებული ფართით - 3520.00 კვ.მ. აღრიცხულია სახელმწიფო სახელზე. ზემოაღნიშნული რეგისტრაციები, დავის საგანს წარმოადგენს სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით დგინდება, რომ იხილება სააპელაციო წესით.
განსახილველ შემთხვევაში ერთ - ერთ სადავო აქტს წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნული რეგისტრაციების საფუძველი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განახორციელოს დანართ №--–- მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, ს----. დ---- ლ--–--, არასას----ლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ. მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. ამავე წესის მესამე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სააგენტო ახორციელებს სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ სადავო აქტით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს ქ. თბილისში, ს----. დ---- ლ--–--, არასას----ლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასას----ლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ N233 დადგენილება და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტის მიღების საფუძვლად გამოყენებულ თითოეულ სამართლებრივ ნორმაზე და განმარტავს:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები რეგისტრაციისათვის ატარებენ ფორმალურ ხასიათს, განსაზღვრავენ რა ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებს რეგისტრაციის შესახებ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების მიღების ერთ - ერთ საფუძვლად ასევე მითითებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასას----ლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ N233 დადგენილება, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი მუხლი ან პუნქტი იქნა გამოყენებული აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა სხვა პირთა კერძო საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწებისა, ასევე ითვალისწინებს დადგენილ პრაქტიკას, რომ თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთარებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება არსებული ფაქტის ფიქსაცია, თუმცა პალატა არაარგუმენტირებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის უფლებების ნაწილში, კერძოდ იმ საკითხზე, რომ ვინაიდან, საჯარო რეესტრში არ არსებობდა შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, წარმოდგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს ,,გ------------ს’’ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა, აღნიშნულით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხევვაში ადგილი არ ჰქონია.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყო მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა აქტის უფრო მაღალი ხარისხით დასაბუთების ვალდებულება, რამდენადაც, როგორც ამ აქტის ადრესატისათვის, ასევე სასამართლოსათვის შესაძლებელი უნდა იყოს იმ საფუძვლების შემოწმება, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ესა თუ ის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სადავო აქტში მითითებულია მხოლოდ ფორმალური საფუძვლები.
7.4. მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ შპს „გ------------ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის მოქცეულ, მომიჯნავე, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ მოწყობილია შიდა გზები და განთავსებულია ყვავილები, ხე მცენარეები, ნარგავები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები, ასევე შემოფარგლულია ერთიანი ღობით. ასევე სადავო არ არის და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა, უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო კვლევას. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინეტერესებული პირისათვის ადმინისტაციული წარმოების შესახებ (სზაკ 95.2 მუხლი).
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს ვალდებული იყო ჩაერთო ის მესამე პირი/ები, ვისი ინტერესიც იქნებოდა გამოკვეთილი კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა განმარტებებით კი ცალახაა, რომ არსებობდა მესამე პირის, კერძოდ, შპს „გ------------ს“ საკუთრებითი ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „გ------------ს“ დირექტორის იმ განმარტებაზე, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქ. თბილისი, ს----. დ---- ლ--–--ში (ს/კ 8-----------; 8-----------) მდებარე მიწის ნაკვეთებზე WGS_1984_UTM კოორდინატების აღება და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, მისი წინააღმდეგობიდან გამომდინარე განხორციელდა ტერიტორიაზე შესვლის გარეშე, კერძოდ აეროფოტოდან, რამაც გამოიწვია ცდომილება. მხარის განმარტებით, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება და არ არის ინდენტური რეალური მდგომარეობისა. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის გაწევამ გამოიწვია მისი დაჯარიმება. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, მხარის განმარტებაზე და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ რადგან საჯარო რეესტრში არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ინტერესის შესახებ ინფორმაციის ფლობასა და ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი მისი ჩართვის აუცლებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად მისული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი გვარად ხ----------ე შპს „გ-----------მა“ არ შეუშვა ტერიტორიაზე, რასაც მომავალში მოყვა რამდენიმე შეხვედრა მასთან და ამდენად, სააგენტოსათვის ცალსახა იყო კომპანიის სამართლებრივი დაინტერესება სადავო მიწის ნაკვეთისადმი. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად სააგენტოს წარმომადგენელმაც.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, ამ სამართლებრივ საფუძველს სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეიჭრას ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზანშეწონილობაში; სასამართლო მხოლოდ ამოწმებს იმას, რამდენად განხორციელდა ეს უფლებამოსილება იმ მიზნით, რისთვისაც მინიჭებული აქვს იგი ადმინისტრაციულ ორგანოს და ხომ არ გასცდა იგი ამ უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის თავიდან განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პრინციპებით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს რეალურად, მასში მითითებული გარემოებების და სასამართლოს დავალებების შესაბამისად და არა ფორმალურად.
7.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ სადავოდ გამხდარ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანებაზე, რომლითაც შპს „გ-----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, აღნიშნულის ფარგლებში კი მოწმდება როგორც აქტის კანონიერება, ასევე მიზანშეწონილობა განსხვავებით სასარჩელო წარმოებით საკითხის გადაწყვეტისა, სადაც სასამართლო მხოლოდ აქტის კანონიერებას აფასებს.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება შპს „გ------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „გ------------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „გ------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი აქტი. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება შპს „გ------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება შპს „გ------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანაბარწილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „გ------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „გ------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1------ ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი აქტი.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება შპს „გ------------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
6. შპს „გ------------ს“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარის ანაზღაურება დაეკისროთ თანაბარწილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შპს „გ------------ს“ სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -