განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002661913
საქმე #1/ბ-602-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - გიო------------------–--ნი, დაბადებული 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ო-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით გი------------–--ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გი------------–--ნს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ გი------------–--ნის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გი------------–--ნისთვის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა გი------------–--ნის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, საკუთარი ინიციატივით უდავოდ გახადა მტკიცებულებები, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არ არის ნასამართლევი, მის ოჯახს არ გააჩნია სხვა რაიმე შემოსავალი, გარდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობისა, მის ჯანმრთელობას ექმნება სერიოზული საფრთხე, საზოგადოებისგან ხასიათდება დადებითად და სარგებლობს კარგი ავტორიტეტით.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოვებით 17:30 საათზე, ქ.თბილისში, ყ-------- ქუჩა N1-- ბინა №8--ში უკანონოდ შეაღწია გი------------–--ნმა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუეფლა ირ---–---–--–---–---–ის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: 01 (ერთი) ცალ ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მაისურს, ,,ადიდასის“ ფირმის შავი ფერის ზურგჩანთას, ,,სონი ვაიოს“ ფირმის კომპიუტერს და ოქროს ნივთებს, ჯამში ღირებულს 6 400 (ექვის ათას ოთხასი) ლარად.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გი------------–--ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გი------------–--ნის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და გი------------–--ნს უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელება, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაძლებელია სასჯელის უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებითაც.
გი------------–--ნის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ გი------------–--ნმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი (წინა განაჩენით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლებულია სრულად ამნისტიის საფუძველზე და სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ითვლება ნასამართლობის არმქონედ) და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გი------------–--ნს ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას გი------------–--ნისთვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების (ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაული ქურდობა, რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას) მხედველობაში მიღებით, მიზანშეუწონელია მინიმალური სასჯელის შეფარდება.
პალატას მიაჩნია, რომ გი------------–--ნისთვის მინიმუმთან მიახლოებული საბოლოო სასჯელის განსაზღვრით (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირი განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გი------------–--ნის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------------–--ნის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში გი------------–--ნის მიმართ შევიდეს ცვლილება.
გი------------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს წლით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გი------------–--ნს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
სუნის კვლები, ანაწმენდები, დაქტილოფირი და ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
გ.პა---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაისური საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს კანონიერ მფლობელს.
ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე