განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210017002172809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002172809

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6088-18 11 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ლ---------------–---, ბ-----ი კ--–------ა

 

წარმომადგენელი - თ--------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ-------------ი“

 

წარმომადგენელი - ნ-----------–---–-

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 14 ნოემბერს სარჩელით სს „ლ-------------ის“ წარმომადგენელმა ნ-----------–---–მა მიმართა და მოპასუხეების ლ---- დ--------–--ისა და ბ-----ი კ--–------ასთვის თანხის, სულ 12 306,08 ლარის, სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სოლიდარულად 12 306, 08 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხეების შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ასევე განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო საჩივრით ლ---------------–---მ და ბ-----ი კ--–------ამ გაასაჩივრეს, მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 14 ნოემბერს სარჩელით სს „ლ-------------ის“ წარმომადგენელმა ნ-----------–---–მა მიმართა და მოპასუხეების ლ---- დ--------–--ისა და ბ-----ი კ--–------ასთვის თანხის, სულ 12 306,08 ლარის, სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ (ს.ფ. 1-42).

 

6. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისთვის ჩასაბარებლად გადაეცა. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, 2017 წლის 28 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული უკუგზავნილებიდან დგინდებოდა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ბ-----ი კ--–------ას ოჯახის წევრს (მამიდა) ი----- კ--–------ას 2017 წლის 01 დეკემბერს ჩაბარდა. ხოლო, რაც შეეხება მოპასუხე ლ---------------–---ს, მას სარჩელისა და თანდართული მასალების ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, გზავნილი ვერ ჩაბარდა (ს.ფ. 45, 46-54).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--------------–--------------–--- ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს განჩინების ასლის გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში მოპასუხე ლ---- დ--------–--ისთვის (პ/ნ N-----------) სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ს-–---–---- III გას. N11(ყოფილი კ------–----- 3 გას) ჩაბარება დაევალა (ს.ფ. 61-63).

 

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი--------------- რაიონის შს სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მომართვით გაირკვა, რომ მითითებულ მისამართზე ლ---------------–--- არ ცხოვრობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა განჩინება საჯარო პუბლიკაციის შესახებ და მოპასუხე ლ---------------–---ს სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობა.

 

მოპასუხეს განემარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინების თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სასამართლოს ვებ გვერდზე (www.tcc.gov.ge) განთავსებით - საჯარო შეტყობინებიდან მეშვიდე დღეს. აღნიშნული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ გვერდზე - 2018 წლის 09 მარტს განთავსდა (ს.ფ. 64-79).

 

9. ბ-----ი კ--–------ას სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 01 დეკემბერს ჩაჰბარდა, ხოლო, მოპასუხე ლ---------------–---ს სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით - 2018 წლის 16 მარტს, ეცნობა. შესაბამისად, მათთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. ბ-----ი კ--–------ას შემთხვევაში 2017 წლის 02 დეკემბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 11 დეკემბერს, ხოლო ლ---- დ--------–--ის შემთხვევაში - 2018 წლის 17 მარტიდან და ამოიწურა 2018 წლის 26 მარტს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხეებს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ (ს.ფ. 1-79).

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით იხელმძღვანელა და 2018 წლის 30 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, მიიღო.

 

11. 2018 წლის 24 აპრილს, ლ---------------–---მ და ბ-----ი კ--–------ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საჩივარი წარადგინეს. ლ---- დ--------–--ის განმარტებით: სარჩელის გაგზავნა მოხდა მის ძველ მისამართზე, ხოლო შემდგომ ჩაუბარებლობის გამო სასამართლოს მიერ განხორციელდა საჯარო შეტყობინება. ბ-----ი კ--–------ას ცნობით სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია გაიგზავნა მისამართზე სადაც აღარ ცხოვრობდა და ისინი მამის ბიძაშვილს - ი----- კ--–------ას ჩაბარდა. სწორედ ამ პერიოდში მოპასუხეს ი----- კ--–------ასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ამიტომ, მას სარჩელის მისამართზე მისვლის თაობაზე ინფორმაცია ბ-----ი კ--–------ასთვის არ გადაუცია (ს.ფ. 90-97).

 

12. მოპასუხეების მიერ წარდგენილი საჩივრები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში და საჩივრის განხილვა - 2018 წლის 19 ივნისს 16:00 საათზე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ, სატელეფონო კომუნიკაციის გზით საჩივრის ავტორებს, კერძოდ, ლ---------------–---სა და ბ-----ი კ--–------ას, ეცნობათ. 2018 წლის 19 ივნისს სხდომა გაიმართა, რომელსაც მოდავე მხარეები ესწრებოდნენ. ამავე სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხეების შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით მოპასუხე ლ---- დ--------–--ის მიერ ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დაერთო. სხდომა 2018 წლის 26 ივნისს 11:45 საათზე, გადაიდო, რის თაობაზეც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ (ს.ფ. 99-100, 115-121).

 

13. 2018 წლის 26 ივნისს სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) არ გამოცხადდა, ხოლო საჩივრის ავტორმა წარმოდგენილ საჩივარს მხარი დაუჭირა. ამავე სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებს მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ (ს.ფ. 126-130).

 

14. სასამართლომ მოპასუხეების აპელირება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ გაიზიარა და 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ს.ფ. 131-134).

 

15. 2018 წლის 25 ივლისს მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, 2018 წლის 26 ივნისის განჩინების - მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად 2019 წლის 11 აპრილს დაინიშნა (ს.ფ. 138-202).

 

16. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი არეგულირებს, კერძოდ კი, 2321-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის გამორკვევა სამართლის საკითხს წარმოადგენს და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ყოველთვის ვალდებულია ამ კუთხით წარმართოს შესაბამისი კვლევა.

 

სასამართლო მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 19 ივნისს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განსახილველად ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეს მტკიცებულების სახით მოპასუხე ლ---- დ--------–--ის მიერ ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დაერთო. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ, 2017 წლის 12 დეკემბერს ლ---------------–---მ სს „ლ-------------ის“ ანგარიშზე 500 ლარი, 2017 წლის 28 დეკემბერს 200 ლარი ხოლო, 2018 წლის 28 თებერვალს 300 ლარი შეიტანა (ს.ფ. 118-120). ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და მოპასუხეებისთვის დამატებით, სოლიდარულად ფოსტის ხარჯის 21 ლარის დაკისრება მოითხოვა, თუმცა სარჩელით მოთხოვილი თანხის შემცირების მოთხოვნა არ დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ლ---- დ--------–--ის მიერ ამ დროისთვის დამატებით ორი გადახდა იყო განხორციელებული.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანისა და საჩივრის განსახილველად ზეპირი სხდომის ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების თვითკონტროლის განხორციელებასა და ხსენებული ინსტიტუტის მიმართ ზედმეტად ფორმალისტური მიდგომის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, 2018 წლის 26 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გამოტანისას ცნობილი იყო რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 12 306,08 ლარის დაკისრების ნაწილში, საიდანაც ძირ თანხას 6 700,13 ლარი შეადგენდა იურიდიულად აღარ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სარჩელის აღძვრის შემდგომ მოპასუხე ლ---------------–---ს მოსარჩელის ანგარიშზე დამატებით 1000 ლარი ჰქონდა გადარიცხული. სააპელაციო პალატის მოყვანილ მსჯელობას ვერ აქარწყლებს სააპელაციო შესაგებელში მოყვანილი მსჯელობა მასზედ, რომ ბ---ის მიერ მოთხოვნის დაზუსტება შესაძლებელია, როგორც გადაწყვეტილების მიმდინარეობისას ასევე, გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც იძულებითი აღსრულების დაწყებამდე. ამ მსჯელობას პალატა ვერ გაიზიარებს, და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების ქვემდებარე აქტია, შესაბამისად თუ სასარჩელო მოთხოვნა რეალურად არსებულ ვალდებულებას არ შეესაბამება, ასეთ დროს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კრედიტორის მიერ მოთხოვნის დაზუსტებას ვერ დაეყრდნობა და ამით მოვალის კანონიერ უფლებებს ვერ შეზღუდავს.

 

17. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო საჩივარში პირგასამტეხლოს შეუსაბამო დაკისრების თაობაზე აპელირებას და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში, სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში, იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივად აფასებს მხარეთა შორის არსებულ სადავო სამართალურთიერთობას, რა დროსაც სარჩელის იურიდიული გამართულობა, მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანია თუ იგი მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებს შეესაბამება. ხოლო მისი ოდენობა, რომელსაც მოპასუხეები სადავოდ ხდიან, შეიძლება შემცირდეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ინიციატივით და შეხედულებით, თუმცა იგი არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის მტკიცების საგანი გახდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-175-175-2018). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოპასუხეებისთვის სრულად დაკისრება არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა გამხდარიყო მოთხოვნის იურიდიულად გაუმართლებლობის მოტივით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სხვა წინაპირობები არსებობს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი) პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს.

 

18. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებას მოპასუხეების მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების პირობებში, არსებობს შუალედური განჩინების გაუქმების საფუძველიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შედეგობრივად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად განხილვა უკავშირდება, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულების დაყენების შესაძლებლობა სწორედ ამ ეტაპზე უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, მისი უალტერნატივოდ დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს, არამედ იგი პროცესში მონაწილე პირთა უფლებების თანაბარი დაცვის პრინციპის რეალიზებას ემსახურება.

 

19. პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით დამსჯელობითი ღონისძიებაა, იგი მხარისთვის სასამართლო წესრიგის უგულებელყოფისთვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომასთან ასოცირდება, თუმცა, აღნიშნული იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოყენება ფორმალური ხასიათისაა, ასეთ დროს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არა მხოლოდ ზედაპირულად/ფორმალურად, არამედ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, მით უფრო ისეთ დროს, როდესაც არსებობს საფუძვლები სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულად გაუმართლებლობის შესახებ, სასამართლომ საქმის მასალების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, მართლაც ხომ არ არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც მოპასუხეებისთვის სხვაგვარი სამართლებრივი შედეგის დადგომას განაპირობებდა.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, აღნიშნული სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიმართ ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება პროცესში მონაწილე მხარეებს თანაბრად იცავს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: ,,ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“, 10978/06, „აზდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“, N71872/12, „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, N2430/06 და სხვა მრავალი).

 

20. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა წარმატებით დასძლიეს, მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები სახეზეა.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 390-ე 53-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- დ--------–--ისა და ბ-----ი კ--–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

ბესარიონ ტაბაღუა