განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002314092
საქმე №1ბ/219-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის
მსჯავრდებულის: გ---------------ის
ადვოკატების: მ-----------–---–ის, ფ---------------–---–ის, და ს--–--------–-–---–ის
თარჯიმნების: ჰ------–-------ს და ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატების მ-----------–---–ის, ფ---------------–---–ის და ს--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №031150218002) გ---------------ის მიმართ. გ---------------------------ი დაბადებულია 1973 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მ--------–--------------------–-----------––--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---------------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა წამება, ესე იგი პირის მიმართ ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 23:40 საათზე მა-------–----------------------–-----------–ში მთვრალმა გ-----------------მა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავის მეუღლეს - ლ---–-------------ს მოსთხოვა ვახშმის მომზადება. განაწყენებულმა მასზე, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გ----------------მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თითქოს ოჯახში საჭმლის მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, გადაწყვიტა ლ---–-------------ს დასჯა, რისთვისაც განიზრახა მისი წამება. ის ჯერ თმებში წვდა ლ---–-------------ს და სცემა, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით გადაწყვიტა მისი შებოჭვა და თავისუფლების აღკვეთა. ამ მიზნით გ----------------მა იატაკზე წააქცია ლ---–-------------ა და ხელები შეუბოჭა პლასტმასის სალტეთი ე.წ. „ხამუთით“. როდესაც სცადა ფეხების შებოჭვაც, ლ------------- შეეწინააღმდეგა და მის დასამორჩილებლად ფეხში ჩაარტყა დანა, რითიც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ფეხების და ხელების შებოჭვის შემდეგ გ----------------ი ლ---–-------------ას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელებს და ფეხებს ურტყამდა ტანის არეში რამდენიმე საათის განმავლობაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
გ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკცარმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----------–---–მა და მოითხოვა გ---------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
შესაგებელი წარმოადგინა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა და მოითხოვა გ---------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ადვოკატებმა შესავალი სიტყვების ეტაპზე წარმოადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იგივე მოთხოვნით.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება გ---------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება აგებულია ვარაუდებზე, ირიბი მოწმეების ჩვენებებზე. ექსპერტიზის ყველა დასკვნა, რომელიც მოპოვებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, არის სავარაუდო ხასიათის. დასკვნებით არ დგინდება, რომ დაზიანებები, რომლებიც დაზარალებულს აღენიშნებოდა, მიყენებულია მსჯავრდებულის მიერ წამების შედეგად.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ალტერნატიული სახით ასევე მოითხოვა, გ---------------ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში. ვინაიდან დაცვის მხარის არგუმენტაციით გ---------------ის მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედება შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა გ---------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების დაცვით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ დაზარალებულის ჩვენება კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ურთიერთსაწინააღმდეგო და უზუსტობებით სავსეა და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, ვერ გაზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებული ლ---–-------------. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ო-–------------ომ განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2018 წლის 15 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს გამოძახება მ--------––----------–---–-- ქუჩიდან. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ ბევრი ხალხი, ერთი გოგო კი იწვა საწოლზე. დამხდურებმა განუცხადეს, რომ გოგოს სცემა და დაიჭრა ქმარმა და ითხოვდნენ დახმარებას. ო-–-------------მ დაადასტურა, რომ ქალი იყო შეშინებული, კანკალებდა, ხელებზე, სახეზე აღენიშნებოდა სილურჯეები, ბარძაყზე კი - ჭრილობა, რომელთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ მიაყენეს დანით. ო-–-------------მ აჩვენა, რომ გამოძახებაზე იმყოფებოდა ექთან გ----------------თან და მძღოლ ა-------------------თნ ერთად. მან პაციენტს დაუმუშავა ჭრილობა, გაუკეთა გადასხმა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალში.პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ-----------------ა. დაადასტურა, რომ 2018 წლის თებერვალში გამოძახებაზე იმყოფებოდა ექიმ ო-–-------------სთან და სასწრაფოს მძღოლ ა-------------------თან ერთად. პაციენტს ხელებზე ზოლად ჰქონდა სილურჯეები, სილურჯე ასევე აღენიშნებოდა სახეზე. მეზობლების განმარტებით დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. გ-----------------ა ასევე განმარტა, რომ მას ესმის აზერბაიჯანულიც. თავად დაზარალებულმაც განუცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. დაზარალებული მათი მისვლისას იმყოფებოდა მშობლების სახლში.
პირველი ინსტანციის სასმართლოს სხდომაზე მოწმე ა-------------------მა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლად. 2018 წლის თებერავლში გამოძახებაზე იმყოფებოდა მარნეულში, ბ-------–---–ის ქუჩაზე, სადაც გამოძახებაზე მიიყვანა ექიმი ო-–------------- და ექთანი გ------------------. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბევრი ხალხი. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ის შევიდა სახლში, რათა გაეგო, ხომ არ იყო საჭირო მისი დახმარება. პაციენტი იყო ქალი. იგი იყო შეშინებული, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ა--------------------მა განმარტა, რომ მან იცის აზერბაიჯანული და იქ მყოფი ხალხისაგან შეიტყო, რომ პაციენტს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა ა--------–---------ი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს გ---------------ის მეზობლად. მეზობლებისაგან შეიტყო, რომ გ---------------ს ცოლი უცემია. აღნიშნული გარემოება მისთვის ცნობილი გახდა მეუღლის მონათხობიბითაც. პირადად ცემის ფაქტს არ შესწრებია. რამდენიმე დღეში შეხვდა ლ---–-------------, რომელმაც დაუდასტურა, რომ სცემა ქმარმა, თუმცა აღნიშნული არ მიაჩნდა პრობლემად. ასევე განუცხადა, რომ თავად არ უჩივლია, იჩივლეს მისმა მშობლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკითხულა დაზარალებული ლ---–-------------, მოწმეები ს-------------ა, ხ-------------------ა და არასრულწლოვანი მოწმე ე------------ი. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.
დაზარალებულ ლ---–---------------ას 2018 წლის 15 თებერვლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ცხოვრობს მ--------–--------------------–-----------–ში მეუღლესთან გ----------------თან, დედამთილთან ს---------------სთან და მაზლიშვილთან ე---–---------თნ ერთად. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი. პირველ სართულზე ცხოვრობენ დედამთილი და მისი მაზლიშვილი, ხოლო თვითონ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს სახლის მეორე სართულზე. მას გ---------------თან ჰყავს 4 შვილი: ს-------------ა, ე--------------------------------------------------------- 2018 წლის 14 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში გ----------------ი დილიდან გასული იყო სახლიდან. საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მისვლისთანავე უხეში ტონით მიმართა, ჩაი მოედუღებინა. მან ჩაი მოუდუღა, მაგიდასთან დასხდნენ და ერთად მიირთმევდნენ. დაახლოებით 23:40 საათზე გ------მა უმიზეზოდ დაუწყო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ლ---–-------------მ ჰკითხა, რატომ აგინებდა, რას ერჩოდა. გ------ი იყო მთვრალი და განაგრძობდა მის შეურაცხყოფას. შემდეგ ადგა, მივიდა ახლოს, თმებში ჩაავლო ხელი და უთხრა, მოგკლავო. ლ---–------------- ტიროდა და ეხვეწებოდა გ------ს, რომ თავი დაენებებინა. დაუწყო ცემა, ლ---–------------- ამ დროს იჯდა სკამზე. გ------მა მუშტი დაარყა რამდენჯერმე სახის არეში. ამ დროს სკამი გატყდა და იატაკზე დავარდა. გ------მა ოთახში მონახა პლასტმასის ,,ხამუთები“, რომლებითაც ხელები შეუკრა. შემდეგ კი ფეხების შეკვრა დაიწყო. ლ---–------------- მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამიტომ გ------მა დანა, რომელიც ხელში ეჭირა, დაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში და ფეხებიც შეუკრა ,,ხამუთით“. გ------ი იყო ძალიან აგრესიული, აგრძელებდა მის შეურაცხყოფას და ცემას, პარალელურად ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ამ დროს კარებთან მივიდა მისი მაზლის შვილი ე------------ი, რომელმაც დაინახა, რაც ხდებოდა ოთახში და მაშინვე გაიქცა ბებიის - მისი დედამთილის ს-------------ას დასაძახებლად. მალე მივიდა ს-------------აც, რომელმაც გ----------------ს უთხრა, ლ---–-------------ასთვის თავი დაენებებინა, თუმცა გ------მა უპასუხა, შენი საქმე არ არისო და გააგდო ისევ დაბლა სართულზე, თვითონ კი კვლავ უკან შებრუნდა ოთახში და განაგრძო მისი გინება და ცემა. შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გ---------------მა შეწყვიტა ცემა და გინება და იჯდა სკამზე. ლ---–------------- კი ხელფეხშეკრული ეგდო ძირს. ერთი საათის გასვლის შემდეგ კვლავ განაგრძო მისი ცემა და რამდენიმეჯერ მუცლის არეში დაარტყა ხელი. ის ეხვეწებოდა, დაენებებინა თავი, თუმცა უშედეგოდ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით 4:00 საათამდე. გ---------------ი დაახლოებით 5-6 ჯერ მივარდა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 4:00 საათზე კი თვითონვე გაჭრა დანით პლასტმასის შესაკრავები და გაუხსნა ხელ-ფეხი. ამის შემდეგ კი გ-----------------მა დაიძინა მათ საძინებელში ლოგინზე. იმავე ლოგინზე დაიძინა თვითონაც, ვინაიდან სხვა ლოგინი არ აქვთ, კარი კი გასაღებით ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი, რომ არ გაქცეულიყო. დილით ლ---–-------------ას კარი დახვდა ღია და შეძლო სახლიდან წასვლა და მშობლებთან მისვლა. ლ---–-------------მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს ეცვა შავი ფერის ჯინსის შარვალი და შავ-თეთრში გაწყობილი ზოლიანი პერანგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა ასევე დაზარალებულ ლ---–-------------ს მეორედ დაკითხვის ოქმი, რომელშიც მან დააკონკრეტა გ---------------ის ქმედების მიზეზი. გ---------------მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელფეხი შეუკრა და დანა დაარტყა იმის გამო, რომ თითქოს ვახშამი დროზე არ გაუმზადა.
ს---------------ს 2018 წლის 15 თებერვლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ს-------------ა ცხოვრობს მ--------–----------------------–------------––ი ოჯახთნ ერთად. გ----------------ი არის მისი შვილი, ხოლო ლ---–-------------ა - რძალი. ისინი ცხოვრობენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. 2018 წლის 14 თებერვალს ლ---–------------- იყო სახლში, ხოლო გ---------------ი დღის განმავლობაში არ უნახავს. დაახლოებით 23:30 საათზე მას დაუძახა შვილიშვილმა ე--- გ-------მა, რომელიც სთხოვდა, ასულიყო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. აივანზე ასვლისას ფანჯრიდან დაინახა, რომ ლ---–-------------ას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იატაკზე იყო დაგდებული და შველას ითხოვდა, გ---------------ი კი მას სცემდა ხელებით და ფეხებით. ს-------------ამ ვერ შეძლო კარის გაღება და დახმარება, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გ---------------ი მას გარეთ გაუვარდა და აგრესიულად მოსთხოვა ჩასულიყო დაბლა. მას ხელში ეჭირა დანა, თუმცა დაარტყა თუ არა ლ---–-------------ს, არ დაუნახავს.
არასრულწლოვან ე------------ის 2018 წლის 16 თებერვლის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი დაიკითხა მ-------------–---–ის მიერ კანონიერი წარმომადგენლის - სოციალური სამსახურის მუშაკის თ--------------ის თანდასწრებით. ე--- გ-------მა განმარტა, რომ გ---------------ი არის მისი ბიძა. ცხოვრობენ ერთ სახლში. 2018 წლის 14 თებერვალს გ----------------ი ნახა ნასვამ მდგომარეობაში. შემოესმა ყვირილის ხმა, აირბინა ზემოთ და ნახა, რომ ოთახის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ფანჯრიდან დაინახა ლ---–-------------, რომელიც იატაკზე იყო დაგდებული, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და გ---------------ი კი მას სცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ასევე დაადასტურა, რომ გ---------------ის ხელში დაინახა დანა. მან საშველად მოუხმო ბებიას ს---------------ას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ვერ შეძლეს ლ---–-------------ს დახმარება. მას შემდეგაც ესმოდა ლ---–-------------ას ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემდეგ კი დაეძინა. დილით როცა გაიღვიძა, ლ---–-----------ა სახლში აღარ დახვდა.
ხ-------------------ას 2018 წლის 19 აპრილის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ლ---–------------- არის მისი შვილი. 2018 წლის 15 თებერვალს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა მისი შვილი ლ---–-------------, ტიროდა და იყო განერვიულებული. უთხრა, რომ ღამე სცემა ქმარმა, ხელ-ფეხი შეუკრა პლასტმასის შესაკრავებით, ბარძაყის არეში დაარტყა დანა. ხ---------------------მ გამომძიებელს განუმარტა, რომ მან თავად ნახა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა, ასევე სიწითლეები მაჯის არეში, სახეზე კი - სილურჯეები. მათ მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 15 თებერვლის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ბ------–----------–---ის მიერ. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი - მ--------–----------------------–-------------–-, გ---------------ის საცხოვრებელი სახლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. გ---------------ის საცხოვრებელ სახლს აქვს სამფრთიანი ლურჯი ფერის ეზოს რკინის ჭიშკარი. ეზოში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბეტონის კონსტრუქციის კიბის საშუალებით ავდივართ მეორე სართულის აივანზე, სადაც დგას დივანი. დივანზე იყო ტანსაცმელი, მათ შორის - ქალის შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა გაჭრილი. შარვალი ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, პირველ ოთახში მარჯვნივ დგას სამზარეულოს თეთრი ფერის კარადა, ხოლო მარცხნივ - მაგიდა და დივანი, რომლის გვერდზე ასევე დგას ლოგინი. ლოგინი არეულია. მის წინ დგას დიდი ზომის ღუმელი. ღუმელთან ცეცხლის დასანთებ მხარეს ყრია 5 ცალი თეთრი ფერის პლასტმასის სალტე - ე.წ. ,,ხამუთი“, ისინი ერთმანეთზე არის გადაბმული და გადაჭრილი. ,,ხამუთები“ ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. საძინებელ ოთახში, ლოგინის გვერდზე გდია ქაღალდის მონახევი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ქაღალდის მონახევი ასევე ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. დივანის გვერდით დგას ყვავილის ქოთანი, რომელშიც ჩარჭობილია შავტარიანი დანა. დანის პირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. აღნიშნული დანა ამოღებული იქნა ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ და დაილუქა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხელმა ნ----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მონაწილეობას იღებდა, როგორც ექსპერტი. მან დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელიც მდებაროებს მ--------–--------------------–-----------–ში, ამოღებული იქნა დანა, პლასტმასის ე.წ. ,,ხამუთები“, ჯინსის შარვალი და ქაღალდის ნაგლეჯი სისხლის მაგვარი ლაქებით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებანი გადაეცა გამომძიებელ ბ------–------–---ს.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა-თი ირკვევა, რომ ლ---–-------------ამ (დაბადებული 24.08.1978) ექიმს მიმართა 15.02.2018 15:20 საათზე. სტაციონარიდან გაწერეს 15.02.2018 წლის 16:30 საათზე. დოკუმენტში მითითებულია, რომ მას ჰქონდა გულმკერდის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობა, მხრის სარტყლისა და მხრის დაჟეჟილობა. ავადმყოფი უჩიოდა ტკივილს თავის, სახის, ყელის, გულმკერდის, მტევნის და ბარძაყის არეში. მისი გადმოცემით, ცემა ქმარმა და მიიღო ტრამვა. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევითა და ტრავმატოლოგის კონსულტაციით: ობ: მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში აღენიშნა ჭრილობა 1,5 x0,5 სმ, სწორი კიდეებით, შუბლის, ყელის, გულმკერდის და ორივე მტევნის არეში აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევა, მოძრაობა მარცხენა მხრის სახსრის არეში შეზღუდულია. მარცხენა სახსარში შემავალ ძვლებში ხილული ტრავმული ხასიათის ცვლილებები არ ვლინდება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N--------- დასკვნით მოქალაქე ლ---–--------------ას 16.02.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები ზედა კიდურებზე, სისხლნაჟღენთები ზედა და ქვედა კიდურებზე, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ქვედა კიდურზე; ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით, ხოლო ყველა დანარჩენი - რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში.
ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ბ-------------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ლევან სამხარაულის 22.05.2018 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ პაკეტში წარწერით: ,,მუქი ფერის პლასტმასის ტარიანი დანა მუქი ფერის ლაქებით“... -მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) სისხლს არ შეიცავს; პაკეტში, წარწერით: „ქაღალდი მუქი ფერის ლაქებით“... - მოთავსებული ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ლ---–-------------ს (ობ. N5,პაკეტი წარწერით ,,ლ---–-------------ს სისხლისნიმუში“); პაკეტში წარწერით: ,,პლასტმასის ,,ხამუტები“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) სისხლს არ წარმოადგენს. სალტეებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ლ---–-------------ას (ობN5) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ობ N4-ის გენეტიკურ პროფილში გ----------------ის (ობ. N6 პაკეტი წარწერით ,,გ---------------ის სისხლის ნიმუში’’ გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ი-------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ თეორიულად საგანზე შეხებისას გენეტიკური კვალი შეიძლება დარჩეს და შეიძლება არა. აღნიშნული დამოკიდებულია საგნის ზედაპირზე, კონტაქტის ფორმაზე.
ლევან სამხარაულის 2018 წლის 04 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ ფუთაში წარწერით: ,,მუქი ფერის შარვალი მუქი ფერის ლაქებით“ - მოთავსებულ შარვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით განვითარებული დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა ე-–----------------–--ემ დაადასურა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ტრასოლოგად. მას შესასრულებლად დაეწერა ბ------–------–---ის დადგენილება. მოწმემ დაადასტურა, რომ ნივთმტკიცება მიიღო დალუქულ მდგომარეობაში, მისი მთლიანობა არ იყო დარღვეული, გახსნის შმედეგ მასში აღმოჩნდა შავი ფერის ჯინსის შარვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ შარვალზე არსებული დაზიანება განვითრებული იყო ჭრილის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ბ------–------–---ი. მისი განმარტებით 2018 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა ლ---–-------------ს სასწრაფო დახმარების სამსახურის მეშვეობით საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. მან გამოკითხა ლ---–--------------ა, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ შეუკრა ხელ-ფეხი, დანით მიაყენა დაზიანება. ამის შემდეგ მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. ამოღებულ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, კერძოდ ქაღალდი მოწითალო ლაქებით, გადაჭრილი ე.წ. ,,ხამუთები“, ასევე შარვალი. 2018 წლის 17 თებერვალს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---------------ი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც შეაჩერეს და მის მიერ მოხდა ბრალდებულის სახით გ------ გ-------ის დაკავება. მოწმე ბ------–------–---მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ მოწმის სახით დაკითხა ს-------------ა, ხ-------------------ა.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, კერძოდ ე.წ. ,,ხამუთები“, რომლებიც იყო 5 ნაწილად, სხვადასხვა ზომის, დანა შავი ტარით და ქაღალდი მოწითლო ლაქებით. რაც შეეხება სისხლის ნიმუშებს, აღნიშნული არ გამოკვლეულა სხდომაზე, რადგან დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით დგინდება, რომ დაზარალებული შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის გამომძიებელ ბ------–------–---ს, სასწრაფო დახმარების ექიმ ო-–-------------ს, ექთან გ----------------ს, შემთხვევის მეორე დღეს - დედას ხ-------------------ას, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ - მეზობელ აბრამ შახბაზოვს. ფაქტის თვითმხიველები კი არიან დედამთილი ს-------------ა და მაზლის შვილი არასრულწლოვანი ე------------ი. დაზარალებულის მდგომარეობა შემთხვევის ადგილზე ნახა ასევე სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლმა ა-------------------მა და გამომძიებელმა ბ------–------–---მა. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევით კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ამ მტკიცებულებათა სანდოობასა და სარწმუნობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. უფრო მეტიც, მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნობის კრიტერიუმებს, რადგან ისინი გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების ამოღების ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით, და ა.შ.
დაცვის მხარის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის ყველა დასკვნა არის სავარაუდო, ინფორმაციული ხასიათის და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა დაედოს საფუძვლად შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებით განხილვის დროს აღნიშნული დასკვნების გამცემი ექსპერტები დაკითხული იქნენ მოწმის სახით. მათ მკაფიო და ნათელი პასუხები გასცეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით. ასევე დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, მართებულობა და აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არის დაფუძნებული პრაქტიკითა და კონკრეტული სტანდარტებით დადგენილ კვლევაზე.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მოიწვევა მხარის მიერ, ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ექსპერტი მის მიერ საკვლევ ობიექტთან მიმართებით არის უფრო მეტი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე პირი, ვიდრე ეს შესაძლებელია, იყოს დაცვის და ბრალდების მხარე, რის გამოც ექსპერტი მის მიერ განხორცილებული კვლევისა და შესაბამისი დასკვნის გარშემო აკეთებს მხარეთა და პროცესის მონაწილეთათვის გასაგები ფორმით განმარტებებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. საგულისხმოა ისიც, რომ იმისთვის, რათა არასარწმუნო და არადამაჯერებლად იქნას მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენება, საჭიროა, საპირისპირო გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურება (მოცემულ შემთხვევაში გარდა დაცვის მხარის პოზიციისა სხვა მტკიცებულებები: ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ., რომლებიც გახდებოდა მოცემულ დასკვნაში ან ექსპერტის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების, ასევე საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაუზიარებლობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტები დაუსაბუთებელია, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებებში არსებული ინფორმაცია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ხასიათდებიან ურთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხით. მათი ნამდვილობის და სისწორის ხარისხი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით იძლევა დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით ობიექსტურ პირს დაარწმუნებდა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე დაცვის მხარის არგუმენტაციაზე იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მოხდა გ---------------ის ქმედების სწორი კვალიფიკაცია. დაცვა არ უარყოფს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს მეუღლის ლ---–-------------ს მიმართ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ---------------მა თმებში ხელის მოკიდებით სკამიდან ძირს დააგდო და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა უარყოფს, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, კერძოდ გ---------------ის მიერ დაზარალებულისთვის ე.წ. ,,ხამუთებით“ ხელ-ფეხის შეკვრას და 23:30 საათიდან 04:00 საათამდე ამ მდგომარეობაში გაჩერებას, ასევე გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულზე დანის დარტყმას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გ---------------ის მიერ შესაძლოა, რაელურად განხორციელდა მხოლოდ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, გამამართლებელ განაჩენთან ერთად ალტერნატიულად მოითხოვა გ---------------ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაცულია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამასთან, სუბიექტური მხრივ დანაშაულის ჩადენა პირდაპირი განზრახვით ხდება - პირს შეგნებული აქვს, რომ სხვა პირს თავისუფლებას აღუკვეთს და სურს ეს. ობიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლს, პალატა განმარტავს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დაცული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი, ღირსება. აღნიშნული ღირებულებები იმდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში, რომ ისინი განმტკიცებულია უმაღლესი იერარქიის ნორმებში და მათი უგულებელყოფა ითვლება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლის თანახმად არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად არავის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წამება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. მოცემული საკითხის უდიდეს მნიშვნელობას ცხადყოფს ასევე ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ამ საკითხის თაობაზე მიღებულ იქნა 2 საერთაშორისო აქტი: წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია და იმავე სახელწოდების ევროპული კონვენცია. აღნიშნული ქმედებისადმი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებაზე მიუთითებს ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ქმედებებზე არ ვრცელდება პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადები და მისი ჩამდენი პირის დასჯა დასაშვებია მიუხედავად იმისა, თუ რა დროა გასული ქმედების ჩადენიდან. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წამების აკრძალვა აბსოლუტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებების გამართლება რაიმე მიზეზით, რაც არ უნდა დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი ამოძრავებდეს ქმედების ჩამდენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1992 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე Tomasi v. France).
მოცემულ საქმეზე ბრალდებულის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, ქმედების ”სისასტიკემ” მიაღწიოს იმ ზღვარს, რომელიც იძლევა მისი წამებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სისასტიკე შეფასებითი ცნებაა და მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები, დაზარალებულის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, გ---------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების, ძალადობის რაოდენობის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის, დაზარალებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეფასდეს წამებად.
იმისათვის, რომ გ------ გ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურდეს, აუცილებელია დადგინდეს, რომ 1. დაზარალებული არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, 2. ბრალდებულის ქმედება თავისი ა) ხასიათით, ბ) ინტენსივობით ან გ) ხანგრძლივობით იწვევს ა) ძლიერ ფიზიკურ ტკივილს 3. ქმედების მიზანია ა) პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში პალატისთვის დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---------------ი და ლ---–------------- არიან მეუღლეები, ჰყავთ 4 შვილი და ცხოვრობენ მ--------–--------------------–-----------––-- ასევე დადასტურებულია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, 23:30 საათისთვის, თავის საცხოვრებელ სახლში, გ---------------მა მეუღლის ლ---–-------------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახის არეში რამდენჯერმე ისე ძლიერად დარტყა მუშტი, რომ გატყდა ის სკამი, რომელზეც დაზარალებული იჯდა და დაეცა იატაკზე. იატაკზე წაქცეულ დაზარალებულს გ---------------მა ხელების და ფეხების გამოყენებით არაერთი დარტყმა მიაყენა, ხოლო დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დაძლევის მიზნით დანით ფეხის არეში მიაყენა ჭრილობა, პლასტმასის სალტეებით - ე.წ. ,,ხამუთებით“ შეუკრა ხელ-ფეხი და კვლავ გააგრძელა ლ---–-------------ს ცემა. აღნიშნულს შეესწრო დაზარალებულის მაზლის შვილი ე---–---------ი და დაზარალებულის დედამთილი ს-------------ა. პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას მოწმე ს-------------ას გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს, რომელშიც აღწერს, როგორ შეიტყო შვილიშვილის ე---–---------ისგან, რომ გ---------------ი ფიზიკურად უსწორდებოდა თავის მეუღლეს ლ---–-------------ს, როგორ დაინახა იატაკზე დაგდებული ხელ-ფეხ შეკრული ლ---–------------- ფანჯრიდან და დანით ხელში გ---------------ი. მიუხედავად მისი მცდელობისა, შეწინააღმდეგებოდა შვილს და დახმარება გაეწია რძლისთვის, ვერ შევიდა ოთახში, ვინაიდან კარები შიგნიდან იყო დაკეტილი. გ---------------ი კი გაეჭრა გარეთ და აიძულა, ჩასულიყო პირველ სართულზე.
დაზარალებულისვე ინფორმაციით მას დანის გამოყენებით გ-------მა ფეხზე მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა. მხოლოდ დილის 04:00 საათზე გაუხსნა ხელ-ფეხი და მაშინ შეწყვიტა მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შემდეგ დაზარალებულმა შეძლო საწოლში დაწოლა. დაზარალებულის აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამყარებულია საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ე.წ. ,,ხამუთები“, შავი ფერის შარვალი, რაც დაზარალებულის განამარტებით შემთხვევის დღეს ეცვა, დანა და ქაღალდის ნაგლეჯი. ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ე.წ. ,,ხამუთებზე“ აღინიშნებოდა ლ---–-------------ს გენეტიკური პროფილი. ტრასოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ შარვალზე არსებული დაზიანება განვითარებული იყო ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ასევე ლ---–-------------ს სისხლის კვალი აღმოჩნდა დანასა და ქაღალდის ფურცელზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ლ---–-------------ს მაჯებზე აქვს ცირკულარული (წრიული) ფორმის სისხლჩაქცევები, მოწმე გ-----------------ა კი თავის ჩვენებაში ასევე მიუთითა, რომ ლ---–-------------ს ხელებზე სილურჯე აღენიშნებოდა ,,ზოლებად“. ხ-------------------ამ მიუთითა, რომ ლ---–-------------ს სიწითლე აღენიშნებოდა მაჯების არეში. აღნიშნულით ლ---–-------------სა და დანაშაულის შემსწრე პირების - ს-------------ას და ე------------ის ჩვენებებთან ერთად დასტურდება პლასტმასის სალტეებით, ე.წ. ,,ხამუთებით“ ლ---–-------------ს ხელების შეკვრის ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის გადაჭრილი სალტეები, ე.წ. ,,ხამუთები“. როგორც ცნობილია მითითეული სალტეები ერთჯერადი გამოყენებისაა და შეკვრის შემდეგ ვეღარ იხსნება. ამიტომ მათი გადაჭრილ მდგომარეობაში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უკვე გამოიყენეს - თავები შეუკრეს.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არის სარწმუნო დაზარალებულის მეორედ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია გ---------------ის ქმედების მოტივის შესახებ - ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით. ზემოთ უკვე იქნა მოყვანილი მსჯელობა იმის შესახებ, რომ დაზარალებულის ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სახეზე არ არის და მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან - როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე ექსპერტიზის დასკვნებთან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. რაც შეეხება არასრულწლოვანი მოწმის ე------------ის ჩვენებას დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით, იგი კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებია და გამოთქვა მხოლოდ მოსაზრება, რომ კონფლიქტის მიზეზი გ---------------ის სიმთვრალე უნდა იყოსო. ამიტომ მისი ჩვენებით ეჭვის ქვეშ ვერ დადგება დაზარალებულის მიერ გამოძახებისათვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით.
დაზარალებულ ლ---–-------------ს, ასევე მოწმეების ს-------------ას და ე------------ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ უნდა აიხსნას იმით, რომ მათ არ სურთ გ---------------ის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება, როგორც ამას დაცვის მხარე მიიჩნევს. მათ არაფერი უშლიდათ ხელს , სურვილის შემთხვევაში თავიანთი შეცვლილი პოზიცია დაეფიქსირებინათ სასამართლოში. უფრო მეტიც - მათ, როგორც გ---------------ის ახლო ნათესავებს, შეეძლოთ გამოეყენებინათ კანონით მინიჭებული უფლება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რითიც საერთოდ გამოირიცხებოდა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნების შესაძლებლობაც. ის, რომ დაზარალებულმა თავის განცხადებაში მეუღლე ზოგადად დადებითად დაახასიათა და მოითხოვა მის მიმართ შეღავათების გამოყენება, არ ნიშნავს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მის ჩვენებებში დაფიქსირებული ინფორმაციის უარყოფას. საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მსჯელობა იმის შესახებ, რომ დაზარალებულის დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა სიძისთვის პრობლემების შექმნის მიზნით. საქმის მასალები ცალსახად მიუთითებენ დაზარალებულის მძიმე ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ტკივილზე და დაზიანებბებზე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზეზი გახდა, ასევე იმაზე, რომ ლ---–-------------ს ამის გაკეთება არ შეეძლო ქმრის სახლში - მან პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლიდან გაქცევით უშველა თავს.
მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). აღნიშნულის გამო პალატა არ თვლის საჭიროდ პასუხი გასცეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ ყველა დანარჩენ არგუმენტს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 90).
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და გ---------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ---------------ისთვის ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და წამებას, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნას და ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ გ---------------ის ქმედებები შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის ან/და ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც დაცვის მხარის არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---------------ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასმართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი გ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატების მ-----------–---–ის, ფ---------------–---–ის და ს--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ-----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ქაღალდის მონახევი, შავტარიანი დანა, გ----------------ის და ლ---–-------------ას სისხლის ნიმუშები, პლასტმასის სალტეები - ე.წ. ,,ხამუთები“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შარვალი დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ---–-------------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე