განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002715673
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002715673

საქმე №1ბ/303-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის

ადვოკატის: ზ--------–------–---–ის

გამართლებულის: ზ--------–---–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ--------–---–--ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ლ----------------------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------------–-------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილთ.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------–---–--ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მანვე ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზ--------–---–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლის 24 ნოემბრიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით ზ--------–---–--ე და ი--------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---------------------–------------------------------ში, ზ--------–---–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ი--------–-–---–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ი--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ზ--------–---–--ე დანის გამოყენებით ი--------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი--------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 1750 საათზე, ქ-------–--–-------------–----------------------------------------ში, ზ--------–---–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ი--------–-–---–ს თავში სამჯერ ჩაარტყა ჩანთა, რა დროსაც ი--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

ზ--------–---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზ--------–---–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ზ--------–---–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ზ--------–---–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ--------–---–--ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილთ წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - ლ---–--------–--ისა და ნ-----------–-–---–ის ჩვენებებს, დანაშაულის შესახებ შეტყობინებას, რომელიც ი--------–-–---–მა განახორციელა „112“-ში, პაციენტის სამედიცინო N---- ბარათს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების (თანდართული ფოტოცხრილით) და პირადი ჩხრეკის ოქმებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ზ--------–---–--ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ზ--------–---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ასევე დაზარალებულმა ი--------–-–---–მა, ლ---–--–---–--ემ (გამართლებულის დედა) და ქ--------–---–--ემ (გამართლებულის და) სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ი--------–-–---–მა (გამართლებულის ყოფილი მეუღლე) და მოწმეებმა: ქ--------–---–--ემ ( გამართლებულის და) და ლ---–--–---–--ემ (გამართლებულის დედა) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია და, მშობელი და ყოფილი მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ზ--------–---–--ის ყოფილმა მეუღლემ, დამ და დედამ ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული და მოწმეები არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ზ--------–---–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენების კუთხით საკონსტიტუციო სასამართლო აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და არა აბსოლუტურს, არ გამორიცხავს მის გამოყენებას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. სააპელაციო საჩივრის ავტორის მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობის არეალში ხორციელდება. ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძვნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი თავის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის - ლ---–--------–--ის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაზე, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა პაციენტ ი--------–-–---–თან, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ ცემა და ტკიოდა თავი. ი--------–-–---–ს ვიზუალურად აღენიშნებოდა მხოლოდ სიწითლე. აღნიშნული მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ზ--------–---–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულების ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებული მოწმის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად ზ--------–---–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმის - ნ-----------–-–---–ის ჩვენებას, მოწმე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, ქ-------–--–---------------------–-------------------------------ში, მისივე საცხოვრებელ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ ყოფილი მეუღლეები - ზ--------–---–--ე და ი--------–-–---–ი. ზ--------–---–--ე მეგობარ გოგოსთან ერთად იყო მოსული. მან (ნ-----------–-–---–მა) და ზ------ის მეგობარმა გოგონამ, ყოფილი მეუღლეები - ზ------ი და ი---- დატოვეს მარტო, თუმცა მალევე გაიგეს ჩხუბის ხმა, შევიდნენ მათთან ოთახში და დაინახეს, რომ ზ--------–---–--ე სახეზე ურტყამდა ხელს და დანის გამოყენებით ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა მას (ი--------–-–---–ს). მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობ გოგონასთან ერთად (ზ------ის მეგობარი გოგონა) აკავებდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ზ------ შველიძეს, რა დროსაც დანა გამოართვა, რაზეც ზ------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნებაყოფლობით გადასცა დანა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ზ--------–---–--ე როდესაც დამშვიდდა, ბოდიში მოიხადა მისი საქციელისთვის და დატოვა იქაურობა. ამ ინციდენტის შედეგად, ი--------–-–---–ს აღენიშნებოდა სიწითლეები.

 

სააპელაციო პალატა მოწმე ნ-----------–-–---–ის ჩვენების შეფასებისას სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს განხორციელებული ძალადობის ეპიზოდში აღნიშნული მოწმის ჩვენება ზ--------–---–--ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. შესაბამისად, 2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდში, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ წარმოადგინა ზ--------–---–--ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის დასადასტურებლად - სააპელაციო პალატა მხოლოდ მოწმე ნ-----------–-–---–ის ჩვენებას ვერ დაუდებს საფუძვლად ზ--------–---–--ისთვის ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ი--------–-–---–მა (დაზარალებულმა) თავად განახორციელა ზეპირი შეტყობინება ქ-------–--–-------------–------------–----------------------------ში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, ყოფილმა მეუღლემ, ზ--------–---–--ემ მას (ი--------–-–---–ს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სახელმწიფო ბრალმდებელმა ასევე ხაზი გაუსვა პირადი ჩხრეკის ოქმს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ--------–---–--ის ჩანთა, რომელიც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით - აღნიშნული ჩანთა ყოფილ მეუღლეს სამჯერ ჩაარტყა თავში. აღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან არ არსებობს პირველწყაროს, დაზარალებულ ი--------–-–---–ის მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული შეტყობინებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ზ--------–---–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ--------–---–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ზ--------–---–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი გამართლებულ ზ--------–---–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი ზ--------–---–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ--------–---–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

გამართლებულ ზ--------–---–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ--------–---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში - გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ზ--------–---–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის ჩანთა, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე