განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100118002483320
საქმე № 1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: კ---------–---–---–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული: ს----------–--–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ფაქტობრივი მცხოვრები: ქ. ბათუმი, დ-----------------------–----------.
ადვოკატი: ზ-----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს----------–--–ის დამნაშავედ ცნობა წარდეგნილ ბრალებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ს----------–--–ი მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწმეები მ---------------–---–ი და ვ-------------–---–ი ცალსახად ადასტურებენ, რომ აღნიშნული ცელოფნის პარკი უნდა გადაეცათ ს----------–--–ისთვის, ასევე ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენენ ს----------–--–ის მამხილებელ მტკიცებულებებს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, სადაც მან დეტალურად აღწერა თუ როგორ თხოვა შვილს მისთვის ნარკოტიკული საშუალების გამოგზავნა და შემდეგომ კი ა-–---------------------ს დაავალა ცელოფნის პარკის მისთვის მიტანა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ ნარკოტიკული ნივთიერების ს----------–--–ისადმი კუთვნილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ს----------–--–ის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ს----------–--–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-----------მ მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს----------–--–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს----------–--–ი გასამართლებული იქნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. ს----------–--–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა 0,0022 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
სასამართლომ დაადგინა:
ს----------–--–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს----------–--–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა-–---------------------ის 2018 წლის 25 იანვრის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლიდან მკურნალობს დაბა აბასთუმანში არსებულ ტუბსაავადმყოფოში, რადგან აქვს ტუბერკულოზი, ტუბსაავადმყოფოში არიან სხვა პაციენტებიც, რომლებიც გაიცნო იქ ყოფნის პერიოდში, მათ შორის ს----------–--–ი. 2018 წლის 24 იანვარის საღამოს, ტუბდისპანსერიდან აპირებდა დაბა აბასთუმანში წასვლას პირად საქმეზე, რა დროსაც ს----------–--–მა თხოვა აფთიაქში მისთვის ეყიდა ორი ცალი ინსულინის შპრიცი და ერთი ცალი სუპრასტინის ამპულა, ასევე დახვედროდა აბასთუმნის ავტობუსს, რომლის მძღოლი მისცემდა პარკს რომელშიც იყო ტანსაცმელი, რომლის ნაწილსაც მას აჩუქებდა. მან უარი ვერ უთხრა და დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა. იგი ჩავიდა დაბა აბასთუმანში, აფთიაქში იყიდა ს----------–--–ის დანაბარები, რის შემდეგაც დაელოდა ავტობუსის მისვლას სადგურის ტერიტორიაზე. ავტობუსი მივიდა 17:30 სთ-ზე და მძღოლმა მას გადასცა თეთრი ფერის მოზრდილი პარკი, რომელიც იქვე გახსნა, რადგან სურდა ტანსაცმლის დათვალიერება. ცელოფნის პარკში, ტანსაცმელებთან ერთად მოთავსებული იყო მცირე ზომის ცელოფნის პაკეტი. იგი დაინტერესდა აღნიშნულით და ამოიღო პარკიდან, რა დროსაც დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა სამი პოლიციელი. მან დააპირა პარკში ნაპოვნი მისთვის უცნობი ნივთიერების გადაგდება, მაგრამ ვეღარ მოახერხა, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მისი ხელიდან ამოიღეს უცნობი ნივთიერება, ჯიბიდან ინსულინის ორი შპრიცი, ერთი ამპულა სუპრასტინი და მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქეს ადგილზე და გადაიყვანეს ახალციხის პოლიციაში. შემდგომ შეამოწმეს ნარკოლოგიურში, თუმცა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი არ დაუდგინდა. პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა- შენახვისთვის იყო დაკავებული. მან პოლიციის თანმშრომლებს განუმარტა, რომ მისგან ამოღებული ნივთიერებები ეკუთვნოდა ს----------–--–ს. მას არ ეგონა, რომ ს----------–--–ი ნარკოტიკული ნივთიერების წამოღებას თხოვდა. აღნიშნული რომ სცოდნოდა არ დახვდებოდა ავტობუსს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა-–---------------------ის 2018 წლის 26 იანვარის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი ღელავს და ნერვიულობს, რომ მისი ქმედების გამო დააკავეს ს-----------–--–ი, რომლის გამოგზავნილ ჩანთაშიც და მის ჩანთაში არსებული ტანსაცმლის ჯიბეში მან მოათავსა ნარკოტიკული საშუალება, რადგან აბასთუმნის ცენტრში ს----------–--–ის გამოგზავნილ ჩანთას დახვდა და იქ პოლიციელების დანახვისას შიში გაუჩნდა არ დაეკავებინათ, ხოლო როდესაც დააკავეს შეშინებულმა დააბრალა ს-----------–--–ს და გამომძიებელს გამოკითხვის დროს უთხრა, რომ ნარკოტიკი იყო ს----------–--–ის, თავის მხრივ ს------მაც უხერხულად იგრძნო თავი, რომ მისი ჩანთის დახვედრის გამო აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იპოვა იატაკზე საავადმყოფოს პირველ სართულზე, აიღო და თან ჰქონდა. ადასტურებს, რომ მის მიერ ნანახი ნარკოტიკული საშუალების გამო წაუყენეს ს----------–--–ს ბრალი. ეს უკანასკნელი არაფერ შუაშია და ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: მოწმეების - დ---------–----ის, ლ------------ის, მ--------------ის, მ---------------–---–ის, ვ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 24 იანვრის ა-–---------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 24 იანვრის ს----------–--–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 18 მარტის ს----------–--–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 24 იანვრის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნა, 2018 წლის 24 იანვრის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნა, 2018 წლის 25 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული ინფორმაცია ა-–---------------------ის (პ/ნ 0----------) გარდაცვალების შესახებ, 2018 წლის 31 მარტის ნიმუშის აღების ოქმი, 2019 წლის 07 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 23 მარტის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხიდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა როგორც უდავო მტკიცებულებები.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს----------–--–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ ს----------–--–ს უშუალო შემხებლობა ჰქონდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან. ბრალდების მხარე ს----------–--–ის ბრალის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებებად უთითებს მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა და ვ--------------–---–ის ჩვენებებს. პალატის შეფასებით, აღნიშნულ პირთა ჩვენებებით დასტურდება ა-–---------------------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი და არა ს----------–--–ის ბრალეულობა. იმ პირობებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ა-–---------------------ისგან საჭირო იყო პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც სასამართლოს ცალსახად დაარწმუნებდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იყო ს----------–--–ის. პალატას მიაჩნია, რომ მოწმე პოლიციელთა და ავტობუსის მძღოლების ჩვენებებით მხოლოდ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენაა შესაძლებელი: მ---------------–---–ს ახალგაზრდა ბიჭმა ს----------–--–თან გაატანა მოზრდილი ცელოფნის პარკი, რომელიც შეინახა ავტობუსში და მოგვიანებით, ახალციხეში გადასცა აბასთუმანის ავტობუსის მძღოლს ვ--------------–---–ს, რომელსაც აბასთუმანში დახვდა ა-–---------------------ი და გამოართვა იგი. პოლიცილების - ლ------------ის და მ--------------ის გამოკითხვის ოქმებით და 2018 წლის 24 იანვრის ა-–---------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ აბასთუმანში ა-–---------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასება კი ვერ იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ს----------–--–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია, საქმეში არსებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვენებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2018 წლის 25 იანვრის, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დადგენილია, რომ ა-–---------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: გამჭვირვალე თავმომწვარ პაკეტში მოთავსებული და ვერცხლისფერ ქარალდის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით - 0,14 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,0022 გრამს. თუმცა, აღნიშნულით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ხსენებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს----------–--–ს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დამატებით წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 07 თებერვლის, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ა-–---------------------ისაგან ამოღებულ პოლიეთილენის პაკეტზე არ დადგინდა არც ს----------–--–ის და არც მისი შვილის - დ----- ხ--–--–ის გენეტიკური თანამონაწილეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომართვით დადგინდა ა-–---------------------ის გარდაცვალების ფაქტი სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით მოხდა მისი გამოკითხის ოქმების გამოქვეყნება, თუმცა ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერსაწინააღმდეგო გამოკითხვის ოქმი, ხოლო ა-–---------------------ი, გარდაცვალების გამო, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა აღნიშნულ გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები არ უნდა იქნეს გაზიარებული.
პალატა თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს ბრალდების მხარის პოზიცია, ს----------–--–ის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად მიღების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს----------–--–მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისარგებლა დუმილის უფლებით პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მისცეს რაიმე სახის შეფასება ბრალდებულის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“.
ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის გამოტანისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საეჭვო გარემოება, კერძოდ, ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს----------–--–ს.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც დაადასტურებდა ს----------–--–ის ბრალდეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს----------–--–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს----------–--–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 7000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გ---–-----------------------------------, თანხა შეტანილ იქნა 2018 წლის 29 იანვარს საქართველოს ბანკში,) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ა-–---------------------ის მემკვიდრეს.
ორი შპრიცი, ერთი ამპულა, პოლიეთილენის პაკეტი, პლასტმასის მცირე ზომის ე.წ. ,,კონტეინერი“ მასში მოთავსებული თეთრი ფერის აბებით, ს------ და დ----- ხ--–--–ების ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
ს----------–--–ს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე