განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2019
საქმის ნომერი
330310018002398289
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002398289 (3ბ/2455-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა-----------------

 

მესამე პირი - ს----------–--------–-----------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, საოქმო განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება ა-----------------ს სახელზე გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----------------ს სახელზე სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ 2001 წლის 6 ნოემბერს გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა მოსარჩელე ა-----------------ს სასარგებლოდ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის 13,80 ლარის ანაზღაურება.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1----–-–------------ დადგენილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ს----------–--------–-----------ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1----–-–--------–--ს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად (1999 წლის 14 მაისის ს------------ ოქმი) უფლება მიეცა ს----------–--------–-----------ას დაეწყო ფუნქციონირება ქ. თბილისში. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2000 წლის 4 მაისს სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეგისტრაციის N---).

 

2.2. ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ 2001 წლის 6 ნოემბერს ა-----------------ს მიეცა დიპლომი N------, მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია. დიპლომის ს------------–--------.

 

2.3. 2018 წლის 9 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ა-----------------მ და მოითხოვა მის სახელზე ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის №M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------------ს უარი ეთქვა სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის №----------------- გადაწყვეტილება, ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ა-----------------მ, რომელმაც მოითხოვა მის სახელზე გაცემული ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული №------ დიპლომის ნამდვილობის აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების 2018 წლის 30 მარტის №----------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (1997 წლის რედაქცია) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო; აღნიშნული კანონი მიღებულია 1999 წლის 14 მაისის N1966–IIს კანონით და ამოქმედდა 1999 წლის 1 ივლისიდან. საქმის მასალებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1----–-–------------ დადგენილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ს----------–--------–-----------ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1----–-–--------–--ს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად (1999 წლის 14 მაისის ს------------ ოქმი) უფლება მიეცა ს----------–--------–-----------ას დაეწყო ფუნქციონირება ქ. თბილისში. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2000 წლის 4 მაისს, სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეგისტრაციის N---). საქმეში დაცულია ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 0--------- წ. რეზოლუცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 0--------- წ. წერილი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ამავე პერიოდის მიმოწერა, რომლებშიც ასახულია ს---–------------ს შექმნის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე მოსაზრებები (ს.ფ. 149-156). საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ პერიოდში - 2001 წლის 6 ნოემბერს ა-----------------ს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ მიეცა დიპლომი სსა N------, მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა ს----------–--------–-----------ის კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია. დიპლომის ს------------–--------.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი - პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მოპასუხე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯს არ გააჩნდა უფლებამოსილება ლიცენზიის მიღებამდე განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა და ამ პერიოდში განხორციელებულ საგანმანთლებლო საქმიანობის დასადასტურებლად გაეცა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ა-----------------ს სახელზე გაცემულ სსა N------ დიპლომში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი განხორციელებულია სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯის მიერ ლიცენზირების პროცედურების მიმდინარეობისას, ხოლო ნაწილი დასრულდა უკვე საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირების პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიზნიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა მოსარჩელისათვის საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა-----------------ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, საქალაქო სასამართლომ კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მოსარჩელე ა-----------------ს სახელზე გაცემულ დიპლომს აქვს ყველა საჭირო რეკვიზიტი, სარეგისტრაციო ნომერი და უნიკალური სერია და ნომერი. ამასთან, აღნიშნული დიპლომი გაცემულია საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირების შემდეგ პერიოდში. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-----------------ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება ა-----------------ს სახელზე 2001 წლის 6 ნოემბერს გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----------------ს სახელზე გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ 4.2. პუნქტით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ 2001 წლის 06 ნოემბერს ა-----------------ს მიეცა დიპლომი N------ მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია (დიპლომის ს------------–--------). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ მხოლოდ 2----–-–----------- გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის №-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---) სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ა-----------------ს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვის პერიოდში სს ს----------–--------–-----------ა არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სს ს----------–--------–-----------ის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებული იყო 2000 წლის 04 მაისიდან: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-----------------ს (რომელიც განმცხადებლის ინფორმაციით, 2000 წლის 04 მაისამდე ჩაირიცხა აღნიშნულ დაწესებულებაში) მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის (სს ს----------–--------–-----------ა) მიერ, ა-----------------ს სახელზე გაცემული, საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ და, აღნიშნული დიპლომის საფუძველზე, მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. აპელანტის განმარტებით, იმდენად, რამდენადაც ,,წესით’’ იმპერატიულად დადგენილია ის კუმულაციური წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის’’ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას, აღნიშნული კი, გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად არის დარღვეული „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა მოსარჩელის სახელზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ისე იყენებს აღნიშნულ ნორმას, რომ არ ასაბუთებს ცენტრმა მატერიალური სამართლის რომელი ნორმა, ან/და აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერების რომელი მოთხოვნა დაარღვია. გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნორმის მხოლოდ ფორმალური გამოყენება ვერ მიიჩნევა დასაბუთებად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანს სწორედაც, რომ აქტის გამოცემის მატერიალური და ფორმალური კანონიერების შეფასება უნდა წარმოადგენდეს. ცენტრმა სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

3.4. აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ"). აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1.1 მუხლისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ცენტრს. ცენტრის არსებობის მიზანზე მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომელზეც თავად სასამართლო ამახვილებს ყურადღებას თავის გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ცენტრი, რომლის შესასრულებლადაც ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, იგი ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირთა მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა შემდგომ თავისი გადაწყვეტილებით უგულებელყო ზემოთხსენებული აქტებით განსაზღვრული ცენტრის არსებობის მიზნები და ამოცანები, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება არ ეფუძნება არც ხსენებულ ნორმებსა და არც მათი სწორი ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულებელყოფის ტოლფასია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს "განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა (1997 წლის რედაქცია) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე’’, როგორც მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედ ერთ-ერთ სახელმძღვანელო დოკუმენტზე. სწორედ წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა მოსარჩელის სახელზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამასთან, სასამართლო ვერც მოცემულ შემთხვევაში ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რამდენად კანონიერად გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი სს ს----------–--------–-----------ამ. აღნიშნულის შესაბამისად, ს.ს. ს----------–--------–-----------აში ა-----------------ს სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული საშუალო პროფესიული განათლება (მათ შორის, 2001 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და მის სახელზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“ აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

3.6. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული აქტი სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს არ აქვს განმარტებული, თუ რა სამართლებრივი საფუძველი გახდა ცენტრის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად დაუსაბუთებელია, უხეშად არის დარღვეული აღნიშნული საერთაშორისო აქტები და კონსტიტუციის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კერძოდ, ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ცენტრმა აქტის გამოცემისას ასევე იხელმძღვანელა წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი -დიპლომი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, sაქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. თუმცაღა, სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი მსჯელობა ეფუძნება ზემოხსენებულ ნორმათა არასწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია.

 

3.7. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ 4.2. პუნქტით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ 2001 წლის 06 ნოემბერს ა-----------------ს მიეცა დიპლომი N------ მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია (დიპლომის ს------------–--------). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ მხოლოდ 2----–-–----------- გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის №-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---) სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ა-----------------ს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვის პერიოდში სს ს----------–--------–-----------ა არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა. "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სს ს----------–--------–-----------ის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებული იყო 2000 წლის 04 მაისიდან: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი; აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-----------------ს (რომელიც განმცხადებლის ინფორმაციით 2000 წლის 04 მაისამდე ჩაირიცხა აღნიშნულ დაწესებულებაში) მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის (სს ს----------–--------–-----------ა) მიერ, ა-----------------ს სახელზე გაცემული, საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ და, აღნიშნული დიპლომის საფუძველზე, მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. იმდენად, რამდენადაც ,,წესით" იმპერატიულად დადგენილია ის კუმულაციური წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

3.8. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების მცდელობისას არასწორად მიუთითებს განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-3 პუნქტზე (1997 წლის რედაქცია), ვინაიდან ცენტრი თვლის, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგანმანათლებლო საქმიანობის უფლებამოსილების განხორციელება რეგულირებულები იყო სხვა კანონმდებლობით და არა ზემოხსენებული ნორმით, რომლითაც განმტკიცებულია საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი. აღნიშნული ნორმის გამოყენება, სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა რელევანტური, რაც სს ს----------–--------–-----------აზე 2----–-–----------- გაიცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1991 წლის 14 ივნისს „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი კერძო პირების მიერ განათლების სფეროში მოგების მიღებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებისათვის. აღნიშნულის შესაბამისად კი, დაშვებული იქნა ფასიანი სწავლება და კერძო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფასიანი სასწავლებლების დაარსების, სასწავლებლის წესდებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სწავლების განხორციელების, აგრეთვე კურსდამთავრებულზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება განმტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“. აღნიშნული დებულების პირველი და მე-2 პუნქტებით იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნება დაერთოთ დაეარსებინათ ფასიანი სასწავლებლები სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ფასიანი სასწავლებლის რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო. „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სასწავლო დაწესებულებების შექმნა, აკრძალული იყო „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე“. ამასთან, 1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2----–-–----------- სს ს----------–--------–-----------აზე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზიის გაცემის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო თავისივე მსჯელობისას მოდის წინააღმდეგობაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ცალსახად უარყო ის გარემოება, რომ 2000 წლის 04 მაისამდე სს ს----------–--------–-----------ას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა, გადაწყვეტილების დასაბუთება კი კანონის არასწორად განმარტებასთან ერთად დააყრდნო პირის კანონიერ ნდობას დიპლომის მიმართ. ცენტრის პოზიციით, ამგვარი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილება უდავოდ ექვემდებარება გაუქმებას. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი იმიტომაც ექვემდებარება დადასტურებას, რომ მოსარჩელე ა----------------- ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას, მოცემულ შემთხვევაში ს. ს. ს----------–--------–-----------ის კოლეჯის (ს.ს. ს----------–--------–-----------ა) მიერ, გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე. ამგვარი განმარტების შედეგად, სასამართლო მსჯელობა უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სადავო საკითხი, კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.

 

3.9. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ცენტრმა იმსჯელა საშუალო პროფესიული განათლების ს---------- №------ დიპლომის მიმართ ა-----------------ს კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ა-----------------მ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ა-----------------ს მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ლიცენზირების გარეშე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.

 

3.10. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის Nბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და არ ეხმიანება კანონიერი ნდობის კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. აპელანტის მოსაზრებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ამ ნორმის გამოყენებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცუიული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო აქტის ბათილად ცნობის დროს აფასებს მის მატერიალურ და ფორმალურ კანონირებას და თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო ან დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.7 მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით. ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----------------ს მიერ მიღებული განათლების შედეგად დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

 

3.11. აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებული და არარელევანტურია სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებულ განათლების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ცენტრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მით უფრო, დიპლომის ნამდვილობის დადასტურების პროცედურის განხორციელებისას, ვერ იქნება სახეზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ცხადია, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით და ეს მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის განმარტებისას, მხედველობაშია მისაღები მისი მე-2 და მე-4 პუნქტები, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ). აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში. ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელესთვის განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინსიტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები არემედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლო, ასევე უთითებს კონსტიტუციის მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესებამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშრისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით.

 

3.12. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ასევე აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. აპელანტი მიუთითებს, რომ ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, რეალურად, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ სამართალწარმოების ფარგლებში, არ დაკმაყოფილდა ცენტრის შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე. კერძოდ, ცენტრის არგუმენტირებული პოზიცია მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით აგრეთვე გათვალისწინებულია მოსამართლის აცილების საფუძვლად სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. აპელანტის განმარტებით, იმის გარდა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ა----------------- შეიძლება არ წარმოადგენდა მოსამართლის ახლო ნათესავს ან სხვა ისეთ პირს, ვისთანაც იგი იმყოფებოდა ახლო ურთიერთობაში, ცენტრისთვის არსებობს სხვა ისეთი საფუძვლიანი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს საქმის განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობაში. ცენტრის მიერ განხილული იქნა ნ------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე მისი განცხადება და ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული იქნა უარის თქმის გადაწყვეტილება, რადგანაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა მისი კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობა. ცენტრის აღნიშნული გადაწყვეტილება ნ------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. მოსამართლე ნ------------ესთან უკვე არსებული პირადი დავიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ მისი, როგორც მოსამართლის მხრიდან ხორციელდება დისკრიმინაციული, სუბიექტური და ტენდენციური გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის მონაწილეობით მის წარმოებაში არსებული დავების მიმართ. აპელანტის განამრტებით, მოსამართლე ნ------------ე, მას შემდეგ, რაც იგი წარმოადგენდა თავად მოსარჩელეს ცენტრის წინააღმდეგ, ახლა უკვე მოსამართლის ამპლუიდან ცდილობს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ემსახურება არამხოლოდ მხარის დისკრედიტაციას, არამედ ხელს უწყობს ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც მიმართულია მთლიანად განათლების სისტემის დაკნინებისა და სახელმწიფოში ნორმალური საგანმანათლებლო რეჟიმის ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. აღნიშნულს ცხადყოფს მის მიერ მიღებული კონკრეტული მიკერძოებული გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეთა გამო: საქმის N---------------------. ამასთან, N--------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცენტრის სააპელაციო საჩივარი და განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში მიღებულ განათლებად.

 

3.13. აპელანტის განმარტებით, მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების, დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების მიზნებს. შესაბამისად, ყველას, ვისაც გაუჩნდება ამგვარი საფუძვლიანი ეჭვი, უფლება აქვს ისარგებლოს მისი უფლებების დაცვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების ინსტიტუტით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი რისკები სუბიექტური/მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთან, ასევე, სახეზე გვაქვს N--------- გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო ცალსახად ამართლებს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვება) და მას უკავშირებს კანონიერ ნდობას. ცენტრი აღნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის მიმართ არსებობს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გამორიცხულია კანონიერი ნდობა პირის მიერ უკანონოდ განხორციელებული ქმედების მიმართ. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ერთი ზემოხსენებული მოსამართლის ნ------------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე სასამართლოს პრაქტიკას. სწორედ ამიტომ ცენტრს მიაჩნია, რომ აცილების შუამდგომლობა მოსამართლის ნ------------ის მიმართ დასაბუთებულია, ვინაიდან ნამდვილად არსებობს მისი მხრიდან სუბიექტური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ცენტრის მიმართ არსებულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საქმეში არ არსებობდა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოსამართლეს ჩამოყალიბებოდა იმგვარი შინაგანი რწმენა, რაც განაპირობებდა სარჩელის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება N--------- საქმეს, მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის აშკარა სუბიექტური და ტენდენციური მიზნებიდან გამომდინარე გაჭიანურების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე რამდენიმე სხდომის განმავლობაში არ/ვერ ასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნას ცენტრის წინააღმდეგ, ვერ ადასტურებდა ცენტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე რამდენიმე სხდომის განმავლობაში არ ცვლიდა არასწორად ჩამოყალიბებულ დავის საგანს (აღიარებით სარჩელს). მოცემულ საქმეში სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და მოქმედებდა ცენტრის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფარგლებში, სადაც არ ხდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის გათვალისწინება და მოსარჩელის მიმართ რეკომენდაცია/კონსულტაციების გაწევის მიზნით უსასრულოდ ჭიანურდებოდა პროცესი. აღნიშნულის თვალსაჩინოებისთვის ცენტრის წარმომადგენლის თხოვნაზე, დასაბუთებულიყო, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ასე უსასრულოდ საქმეზე მოსამზადებელი სხდომების გადადება, მოსამართლის განმარტებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ცენტრის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რადგანაც მისი მხრიდან განიმარტა, რომ მისი მიზანი იყო შესაბამისი მოპასუხე განესაზღვრა აღნიშნულ დავაში, ე.ი. მოსამართლე ცდილობდა საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც აღნიშნულ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს, არ არსებობდა მის მიმართ მოთხოვნა და არ არსებობდა მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთი ორგანო არ შეიძლებოდა ჩაბმული ყოფილიყო არათუ მოპასუხედ, არამედ არც თანამოპასუხედ, მაშინ, როდესაც არ არსებობს როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობები. ცენტრს მიაჩნია, რომ სახეზე იყო იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რაც იწვევდა მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვს, შესაბამისად, არსებობდა შუამდგომლობის დაკმყოფილების საფუძვლები. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ხოლო, ზემოხსენებული სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, მოცემულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ცენტრი ასაჩივრებს საქმის განმხილველი მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ 2018 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებას და მიიჩნევს, რომ სახეზე იყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის №3/2313-18 გადაწყვეტილების გაუქმებას ა-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ა-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1----–-–------------ დადგენილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ს----------–--------–-----------ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1----–-–--------–--ს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად (1999 წლის 14 მაისის ს------------ ოქმი) უფლება მიეცა ს----------–--------–-----------ას დაეწყო ფუნქციონირება ქ. თბილისში. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2000 წლის 4 მაისს სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეგისტრაციის N---).

 

4.3. ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ 2001 წლის 6 ნოემბერს ა-----------------ს მიეცა დიპლომი N------, მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია. დიპლომის ს------------–--------.

 

4.4. 2018 წლის 9 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ა-----------------მ და მოითხოვა მის სახელზე ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული სსა №------ დიპლომის ნამდვილობის აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის №M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------------ს უარი ეთქვა სსა №------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

4.10. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 9 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ა-----------------მ, რომელმაც მოითხოვა მის სახელზე გაცემული ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული №------ დიპლომის ნამდვილობის აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების 2018 წლის 30 მარტის №----------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა-----------------ს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

4.11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (1997 წლის რედაქცია) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა - საქართველოს განათლების სამინისტრო; აღნიშნული კანონი მიღებულია 1999 წლის 14 მაისის N1966–IIს კანონით და ამოქმედდა 1999 წლის 1 ივლისიდან. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1----–-–------------ დადგენილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ს----------–--------–-----------ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1----–-–--------–--ს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად (1999 წლის 14 მაისის ს------------ ოქმი) უფლება მიეცა ს----------–--------–-----------ას დაეწყო ფუნქციონირება ქ. თბილისში. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2000 წლის 4 მაისს, სააქციო საზოგადოება ს----------–--------–-----------აზე გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეგისტრაციის N---). საქმეში დაცულია ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 0--------- წ. რეზოლუცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 0--------- წ. წერილი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ამავე პერიოდის მიმოწერა, რომლებშიც ასახულია ს---–------------ს შექმნის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე მოსაზრებები. სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ პერიოდში - 2001 წლის 6 ნოემბერს ა-----------------ს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ მიეცა დიპლომი სსა N------, მასზედ, რომ მან 2001 წელს დაამთავრა ს----------–--------–-----------ის კოლეჯის სრული კურსი სპეციალობით ს---–-------ე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------- თ--------------------ს მიენიჭა ს---–-------ის სპეციალისტის კვალიფიკაცია. დიპლომის ს------------–--------.

 

4.13. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი - პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მოპასუხე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯს არ გააჩნდა უფლებამოსილება ლიცენზიის მიღებამდე განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა და ამ პერიოდში განხორციელებულ საგანმანთლებლო საქმიანობის დასადასტურებლად გაეცა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ის გარემოება, რომ ა-----------------ს სახელზე გაცემულ სსა N------ დიპლომში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი განხორციელებულია სს ,,ს----------–--------–-----------ის’’ კოლეჯის მიერ ლიცენზირების პროცედურების მიმდინარეობისას, ხოლო ნაწილი დასრულდა უკვე საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირების პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიზნიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა მოსარჩელისათვის საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით.

 

4.14. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა-----------------ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, საქალაქო სასამართლომ კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად სწორად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მოსარჩელე ა-----------------ს სახელზე გაცემულ დიპლომს აქვს ყველა საჭირო რეკვიზიტი, სარეგისტრაციო ნომერი და უნიკალური სერია და ნომერი. ამასთან, აღნიშნული დიპლომი გაცემულია საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირების შემდეგ პერიოდში. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სს ს----------–--------–-----------ის კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

4.15. აპელანტი ასევე სადავოდ ხდის და ასაჩივრებს მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველი საქმიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ნ------------ის აცილების რაიმე საფუძველი. ამასთან, საქმის მასალებით არანაირად არ დგინდება, რომ მოსამართლე ნ------------ე რაიმე ფორმით პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული საქმის შედეგით ან არსებობს სხვა რაიმე სახის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა საქმიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ნ------------ის აცილების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე