განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2019
საქმის ნომერი
330310016001379210
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001379210 (№3ბ/2829-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენლები - მ---------------–--ე, ს--–--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ----------- ე-----------ი;

წარმომადგენელი - ლ--–- პ-------–---–ი;

 

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ბ-------------ა;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვ----------- ე-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, პროთეზის ღირებულების 64 494,05 ევროსა (სამოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ევრო და 05 ცენტი) და 25 080,80 ევროს (ოცდახუთი ათას ოთხმოცი ევრო და 80 ცენტი) ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩოს ანაზღაურება 1903 (ათას ცხრაას სამი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის 2-----------ს პერიოდიდან. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურება 1642,5 ლარის (ათას ექვსას ორმოცდაორი ლარი და 5 თეთრი) ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:

 

2004 წლის 2-----------ს ვ----------- ე-----------ი, მეგობრებთან ერთად, გადაადგილდებოდა ავტომანქანით აჭარაში, ჩ---–ი, როდესაც მანქანა აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე. მიღებული დაზიანებების შედეგად საჭირო გახდა მოსარჩელის ქვედა კიდურების ამპუტაცია. ამპუტირებულ იქნა მარჯვენა ფეხის მუხლს ზედა, ხოლო მარცხენა ფეხის მუხლს ქვედა სეგმენტი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 18.10.2004წ. ამონაწერი სტაციონარული სამედიცინო ბარათიდან (ს.ფ. 22-23);

- 04.02.2006წ. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი N25 (ს.ფ.27-30);

- 06.12.2013წ. სამედიცინო ცნობა ალ---–--–------ს ნევროლოგიის, ნევროფსიქიატრიისა და სამედიცინო ექსპერტიზის კაბინეტი (ს.ფ. 36-39);

- 24.1------წ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება, საჩივარზე N4------- (ს.ფ. 205-216).

 

ვ----------- ე-----------ის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ,,რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლები, გაწეულ იქნა შემდეგი ოდენობით: 1) 2004 წ. აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში - 1 186 ლარი; 2) 2005 წ. ქ. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლ. იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში - 6 745,13 ლარი; 3) 2005 წ. ქ. ბათუმის პირველ საავადმყოფოში - 3000 ლარი; 4) 2005 წ. გერმანიაში - 22 427,07 ლარი; 5) 2005 წ. გერმანიაში - 32 978,2 ლარი; 6) 2006 წ. გერმანიაში - 7 000 ევრო; 7) 2007 წ. გერმანიაში - 2 793,14 ევრო. ამასთან ვ----------- ე-----------ი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სოციალური პაკეტის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრში. მას სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს 2004 წლის 19 ნოემბრიდან და 2013 წლის 1 სექტემბრიდან ერიცხება შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი 150 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 20 სექტემბრის N0------- წერილი (ს.ფ. 203-2040.

- ვ----------- ე-----------ის 2014 წლის 5 მარტის განცხადება (ს.ფ. 40-42);

 

2004 წლის 13 დეკემბრის N1----- ცნობით, ვართზარ ე-----------ს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2004 წლის 13 დეკემბრის N1----- ცნობა (ს.ფ. 24-25).

 

2005 წლის 28 ივლისს, ვ----------- ე-----------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, 2004 წლის 2-----------ს ინციდენტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ სამინისტროს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ჩ---–ი მდინარე ჩოლოქის გასწვრივ განაღმვითი სამუშაოების დროულად და გულდასმით ჩატარება. ვინაიდან, სამინისტრომ ვერ შეასრულა ვალდებულება, მათ უნდა აენაზღაურებინათ მომჩივნისთვის მატერიალური და მორალური ზიანი, დელიქტის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვ----------- ე-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მას უკვე გაუწია შესაბამისი უფასო სამედიცინო მკურნალობა და პროთეზირება. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუდევრობა განაღმვითი ოპერაციების დროს. შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომ 2004 წლის 2-----------ს ინციდენტამდე სამინისტროსთვის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებისთვის ცნობილი იყო ჩ---ის მიმდებარე ზღვის სანაპიროს დანაღმვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 14 მაისის განჩინებით, ძალაში დატოვა 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.1------წ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება, საჩივარზე N4------- (ს.ფ. 205-216).

 

2009 წლის 9 ივლისს, ვ----------- ე-----------მა საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საჩივარში მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე მიუთითებდა, რომ მოპასუხე მთავრობამ დროულად და სათანადო გულმოდგინებით არ შეასრულა განაღმვითი სამუშაოები ჩ---–ი და ამ დაუდევრობის შედეგად, მას სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო და გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. კონვენციის 6.1 მუხლის შესაბამისად, მომჩივანი ასევე პრეტენზიას გამოთქვამდა სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. კონვენციის მე-13 მუხლის და პირველი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მომჩივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრეტენზია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურების მიღების შეუძლებლობის შესახებ.

 

ვ----------- ე-----------ის საჩივართან დაკავშირებით, მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ - მიეღოთ ყველა საჭირო პრევენციული უსაფრთხოების ზომა 2004 წლის 2-----------ს სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - მომჩივნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი გამოიწვია. კონვენციის დარღვევით გამოწვეული მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა მომჩივნისთვის გადაეხადა 8 000 (რვა ათასი) ევრო. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს თანხა განკუთვნილია ნებისმიერი მორალური ან მატერიალური ზიანის და ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად. ამასთან, მოითხოვა საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვა კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად.

 

მომჩივანი არ დაეთანხმა ცალმხრივ დეკლარაციას და მიუთითა, რომ მას არ აკმაყოფილებდა ცალმხრივი დეკლარაციის პირობები შეთავაზებული კომპენსაციის სიმცირის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 2----------ის განჩინებით, საჩივარზე N4-------, სასამართლომ გაითვალისწინა რა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში არსებული აღიარებების ხასიათი, ასევე მომჩივნის შესაძლებლობა - მოითხოვოს შესაბამისი შიდა სამართალწარმოების განახლება და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა, მიიჩნია, რომ აღარ იყო გამართლებული საჩივრის შემდგომი განხილვის გაგრძელება. სამართალწარმოების ხანგრძლივობასა და შედეგთან დაკავშირებით საჩივარზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ან ნაწილში იგი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 24.1------წ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება, საჩივარზე N4------- (ს.ფ. 205-216).

 

შპს ,,თ---–-------------------–------ის“ მიერ, 2016 წლის 4 თებერვალს გაცემულ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N4-- ცნობა მასზედ, რომ ვ----------- ე-----------ს ამპუტირებული აქვს ორივე ქვედა კიდური, მარჯვნივ ბარძაყის ქვედა მესამედში, მარცხნივ წვივის ზედა მესამედში. აქვს ალერგიული კონიუნქტივიტი და ნევროზული მდგომარეობა. საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და ზედამხედველობას ტრავმატოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოგის. საჭიროებს ორივე ქვედა კიდურის პროთეზის შეცვლას.

 

ლიონის ნევროლოგიის, ნევროფსიქიატრიისა და სამედიცინო ექსპერტიზის კაბინეტის ექიმის ალ---–--–------ს მიერ, 2013 წლის 6 ნოემბერს გაცემულ სამედიცინო ცნობაში აღინიშნა ვ----------- ე-----------ის ჩივილები: მარჯვენა მხარეს ყურში შუილები, რომლებსაც თან ახლდა ჰომოლატერალური სმენის სიმკვეთრის დაქვეითება; უძილობა; ფსიქოტრამვული სინდრომი; ზედა კიდურების პერიფერიული სეგმენტის ტკივილები, განსაკუთრებით კიდურების ფანტომური ტკივილები, რომლებიც დაკითხვის კრიტერიუმებით შეესაბამებოდა ნევროპათიულ ტკივილებს. სამედიცინო დათვალიერების შედეგად, ექიმმა დაადასტურა ჩივილები, რომლებიც ფსიქოტრავმული სინდრომით იყო გამოწვეული, რომელიც შეიცავდა 2004 წლის აგვისტოს მოვლენის რემინისცენციას, რომლის მსხვერპლიც ის გახდა. კერძოდ: კოშმარი, ძილის მნიშვნელოვნად დარღვევა, საერთო შფოთი, რომელსაც ემატებოდა გუნება-განწყობის დეპრესიული გაუარესება; პაციენტს კიდურების მძიმედ ასატანი ნეიროპათიული ტკივილები ურღვევდა ძილს; კლინიკური მდგომარეობა საჭიროებდა რეგულარულ სამედიცინო ზედამხედველობას, რომლის გარეშეც შეიძლება ადგილი ჰქონოდა განსაკუთრებული ხასიათის სერიოზულ შედეგებს, რასაც თან ერთვოდა პროტეზის არქონა, რის გამოც მას არ შეეძლო ყოფილიყო დამოუკიდებელი და არსებობდა თვითმკვლელობის საფრთხე მტკივნეული პროცესების ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N4-- ცნობა (ს.ფ. 31);

- ექიმ ალ---–--–------ს მიერ გაცემული 2013 წლის 6 ნოემბრის სამედიცინო ცნობა (ს.ფ. 34-39).

 

გერმანიის ორთოპედიული ტექნოლოგიის სახელოსნოს T----------ის 2014 წლის 7----–--ის წერილში აღინიშნა, რომ პროთეზები, რომელსაც ვ----------- ე-----------ი (მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილის პროთეზი + მარცხენა ბარძაყის ქვედა ნაწილის პროთეზი) გამოიყენებდა გამოუსადეგარია ტაკვის მოცულობის შემცირების გამო და შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ახლად მორგებული პროთეზის დიაფიზი. მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილში მუხლის სახსრის კომპონენტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ C-ფეხის-მუხლის სახსრის სისტემა ე-----------ს უფრო მეტ მხარდაჭერას მისცემდა მისი მიკროპროცესორის მიერ კონტროლირებული ჰიდრავლიკის გამო. მას მნიშვნელოვანი უპირატესობები ექნებოდა ალტერნატიული ასვლის-დახრის-ნაბიჯების გადადგომის დროს და უზრუნველყოფდა მეტ უსაფრთხოებას და დინამიურობას სიარულის სხვადასხვა სიჩქარეზე. მუხლის სახსრის პროთეზი, რომელიც გამოიყენება ე-----------ის მიერ და ფეხის სისტემები ორივე პროთეზში აღარ შეესაბამება თანამედროვე ტექნოლოგიას. რეკომენდირებულია მათი შეცვლა ახლით, ისე რომ მას მიეცეს საშუალება იყოს შრომისუნარიან ადამიანებთან თანასწორი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გერმანიის ორთოპედიული ტექნოლოგიის სახელოსნოს T----------ის 2014 წლის 7----–--ის წერილი (ს.ფ. 53-55).

 

გერმანიის ორთოპედიული წარმოების კომპანიის O---------------------------ის მიერ დაანგარიშებულ იქნა ვ----------- ე-----------ისთვის ფროტეზების დამზადებისთვის საჭირო ხარჯი, რამაც ერთი პროტეზის შემთხვევაში შეადგინა 64 494,05 ევრო, ხოლო მეორეს შემთხვევაში - 25 080,80 ევრო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- O---------------------------ის გაანგარიშებები (ს.ფ. 56-69).

 

შპს ,,ნ------------ის“ მიერ, რომლის იურიდიული მისამართია ქ. მ----------------------------------ის ქ. N3ა, გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ ვ----------- ე-----------ი ნამდვილად მუშაობდა შპს ,,ნ------------ში“ მძღოლის თანამდებობაზე 1998 წლის იანვრიდან 2004 წლის აგვისტომდე. ხელფასები წლების მიხედვით წარმოადგენდა: 1998 წელს ყოველთვიურად იღებდა 20 000 რუბლს, 1999 წელს - 22 000 რუბლს, 2000 წელს - 24 500 რუბლს, 2001 წელს - 25 572 რუბლს, 2002 წელს - 27 200 რუბლს, 2003 წელს - 29 352 რუბლს და 2004 წელს - 31 200 რუბლს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ნ------------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ.70-71).

 

შპს ,,ს-------------–-------–------------–-–ის“ მიერ, რომლის იურიდიული მისამართია მოსკოვის ოლქი, კ----ის ქ. N12/7, გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ ი------------ი ნამდვილად მუშაობდა შპს ,,სა------------–------–------------–-–ში“ გამყიდველად 2002 წლის 15 იანვრიდან 2004 წლის 10 აპრილის ჩათვლით. მისი სარგო შეადგენდა: 2002 წელს ყოველთვიურად 24 500 რუბლს, 2003 წელს - 26 500 რუბლს, 2004 წელს - 28 500 რუბლს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს-------------–-------–------------–-–ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 74-75).

 

ა(ა)იპ ,,კო--–-–---–-------–-------------–--–ი“-ს მიერ 2016 წლის 19 მაისს ვ----------- ე-----------ზე გაიცა N1---- ცნობა მასზედ, რომ იგი საჭიროებს მნიშვნელოვან დახმარებას მზრუნველისგან ან გადაყვანას სპეციალურ მოვლით დაწესებულებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი დაწესებულება საქართველოში არ არსებობს, შეფასდა ვ----------- ე-----------ის ბინაზე მოვლის საჭიროებები და განისაზღვრა მომსახურების პაკეტი, რაც მოიცავს 24 საათიან მოვლას და რეაბილიტაციას. შედგა 1 თვის მომსახურების ღირებულების გაანგარიშება და სანიმუშო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მომსახურების ღირებულების გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ვ----------- ე-----------ისათვის საჭირო კონკრეტული პროცედურები, ერთი თვის ჭრილში, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით. კერძოდ: ჰიგიენური მოვლა: აბაზანის მიღება, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდაში დახმარება, საწოლის მოწესრიგება, საკვების მიღებაში დახმარება, ეტლზე გადაჯდომაში დახმარება, ჰიგიენურ პროცესებში დახმარება - ჯამში სულ 877,50 ლარის ღირებულების; სამედიცინო მოვლა: სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, ფეხების სამკურნალო აბაზანა, ნაწოლის, კონტრაქტურის, თრომბოზის, სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა, სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები - სულ 765 ლარის ღირებულების; მეთვალყურეობა: მარტივი ძირეული, საექთნო პოსტი - სულ 2 760 ლარის ღირებულების; რეაბილიტაცია: რიტმული მასაჟი, სამკურნალო მასაჟი - სულ 1 050 ლარი. მომსახურების ღირებულების გაანგარიშებამ ჯამში შეადგინა - 5 452,50 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა(ა)იპ ,,კ----–-–----–-------–--------------–--–ი“-ს მიერ გაცემული ცნობა, დანართითურთ (ს.ფ. 106-108).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, არც პასუხისმგებლობის საკითხი არის განსახვავებული რეგულაციის ქვეშ მოქცეული, სახელმწიფოც ისევეა პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის, როგორც კერძო პირები.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მოცემული დანაწესი სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა. არავის არა აქვს უფლება წაართავს ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას - არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე და, ამასთანავე, პოზიტიურს - იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისგან. სიცოცხლის უფლება დაცულია როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი მოქმედებებისაგან (Ogur v Turkey, 20.05.1999). ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება, ასევე, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობამ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ - მიეღოთ ყველა საჭირო პრევენციული უსაფრთხოების ზომა სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - გამოიწვია ვ----------- ე-----------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. სახელმწიფოს აღიარება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის შესახებ, განხორციელდა მას შემდეგ, რაც ვ----------- ე-----------მა ეროვნულ სასამართლოებში მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა წარუმატებლად დაასრულა და შემდგომ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს აღიარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ იქნა ცალმხრივი დეკლარაციის ფორმით, სადაც მთავრობა მომჩივანს სთავაზობდა 8 000 ევროს ანაზღაურებას კონვენციის დარღვევით გამოწვეული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე, მიუთითებდა მომჩივნის უფლებაზე, კვლავ მოეთხოვა პროთეზის განახლება მთავრობის დაფინანსებით, შესაბამისი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. მთავრობა აქვე აღნიშნავდა, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ნებისმიერი მორალური ან მატერიალური ზიანის ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში არსებული აღიარებების ხასიათი, ასევე, მომჩივნის შესაძლებლობა - მოეთხოვა შესაბამისი შიდა სამართალწარმოების განახლება, შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა და მიიჩნია, რომ საჩივრის შემდგომი განხილვის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღევის აღიარება, მომჩივნისათვის 8 000 ევროს კომპენსაციის ანაზღაურება და მომჩივნის უფლებაზე - მთავრობის დაფინანსებით პროთეზის განახლებაზე მითითება, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ანაზღაურებისაგან. ევროპული სასამართლო მიუთითებს მომჩივნის უფლებაზე შიდა სამართალწარმოების განახლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის (მორალური და მატერიალური) ანაზღაურების საფუძვლებსა და ოდენობაზე. ევროპულმა სასამართლომ მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე ამორიცხა მომჩივნის განცხადება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, თუმცა არ დაუდგენია, რომ 8 000 ევრო ფარავდა ნებისმიერ მორალურ ან მატერიალურ ზიანს, ყველა ხარჯსა და დანახარჯს, როგორც ეს სახელმწიფოს ჰქონდა განცხადებული ცალმხრივ დეკლარაციაში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე უნდა შეფასდეს და დადგინდეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე და მისი ანაზღაურების ოდენობა.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე Nბს-52-47(კ-13); 23.07.2013წ.) განმარტებაზე, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ სახელმწიფოს უმოქმედობამ - სიცოცხლის უფლების დაცვის მიზნით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ, გამოიწვია მოსარჩელის - ვ----------- ე-----------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარება. მისი ორივე ქვედა კიდური ამპუტირებულ იქნა. განსახილველ საქმეზე მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ მიყენებული ზიანის სიმძიმე და მისი ანაზღაურების ოდენობა, ვინაიდან, მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების საკითხი დადგენილი გარემოებაა.

 

საქმის მასალების შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, ახალი პროთეზების დამზადებისათვის საჭირო თანხის - 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს ეკვივალენტი ლარში ანაზღაურების დაკისრებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნაღმზე აფეთქების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ყველა საჭირო სამკურნალო ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, გერმანიაში მოსარჩელისთვის დამზადებულ იქნა ორივე ფეხის პროთეზი. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს მოსარჩელის საჭიროებაზე, შეიცვალოს არსებული პროთეზები ახლით. კერძოდ, გერმანიის ორთოპედიული ტექნოლოგიის სახელოსნო „T----------ის“ მიერ 2014 წლის 7----–--ის წერილში აღინიშნა, რომ პროთეზები, რომელსაც ახლა ხმარობს ვ----------- ე-----------ი (მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილის პროთეზი + მარცხენა ბარძაყის ქვედა ნაწილის პროთეზი) გამოუსადეგარია. აქვე მიეთითა პროთეზის სახეობა - C-ფეხის-მუხლის-სახსრის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელის მეტ უსაფრთხოებას და დინამიურობას სიარულის სხვადასხვა სიჩქარეზე.

 

გერმანიის ორთოპედიული წარმოების კომპანიის O---------------------------ის მიერ დაანგარიშებულ იქნა ვ----------- ე-----------ისთვის პროთეზების დამზადებისთვის საჭირო ხარჯი, რამაც ერთი პროთეზის შემთხვევაში შეადგინა 64 494,05 ევრო, ხოლო მეორეს შემთხვევაში - 25 080,80 ევრო.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს ზიანის მიმყენებელი პირის ვალდებულებას აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. კერძოდ, მოცემული ნორმის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა, ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი ზიანის დადგომაში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმე #ას-167-163-2016, სადაც განმარტებულ იქნა 408-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ „ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა)“.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში არ იარსებებდა მოსარჩელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებისა და პროთეზების დამზადების საჭიროება. შექმნილ ვითარებაში მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, შეუძლებელია აღდგენილ იქნეს პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ - პროთეზების საჭიროების არარსებობა. ასეთ შემთხვევებზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს მასზედ, რომ ინციდენტამდე (ნაღმზე აფეთქებამდე) ვ----------- ე-----------ი იყო ჯანმრთელი ახალგაზრდა, მუდმივად დასაქმებული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია უზრუნველყოს მოსარჩელის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს მიახლოებული სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევამდე არსებული გარემოება.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულის მისაღწევად, კერძოდ კი, მოსარჩელის დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭიროა კონკრეტული სახეობის პროთეზების დამზადება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პირის მაქსიმალურ ადაპტაციას საზოგადოებასა და გარემოში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა გაანგარიშება, რაც საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად - საჭირო პროთეზების დამზადებისათვის. მოპასუხის მიერ განსხვავებული კალკულაცია არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ----------- ე-----------ი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისთვის საჭირო პროთეზებით, რომელთა ღირებულება შეადგენს ერთ შემთხვევაში 64 494,05 ევროს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 25 080,80 ევროს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს ეროვნული ვალუტაში შესაბამისი ეკვივალენტის ოდენობით.

 

მოსარჩელემ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლისა და სარჩოს 2004 წლის 2-----------დან ანაზღაურება თვეში 3000-3000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნაღმზე აფეთქებამდე და შშმ პირის სტატუსის მინიჭებამდე იყო დასაქმებული პირი. შპს „ნ------------ის“ მიერ, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. მოსკოვი, აკ----------------------ს ქ. #3ა, გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ ვ----------- ე-----------ი ნამდვილად მუშაობდა შპს „ნ------------ში“ მძღოლის თანამდებობაზე 1998 წლის იანვრიდან 2004 წლის აგვისტომდე.

 

ხელფასები წლების მიხედვით იყო: 1998 წელს ყოველთვიურად 20 000 რუბლი, 1999 წელს - 22 000 რუბლი, 2000 წელს - 24 500 რუბლი, 2001 წელს - 25 572 რუბლი, 2002 წელს - 27 200 რუბლი, 2003 წელს - 29 352 რუბლი და 2004 წელს - 31 200 რუბლი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 31 200 რუსული რუბლი 2004 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით, წარმოადგენდა 1903 ლარს.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, ასევე სარჩოს დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლოს შეფასებით, მითითებული ნორმები აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – ტრავმის არარსებობის პირობებში, დაზარალებული შეძლებდა დასაქმებას, რასაც ადგილი ჰქონდა ინციდენტამდე. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას.

 

ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო მიყენებული ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა ხელფასს. ამდენად, სარჩო თავისი არსით წარმოადგენს იმ შემოსავლით უზრუნველყოფას, რომელსაც პირი მიიღებდა, რომ არა ვალდებული პირის ბრალეული ქმედება/უმოქმედობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ გაცემულ უნდა იქნეს როგორც მიუღებელი შემოსავალი, ასევე სარჩო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობაზე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილთან მიმართებით და აღნიშნა, რომ „სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მარჩენალი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო“ (იხ. სუსგ #ას-169-497-09, 24 ივლისი, 2009 წელი).

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს დაკისრების ნაწილში 1903 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან.

 

რაც შეეხება მოთხოვნას სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, რომ ვ----------- ე-----------ი საჭიროებს მნიშვნელოვან დახმარებას მზრუნველისგან ან გადაყვანას სპეციალურ მოვლით დაწესებულებაში. ა(ა)იპ „შ-------–-------------–--–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ამგვარი დაწესებულება საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, შეფასდა ვ----------- ე-----------ის ბინაზე მოვლის საჭიროებები და განისაზღვრა მომსახურების პაკეტი, რაც მოიცავს 24-საათიან მოვლას და რეაბილიტაციას. შედგა 1 თვის მომსახურების ღირებულების გაანგარიშება და სანიმუშო ანგარიშ-ფაქტურა. მომსახურების ღირებულების გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ვ----------- ე-----------ისათვის საჭირო კონკრეტული პროცედურები, ერთი თვის ჭრილში, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით. კერძოდ: ჰიგიენური მოვლა: აბაზანის მიღება, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდაში დახმარება, საწოლის მოწესრიგება, საკვების მიღებაში დახმარება, ეტლზე გადაჯდომაში დახმარება, ჰიგიენურ პროცესებში დახმარება - ჯამში სულ 877,50 ლარის ღირებულების; სამედიცინო მოვლა: სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, ფეხების სამკურნალო აბაზანა, ნაწოლის, კონტრაქტურის, თრომბოზის, სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა, სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები - სულ 765 ლარის ღირებულების; მეთვალყურეობა: მარტივი ძირეული, საექთნო პოსტი - სულ 2 760 ლარის ღირებულების; რეაბილიტაცია: რიტმული მასაჟი, სამკურნალო მასაჟი - სულ 1 050 ლარი. მომსახურების ღირებულების გაანგარიშებამ ჯამში შეადგინა - 5 452,50 ლარი.

 

სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა შესაბამისად, ხოლო ზიანის ანაზღაურება ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამდგარი ზიანის გამო მოსარჩელე აუცილებელი წესით საჭიროებს ჰიგიენურ და სამედიცინო მოვლას. რომ არა ზიანის გამომწვევი გარემოება, მოსარჩელე არ დაექვემდებარებოდა აღნიშნულ საჭიროებას. დამხმარის მეშვეობით ჰიგიენური პროცედურების განხორციელება და სამედიცინო მოვლის (სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, ფეხების სამკურნალო აბაზანა, ნაწოლის, კონტრაქტურის, თრომბოზის, სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა, სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები) საჭიროება წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების არაეფექტურად შესრულების უშუალო შედეგს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაანგარიშებას მეთვალყურეობასა და რეაბილიტაციასთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულს ერთგვარად მოიცავს სამედიცინო და ჰიგიენური მოვლა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა დაექვემდებაროს ზიანის ანაზღაურებას იმგვარად, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნეს სიცოცხლისათვის აუცილებელი საჭიროებებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ამპუტირებული აქვს ორივე ქვედა კიდური, ნათელია, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს მისთვის აუცილებელი ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არსებული მწვავე მდგომარეობა და მისი საჭიროება, რაც დადგა 2004 წლის აგვისტოში, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამედიცინო მოვლასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო თვეში 1642,5 ლარის ოდენობით 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან.

 

500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლოს განმარტებით, კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე #ას-1156- 1176-2011) სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებაზე.

 

ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანი მთელი თავისი არსით შესაძლებელია წარმოიშვას არა ზიანის მიყენების მომენტში, არამედ იგი შესაძლოა დადგეს მოგვიანებით, მკურნალობის უშედეგობის, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესის და რიტმის შეცვლის, მკურნალობის უშედეგობის გამო. ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვიული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (იხ. სუს 08.04.09წ. გადაწყვეტილება საქმე #ბს-972-936(3კ-08)).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლიანი და გონივრული გაანგარიშება, რაც გამორიცხავს კომპენსაციის ოდენობის უსაშველოდ გაზრდას. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებას, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა შემდეგი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, 2015 წლის 2----------ის განჩინებით (განცხადების ნომერი 4-------) ვ----------- ე----------ის - საქმე საქართველოს წინააღმდეგ ამოიღო საქმეთა ნუსხიდან კონვენციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. რაც გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ამორიცხოს განაცხადი საქმეთა ნუსხიდან იმ გარემოებებზე დაყრდნობით, თუ სასამართლო დაასკვნის, რომ ნებისმიერი მიზეზით განაცხადის განხილვის გაგრძელება, გამართლებული აღარ არის. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაკმაყოფილებულია ადამიანის უფლებების პატივისცემა, როგორც ეს კონვენციასა და პროტოკოლებშია მოცემული და არ არის აუცილებელი გაგრძელდეს საჩივრის განხილვა.

 

ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული პირობების ადეკვატურობა მოსარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლომ ცალსახად არ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დადებით გადაწყვეტილებებში გამოხატული მსჯელობა, განჩინებაში ცალსახად და ნათლად განმარტა, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის მოქმედებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. სასამართლომ ასევე იმსჯელა პროტეზის ხარჯებზე და განმარტა, რომ იზიარებს საქართველოს მთავრობის დეკლარაციაში მთითებულ გარემოებას, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური დაცვის სააგენტოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია მისი პროტეზირებით უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, აღნიშნული გარემოებები დაუსაბუთებლად არ გაიზიარა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტეზირების თაობაზე სარჩელის ნაწილში, მიუთითებდა, რომ წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს ვინაიდან, კანონმდებლობით პროტეზირება წარმოადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციას. მოსარჩელის მიერ პროტეზირების თანხების მოთხოვნა სამინისტროსათვის კონკრეტულ არგუმენტს ეფუძნებოდა და ეს გახლავთ, რომ მას არ სურს სოციალური დაცვის სააგენტოს მეშვეობით პროტეზირების უზრუნველყოფა, როგორც ჩვეულებრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ვინაიდან, მისი ზიანი გამოწვეული იყო სახელმწიფოს ბრალეულობით. მოსარჩელე ასევე განმარტავდა, რომ სოციალური დაცვის სააგენტოს მეშვეობით პროტეზირების განხორციელების შემთხვევაში, მისთვის შეთავაზებული პროტეზი დაბალი ხარისხის იქნება. აღნიშნული მიდგომა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ და შსს - ს დააკისრა პროტეზირების ხარჯების ანაზღაურება, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში განსაზღვრულია ორგანო რომელიც პროტეზირების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თვით ევროპულმა სასამართლომ საქმის ნუსხიდან ამორიცხვით ცალსახად არ მიიღო და არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, მის მოთხოვნასთან მიმართებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის ამორიცხვით დადასტურებულია, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ზიანის ანაზღაურების თანხის ადეკვატურობა, მოსარჩელის უფლებების დაცვასთან მიმართებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესების მიმდინარეობისას ცალსახად აპელირებადა იმგვარ გარემოებაზე, რომ ადამინის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო არ არის სამართალწარმოების ორგანო, რომელიც მხოლოდ ფაქტის დადასტურებით იქნება შეზღუდული და არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს თანხის ადეკვატურობა ზიანის ანაზღაურების კუთხით. ევროპული კონვენციის 41-მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობაა სახეზე, ამ შემთხვევაში სასამართლო თვითონ აკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას განმცხადებელს. მოცემულ შემთხვევაში კი ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა რა საქართველოს მთავრობის პოზიცია, უარი თქვა საქმის განხილვაზე და ამორიცხა საქმე ნუსხიდან.

 

წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება, მომჩივანისათვის 8 000 ევროს კომპენსაციის ანაზღაურება და მომჩივანის უფლებაზე - პროთეზის განახლებაზე მითითება, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არცერთ ეტაპზე არ უთქვამს უარი მოსარჩელისათვის საპროთეზო - ორთოპედიული აღჭურვილობის განახლების თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფომ ერთხელ უკვე უზრუნველყო მომჩივანი სამედიცინო მკურნალობითა და პროთეზით და აიღო მისი განახლების ვალდებულება. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ტიპის ზიანის ანაზღაურების საფუძველს: მატერიალურსა და მორალურს. პროთეზისა და მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება, რომლის საერთო ღირებულებამ 66 336,4 ლარი და 9793,14 ევრო შეადგინა, სოციალური დახმარების გადახდა 2004 წლიდან და პროთეზის განახლების ვალდებულების აღება წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურების პირდაპირ მაგალითებს, ისევე როგორც, ევროპული სასამართლოს მიერ, ხარჯებისა და დანახარჯებისათვის გადარიცხული 1 100 ევრო. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გადახდილ 8 000 ევროს, იგი გადაირიცხა ერთადერთი მიზნით - მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. შესაბამისად, სახელმწიფოს არ ამოუწურავს არც მანამდე და არც მერე ვ. ე-----------ზე ზრუნვა მხოლოდ 8 000 ევროს გადახდით. მიუხედავად აღნიშნულისა სარჩელის დაკმაყოფილება მოხდა თითქმის სრული მოცულობითა და სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების აბსოლუტური უგულვებელყოფით. უფრო მეტიც, სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ განავითარა მსჯელობა, რომ სახელმწიფოს მიერ მომჩივანისათვის გადარიცხული 8 000 ევრო არ ფარავდა ნებისმიერ მორალურ ან მატერიალურ ზიანს და ყველა ხარჯსა და დანახარჯს, როგორც ეს სახელმწიფოს ჰქონდა განცხადებული ცალმხრივ დეკლარაციაში.

 

აპელანტმა მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ სასამართლოს მსჯელობის ლოგიკა გასაგებია, მაშინ იქვე გადაწყვეტილებაში უნდა არსებობდეს რაიმე განმარტება, რას ფარავდა სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხა. სასამართლოს მსჯელობის მართებულობის დაშვების შემთხვევაში სახეზე იქნება მდგომარეობა, რომელშიც სახელმწიფომ ისე, უბრალოდ, არაფრის კომპენსაციისათვის გადაიხადა 8 000 ევრო. გამოდის, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს ჰქონია მორალური და მატერიალური ზიანის მიღმა არსებული კიდევ რაღაც „სხვა ზიანის“ ასანაზღაურებლად და სწორედ ამიტომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის არცერთ კატეგორიაში, როდესაც სახელმიწფოს თანხის გადახდის ვალდებულებას აკისრებდა. შესაძლოა, მოსარჩელის აზრით 8 000 ევრო არ ფარავდეს ნებისმიერ ხარჯს, რის გამოც მან სადავოდ გახადა ანაზღაურებული თანხა, მაგრამ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით თქვა, რომ აღნიშნულ თანხას არ დაუფარავს აბსოლუტურად არავითარი ხარჯი, რაც ეწინააღმდეგება სამართლისა და სამართლიანობის ზოგად პრინციპებს, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის სახით 8 000 ვეროს გადახდის თაობაზე ნების გამოხატვა, რომლის ოდენობაც ევრო-სასამართლოს აზრით ადეკვატური იყო საქმის განსაკუთრებული გარემოებების თვალსაზრისით.

 

აპელანტმა ასევე მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა მომვლელის ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

 

ასევე, მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილება და განმარტა, რომ აღნიშნულის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფას სწორედ შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ორგანოები ახორციელებენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სასარჩელო მოთხოვნა წარმომადგენლის მითითებით, არამარტო სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო არამედ მიმართული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, რაც გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად მხედველობაში უნდა მიეღო სასამართლოს.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მომვლელის ხარჯების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ მატერიალური ზიანის დაკისრება სამინისტროსათვის განხორციელდა 2004 წლის აგვისტოს პერიდიდან ისე, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- ე მუხლით განსაზღვრული ვადებულებების შესაბამისად ვერ უზრუნველყო მის მიერ მომვლელის ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა.

 

მომვლელის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე აპელანტმა სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ასევე უასფუძვლოდ და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია უფლებით სამართლიან სასამართლოზე. თუმცა "მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლებისა უდაოდ დიდი მნიშვნელობისა ის არ არის აფსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება N3/1/531 საქმეზე, ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II, 3. ). მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო წესით დაცვის უფლება განუყოფლდა არის დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე, ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს შესაძლებლობას სარჩელის დაკმაყოფილებისა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა სასამართლომ როდესაც მიუღებელი შემოსავლისა და მომვლელის ხარჯები ანაზღაურება სამინისტროს 2004 წლის პერიოდიდან დააკისრა. 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან მომვლელის ხარჯების დაკისრების დაუსაბუთებულობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მომვლელის ხარჯებისათვის აუცილებელი თანხის რაოდენობად როგორც 2004 წლის მიმართ ასევე 2005 და სხვა წლების მიმართაც გამოიყენა 2016 წელს გაცემული კალკულაცია ხარჯებთან დაკავშირებით, რაც ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია.

 

აპელანტი არ დაეთანხმა, სასამართლოს მსჯელობას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს და მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება და მით უფრო ამ ოდენობით. აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ ამ ოდენობის თანხის გამომუშავების ფაქტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესაბამდე. საყურადღებოდ მიიჩნია, რომ ხელფასის ცნობებში მოცემული მონაცემების შესაბამისად, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ვ. ე-----------ი 2004 წლის აგვისტომდე, ხოლო ი. კ-----ი მხოლოდ 2004 წლის 10 აპრილამდე იყო დასაქმებული. ნაღმზე აფეთქების შემთხვევის მომენტისათვის კი (2004 წლის 2-----------), არცერთი მათგანი აღარ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. 2004 წლის პერიოდიდან დღემდე და მომავალშიც მოსარჩელე დამდგარი ზიანის თავიდან აცილების შემთხვევაში სწორედ მსგავსი სახით რომ მიიღებდა შემოსავალს, აღნიშნული ვერცერთ მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული. გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ პირის დასაქმება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, კვალიფიკაციის მაღალი დონე ან თუნდაც დასაქმება კონკრეტულ თანამდებობაზე აპრიორი არ გულისხმობს მუდმივად მსგავსი სახით შემოსავლის მიღების გარანტიას. აღნიშნული გარემოებები არ გამორიცხავს სამსახურიდან გაშვების შესაძლებლობას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი ადგენს, რომ „დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“. მოცმულ შემთხვევაში, ზიანის დადგომის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს 2004 წლის 2-----------, საიდანაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მხარეს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნით უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2007 წლის 2-----------სი. განსახილველ საქმეზე კი სარჩელი წარდგენილ იქნა 2016 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეს გაშვებული აქვს არა მარტო დელიქტის მიმართ არამედ ხანდაზმულობის ზოგადი 10 წლიანი ვადა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აპელანტმა მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მოცულობა უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, მხარეთა ბრალეულობის ხარისხით. მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებულია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება უშუალოდ არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეული მოქმედებებიდან, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს კომპენსაციის ოდენობის განხილვის ყველა ეტაპზე.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მიერ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობაზე და განამრტავს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია. მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს ბრალეულობა ცალსახად არ გვაქვს საქმესთან მიმართებით, მსგავსი ოდენობის მორალური ზიანის დაკისრება არამარტო ეწინააღმდეგაბა ზიანის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ასევე წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან. აპელანტი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის მოცეულობას, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო და არ გააჩნია მატერიალური გამოხატულობა, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით უნდა იქნეს შეფასებული. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, ისეთ გარემოებებს, როგორიცაა არამარტო დაზარალებულის ზიანის სიმძიმე და სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით, არამედ ასევე მოპასუხის შესაძლებლობები და დამოკიდებულება დამდგარ ზიანთან მიმართებით.

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის დაკისრების დროს ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ----------- ე----------ის მიმართ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღარების შესახებ ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თავად სახელმწიფომაც აღიარა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულფებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტი და აღნიშნულის ასანაზღაურებლად გადაიხადა კონკრეტული თანხები. რაც ვ----------- ე----------ის მიერ მიღებული იქნა. ვინაიდან, მოსარჩელისათვის უკვე ანაზღაურებულია მიყენებული ზიანი და მოცემულ საკითხზე ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც სასამართლოს მიერ შემოთავაზებული თანხის ოდენობა გონივრულად მიიჩნია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრს მოსაზრებით, არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამინისტროზე მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა რა ზიანის ანაზღაურება, აპელანტის განმარტებით, სახეზეა ერთი და იგივე საფუძვლიდან ზიანის ანაზღაურების ორჯერადად დაკისრების ფაქტი, რაც სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დაუშვებელია.

 

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით 208-ე, 316-317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები და აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით განმარტა, რომ მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პალატამ მიუთითა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალი უფლებაა, იგი ადამიანისათვის თანდაყოლილია და არა კანონით ბოძებული და არც მისი ჩამორთმევა შეუძლია ვინმეს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას - არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური ვალდებულება კი - იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისგან. სიცოცხლის საფრთხის აცილების სფეროში სახელმწიფოს ვალდებულება გულისხმობს აღკვეთოს სიცოცხლის საფრთხე, მაგრამ ეს მოვალეობები შეზღუდულია, რაც გულისხმობს, რომ სიცოცხლის უფლება არ წარმოადგენს „სიცოცხლის დაზღვევას“, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტირებული.

 

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ ნაღმზე აფეთქებამდე ვ----------- ე-----------ი იყო ჯანმრთელი ახალგაზრდა, მუდმივად დასაქმებული, ამასთან დადგენილია, რომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, არ იარსებებდა მოსარჩელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებისა და პროთეზების დამზადების საჭიროება, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით, ვალდებულია, უზრუნველყოს მოსარჩელის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს მიახლოებული სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევამდე არსებული გარემოება.

 

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც ვერ გაბათილდა აპელანტის მიერ, მოსარჩელის დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭიროა კონკრეტული სახეობის პროთეზების დამზადება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პირის მაქსიმალურ ადაპტაციას საზოგადოებასა და გარემოში.

 

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამართლის მიერ დაცულ ერთ - ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული არაქონებრივი ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

 

პალატამ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში, დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მორალური ზიანის მიყენება არ უკავშირდება უშუალოდ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების მომენტს, მორალური ზიანი შესაძლოა მოგვიანებით, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლის, დათრგუნულობის, გაურკვევლობის, ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვიული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დადგეს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ. ამდენად, არაქონებრივი ზიანი, თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობისა და სამართლიანობის და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, სააპელაციო პალატის მითითებით, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივ ურთიერთობებს, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ, ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან.

 

პალატამ მიუთითა, რომ მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას პალატამ განმარტა, რომ მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა აპელანტმა დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის სარჩოს დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ ვ----------- ე-----------მა მიღებული ტრამვის შედეგად შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით დაკარგა, შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დასაქმების და საკუთარი შრომის შედეგად ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაც დაკარგა. ამდენად, ამ მოცემულობაში, ყოველთვიურად ხელფასის ოდენობით დაკისრებული თანხა წარმოადგენს იმ მინიმალურ ხელფასს, რომელსაც მიიღებდა, შრომის უნარი რომ არ დაეკარგა და აღნიშნული არ უნდა იქნეს გაიგივებული საარსებო მინიმუმთან.

 

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

კასატორმა საკასაციო საჩივარი დააფუძნა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

 

9. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის განვლილ პერიოდზე სრულად ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

საკასაციო სასამართლომ უდაოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ - მიეღოთ ყველა საჭირო პრევენციული უსაფრთხოების ზომა სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - გამოიწვია ვ----------- ე-----------ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება, რაც ქმნის ვ----------- ე-----------ისათვის ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძველს ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტაბილურობის მიზნით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობა მოსარჩელისათვის სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ არ გაიზიარა მისი ანაზღაურება 2004 წლის 2-----------ს პერიოდიდან და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნათა ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს 2004 წლის 2-----------დან 2016 წლის 31 მაისამდე (სარჩელის აღძვრამდე) სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, არ იკვეთება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, შეწყვეტის, მატერიალურ და მორალურ ზიანთან ერთად სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ხანდაზმულობის ვადის ათვლის გამომრიცხავი გარემოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნათა ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

 

საკასაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1- ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებით და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის 26.1 მუხლზე რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო მომსახურებას. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების ნორმების გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნული სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება.

 

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

10. უზენაესი სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

10.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით.

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოპასუხისათვის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს (ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტის) ოდენობით პროთეზების დამზადების ღირებულების ანაზღაურების, თვეში 3000-3000 ლარის ოდენობით 2004 წლის 24 აგვისტოდან მიუღებელი შემოსავლისა და სარჩოს ანაზღაურების, 2004 წლის 24 აგვისტოდან თვეში 5 452,50 ლარის ოდენობით სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებისა და 500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვ----------- ე-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პროთეზის ღირებულების - 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურება 1903 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის 2-----------ს პერიოდიდან. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურება 1642,5 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის განვლილ პერიოდზე სრულად ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ, ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის განვლილ პერიოდზე სრულად ანაზღაურების დაკისრების საკითხი წარმოადგენს.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ვ----------- ე-----------ის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინების იმ ნაწილზე სადაც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს 2004 წლის 2-----------დან 2016 წლის 31 მაისამდე სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე და აღნიშნულის საფუძველზე დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურება 2013 წლის 31 მაისიდან.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს სარჩოსა და მომვლელის ხარჯის ანაზღაურება 2019 წლის 1 იანვრიდან გადასახდელ სარჩოსა და მომვლელის ხარჯების ნაწილში.

 

სააპელაციო პალატა მოთხოვნაზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურება 2013 წლის 31 მაისიდან განმარტავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის საფუძველზე ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი, ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. დელიქტის შედეგად დამდგარი ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და თავისუფლებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც დაკავშირებულია პირის სულიერ ტანჯვასთან არამატერიალური ზიანია.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ან/და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ - მიეღოთ ყველა საჭირო პრევენციული უსაფრთხოების ზომა სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - გამოიწვია ვ----------- ე-----------ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება, რაც ქმნის ვ----------- ე-----------ისათვის ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძველს ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდეს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტაბილურობის მიზნით. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის (საქმე ბს-494-488 (2კ-12)) გადაწყვეტილებაზე სადაც მითითებულია, რომ „სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომვლელის ხარჯის, ყოველთვიური სარჩოს, სარეაბილიტაციო მკურნალობის ხარჯის მოთხოვნის ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ - ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ცალკე ქმნის ხანდაზმულობის ვადას.

 

პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომისა და ზიანის მიმყენებლის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ზიანის დადგომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2004 წლის 2-----------ს მომხდარი ავტომანქანის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზიანებების მიღების, ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციების დარღვევისა და შრომის უნარის დაკარგვისთანავე.

 

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----------- ე-----------ს პირველი ჯგუფის ინვალიდობა დაუდგინდა ტრავმის მიღებიდან მოკლე პერიოდში, კერძოდ, 2004 წლის 19 ნოემბერს. ამდენად, შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდული ხარისხი, დასახიჩრების შეუქცევადი შედეგი, ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მკვეთრი დარღვევით, აღნიშნულის შედეგად აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესის და რიტმის შეცვლა, ნერვიული განცდები ტრავმის მიღებისთანავე იყო ცხადი. პალატის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავდაპირველად ითხოვდა სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებას 2004 წლიდან, საქმის მასალების მიხედვით, სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ აღძრულია 2016 წლის 31 მაისს (იხ. ტომი I, ს.ფ 1-16).

 

პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურაღება გაამახვილოს ვ----------- ე-----------ის მიერ 2005 წლის 28 ივლისს აღძრულ სარჩელზე რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის მის სასარგებლოდ სოციალური - საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის (სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მომსახურების საგნებით უზრუნველყოფისათვის) 2004 წლის სექტემბრიდან უვადოდ, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის დაკისრება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ვ. ე----------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 46695,66 (ორმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ევრო და სამოცდაექვსი ცენტი) ევროს ეკვივალენტის ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის - 1000000 (ერთი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა, სხვა მოთხოვნები მის მიერ დაყენებული არ ყოფილა (იხ. ტომი I, ს.ფ 84-93).

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არ იკვეთება, 2004 წლის 2-----------დან 2016 წლის 31 მაისამდე (სარჩელის აღძვრამდე) სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, შეწყვეტის, მატერიალურ და მორალურ ზიანთან ერთად სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ხანდაზმულობის ვადის ათვლის გამომრიცხავი გარემოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნათა ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომელთათვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2013 წლის 31 მაისიდან სარჩოს ხარჯების დაკისრების შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურება 2013 წლის 31 მაისიდან 2016 წლის 31 მაისამდე, პალატა მიუთითებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე რომლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებებში. აღნიშნული ნომების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაცვას იგი ითვალისწინებს არა მომვლელის ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მომვლელის დანიშვნას. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ მოსარჩელე ვ. ე----------მა მომვლელის ან დამხმარის დანიშვნის მოთხოვნით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების ორგანოს. პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის (საქმე ბს-494-488 (2კ-12)) და 2018 წლის 14 ივლისის (საქმე ბს-307-307 (კ-18)) გადაწყვეტილებებზე.

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მითითებული ნორმის საფუძველზე, პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ კონვენციითა თუ ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა რეალიზაციაში სახელმწიფოს როლი ფუნდამენტურია, სწორედ ის უზრუნველყოფს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ასეთი პირებისათვის ხელსაყრელი გარემო თუ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის (საქმე ბს-307-307 (კ-18)) გადაწყვეტილება).

 

სააპელაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზემოთმითითებული საკანონდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის მოთხოვნას - დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურება.

 

რაც შეეხება ვ----------- ე-----------ის წარმომადგენლის შუამდგომლობას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხარეთა თხოვნით სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს, კერძოდ: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლა გულისხმობს, რომ აღარ არსებობს გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების და ამ გზით მისი შეცვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს მისი მხარეების მიერ იგივე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოში დავის შესაძლებლობას ან იმავე ფაქტების სადავოდ გახდას სხვა პროცესში, 267-ე მუხლის თანახმად კი, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ გარკვეულ ვადაში აღსრულებული გადაწყვეტილება შეიძლება ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კვლავ შეიცვალოს.

 

11. შემაჯამაბელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ვ----------- ე-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაესკისროს მოსარჩელის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურება 1903 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 2013 წლის 31 მაისიდან. ვ----------- ე-----------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ვ----------- ე-----------ის წარმომადგენლის ლ--–- პ-------–---–ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

„სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო - საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ვ----------- ე-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის ვ----------- ე-----------ის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურება 1903 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 2013 წლის 31 მაისიდან.

 

5. ვ----------- ე-----------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

6. ვ----------- ე-----------ის წარმომადგენელ ლ--–- პ-------–---–ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი