განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
330100118002304455
ინსტანცია
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-1334-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - თ--------–---–---–ის, გ-------–---–------ის,ადვოკატების - ს------------------ის, გ--------------ის,მსჯავრდებულების-მ-----–-------------ს და თ---------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----–-------------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის, ასევე მსჯავრდებულ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----–-------–------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ--------------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

თ----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–-----–-------–--------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

 

მ-----–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მ-----–-----------ვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

 

თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

თ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

მ-----–-------------ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

თ---------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინაა’ღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით საბოლოოდ განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნულის შემდეგ თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 2 ივლისს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით თ---------------–---–ზე გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 9 აგვისტოდან. თ---------------–---–ი სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 8 აგვისტოს.

 

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა თ---------------–---–მა 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, მ-----–-----------ვთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–-------------------------------------------- და ჯგუფურად, ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ კალიბრის „MAKAROV“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ლ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას 10 816,6 ლარის ოდენობით, ს--–-----------ის კუთვნილ „ი------------------ს“ ფირმის მზის სათვალეს და ნაჭრის ტომარას, მასში არსებული სამაჯურით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზემოაღნიშნულმა პირებმა ლ------------------------–------------ს მიაყენეს 10 867,1 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ-----–-------------ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------ემ, ასევე მსჯავრდებულმა თ---------------–---–მა. აპელანტები ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემას.

 

მ-----–-------------სა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულებს არ ჰქონიათ ყაჩაღური თავდასხმის მიზანი. მათ განზრახული ქონდათ ქურდობის ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიზარდა ძარცვაში. მათი მხრიდან იარაღის დემონსტრირება მოხდა მხოლოდ თავდაპირველად, დაბნეულობისა და მოულოდნელობის ფონზე, როდესაც დაზარალებულებს გაეღვიძათ. ამის შემდეგ იარაღის დემონსტრირებით თანხის მოთხოვნას და ძალადობის გამოყენების მუქარას ადგილი არ ქონია. მას შემდეგ, რაც ლ-------------ეს და მის მეუღლეს გაეღვიძათ, ისინი დაზარალებულების ბინაში იმყოფებოდნენ დაახლოებით ერთი საათი და საუბრობდნენ. ყაჩაღური თავდასხმა კი, რომელსაც თან ახლავს ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა, შეუძლებელია გაგრძელდეს ერთი საათის განმავლობაში. ლ-------------ემ შესთავაზა მათ, დაეტოვებინათ მისი საცხოვრებელი ბინა და სანაცვლოდ თავისი ნებით გადასცა ფულადი თანხა. მ-----–------------- ასევე სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულები ზუსტად ვერ უთითებენ, თუ რა ოდენობის ფუნტი სტრელინგის და დოლარის კუპიურები გადასცეს მათ. როგორც შემდეგ თ---------------–---–თან ერთად აღმოაჩინა, მათ მიერ დაუფლებული იქნა 8 422,962 ლარი.

 

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტი ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მათი მხრიდან დაზარალებულების ბინაში იარაღის დემონსტრირების მიზანი არ ყოფილა მუქარის და ძალადობის გამოყენებით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთებს. ასეთი მიზნის არსებობის შემთხვევაში ისინი პირდაპირ მოითხოვდნენ ფულს და არ დაიწყებდნენ საუბარს სხვა თემებზე. დაზარალებულმა თავისი ინიციატივით შესთავაზა მათ ფულადი თანხა და რაც მოიტანა, ის წაიღეს, სხვა თანხა არ მოუთხოვიათ. ასევე არ წაუღიათ დაზარალებულის ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები. ისინი ბინაში იმყოფებოდნენ დაახლოებით ერთი სააათი, ქონდათ დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება, თუმცა ვინაიდან არ გააჩნდათ ყაჩაღობის ჩადენის მიზანი, ამ მხრივ არც არაფერი მოუმოქმედებიათ. აპელანტი ასევე არ ეთანხმება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალფიცირებელ გარემოებებს, როგორიცაა ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის. თ--------------–---–ის განმარტებით, ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი და მ-----–-------------ს მიერ დაუფლებული თანხის ოდენობას. რაც შეეხება არაერთგზისობას, მის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩადენილი და გამოძიებულია არა საქართველოს, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე და იგი არ ქმნის განსახილველი დანაშაულის არაერთგზის ჩადენის შემადგენლობას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თ---------------–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და გამოთქვამს მზადყოფნას, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარე დაეთანხმა სააპელაციო საჩივრებს და ითხოვა მ-----–-------------სა და თ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-------------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თ---–--–----------------------------------------ში. 2018 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, დილის 4:30-5:00 საათისთვის გააღვიძა ხმაურმა. კერძოდ, გაიგონა სიტყვა „სტავაი“. გაღვიძებისას ორი მისთვის უცნობი ადამიანი (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მ-----–------------- და თ---------------–---–ი) თვალებზე ფარანს ანათებდნენ, ასევე ერთ-ერთი იარაღით ემუქრებოდა. ერთ თავდამსხმელს ეცვა შავი „დუტის“ ქურთუკი და ეკეთა ხელთათმანი, მეორეს კი (შედარებით დაბალს) - ეჭირა იარაღი, რომელიც მიამსგავსა „მაკაროვიის“ მოდელის პისტოლეტს. თავდამსხმელების ხმა ოჯახის სხვა წევრებს არ გაუგონიათ. იგი (ლ-------------ე) წამოდგა და იმ ორ ადამიანს კითხა, თუ რისთვის იყვნენ მის სახლში მისულები. ამასთანავე უთხრა, რომ სახლში მყოფ სხვა პირებს ეძინათ და ჩუმად ელაპარაკათ. თავდამსხმელები მას და მის მეუღლეს ემუქრებოდნენ სროლით და მოკვლით. მათ რამდენჯერმე გადატენეს იარაღი, ამიტომ მუქარა რეალურად აღიქვა. უთხრეს, თითქოს მას ერთ-ერთის ძმა ჰყავდა მოკლული და შურისძიების მიზნით იყვნენ მისულები. შემდეგ საუბარი გადაიზარდა თანხის მოთხოვნაზე. როდესაც ფულის გადაცემაზე დაიწყეს საუბარი, დაზარალებულმა სთხოვა ცალკე გასულიყვნენ, რომ ეს მოთხოვნა მეუღლის თანდასწრებით არ მომხდარიყო. არც მისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ, მხოლოდ მუქარით მოითხოვდნენ ფულს. ლ-------------ის განმარტებით, მეუღლეს სთხოვა, რომ მისთვის გადაეცა სახლში არსებული თანხა, 2 000 ფუნტი სტერლინგი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე მისცა შესანახად. აღნიშნული თანხა გადასცა თავდამსხმელებს, თუმცა ისინი კვლავ მოითხოვდნენ ფულს, ამიტომ საფულეში არებული 1 500 აშშ დოლარიც მისცა. შემდეგ მოსთხოვეს პასპორტიც, რაც ასევე გადასცა. ბინიდან ასევე წაიღეს სხვა ფულიც სხვადასხვა ვალუტაში, მეუღლის სათვალე და სამკაულები. ფულის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელებს უნდოდათ მისი დაბმა, რათა წასვლისას რაიმე წინააღმდეგობას არ შეხვედროდნენ, რაზეც მან (ლ-------------ემ) უარი უთხრა და შესთავაზა, რომ საკუთარი მანქანით წაიყვანდა სადაც სურდათ. აღნიშნულ შეთავაზებაზე თავდამსხმელებმა უარი თქვეს, საბოლოოდ თავად გაუღო კარი და გაიყვანა გარეთ. ისინი ბინაში იმყოფებოდნენ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. დაზარალებულის ვარაუდით, თავდამსხმელებმა სახლში შეაღწიეს აბაზანაში არსებული შედარებით პატარა ფანჯრიდან, რომელიც იყო ოდნავ შეხსნილი. ყაჩაღობის ფაქტს დაზარალებულის ოჯახის წევრთაგან მხოლოდ მისი მეუღლე შეესწრო. ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. ერთ-ერთმა, რომელიც იარაღით არ იყო, შეიხედა შვილის საძინებელ ოთახში, თუმცა იქ მყოფებთან თავდამსხმელებს კავშირი არ ქონიათ. შემდეგ მისმა შვილმა დარეკა 112-ში, სახლში მივიდა პოლიცია და ჩაატარეს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ოქმებსაც გაეცნო და სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ლ-------------ის განმარტებით, მიყენებული ზიანი შეადგენდა დაახლოებით 11 000 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს--–-----------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს ეძინა სახლში მეუღლესთან - ლ-------------ესთან ერთად, როდესაც დაახლოებით ღამის 05:00 საათზე გააღვიძა ძახილმა - „სტავაი“. თვალების გახელისას დაინახა, რომ მათ საწოლთან იდგა ორი მამაკაცი (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მ-----–------------- და თ---------------–---–ი), რომელთაგან ერთი საკმაოდ მაღალი იყო, მეორე კი შედარებით დაბალი. ერთ-ერთ მამაკაცს მისი მეუღლისთვის შუბლზე იარაღი ქონდა მიბჯენილი და თვალებში ორივეს ფარანს ანათებდნენ, ასევე ემუქრებოდნენ. შედარებით დაბალი (კოკოზოვი) მის მეუღლეს ეუბნებოდა, რომ ის იყო მისი ძმის მკვლელი. თავდამსხმელებს უხსნიდნენ, რომ არც მასთან და არც მის ძმასთან შეხება არ ჰქონიათ. შემდეგ მათ სთხოვეს, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, რადგან გვერდით ოთახში ბავშვებს ეძინათ. მაღალი თავდამსხმელი ფარნით გაყვა ჯერ ერთი შვილის ოთახში, შემდეგ - მეორეს ოთახში. სინათლე არ აანთებინეს, ძირითადად ფარანი ქონდათ მინათებული. მ-----–------------- იარაღით ემუქრებოდა მის ქმარს, კერძოდ, იარაღი რამდენჯერმე მიაბჯინა. შემდეგ ლ-------------ე გაიყვანეს სხვა ოთახში, საიდანაც მეუღლემ დაუძახა, რომ მიეწოდებინა ფული, რის შემდეგაც მეუღლეს გადასცა 2 000 ფუნტი, თუ სწორად ახსოვს 50-ფუნტიანი კუპიურებით. იმ მომენტში ეს თანხა არ დაუთვლია, მაგრამ იცის, რომ შენახული ჰქონდა 2000 ფუნტი სტერლინგი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე მისმა მეუღლემ მისცა. ამის შემდეგ ლ-------------ემ საფულიდან კიდევ ამოიღო 1 500 აშშ დოლარი, ასევე უკრაინული და სხვა ვალუტა, რომლებიც გადასცა ბრალდებულებს. ფულის გარდა, თავდამსხმელებმა წაიღეს ს--–-----------ის სათვალე, რომელსაც ეწერა ბრენდის სახელი და ძვირადღირებული სამაჯური ძოწის თვლებით, რომელიც დედამ აჩუქა და შეძენისას ღირდა 2 000 ლარი. ასევე, ბინიდან წაიღეს სხვა ძვირფასი ნივთებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ნაპოვნი არაა. მათ ლ-------------ეს გამოართვეს პასპორტიც. ს--–-----------ის განმარტებით, მართალია თავდამსხმელებს ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებიათ მისთვის, მაგრამ განიცადა საშინელი მორალური სტრესი; თავდასხმისას სახლში ასევე იმყოფებოდნენ მათი 13 და 25 წლის შვილები, ამ უკანასკნელის მეუღლე, მათი ორი შვილი და ძიძა, რომელიც ღამით რჩება ბავშვებთან; თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ, ერთ-ერთს ეკეთა ხელთათმანი; ისინი დაახლოებით ერთი საათს იყვნენ ბინაში. დაზარალებულის ვარაუდით, ბრალდებულები სახურავიდან შევიდნენ აბაზანის სარკმლის მეშვეობით, რომელიც გადმოგდებული იყო. მანვე დაადასტურა, რომ მის მეუღლეს ბრალდებულებისათვის ფულადი თანხა არ შეუთავაზებია, მათი მხრიდან მკვლელობაზე საუბარი იმდენად არარეალური იყო, რომ მისმა მეუღლემ იკითხა - „თანხაზე ხართ მოსულებიო“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქ-------–--–---------------------------------ში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები იმყოფებოდნენ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“, სადაც შეიძინეს პროდუქტები, შემდეგ კი ჩასხდნენ ტაქსში, რომელსაც მართავდა მ--------------ე და გაემართნენ მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 28 დეკემბერს ქ. თბილისში, მარუხის ქუჩაზე მოქალე ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაზე თავდასხმა განახორციელეს თ---------------–---–მა და მი----–-----------მა. თ---------------–---–ი შესაძლოა ყოფილიყო წ---–-------------------სთან. მასთან ერთად უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე ბ--–----------–---–იც და მათ თან უნდა ჰქონოდათ თანხის ნაწილი. ხოლო მ-----–------------- უნდა ყოფილიყო ვარკეთილის მასივის მე-8 კვარტალში, მე-3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მას თან უნდა ჰქონოდა ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოპოვებული ნივთები და იარაღი. მოწმემ ხსენებული ინფორმაცია გადაამოწმა და შემდეგ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-----–-------------ა განაცხადა, რომ თავდაპირველად მას და თ---------------–---–ს არ ჰქონიათ რომელიმე ბინაში შესვლის მიზანი. იცოდა, რომ ამ კორპუსში იყო დიდი აივნები, სადაც შეიძლება ყოფილიყო მათთვის ღირებული ნივთები ან საკვები. დაახლოებით გამთენიის 4-5 საათზე ბინაში, რომელშიც შუქი არ ენთო, გაღებული იყო პატარა ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც ფარულად შეაღწია ბინაში. სააბაზანო ოთახის გავლით შევიდა საძინებელ ოთახი, სადაც ნახა, რომ ორ პიროვნებას ეძინა. ჩუმად გაიარა საძინებელი, შევიდა სხვა ოთახში და გააღო აივნის კარი, საიდანაც ბინაში შევიდა თ---------------–---–ი. მათ არ ჰქონიათ ვინმეს გაღვიძების განზრახვა, ფიქრობდნენ, რომ ბინიდან ჩუმად რაღაცას აიღებდნენ და გაიპარებოდნენ. საძინებელში ტუმბოზე ეწყო ლ-------------ის ნივთები, რომელთა შორის ეძებდა საფულეს, რა დროსაც ლ-------------ე გადატრიალდა. მიხვდა, რომ მას გაეღვიძა და რუსულად უთხრა „სტავაი“. იგი მიუახლოვდა ლ-------------ეს დაახლოებით 3 ნაბიჯზე და მიუშვირა იარაღი. ლ-------------ესთან ერთად ოთახში იმყოფებოდა მისი მეუღლე. ვინაიდან არ ელოდნენ ბინაში მყოფი ადამიანების გაღვიძებას, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ლ-------------ეს უთხრეს, თითქოსდა მან მოკლა მათი ძმა. დაზარალებულმა განუმარტათ, რომ არავინ მოუკლავს და თუ ფულისთვის იყვნენ მისულები, ფული აეღოთ და წასულიყვნენ. პირველად უარი უთხრეს, არ უნდოდათ მიხვედრილიყვნენ, რომ ფულის გამო იყვნენ შესულები. მათი მხრიდან მუქარას და ფულის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, სურდათ, რომ დაებნიათ ლ-------------ე. ამ უკანასკნელმა კიდევ რამდენჯერმე შესთავაზათ ფულის აღება და ოჯახის დატოვება. ამის შემდეგ თ---------------–---–ი გაყვა ლ-------------ეს სხვა ოთახში, საიდანაც მოგვიანებით გამოვიდა ლ----- და მეუღლეს სთხოვა, რომ მიეცა ფული. ქალბატონი გავიდა საგარდერობო ოთახში, გამოიტანა მუქი ფერის ცელოფანსა, თუ ნაჭერში გახვეული თანხა და გადასცა ლ-------------ეს, რომელმაც მიაწოდა თ---------------–---–ს. შემდეგ ხუროძეს დაუსვეს შეკითხვა - ქონდა თუ არა კიდევ სხვა თანხა, რის შემდეგაც ლევანმა შარვლის ჯიბიდან ამოიღო შავი ფერის საფულე, მასში არსებული სავიზიტო ბარათები თვითონ დაიტოვა, საფულე კი ჩააგდო იმ პარკში, რომელშიც დანარჩენი ფული იდო. მათ განიზრახეს ბინაში მყოფების დაბმა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს; ბინა არ გაუჩხრიკავთ, არც ფული და ძვირფასეულობა უძებნიათ. ლ-------------ეს მხოლოდ პასპორტი სთხოვა, რომ პოლიციაში არ განეცხადებინა. ბინიდან წამოსვლის შემდეგ თ---------------–---–თან ერთად მივიდა მეტროსადგურ „ისანთან“, სადაც დაიწყეს ფულის გაყოფა. გახსნეს საფულე, რომელშიც იდო 1 245 დოლარი, თორმეტი ცალი ას დოლარიანი, ორი ცალი ოც დოლარიანი და ერთი ცალი ხუთ დოლარიანი. იქ კიდევ იყო რაღაც ფული, მაგრამ ვერ გაარკვია - უკრაინული იყო, თუ რუსული. თ---------------–ს უთხრა, რომ ეს იყო მცირედი უკრაინული ვალუტა და მას გადაყრიდა. საფულის გარდა ფული იყო 3 შეკვრაში, თითოში იყო 10 კუპიურა 50-ფუნტ სტერლინგიანი, სულ ზუსტად 1 500 ფუნტი სტერლინგი. მ-----–-------------ა დამატებით განმარტა, რომ მისი ქმედება იარაღის დემონსტრირებით შემოიფარგლა და ხუროძისთვის ფული არ მოუთხოვია. ამასთან, იარაღი უვარგისი იყო, რაც წინასწარ გაცნობიერებული ჰქონდათ ბინაში შეღწევისას. მისი გადატენვა შეუძლებელი იყო, რადგან ის დაიშლებოდა. იარაღი უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ ბინაში მყოფების შესაშინებლად, თუ ისინი გაიღვიძებდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ---------------–---–მა განაცხადა, რომ ხუროძის ბინაში შეაღწია კარიდან, მანამდე ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა მ-----–-------------, რომელმაც გაუღო კარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბინაში არავინ ცხოვრობდა, რადგან იქ შუქი ჩამქრალი იყო. თუმცა შესვლისას კოკოზოვმა უთხრა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და მიეცა იარაღი, რადგან შესაძლოა ბინაში მყოფებს იარაღი ქონოდათ. გადაწყვიტეს, არ დაეწყოთ ნივთების ძებნა და აეღოთ მხოლოდ ის ნივთები, რომელთა წაღებაც ადვილი იყო. ისინი მივიდნენ საწოლთან, სადაც იწვა ორი ადამიანი. ტანსაცმლის და საფულის ძებნისას გაეღვიძა ლ-------------ეს. მას კოკოზოვმა რუსულად უთხრა, რომ ამდგარიყო, ხოლო თვითონ ნათურა დაანათა. შემდეგ მ-----–-------------ა ლ-------------ე იარაღის დემოსტრირებით დაადანაშაულა მისი ძმის მკვლელობაში, რაც ლ-------------ემ რამდენჯერმე კატეგორიულად უარყო. გაეღვიძა ოთახში მყოფ ს--–-----------ესაც, რომელმაც სთხოვათ, ჩუმად ყოფილიყვნენ, რადგან ბავშვებს არ გაღვიძებოდათ. დაზარალებულებმა მათ განუცხადეს, რომ მკვლელობასთან არაფერი აკავშირებდათ, წაეღოთ, რაც უნდოდათ და წასულიყვნენ. მათ ლ-------------ე გაიყვანეს მეორე ოთახში, სადაც მოსთხოვეს ფული. დათანხმდნენ იმ ოდენობაზე, რასაც ლ-------------ე სთავაზობდა. ს--–-----------ემ, ლ-------------ის თხოვნით, ტომარით გამოიტანა თანხა, რაც არ დაუთვლიათ; იკითხეს - სულ ეს თანხა იყო, თუ კიდევ ქონდათ, რის შემდეგაც ს--–-----------ემ მისცა ლ-------------ის საფულე და ბარათები. თ---------------–---–ის განმარტებით, მათ სურდათ ოჯახის წევრების გაკოჭვა, მაგრამ შეეცოდათ და გადაიფიქრეს. სახლიდან გასვლის შემდეგ გზაში მოიშორეს ხელთათმანები, თ---------------–---–მა ტომრიდან ამოიღო ფუნტი სტერლინგები, ხოლო საფულე გადასცა მ-----–-----------ვს. შემდგომ „ისნის“ მეტროსადგურთან შევიდნენ ერთ-ერთ კორპუსში, სადაც დათვალეს და თ---------------–---–თან აღმოჩნდა 1 500 ფუნტი სტერლინგი, ხოლო კოკოზოვთან - 1 150 დოლარი და კიდევ ლარები. შეთანხმდნენ, რომ საღამოს შეხვდებოდნენ და ფულს გაიყოფდნენ. თ---------------–---–ის განმარტებით, იგი პისტოლეტს ატარებდა ყოველდღიურად, რადგან ის არ იყო სიცოცხლისათვის საშიში. მათ დაზარალებულებისგან ფული არ მოუთხოვიათ და არც იარაღის მეშვეობით დამუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, ფული ლ-------------ემ თვითონ შესთავაზა. მათი ბინაში შესვლის მიზანი მხოლოდ ნივთების ფარულად დაუფლება იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი: მოწმეების მ--------------ის, ი-----–-----------–-------------------------------------------------–-----------------------–-–---–---------------------------ს ჩვენებები; პირადი ჩხრეკის ოქმი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები; ამოღებული ფულადი თანხა; პირის ამოცნობის ოქმები; ნივთის ამოცნობის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; პნევმატური პისტოლეტი; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენი და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის კუთხით. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს მიხელი კოკოზოვის და თ--------------–--ლის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდბეულების მიერ დაზარალებულების ლ-------------ისა და ს--–-----------ის ბინაში ყოფნისა და მათი მატერიალური ქონების დაუფლების ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულებს გაუხდიათ სადავოდ.

 

კერძოდ, მ-----–------------- და თ---------------–---–ი ადასტურებენ, რომ ისინი ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაში ნამდვილად იმყოფებოდნენ. ჰქონდათ სხვისი მატერიალური ქონების ფარულად დაუფლების მიზანი, თუმცა ვინაიდან დაზარალებულების გაეღვიძათ და მათ ხელი შეეშალათ გეგმის განხორციელებაში, მოახდინეს იარაღის დემონსტრირება და დაბნეულებმა მოიგონეს ამბავი - ლ-------------ის მიერ ერთ-ერთის ძმის სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ლ-------------ემ სახლის დატოვების სანაცვლოდ თავისი ინიციატივით შესთავაზათ ფულადი თანხა, მათ იარაღი აღარ გამოუყენებიათ, აიღეს ის თანხა, რაც დაზარალებულებმა მისცეს და დატოვეს მათი ბინა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მ-----–-------------ს და თ---------------–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიაშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან.

 

თავდასხმის დროს ძალადობის გამოყენების მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით, ჟესტებით ან გარკევული მოქმედებით, მათ შორის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვის, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება ქონების გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში. მუქარის მიზანი არის დაზარალებულის ნების პარალიზება, ან მისი დათრგუნვა და ამ გზით ქონების დაუფლება. თავდასხმის დროს არ არის სავალდებულო, რომ მუქარის შინაარსი იყო ყოველთვის დაკონკრეტებული და თავდამსხმელი უშალოდ იმუქრებოდეს, რომ მოკლავს დაზარალებულს ან დაუზიანებს ჯანმრთელობას. რათქმაუნდა, თავდასხმისას იარაღის ანალოგის გამოყენებაც ქმნის ყაჩაღობის შემადგენლობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ პირზე უარყოფითად მოქმედებს იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება და იმის გამო, რომ მას აღიქვამს რეალურად, ეუფლება შიშის გრძნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულებმა ლ-------------ემ და ს--–-----------ემ ნათლად განმარტეს, რომ გაღვიძებისას მსჯავრდებულები თვალებზე ფარანს ანათებდნენ, ხოლო მ-----–-----------ვს ხელში ეჭირა იარაღი, რომლის დემონსტრირებითაც ლ-------------ეს ემუქრებოდნენ სროლით და მოკვლით. მათ დაადასტურეს, რომ თავდამსხმელებისგან მომავალი მუქარა აღიქვეს რეალურად. ვიანიდან ლ-------------ის მიერ ერთ-ერთი თავდამსხმელის ძმისათვის სისოცხლის მოსპობის ფაქტი იყო არარეალური, ისინი თავიდანვე მიხვდნენ, რომ მსჯვრდებულები ბინაში თანხის წასაღებად იყვნენ მისულები. თუმცა მათ დაადასტურეს, რომ თანხა თვითონ არ შეუთავაზებიათ. მას შემდეგ, რაც ლ-------------ე უარყოფდა მკვლელობის ჩადენას, თავდამსხმელებმა საუბარი გადაიტანეს ფულის მოთხოვნაზე. ლ-------------ემ ნათლად განმარტა, რომ მისგან მუქარით მოითხოვეს ფულადი თანხა, რის შემდეგაც მეუღლისგან მოშორებით გაიყვანა ისინი და იქ გააგრძელეს თანხაზე საუბარი. მისივე განმარტებით, ორივე თავდამსხმელი იყო მის გვერდით და ერთად ითხოვნენ თანხის გადაცემას. ს--–-----------ის განმარტებით, გარდა მატერიალური ზიანისა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო ძლიერი მორალური სტრესი. ასევე, ლ-------------ემ მოახსენა სასამართლოს, რომ ვიანიდან სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილები, რაძლი და შვილიშვილები, ყველანაირად ეცადა, უაიამოვნება აერიდებინა ოჯახის წევრებისათვის და დათანხმდა თავდამსხმელებისთვის გადაეცა ყველაფერი, რასაც მოითხოვდნენ. დაზარალებულების ჩვენებებიდან აშკარაა, რომ მათზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა იარაღის გამოყენებით. სწორედ თავდამსხმელების ხელში იარაღის დანახვის და იარაღის დემონსტრირების გამო ისინი გახდნენ იძულებულნი, წინააღმდეგობა არ გაეწიათ მსჯავრდებულებისათვის და გადაეცათ მათთვის ფულადი თანხა, რაც გააჩნდათ სახლში. ასევე მიეცათ სახლიდან სხვადასხვა ნივთების წაღების ნება.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ, მ-----–-------------ს და თ---------------–---–ის მიერ დაუფლებული თანხის ოდენობას, ლ-------------ემ და ს--–-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, როგორც თხრობით რეჟიმში, ასევე ორივე მხარის დამაზურტებელ კითხვებზე ნათლად განმარტეს, რომ მათ თავდამსხმელებს გადასცეს 2000 ფუნტი სტერლინგი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე ლ-------------ემ მეუღლეს მისცა შესანახად. მართალია მათ იმ მომენტში ეს თანხა არ დაუთვლიათ, რაც სავსებით რეალურია მათზე განხორციელებული თავდასხმიდან მომდინარე შიშისა და სტრესის გათავალიწინებით, თუმცა დანამდვილებით იცოდნენ, რომ სახლში სწორედ ამ ოდენობის თანხას ინახავდნენ. ასევე, ორივე მათგანმა დააზუსტა და განმარტა, რომ ლ-------------ეს საფულეში ჰქონდა სწორედ 1500 აშშ დოლარი, რაც სხვადასხვა ვალუტასტან ერთად გადასცა მ-----–-----------ვს და თ--------------–--ლს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კოდექსის ამ თავში, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზემოთ. საქმეში წარმოდეგნილი მასალებით და ასევე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, რაც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ლ-------------ის მიერ თავდამსხემლებისათვის გადაცემულმა თანხამ ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 10 816,6 ლარი, ხოლო ს--–-----------ის ნივთების ღირებულებასთან ერთად საერთო ჯამში დაზარალებულებს მიადგათ 10 867,1 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე მსჯავრდებულ თ---------------–---–ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც იგი სადავოდ ხდის მიერ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენით, თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლით (ყაჩაღობა, 1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 9 აგვისტოდან და სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 8 აგვისტოს. ამდენად 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით - განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, თ---------------–---–ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ქონია და შესაბამისად, მის მიერ ბარლად წარდგენილი დანაშაული წარმოადგენს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას არაერთგზის. რაც შეეხება მსჯავრდბეულის აპელირებს, რომ დანაშაულის ჩადენილი აქვს რუსეთის ტერიტორიაზე, პალატა განმარტავს, რომ მოცმეულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა დანაშუალის ჩადენის ადგილს, არამედ იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ განხილული იქნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, პალატა ასაფებს რა დაზარალებულების დამაჯერებელ, თანმიმდევრულ და ურთიერთთანხვედრილ ჩვენებებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკველვის გარეშე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს მ-----–------------ს და თ---------------–---–ს იარაღის დემონსტრირება არ მოუხდენიათ დაზარალებულების კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლებისას, ასევე არ განუხორციელებიათ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა და მათ მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ძარცვას. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მ-----–-------------სა და თ---------------–---–ის მიერ სწორედ ბრალად წადგენილი ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც მ-----–-----------ვს და თ---------------–---–ს წარედგინათ ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----–-------------ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; ხოლო თ---------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, მ-----–-----------ვს და თ---------------–---–ს მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი მ-----–-------------ს და თ---------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების მ-----–-------------ს და თ---------------–---–ის, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

უვცლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი;

 

მ-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მ-----–-----------ვს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

 

თ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

თ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუშები 5 ქილად; ანაწმენდები 50 ცალ სტელირულ ჩხირზე; ორი ცალი ბახილი, ნაქსოვი ქუდი; ხელის კვლები 7 ცალ დაქტილოფირზე დისკთან ერთად; თ---------------–---–ის სუნის, ხელის კვლისა და ნერწყვის ნიმუშები, მ-----–-------------ს სუნისა და ნერწყვის ნიმუშები; მ-----–-------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური პისტოლეტი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: სამი ცალი პასპორტი, ერთი ცალი პლასტიკური ბარათების ჩასადები შალითა და ერთი ცალი ჭიქა; თ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ასლარიანი კუპიურა, ხუთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, აიდი ბარათი და კრიალოსანი; ე-–-–--------------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი სამი ცალი სიმბარათით, საფულე მასში არსებული აიდი ბარათით, სოციალურად დაუცველის მოწმობით, გასაღებით, ხატით, ერთი ცალი ორმოცდაათთეთრიანი კუპიურით და ორი ცალი ორმოცდაათფუნტიანი კუპიურით; ე-–-–--------------------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოცდახუთი ცალი ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა და ორი ცალი ასდოლარიანი კუპიურა; მ-----–-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით, ხუთი ცალი ასდოლარიანი, ორი ცალი ორმოცდაათდოლარიანი, ორი ცალი ოცდოლარიანი, ერთი ცალი ხუთდოლარიანი, ერთი ცალი ასლარიანი, ერთი ცალი ოცლარიანი კუპიურები და ერთი ცალი ორლარიანი მონეტა; მ-----–-------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მზის სათვალე, ნაჭრის ქისა მასში არსებული სამაჯურით - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე