განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002727535
საქმე №1ბ/67-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ხატ--------------ის
ადვოკატ - იმ-----------–--ის
მსჯავრდებულ - ნუ---–-----–---ის
თარჯიმან - ას--------–--------ის
მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნუ---–-----–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის (პირადი №-----------), ნასამართლევის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბანი, თ---––---------------–--ა, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენით:
ნუ---–-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რომლის სახეც უნდა განსაზღვროს პრობაციის ბიურომ;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდა ნუ---–-----–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.10.2016 წლის №1/562-16 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.10.2016 წლის №1/562-16 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით ვადით, რას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილია პირობითად, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, ნუ---–-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით ვადით, რას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილია პირობითად, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რომლის სახეც უნდა განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
ნუ---–-----–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. გარდაბანში, თ---––---------------–--აში ნუ---–-----–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ამ უკანასკნელმა მარჯვენა ხელის მუშტი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში მეუღლეს, სე-------------ას, ვინაიდან ეს უკანასკნელი ითხოვდა მცირეწლოვანი შვილების მისთვის დაბრუნებას. აღნიშნულის გამო სე-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატ--------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნუ---–-----–---ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ერთხელ უკვე პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, გაუქმების შემდეგ კვლავ თავისი ინიციატივით პირობითად ჩაეთვალა. ნუ---–-----–---ის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოსაყენებლად უნდა ყოფილიყო საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომლის პირობებიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. შესაბამისად, ნუ---–-----–---ისათვის დანიშნული სასჯელი, აპელანტის მოსაზრებით, არაკანონიერია, რადგან დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ნუ---–-----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა იმ-----------–--ემ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა ნუ---–-----–---ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშნვნის კანონიერების შემოწმების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ სე-------------ას და მოწმე რა---–------------ას გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, ნუ---–-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი. ასევე დადგენილია, რომ ნუ---–-----–---მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში, კერძოდ, 2017 წლის 15 ოქტომბერს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 თვისა და 11 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნუ---–-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვისა და 11 (თერთმეტი) დღის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენში ნუ---–-----–---ის მიმართ სათანადო ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენში ნუ---–-----–---ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება.
ნუ---–-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რომლის სახეც განსაზღვროს პრობაციის ბიურომ;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ნუ---–-----–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.10.2016 წლის №1/562-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.10.2016 წლის №1/562-16 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვისა და 11 (თერთმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, ნუ---–-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვისა და 11 (თერთმეტი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რომლის სახეც განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
მსჯავრდებულ ნუ---–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
მსჯავრდებულ ნუ---–-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე