განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002268904
საქმე N3ბ/3326-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა;
მოწინააღმდეგე მხარე - მ-------------ე;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის, მატერიალური ზიანის 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს 1050 ( ათას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინების (საქმე N1-------) თანახმად, ბრალდებული მ-------------ე, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–--------------------------------------------- თანამდებობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თანახმად, ბრალდებული მ-------------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და პატიმრობის ვადის აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 06 ოქტომბრის 22:26 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენით (საქმე N---------) დამტკიცდა პროკურორ და ბრალდებულ მ-------------ეს შორის 2012 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება, მხარეთა თანხმობით შეტანილი ცვლილებებით. მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მ-------------ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაითვალა პირობითად 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. მ-------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაითვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2011 წლის 06 ოქტომბრიდან 2012 წლის 01 მარტის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 01 ნოემბრის განაჩენის (საქმე N-----------) თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ... შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი. მ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. განემარტა, რომ გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 15 მაისის N 1--- ბრძანების თანახმად, საქართველოს შ-------------–-----–-----------–----------------------–--------------------------------------------------------–------------------------------------------------------- მ--------------------------ს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N3--- ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა, აღუდგა სამსახურეობრივი ურთიერთობა და შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.(იხ.ს.ფ. 28-42, 161-166);
სს ,,საქართველოს ბანკი-ს" 2013 წლის 19 სექტემბრის N 6---- ცნობის თანახმად, 2012 წლის 27 თებერვალს, მ-------------ეს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ, ნამდვილად არის გადახდილი 3000 ლარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07.2----–-–-- წერილით (K----------------) მ-------------ეს, მისივე მიმართვის პასუხად, სადაც იგი ითხოვდა 2012 წლის 01 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის დაბრუნებას, ეცნობა, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნებისთვის მას უნდა წარედგინა შესაბამისი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ მას უნდა დაუბრუნდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13.07.2----–-–-- M---------------- ცნობის თანახმად, წ--------------------------------------–--------------–--------------------------------–-------------–--------------------------–---------–-------------, ვიცე-პოლკოვნიკ მ--------------------------ს, 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე, როდესაც შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–-------------- თანამდებობაზე, მისი დარიცხული ფულადი ანაზღაურება აღნიშნული პერიოდის სახელფასო უწყისების შესაბამისად სულ შეადგენდა 17311,18 ლარს.(იხ. ს. ფ. 44, 156, 158-159);
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 2------------------ ბრძანების თანახმად, მ-------------------------- 2011 წლის 12 ოქტომბრიდან 2012 წლის 11 ივლისამდე მივლინებული იქნა ა---------–-----------–-–-------–----------–----------------------------–-------------------------–--–--
საქმეში წარმოდგენილია მ-------------ის ჯილდოები, კერძოდ: საქართველოს შეიარაღებული ძალ;ების 22.11.2--- წლის საპატიო სიგელი, მედალი ,,სამშოლოსათვის თავდადებული" (10.07.2---წ), მედალი ,,გენერალი კვინიტაძე" (30.12.2---წ.), ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის" I, II, III ხარისხის ორდენები (08.06.2013წ, 05.05.2010წ, 30.04.2008წ). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.09.2--- წლის ბრძანებით მ-------------ე, დაჯილდოვებულია იარაღით. მასვე გამოცხადებული აქვს მადლობები და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში (წარმოდგენილია სერტიფიკატები). არის შპს ,,ს----------–----------–---------------------ს" დოქტორანტი.(იხ.ს.ფ. 50, 55-64);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ აგრეთვე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი (საქმე N---------), გაუქმდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 01 ნოემბრის განაჩენით (საქმე N-----------), მ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე მ-------------ეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: სს ,,საქართველოს ბანკი-ს" 19.09.2013 წლის N 6---- ცნობით, საქართველოს იუსტიციი სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07. 2----–-–-- წერილით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13.07.2----–-–-- M---------------- ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.03.2012 წლის განაჩენით (საქმე N---------) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.11 2--- წლის განაჩენით (საქმე N-----------), დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ-------------ეს მიადგა მატერიალური ზიანი 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით (დამატებითი სასჯელი, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი და 07.10. 2011 წლიდან 15.05. 2012 წლამდე პერიოდში სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების გამო მიუღებელი ხელფასი 17311,18 (ჩვიდმეტი ათას სამას თერთმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელე მ------ ზ----ის სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოსარჩელე მ-------------ეს აუნაზღაურდა მიყენებული მატერიალური ზიანი, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე მ-------------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აქედან ნათლად ჩანს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ადგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტს, რამაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, მ-------------ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 მარტის განაჩენით საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა პროკურორსა და მ--------ეს შორის. მ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით (დანაშაულთა ერთობლიობით), რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 06 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ზოგადად, სს საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობის საკითხები, ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი დაეკისროს მას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ 2--- წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის გადასინჯვა, რაც დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი და მ-------------ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.
მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით, "მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით~, მიანდო სასამართლოს.
მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. საორიენტაციოდ დავასახელებ რამოდენიმე მათგანს. კერძოდ, "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. "კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.
"ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასმართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 (ათას ხუთასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის N--------- გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N--------14 განჩინებით), რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის N--------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 დღე და 26 დღე.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის N--------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარით, მოსარჩელე დ.ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე, ხოლო გამოძიება მის მიმართ მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის N-------- გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით) რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზრვრა 10 000 ლარით. რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 თებერვლის N--------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 6 თვე და 9 დღე.
კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის N 3----- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 ( ხუთი ათასი) ლარით. მოსარჩელე ა.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 11 დღე.
კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის N1------- გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მთავარ პრუკრატურას რ.ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 ) შვიდი ათას ხუთასი) ლარის გადახდა. მოსარჩელე რ.ხ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 1 წელი და 13 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 30 ოქტომბრის N3/8------ გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ნ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 8 თვე და 27 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის N3/2------ გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ფ.თ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 8 თვე და 21 დღე.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 24 იანვრის N3/5------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ო.ქ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 5 თვე და 2 დღე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მ-------------ე წ/პატიმრობაში იმყოფებოდა 4 თვე და 24 დღე. შესაბამისად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 000 ლარი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
საქართველოს პროკურატურას მ-------------ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა 17 311.18 ლარი, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გამო მიუღებელი ხელფასი, 2011 წლის 07 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე პერიოდზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩინებაში განმარტა რომ, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 თავი განსაზღვრავს - სხვა საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის, რეგლამენტირებულია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საპროცესო შესაძლებლობა, კერძოდ, 159ე-162-ე მუხლებით განსაზღვრულია ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, წესი და ვადა.
როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თვადაცვის სამინისტროს #3--- ბრძანებიდან ნათლად ჩანს, მ--------ეს 2011 წლის 07 ოქტომბრიდან შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებით დამტკიცებული " საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის" მე-12 მუხლის მე-3 "ა" ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე (ძალადაკარგულია-26.07.17წ), რომლის თანახმად "კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძველია სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება დაკავების , ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად".
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად, "მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია". ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, "მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (2--- წლის ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
მ-------------ე, 2012 წლის 15 მაისის საქართველოს თვადაცვის მინისტრის #1227 ბრძანებით აღდგენილი იქნა თანამდებობაზე. თუმცა აუნაზღაურდა თუ არა განაცდური და იდავა თუ არა ამ კუთხით უცნობია და არც სასამართლოს გამოუკვლევია აღნიშნული გარემოება.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის Nას-307-291-2011 განჩინება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხეს მ--------ის სასარგებლოდ არასწორად დაეკისრა დარიცხული ხელფასის -17 311.18 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ასევე, საქართველოს პროკურატურას დაეკისრა 3000 ლარი, რაც მ--------ეს 2012 წლის 01 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დაკისრებული ჰქონდა სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით.
აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 მარტის განაჩენით პროკურორსა და მ--------ეს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით (დანაშაულთა ერთობლიობით), რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 06 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 01 ნოემბრის განაჩენით მ--------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 მარტის განაჩენი. ანუ განაჩენი, რომლითაც მ--------ეს ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, გაუქმდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ განაჩენი ჯარიმის ნაწილსაც ეხებოდა, რის გამოც აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება უკანონოდ მიმაჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მატერიალური ზიანის სახით 20 311.18 ლარის საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებისას მიუთითა მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებზე და ყოველგვარი დასაბუთებისა და მსჯელობის გარეშე გადაწყვიტა, რომ საქართველოს პროკურატურას უნდა დაეკისროს ამ ოდენობის მატერიალური ზიანი. განსახილველი გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, არაა მითითებული თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დააკმაყოფილა სასამართლომ მოთხოვნა და დააკისრა საქართველოს პროკურატურას მითითებული თანხა. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აუცილებელია სააპელაციო სასამართლომ მისეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება ზემოაღნიშნულს.
რაც შეეხება ბაჟის თანხას 1050 ლარის ოდენობით, აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრობის უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. მითითებული ნორმა მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე მხარეებს ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ამასთან, ნორმა მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით არ აკონკრეტებს, რომ შეეხება მხოლოდ მატერიალურ ზიანს. ამდენად, ნორმა შეეხება მორალურ ზიანსაც და მოსარჩელეს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა ბაჟი - 1050 ლარის ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნული თანხის საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე უკანონოა, ვინაიდან აღნიშნული თანხა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი 35 000 ლარის ოდენობასთან მიმართებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს პროკურატურას მ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის ანაზღაურება. ამდენად, ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ სარჩელზე მთლიანი ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებთან, რომელთა თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს წარდგენილი სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბაჟის აპელანტისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინების (საქმე N1-------) თანახმად, ბრალდებული მ-------------ე, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–--------------------------------------------- თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თანახმად, ბრალდებულ მ-------------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 06 ოქტომბრის 22:26 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენით (საქმე N---------) დამტკიცდა პროკურორ ... და ბრალდებულ მ-------------ეს შორის 2012 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება, მხარეთა თანხმობით შეტანილი ცვლილებებით. მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მ-------------ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაითავალ პირობითად 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. მ-------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2011 წლის 06 ოქტომბრიდან 2012 წლის 01 მარტის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 01 ნოემბრის განაჩენის (საქმე N-----------) თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი. მ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. განემარტა, რომ გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
უკანონო ბრალდებისა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოტივით, მ-------------ე სარჩელის საფუძველზე ითხოვს, მოპასუხე საქართელოს მთავარ პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რაც, დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე- 7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.
საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნათა პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადგენს პირის უფლებას უკანონო მსჯავრდების/ბრალდების პირობებში დაექვემდებაროს კომპენსირებას.
სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, თავისთავად ის გარემოება, რომ მ-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა განხორციელდა ფორმალურად კანონიერი საპროცესო აქტების საფუძველზე, არ ნიშნავს იმას, რომ სახეზე არ არის პირის მარეაბილიტირებელი გარემოები. რეაბილიტაციის საფუძველს ქმნის არა ცალკეული საპროცესო დოკუმენტი, არამედ მათი ერთობლიობით დამდგარი შედეგი - პირის უკანონო ბრალდების ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა.
სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას ბრალის სავალდებულობის თაობაზე და თვლის, რომ წარმოდგენილი პოზიცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსს. მითითებული მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;
მ-------------ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 01 ნოემბრის განაჩენით (საქმე N-----------) რომლის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი. მ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას მატერიალური ზიანის დაანგარიშების პროცესში სასამართლოს მხრიდან დადგენილი და გამოკვლეული გარემოებების უგულვებელყოფის თაობაზე და თვლის, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ ანალიზს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინების (საქმე N1-------) თანახმად დადგენილია, რომ მ-------------ე, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაყენებული იქნა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–--------------------------------------------- თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 15 მაისის N 1--- ბრძანების თანახმად, საქართველოს შ-------------–-----–-----------–----------------------–--------------------------------------------------------–------------------------------------------------------- მ--------------------------ს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N3--- ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა, აღუდგა სამსახურეობრივი ურთიერთობა და შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.(იხ.ს.ფ. 28-42, 161-166);
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13.07.2----–-–-- M---------------- ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წ--------------------------------------–--------------–--------------------------------–-------------–--------------------------–---------–--------------, ვიცე-პოლკოვნიკ მ--------------------------ს ფულადი ანაზღაურება 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მას შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–-------------- თანამდებობაზე, შეადგენდა 17311,18 ლარს.(იხ. ს. ფ. 44, 156, 158-159);
სს ,,საქართველოს ბანკი-ს" 2013 წლის 19 სექტემბრის N 6---- ცნობის თანახმად დგინდება, რომ 2012 წლის 27 თებერვალს, მ-------------ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ, ნამდვილად არის გადახდილი 3000 ლარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, დანიშნულების მითითებით - პროკურატურის თანხა.
საქართველოს იუსტიციი სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07.2----–-–-- წერილით (K----------------) მ-------------ეს, მისივე მიმართვის პასუხად, სადაც იგი ითხოვდა 2012 წლის 01 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის დაბრუნებას, ეცნობა, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნებისთვის მას უნდა წარედგინა შესაბამისი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ მას უნდა დაუბრუნდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-------------ის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვეული იყო უკანონო ბრალდებით, მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: სს ,,საქართველოს ბანკი-ს" 19.09.2013 წლის N 6---- ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07. 2----–-–-- წერილით, საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----------–-------------------------–-----------–----ს 13.07.2----–-–-- M---------------- ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.03.2012 წლის განაჩენით (საქმე N---------) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.11 2--- წლის განაჩენით (საქმე N-----------), დასტურდება, რომ მ-------------ეს უკანონო ბრალდების გამო ნამდვილად მიადგა
მატერიალური ზიანი 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით (დამატებითი სასჯელი, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი და 07.10. 2011 წლიდან 15.05. 2012 წლამდე პერიოდში სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების გამო მიუღებელი ხელფასი 17311,18 (ჩვიდმეტი ათას სამას თერთმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარი.
საქმეში აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი არ არის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადსტუროს, რომ მ-------------ის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მატერიალური ზიანის 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის დაკისრების ნაწილში არის დასაბუთებული.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებას მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1050 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს აპელანტის შეფასებებს და მიუთითებს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი (პირადი არაქონებრივი უფლებები) ცნებას „ზიანი“ და „ზარალი“ იყენებს თანაბარ კონტექსტში, ითვლება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ვალდებულება, უკანონო ბრალდების პირობებში, ვრცელდება, როგორც მორალურ ისე მატერიალურ ზიანაზე, რის გამოც, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1050 ლარის ოდენობით.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1050 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ქადაგიძე