განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002426303
N1/ბ-207-2109წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
ე---------- შ-----ს ასული კ-----–---ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქუთაისი, ჟ--–--------- ქ. N3, მცხოვრები მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ზ------------ი;
პ----- რ-----ს ძე ტ--------ის მიმართ,დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ზ------------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე---------- კ-----–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------ში ე---------- კ-----–---მა პ----- ტ--------ესთან ერთად, ჯგუფურად განახორციელა ძალადობა თ----ა ა-–----ის მიმართ, კერძოდ, მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც თ----ა ა-–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ----- ტ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------ში პ----- ტ--------ემ ე---------- კ-----–---თან ერთად, ჯგუფურად განახორციელა ძალადობა თ----ა ა-–----ის მიმართ, კერძოდ, მოქაჩა თმებში და იმავდროულად თ----ა ა-–----ის დასახმარებლად მისულ ნ-----–- ა-–----ეს უბიძგა ხელი და წააქცია, პ----- ტ--------ის ქმედების შედეგად თ----ა ა-–----ემ და ნ-----–- ა-–----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით:
2.1. ე---------- კ-----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. პ----- ტ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე. პ----- ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 01 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით. პ----- ტ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ჩუბინიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი, კერძოდ: პ----- ტ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; ე---------- ტ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი პ----- ტ--------ის და ე---------- კ-----–---ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელია. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ურტუარად არის დადასტურებული პ----- ტ--------ის და ე---------- კ-----–---ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, შესაბამისად, არსებობს ეჭვის გამომრიცხავი, ერთმანეთთან შეთანხმებული და აშკარად დამაჯერებლი მტკიცებულებების ერთობლიობია, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ----- ტ--------ის და ე---------- კ-----–---ის ბრალეულობას.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებელით, გამართლებულ ე.კ-----–---ის და მსჯავრდებულ პ. ტ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს არ დაკმაყოფილეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულ თ----ა ა-–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 მარტს იგი მივიდა სოფელ მ------ში, რათა ენახა საკუთარი შვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ მისი ყოფილი ქმრის დასთან - ე---------- კ-----–---თან. მას თან ახლდნენ დედა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, გამოიძახეს პოლიცია, რათა ბავშვების ნახვისას არ შექმნოდათ პრობლემა. ცოტა ხანში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და პ----- ტ--------ე და ე---------- კ-----–---ი. ის და დედამისი ამ პერიოდამდე იყვნენ ავტომანქანაში. პ----- იქვე დარჩა და შეეცადა ვითარებაში გარკვეულიყო, ხოლო ე----------მ ბავშვები შეიყვანა მანქანით სახლში. როდესაც პ-----მ გაიგო მათი მისვლის მიზეზი, დაიწყო მისი მისამართით უშვერი სიტყვებით ლანძღვა. ამ დროს ე----------ც გამოვიდა სახლიდან და ისიც მიმართავდა ხმამაღალი სიტყვებით, თუ როგორ გაბედა იქ მისვლა, რა ნამუსით, მას შემდეგ რაც ბავშვები მიატოვა და წავიდა სხვასთან, რომ არ აჩვენებდა მას ბავშვებს, ვინაიდან არ იყო ამის ღირსი. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს მას, რომ გადმოსულიყო მანქანიდან და წაჰყოლოდა მათ ბავშვების სანახავად. იგი გადმოვიდა მანქანიდან, დედამისიც უკან მიჰყვებოდა. პირველი შემოხვდა ე----------, რომელმაც დაუჭირა ხელები და არ უშვებდა, ამასთან ეუბნებოდა, რომ მას იქ რა უნდოდა, არ იყო ბავშვების ნახვის ღირსი, ბავშვები უმისოდაც კარგად იყვნენ. ამ დროს მათთან მივიდა პ----- ტ--------ე და სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ საქციელზე დედამისმა პ-----ს მიმართა თუ რას აკეთებდა, რაზედაც პ-----მ ხელი აუქნია დედამისს და წააქცია, რა დროსაც მან თავი დაარტყა ძირს და სისხლიც მოსდიოდა. ამის გამო პატრულის თანამშრომლებმა იქვე დააკავეს პ-----, ხოლო ქმრის დაკავებით გაბრაზებულმა ე----------მ მას თმებში მოქაჩა ხელი და არ უშვებდა, რა დროსაც თავადაც მოქაჩა ე--ს თმებში, რათა თავი გაეთავისუფლებინა. მის მოწოდებაზე გაეშვა ხელი, ე--მ უთხრა - „შემეხვეწე და გაგიშვებო“. ამის შემდეგ წავიდნენ განყოფილებაში და სხვადასხვა მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა.
დაზარალებულ ნ-----–- ა-–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 მარტს მის შვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად წავიდნენ სოფელ მ------ში თ----ას ბავშვების სანახავად. ადგილზე მისულები გაჩერდნენ სტადიონთან და გამოიძახეს სოციალური მუშაკები და პოლიცია. პოლიცია მოვიდა და მალევე მათ უკან მოჰყვა ე---------- ტ--------ე და პ----- კ-----–---ი მანქანით. პ----- ტ--------ემ მოითხოვა სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც მას პოლიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თ----- ი---------–მა აუხსნეს საქმის ვითარება, რის შემდეგადაც პ-----მ დაიწყო ლანძღვა-გინება უშვერი სიტყვებით, რასაც აგრძელებდა პოლიციის მოწოდების მიუხედავად. ამ დროს მანქანასთან მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები და თ----ას უთხრეს გადმოსულიყო მანქანიდან და ენახა ბავშვები. როგორც კი თ----ა გადმოვიდა მანქანასთან, იქვე მას დახვდა ე---------- კ-----–---ი, რომელმაც თ----ას ხელი მოჰკიდა ხელში სიტყვებით - შენ ბავშვებს ვერ ნახავო. ამავე დროს თ----ასთან მივიდა პ----- და ჯერ სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა. მოწმე შეეცადა მიშველებოდა მის შვილს, მაგრამ პ-----მ მოუქნია ხელი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც წაიქცა და დაკარგა გონება, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც მოსულიერდა, სისხლი სდიოდა თავიდან და ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. მას და მის შვილს საქმე ჰქონდათ თ----ას მეუღლესთან - პ----- კ-----–---თან და არა მის დასა და სიძესთან, თუმცა პ----- სახლში არ იყო იმ მომენტისათვის, (იგი დროებით ცხოვრობს დის და სიძის სახლში ბავშვებთან ერთად). პ----- კ-----–---ი დედას არ აჩვენებდა მათ საერთო შვილებს და სატელეფონო კომუნიკაციისას უცხადებდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილიყო კანონის შესაბამისად, მიემართა სასამართლოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებს არ ანახებდა.
მოწმე დ--- ქ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, 2018 წლის 23 მარტს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც სოფელ მ------ის ტერიტორიიდან ითხოვდნენ დახმარებას ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით. ის და მისი კოლეგა გ------- გ----–--ე გამოცხადდნენ სოფელ ზ------------ში სტადიონის მიმდებარედ, სადაც მათ დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მხარე, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ისინი მიუთითებდნენ, რომ დედას, თ----ა ა-–----ეს უმალავდნენ ბავშვებს მამიდის ოჯახში და არ ანახებდნენ, ხოლო მათ სურდათ ბავშვების წამოყვანა აღნიშნული ოჯახიდან და აქტიურად მოითხოვდნენ პოლიციელების მხრიდან, რომ ჩარეულიყვნენ სიტუაციაში, წინააღმდეგობის მიუხედავად გამოეყვანათ ბავშვები სახლიდან და გადაეცათ დედისთვის, რასთან დაკავშირებითაც მათ განუმარტეს, რომ ოჯახის წევრების უნებართვოდ ვერც სახლში შევიდოდნენ და ვერც ბავშვებს წაართმევდნენ მათ. ასეთ განმარტებებზე უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ ზემოხსენებული პირები და პოლიციას ადანაშაულებდნენ, რომ ისინი არ რეაგირებდნენ სათანადოდ. ამ დროს მათთან მივიდა ბავშვების მამიდის ქმარი პ----- ტ--------ე და მოისურვა საქმის ვითარებაში გარკვევა, ხოლო არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თ----- ი---------–ი გაემართა მათი ავტომობილისკენ და აგრესიული ტონით მოუწოდა მანქანაში მსხდომ ბავშვების დედას თ----ა ა-–----ეს გადმოსულიყო და წაეყვანა ბავშვები, რის შემდეგაც თ----ა ა-–----ე და მისი დედა ნ-----–- ა-–----ე გადმოვიდნენ მანქანიდან.
მოწმის ჩვენებით, თ----ა გაემართა იქვე მდგომ პ----- ტ--------ისა და ე---------- კ-----–---ისაკენ. მან ხმამაღალი აგრესიული ისტერიული ინტონაციით მიმართა მათ, რომ დროულად გამოეყვანათ მისი შვილები და გადაეცათ მისთვის. ე----------მ თ----ას უპასუხა, თუ რა ნამუსით იყო მოსული, ბავშვები იზრდებოდნენ ნორმალურ პირობებში, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ იქ ყოფნით და მამის თანხმობის გარეშე ვერავის ვერ გაატანდნენ ბავშვებს. ამის თქმასთან ერთად თ----ა მიუახლოვდა და წაიწია ე----------სკენ, მანაც თავის მხრივ ხელები შეაგება და ხელებით ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მან და გ------- გ----–--ემ მოუწოდა კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფთ სიმშვიდისაკენ, რათა ღრმა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო სიტუაცია, თუმცა, მიუხედავად მისი მოწოდებისა, თ----ამ და ე----------მ თმებში დაუწყეს ერთმანეთს მოქაჩვა და ძიძგილაობა. ამ დროს მათ მიუახლოვდა პ----- ტ--------ე და ისიც სწვდა თმებში თ----ას უკნიდან. იმავდროულად, მათთან მივიდა ნ-----–- ა-–----ე, რა დროსაც მას ხელი ჰკრა პ-----მ მკერდში, რის შედეგადაც ნ-----–- ა-–----ეს დაუსხლტა ფეხი, წაიქცა და თავის უკანა მხარე დაარტყა ძირს ქვაღორღიან ადგილას.
მოწმე ვერ აკონკრეტებს თავის შვილის დასახმარებლად მივიდა ეს ქალბატონი თუ მასაც ჩხუბში ჩართვა ჰქონდა განზრახული. ეს მოვლენები ვითარდებოდა წამებში, დაახლოებით 1 წუთი. მომხდარი ინციდენტის გამო ქალბატონს შესთავაზეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, თუმცა, მან უარი თქვა სასწრაფოს გამოძახებაზე. აღნიშნულის შემდეგ მან და მისმა კოლეგამ განმუხტეს კონფლიქტური სიტუაცია და კონფლიქტის ორივე მხარე სიტუაციის გარკვევის მიზნით წაიყვანეს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში მათივე თანხმობით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის პერიოდში პ-----ს და ე--ს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია ან მოწოდებები არ შეუმჩნევია, რაც შეუქმნიდა ობიექტურ დამკვირვებელს განცდას, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
მოწმე დ--- ქ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე გ------- გ----–--ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. ამასთან, ის შემდეგნაირად აღწერს თ----ასა და ე----------ს შორის მომხდარ ინციდენტს: თ----ა და დედამისი ერთდროულად წავიდნენ მანქანიდან ე----------საკენ, თუმცა, პირველად თ----ა მიეჭრა ე--ტერნეს სიტყვებით: „ვის არ ატან შენ შვილებსო“, რაზეც ე----------მ უპასუხა „აქ რა პირით მოხვედიო“ და მერე ეცნენ ერთმანეთს თმებში.
მოწმე ბ---- გ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის პ----- ტ--------ის და ე---------- კ-----–---ის მეზობელი და ნაცნობი, მათ ოჯახთან არის ახლო-მეგობრულ დამოკიდებულებაში. იგი ასევე იცნობს თ----ა ა-–----ესაც, რომელიც არის პ-----ს და ე---------- ყოფილი რძალი. მას თ----ას მიმართ აქვს ნორმალური დამოკიდებულება და რაიმე წყენას მათ შორის წარსულში ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს ის სეირნობდა ზ------------ში მ--–--ეების უბანში, როდესაც შენიშნა შავი ფერის აუდის ფირმის ავტომანქანა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. აღნიშნული მანქანიდან გადმოსულ პიროვნებებს ჰკითხა ხომ არავის ეძებდნენ და შესთავაზა დახმარება, თუმცა, მათ მიუგეს, რომ არავის ეძებდნენ. ამის შემდეგ ჩამოიარა უბანში პ-----მ და მისმა მეუღლემ, ის და პ----- დასხდნენ...ისაუბრეს ცოტა ხნით. რაღაც მოკლე პერიოდის შემდეგ გამოჩნდა ისევ ეს მანქანა პოლიციის პიკაპთან ერთად. მათ ეს უცნაურად მოეჩვენათ და ისევ იკითხეს რაიმე პრობლემა ხომ არ იყო, რაზედაც უთხრეს, რომ არაფერი არ ხდებოდა და მცირედი პაუზის შემდეგ პ-----ს მიმართეს, რომ მასთან იყვნენ და მას ეძებდნენ. პ----- დარჩა ადგილზე, ხოლო ავტომობილი მეუღლემ წაიყვანა ეზოში ჩასაყენებლად. როდესაც მივიდნენ, თავი გააცნეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თბილისიდან ჩამოსულები და პ-----ს უთხრეს, რომ მასთან იყვნენ თ----ა ა-–----ის ბავშვები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოეყვანათ და ეჩვენებინათ მისთვის. ამას ეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლებსაც ეს არასამთავრობოები შემდეგი სიტყვებით: ,,ეხლავე შედით და გამოიყვანეთ ბავშვები“, რაზედაც პოლიციის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ ამ ფორმით მოქმედების უფლება მათ არ ჰქონდათ, საჭირო იყო პროცედურების დაცვა, ისინი ოქმს შეადგენდნენ და შემდეგ მიემართათ სასამართლოსათვის. თუმცა, ისინი მაინც დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ გამოეყვანათ ბავშვები და ეჩვენებინათ მათთვის. იქ არ იყო საუბარი ბავშვების დედისთვის ჩვენებაზე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანქანაში თ----ა და დედამისიც ისხდნენ. პ----- მათ პასუხობდა, რომ ბავშვებს მამის გარეშე ვერ აჩვენებდნენ, დაკავშირებოდნენ მამას და მას შეთანხმებოდნენ, რაზედაც მათ ჰქონდათ ძალიან ცუდი რეაქცია და ამბობდნენ ,,რატომ არ არის მამასთან ბავშვები“, ,,რატომ არ აჩვენებთ დედას ბავშვებს“ და ა.შ., რაზედაც მას შეექმნა შთაბეჭდილება არასამთავრობოს წარმომადგენლებმა არც კი იცოდნენ ის ფაქტი, რომ ბავშვების მამა ცხოვრობდა ბავშვებთან, მხოლოდ, სამსახურიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში არ იყო სახლში, ხოლო საღამოობით კი მოდიოდა.
მოწმის განმარტებით, ამ დროს ე--ც წამოვიდა სახლიდან სიტუაციაში გასარკვევად, რის პარალელურადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მივიდა თავის მანქანასთან და შიგ მსხდომ პირს მოუწოდა გადმოსულიყო და მოეთხოვა თავისი ბავშვები. აღნიშნულის შემდეგ მანქანიდან გადმოხტა თ----ა. ის მიიჭრა ე--სთან, სწვდა თმებში და დაქაჩა ქვემოთ. თან უყვიროდა, თუ რატომ არ აჩვენებდა ბავშვებს, ე-- ამ დროს ცდილობდა თავის გათავისუფლებას, თუმცა, ვერ ახერხებდა. ამ სიტუაციაში ჩაერივნენ პოლიციის თანამშრომლები და განმუხტეს სიტუაცია. თ----ას გამოჩენა და მისი მოქმედება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერავინ და მათ შორის ვერც ე-- ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის ადეკვატურად აღქმას. ამ დროს პ----- იყო მის გვერდით, ის ცდილობდა თ----ას ხელი გაეშვებინებინა მისი მეუღლის თმებიდან და თავადაც ჩართული იყო გაშველების პროცესში. რაც შეეხება ქალბატონ ნ-----–-ს, იგი მას შემდეგ გამოჩნდა, როცა კონფლიქტური სიტუაცია აქტიურ ფაზაში იყო და მიმდინარეობდა გაშველების პროცესი. პ-----მ იგრძნო, რომ ზურგიდან ვიღაც შეეხო და როცა მოიხედა, ნ-----–- ძირს იყო წაქცეული, რომელიც წამოაყენა.
მოწმე ფ-------- ლ--–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, პ----- ტ--------ე და ე---------- კ-----–---ი არიან მისი მეზობლები, მათ ოჯახთან არის კარგ ურთიერთობაში. თ----ა ა-–----ეს არ იცნობს, სმენია უბრალოდ მასზე, რომ არის ე--ს რძალი. მარტის თვე იყო, შემთხვევის დღეს გაიგონა ხმაური და როდესაც გადმოვიდა, გაიგო თბილისიდან ყოფილან ჩამოსული ორი პიროვნება, ქალი და კაცი და ითხოვდნენ ბავშვების ნახვას. მან დაინახა, რომ თ----ა გადმოხტა მანქანიდან, ეცა ე--ს აგრესიულად და თმებში მოქაჩა. სანამ თმებში მოქაჩავდა, თ----ა ყვიროდა ე--ს მისამართით - ,,რა უფლებით მიკავებ ბავშებსო“. ე--მ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო ეთქვა, თუ რა ნამუსით ბედავდა ამის თქმას. ამ დროს ყველა მივარდა, პ-----ც მივიდა, დედამისიც მივიდა, პოლიციაც იქ იყო და თავადაც ერთობლივად ცდილობდნენ გაეშვებინებინათ თ----ას ხელი ე--ს თმებიდან. ე-- ცდილობდა თავი დაეხსნა მისგან. ეს ყველაფერი მოხდა წამებში. ამ გაზავების დროს ეს ქალი - ნ-----–- რაღაცნაირად წაიქცა. არც ჩხუბამდე და არც ჩხუბის შემდეგ ე--ს და პ-----ს შეურაცხმყოფელი ან გამომწვევი სიტყვებით არ მიუმართავს თ----ას და მისი დედისათვის. პირიქით, ისინი ყვიროდნენ ძალიან ბევრს. მოწმე განმარტავს, რომ პირველად თ----ა დაეტაკა ე--ს ხელებით, რის გამოც ე--მ სახეზე აიფარა ხელები, რა დროსაც იხელთა დრო თ----ამ და მოჩეჩა თმებში.
მოწმე თ----- ი---------–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის თავჯდომარე არის მ-----– ჭ----–---–ი. მათ მიმართა თ----ა ა-–----ემ განცხადებით, რომ ვერ პოულობდა თავის შვილებს და ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი იმყოფებოდნენ მათი მამიდის სახლში. ამიტომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ ქუთაისში. კერძოდ, მასთან ერთად იყო მ-----– ჭ----–---–ი, თ----ა და დედამისი. შემთხვევის ადგილას ისინი თ----ამ მიიყვანა. ისინი ელოდებოდნენ პოლიციას შორიახლოს, სტადიონთან. პოლიცია მალევე მოვიდა და შეესწრო აღნიშნულ ფაქტს.
იმ დროისათვის, როდესაც კონფლიქტი მოხდა, თ----ა და დედამისი მანქანაში ისხდნენ, მაგრამ მათ უთხრეს, რომ მანქანიდან არ გადმოსულიყვნენ, რადგან თავიდანვე კონფლიქტური სიტუაცია იყო. მოგვიანებით, თ----ა გადმოვიდა მანქანიდან. მისი მული ე---------- წავიდა მისკენ იერიშით, თმებში მოჰკიდა ხელი, ფაქტობრივად ჭიდაობდა. თ----ა ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. ამ დროს პ----- ტ--------ე წავიდა თ----ას დედისკენ, ჩაარტყა ხელი ან იდაყვი და ქალბატონი მიწაზე დაეცა. მოწმის თქმით, ვიდრე თ----ა ჩამოვიდა მათი მანქანიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ეუბნებოდნენ, რომ არ გაატანდნენ ბავშვებს, თ----ა კი ამბობდა, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ბავშვები დაემალათ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მოწმეს უნდოდა ბავშვები შორიდან მაინც ენახა დედას, ვინაიდან არ იცოდა სად იყვნენ მისი შვილები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ურეკავდნენ სოციალურ სამსახურს, რადგან მათი მოვალეობა იყო, რომ ეს კონფლიქტი არ მომხდარიყო. როდესაც თ----ა მიდიოდა სახლისკენ და ამბობდა, რომ ენახებინათ მისთვის ბავშვები, ე---------- კ-----–---მა მოჰკიდა თმებში ხელი და ეუბნებოდა, რომ ბავშვებს არ მისცემდა და წასულიყო. შემდეგ თ----ას დედა მივიდა მათთან, რათა გაეშველებინათ თ----ა და ე----------. ამ პერიოდის განმავლობაში მას ხმა არ ამოუღია. ის მივიდა მათ გასაშველებლად და ორივეს მოუწოდებდა, რომ გაჩერებულიყვნენ.
მოწმე განმარტავს, რომ როდესაც აღნიშნული ორი ქალბატონის ჩხუბობდა, ის ელაპარაკებოდა პოლიციას. მისი თქმით, ჩხუბი დაიწყო ე---------- კ-----–---მა, თ----ა კი ეუბნებოდა, რომ გაეშვა მისთვის ხელი. ამ დროს იქ პოლიციაც იყო და მეზობლებიც. მოწმე განმარტავს, რომ ბრალდებულმა იძალადა თ----ა ა-–----ის დედაზე და დააგდო ძირს ქალბატონი, ფეხიც მოუქნია და მოარტყა.
მოწმე მ-----– ჭ----–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში. მათ აქვთ თავშესაფარი, სადაც იმყოფებიან ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც მათ თავშესაფარში ცხოვრობდა, მისცა მისი საკონტაქტო ინფორმაცია თ----ა ა-–----ეს, რომელიც მას შეხვდა და უთხრა, რომ უკვე თვეებია ვერ ნახულობს საკუთარ შვილებს და მისი შვილების ზუსტი ადგილმდებარეობა მისთვის უცნობია. პირველ რიგში თ----ა ა-–----ემ გააკეთა რწმუნებულება მის სახელზე, მოწმე დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს და სთხოვა, გარკვეულიყო საქმის ვითარებაში. თ----ა ა-–----ე დაბრუნდა ქუთაისში, შეეხმიანა მას და უთხრა, რომ არანაირი რეაგირება არ ყოფილა არავისგან და სთხოვა, რომ ჩასულიყო და დახმარებოდა მას სოციალურ მუშაკებთან ურთიერთობაში. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში. ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ თ----ა ა-–----ის მულთან, დარეკეს პატრულში და სოციალურ მუშაკებთან, რათა მისულიყვნენ საცხოვრებელი სახლის მისამართზე და გაერკვიათ ბავშვების ადგილსამყოფელი და მათი მდგომარეობა. როცა იქ მივიდნენ, ისინი ისხდნენ მანქანაში და ელოდებოდნენ პატრულსა და სოციალურ მუშაკებს. მათ მიუახლოვდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც ეკითხებოდნენ თუ რატომ მივიდნენ იქ. ამ დროს მოვიდა პოლიციაც. მათ აუხსნეს აღნიშნულ პირებს თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ და მათგან მიიღეს უარი, რომ თ----ა ა-–----ეს ენახა ბავშვები. მათ პოლიციას მოსთხოვეს, რომ გამოსულიყო ბავშვების მამა, მაგრამ უთხრეს, რომ ის იქ არ იყო. აღმოჩნდა, რომ კანონიერ წარმომადგენელს მესამე პირები უკრძალავდნენ ბავშვის ნახვას. თ----ა ა-–----ე ჯერ არ იყო გადმოსული მანქანიდან, როდესაც ის პატრულს სთხოვდა, რომ შეედგინათ ოქმი, რომ მამა არ იყო ადგილზე და გარკვეულიყვნენ ვითარებაში. შემდგომ გამოჩნდა ქალბატონი ე----------, ამ დროს თ----აც გადმოვიდა მანქანიდან და დაიწყო ჩხუბი, ჯერ ხელებით ჰქონდათ დაპირისპირება, ქალბატონმა თ----ა ა-–----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ არ მისცემდა უფლებას ბავშვები ენახა, როგორ გაბედა მისვლა და ა. შ. ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. შემდეგ თ----ა ა-–----ის დედასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ის დაეცა და დაარტყა თავი. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ როცა თ----ა გადმოვიდა მანქანიდან, ის წავიდა იქით, სადაც ბევრი ხალხი იყო და მიმართავდა მათ, თუ რატომ არ ანახებდნენ შვილებს. ე---------- მივარდა მას, ეუბნებოდა თუ როგორ გაბედა გამოჩენა და ეს გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში. ე----------მ თმებში მოჰკიდა თ----ას ხელი, თ----ა კი ეუბნებოდა, რომ გაეშვა და მანაც მოქაჩა თმებში. ამ დროს მათ გააშველეს ისინი, მის უკან კი დაეცა თ----ას დედა. იმ დროისათვის ადგილზე არეულობა იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა.
მოწმის განმარტებით, ქალბატონების დაპირისპირებისას პ----- იქ არ იყო, ის მოგვიანებით გამოჩნდა, თ----ას დედას ჩაარტყა წიხლი, რის შედეგადაც ეს ქალბატონი დაეცა. მოწმე განმარტავს, რომ როდესაც ისინი მივიდნენ პოლიციაში, მათ დახვდათ ცუდი მდგომარეობა, ბრალდებულს ჰყავდა დიდი სანაცნობო.
მოწმის განმარტებით, მათ ფაქტის შესახებ შეატყობინეს სახალხო დამცველსაც, წარადგინეს ყველანაირი ორდერი, გამოიძახეს სოციალური მუშაკი, მიუხედავად ამისა, ბავშვები დატოვეს მოძალადის ოჯახში. ამიტომ მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. როდესაც მან დარეკა სოციალურ სამსახურში, მათ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი და ამ ყველაფერს სასამართლო გაარკვევდა. მისი განმარტებით, თ----ამ მას დაუდასტურა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ მას გაუწიეს რეკომენდაცია - მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, თუმცა, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ამ საქმეზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც გააუქმა სააპელაციო სასამართლომ.
პ----- ტ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ე---------- კ-----–---ი არის მისი ცოლი, ხოლო პ----- კ-----–---ი არის მისი ცოლის ძმა, რომლის მეუღლე იყო თ----ა ა-–----ე. მეუღლეებს შორის კონფლიქტი მოხდა 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე ღალატობდა მის ცოლის ძმას და მან ის გაუშვა სახლიდან. ამის შემდეგ პ----- კ-----–---ი მის სამ შვილთან - ბ--------, პ------ და შ-----------ან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა მის ოჯახში. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ბავშვები მიჰყავდათ სახლში, შეამჩნიეს უცხო მანქანა გაჩერებული იყო ჭიშკართან. იკითხეს თუ ვინ იყვნენ მანქანით მოსულები, თუმცა, პასუხი არავინ გასცა. დაახლოებით 3-4 წუთში მოვიდა პოლიციის მანქანა. ის მივიდა პოლიციასთან და ჰკითხა რა ხდებოდა. ის ასევე ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მათ უთხრეს, რომ დედა ითხოვდა თავისი სამი შვილის ნახვას, თუმცა, იყვნენ თუ არა ისინი მანქანაში არ იცოდა. დაახლოებით 2 წუთში მისი მეუღლე გამოვიდა ჭიშკრიდან, როდესაც დაინახეს მისი მეუღლე, თ----ა ა-–----ე გადმოვიდა მანქანიდან, აგრესიული სახით, წავიდა ე---------- კ-----–---ისკენ და დაეტაკა თმებში. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა მის გვერდით. ამაზე ის ძალიან გაბრაზდა, თუმცა ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ თმებში სწვდა თ----ას და ასე მოაცილა ის თავის მეუღლეს. ამ დროს თ----ას დედა გამოიქცა ე---------- კ-----–---ისკენ აგრესიულად, რომლის მოცილების მიზნით მან ქალბატონს დაარტყა გულ-მკერდის არეში, მას ფეხი დაუსრიალდა და ქვებზე თავი დაარტყა. ამ დროს მასთან მივიდა პოლიციის მუშაკები, დააკავეს და წაიყვანეს განყოფილებაში. ფაქტს შეესწრო პოლიციის თანამშრომლები და რამდენიმე მეზობელი, რომლებიც დაიკითხნენ. თ----ა ა-–----ესთან ერთად იყვნენ არასამთვარობო ორგანიზაციის წევრები. როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი ამ ფაქტს იღებდნენ.
მოწმის განმარტებით, თ----ას მისთვის არაფერი უთქვამს. მას უთხრეს, რომ გამოეყვანა ბავშვები, რადგან ისინი დედას უნდა წაეყვანა, რაზეც უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ასევე მამის ნებართვის გარეშე ვერავის გაატანდა ბავშვებს. ბავშვების მამა არის პ----- კ-----–---ი, რომელიც იმ დღეს მუშაობდა და არ იმყოფებოდა სახლში. როდესაც მისი მეუღლე ე---------- კ-----–---ი გამოვიდა სახლიდან და მოემართებოდა მათკენ სიტუაციის გასარკვევად, იმ მომენტისთვის ე---------- კ-----–---მა არ იცოდა, რომ თ----ა მანქანაში იჯდა. მოწმის თქმით, ე----------ს მეტი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ის იშორებდა თ----ას, მას არავინ დაუზიანებია, პირიქით, ის თავად დაზიანდა. მოწმე ადასტურებს, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----ა ა-–----ეს, ის აღიარებს თავის დანაშაულს, მან ბოდიშიც მოუხადა ქალბატონ ნ-----–-ს.
ე---------- კ-----–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, პ----- ტ--------ე არის მისი მეუღლე, ხოლო პ----- კ-----–---ი მისი ძმა. მას შემდეგ, რაც მისი ძმა დაშორდა თავის მეუღლეს თ----ა ა-–----ეს, ბავშვები იზრდებოდნენ მასთან. ბავშვების მოვლის მთელი სიმძიმე მას დააწვა. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები დადიოდნენ საჯარო დაწესებულებებში, სკოლაში, ბაღში. დედის მხრიდან არავინ მოსულა მათ სანახავად და არ უკითხავთ ბავშვების მდგომარეობა. ერთ დღეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ მანქანით და ბავშვები მიჰყავდათ სახლში, უცხო მანქანა დახვდათ მათ ჭიშკართან. პოლიცია მალევე მოვიდა და მათ პ-----ს უთხრეს, რომ დედა ითხოვდა თავისი შვილების ნახვას. მოწმემ შეიყვანა სახლში ბავშვები და მალევე უკან გამობრუნდა. როდესაც ის დაინახა თ----ა ა-–----ემ, გადმოვიდა მანქანიდან და გაემართა მისკენ. მან თ----ა ა-–----ეს მიმართა, თუ როგორ ითხოვდა ამ ფორმით ბავშვებს, რა დროსაც თ----ა მას თმებში დაეტაკა და ვერ მოიცილა, პ----- ცდილობდა დახმარებოდა მის მოცილებაში. ამ დროს თ----ას დედაც გადმოვიდა მანქანიდან და გაემართა მათკენ. პ-----ს მოქნეული ხელით დაეცა ქალბატონი ნ-----–- - თ----ას დედა. მხოლოდ ამის შემდეგ მოშორდა თ----ა მას, რადგან დედამისი დაინახა წაქცეული. მისი მეუღლე პ----- ტ--------ე დააკავეს თ----ას დედის წაქცევის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მას არ ჰქონდა იმის განზრახვა, რომ დედას შვილები არ ენახა. მან იმისთვის მოჰკიდა თმაში ხელი თ----ას, რომ მოეშორებინა ის. მოწმის განმარტებით, ამჟამად მთელი კვირა მას ჰყავს ბავშვები და დედა ნახულობს ერთი დღე. მისივე განმარტებით, როდესაც ჩასხდნენ მანქანაში თ----ა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ თქვეს, რომ ყველაფერი გადაღებული ჰქონდათ და თან წავიდნენ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ 23/03/2018 17:09 საათი შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------ში, ცენტრში, სტადიონთან დახმარებას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ წარმომადგენელი თ----- ი---------–ი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მიუთითებდა, რომ ქალბატონს მეუღლემ გასტაცა ბავშვები, რეალურად მამასთანაც არ იმყოფებოდა ბავშვები და გადამალული იყვნენ მამიდასთან.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 23.03.2018წ.20:52-21:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე თ----ა ა-–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით: მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში და მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 23.03.2018წ.20:36-20:50 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ-----–- ა-–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ე---------- კ-----–---ის საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v TURKEY, განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდაო ფაქტების ვარაუდიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვეს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე---------- კ-----–---ის მიმართ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერსაწინააღმდეგო შინაარსისაა, კერძოდ: პოლიციის მუშაკები - დ--- ქ-------------ი და გ------- გ---–--ე აჩვენებენ, რომ „ შვილების ნახვასა და წაყვანაზე უარის მიღების შემდეგ განაწყენებული თ----ა ა-–----ე მიეჭრა ე---------- კ-----–---ს, რომელმაც დაუჭირა ხელები და შემდეგ თმებში ეცნენ ერთმანეთს, დაიწყეს თმების მოქაჩვა და ძიძგილაობა“. შემთხვევის თვითმხილველი ბრალდებულების მეზობლები ძალადობის ინიციატორად ასევე მიუთითებენ დაზარალებულ თ----ა ა-–----ეს. ბ---- გ--------ის ჩვენებით, „მანქანიდან გადმოხტა თ----ა, ის მიიჭრა ე--სთან, სწვდა თმებში და დაქაჩა ქვემოთ. თან უყვიროდა, თუ რატომ არ აჩვენებდა ბავშვებს, ე-- ამ დროს ცდილობდა თავის გათავისუფლებას, თუმცა, ვერ ახერხებდა“. ანალოგიურად, მიუთითებს ფ-------- ლ--–--ეც. რაც შეეხება მოწმეებს, მ-----– ჭ----–---–ს და თ----- ი---------–ს, ისინი ძალადობის ინიციატორად მიუთითებენ ე---------- კ-----–---ს. დაზარალებულ თ. ა-–----ის ჩვენებით, „ის გადმოვიდა მანქანიდან, დედამისიც უკან მიჰყვებოდა. პირველი შემოხვდა ე----------, რომელმაც დაუჭირა ხელები და არ უშვებდა, ამასთან ეუბნებოდა, რომ მას იქ რა უნდოდა, არ იყო ბავშვების ნახვის ღირსი, ბავშვები უმისოდაც კარგად იყვნენ. ამ დროს მათთან მივიდა პ----- ტ--------ე და სახეში ჩაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებშიც მოქაჩა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ საქციელზე დედამისმა პ-----ს მიმართა თუ რას აკეთებდა, რაზედაც პ-----მ ხელი აუქნია დედამისს და წააქცია, რა დროსაც მან თავი დაარტყა ძირს და სისხლიც მოსდიოდა. ამის გამო პატრულის თანამშრომლებმა იქვე დააკავეს პ-----, ხოლო ქმრის დაკავებით გაბრაზებულმა ე----------მ მას თმებში მოქაჩა ხელი და არ უშვებდა, რა დროსაც თავადაც მოქაჩა ე--ს თმებში, რათა თავი გაეთავისუფლებინა“. დაზარალებულ ნ. ა-–----ის ჩვენებით კი ირკვევა, რომ „როგორც კი თ----ა გადმოვიდა მანქანასთან, იქვე მას დახვდა ე---------- კ-----–---ი, რომელმაც თ----ას ხელი მოჰკიდა ხელში სიტყვებით - შენ ბავშვებს ვერ ნახავო“, ანუ თ----აზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი მას საერთოდ არ უნახავს, რაც უნდა აიხსნას იმ მიზეზით, რომ ის ამ დროს წაქცეული იყო.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, ე---------- კ-----–---ის ეპიზოდში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ე. კ-----–---ის ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია თ. ა-–----ის სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა პ. ტ--------ემ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ე---------- კ-----–---ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია.
სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას პ----- ტ--------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, მათ შორის თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----- ტ--------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ----- ტ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების გათვალისწინებით, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ პ----- ტ--------ე ნასამართლობის არ მქონეა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია და მშობლებს განსაზღვრული აქვთ შვილების მათთან ყოფნის რიგითობა და განუსაზღვრა სასჯელის მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც არ არსებობს გასაჩვრებულ განაჩენში პ----- ტ--------ის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, როგორც ე---------- კ-----–---ის მიმართ, ასევე პ----- ტ--------ის მიმართ, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე---------- კ-----–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ე---------- კ-----–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
პ----- ტ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წადგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე.
პ----- ტ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
პ----- ტ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს (ა---- მ--–--ეს პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.
პ----- ტ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ----- ტ--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე