განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002758118
საქმე №1ბ/1601-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------–--ს
ადვოკატ: ნ-----–--–-–---–ის
გამართლებულ: მ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- გამართლებულ მ---------------ის დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პ---------------------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: გ------------------------–--------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ---------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - სხეულის დაზიანება, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისათვის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------------------------–--------ში, ურთიერთშელაპარაკებისას მთვრალმა მ---------------მა ხელ-ფეხის მრავალჯერ დარტყმით მამას, - ო-------------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
მ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღკვეთის ღონისძიება, - გირაო - გაუქმდა;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მ---------------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მ---------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ მ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ---------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ო-------------მა, მოწმეებმა - ლ--–-----------–---–მა, თ--------------მა და გ----------------მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნ-------------ის განმარტებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან - ვ-----------------ესთან, შვილთან - არ---–----------ესა და მეზობელთან - ც-----------–---–თან ერთად. ამ დროს მათთან მივიდა მეზობელი თ--------------ი და სთხოვა წნევის გაზომვა. მანვე უთხრა, რომ მისი მეუღლე - ო-------------ი და შვილი - მ---------------ი კამათობდნენ - ო-------------ი იყო მთვრალი და უნდოდა გარეთ გასვლა, მ---------------ი მას არ უშვებდა. ო-------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია. მოწმე არ---–----------ის ჩვენებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს ო---- და მ---------------ებს შორის კონფლიქტის გამო, თ--------------ის თხოვნით მივიდა მათ სახლში. იქ ასევე მივიდნენ ვ-----------------ე და ც-----------–---–ი. ო-------------ი იჯდა საწოლზე, სახეზე მცირე ოდენობით სისხლი ემჩნეოდა, მ---------------ი მას აწყნარებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია; მოწმე ვ-----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს თ--------------ი მივიდა მათთან სახლში და უთხრა, რომ ო-------------სა და მ---------------ს კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. როდესაც ო-------------ის სახლში მივიდა, დაინახა, რომ ო-------------ი იყო მთვრალი და იწევდა გარეთ, მ-----ა მას არ უშვებდა და შეაგინა კიდეც, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; მოწმე ც-----------–---–ის განმარტებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს იმყოფებოდა ვ-----------------ის ოჯახში, სადაც მივიდა თ--------------ი და თქვა, რომ ო-------------ი და მ---------------ი კამათობდნენ. ო-------------ის სახლში მივიდა არ---–----------ესთან ერთად. ო-------------ი დახვდა ძალიან მთვრალი, იწევდა გარეთ, მ---------------ი მას აკავებდა და ეჩხუბებოდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია;
მოწმეების - ა--------–------------------------–---–ის ჩვენებების თანახმად, ისინი მ---------------ის მიერ ო-------------ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებიან და აღნიშნული იციან გადმოცემით;
მოწმეებმა - მი-------------–---–მა, გ--------–-----–---–მა, რ--------------–---–მა, ნ---------------–---–მა, გ------------------ემ და ჯ--–-----------–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში (დაკავება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა) მონაწილეობის ფაქტი და ამ მოქმედებების შესაბამისი ოქმების სისწორე. ისინი მ---------------ის მიერ ო-------------ის ცემის ფაქტს არ შესწრებიან;
მ---------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს მივიდა გ------------------------–--------ში მდებარე თავისი მშობლების სახლში და დედას მიუტანა წამლები. მოგვიანებით იქ მივიდა მამამისიც. იგი იყო მთვრალი, შარვალი ჰქონდა ტალახიანი, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და სისხლი მოსდიოდა. ო-------------ს კიდევ უნდოდა სასმელის მიღება და იწევდა გარეთ, მაგრამ იგი (მ---------------ი) აკავებდა მას და არ უშვებდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან (მ---------------მა) ო-------------ი წაიყვანა იმავე სოფელში მდებარე თავის სახლში, სადაც მისცა სასმელი, თვითონ კი დაიძინა. მეორე დღეს იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ო-------------ს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ცხვირის, გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა ყურის ნიჟარაზე, ლოყის, ორივე მტევნის და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაუდგინდა მე-8 ნეკნის მოტეხილობა იღლიის უკანა ხაზზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს;
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, - მიუხედავად იმისა რომ მ---------------ის ოჯახის წევრებმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, სასამართლომ უნდა გაიზიაროს დაზარალებულის და მოწმეების მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაცია. სააპელაციო პალატა პროკურორის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ო-------------მა (მ---------------ის მამა), მოწმეებმა, - ლ--–-----------–---–მა , თ--------------მა და გ----------------მა (მ---------------ის ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები) რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე.
ო-------------ი, ლ--–-----------–---–ი , თ--------------ი და გ----------------ი არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
პალატა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შემდგომ აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმე სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ აღნიშნავს, რომ უშუალოდ შეესწრო მ---------------ის მიერ ო-------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. პირიქით, ერემოვების ოჯახში შესული ყველა მოწმე აღნიშნავს, რომ ო-------------ი იყო მთვრალი, იწევდა გარეთ გასასვლელად, ხოლო მ---------------ი აწყნარებდა მას. რაც შეეხება მოწმეების - ა--------–-----------------------–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ---------------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ---------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ მ---------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ მ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
მ---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ---------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი