განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310017002001851
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/ 2581-17 13 მარტი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი: შპს ,,ს------ო’’;
წარმომადგენელი: რ-------- კ-------------ი (დირექტორი);
მოწინააღმდეგე მხარეები:
1) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტი;
2) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი;
წარმომადგენელი: ა-–--------------------ე;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება : ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს------ოს’’ დირექტორ რ-------- კ-------------ის (ს/ნ 4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ს------ო’’ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და დარეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, 100% წილის მფლობელია რ-------- კ-------------ი.
2017 წლის 06 მარტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის N0----- ბრძანების თანახმად,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239- ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ შპს ,,ა-------ს’’ (ს/ნ4--------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას 2017 წლის 09 მარტს გაეცნო შპს ,,ს------ოს’’ დირექტორი რ-------- კ-------------ი. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად მას არ ჰქონდა ქონების განკარგვის (ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკით, უზურფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის უფლება) საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ ამონაგები თანხა სრულად იქნებოდა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
2017 წლის 09 მარტს შედგენილი შემოსავლების სამსახურის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ N2------------ აქტის თანახმად, დაყადაღებული იქნა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული შპს ,,ა-------’’-ის ს/ნ 4-------- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (შპს ,,ა------’’-ისგან (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონელი. ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ N2------------ აქტში აღწერილი ქონება ამავე აქტის თანახმად შესანახად ჩაბარდა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) დირექტორს რ-------- კ-------------ს.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 22 მარტის N3---------- სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის N2---------- სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებას დავალებული ჰქონდა შპს ,,ს------ო’’-ს (ს/კ 4--------) დაყადაღებული ქონების შეფასება, თუმცა ქ-----––---ში მივლინებით მყოფ ექსპერტს შპს ,,ს------ო’’-ს (ს/კ 4--------)-ს წარმომადგენელმა რ-------- კ-------------მა განუცხადა, რომ აღნიშნული საქონელი გაყიდული იყო. შესაბამისად ვერ მოხერხდა დაყადაღებული ქონების დათვალიერება და შეფასება.
2017 წლის 23 მარტის შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) დირექტორ რ-------- კ-------------ის (პ/ნ 4----------) განცხადების თანახმად, მან მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს და აცნობა, რომ 2017 წლის 06 მარტის N0------ ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 09 მარტს დაყადაღებული ქონების ნაწილი გაყიდა და დარჩენილი ქონების რეალიზაციას ახორციელებს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის სერია N-------- თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 29 მარტს, შპს ,,ს------ოს’’ მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია N-------- მასზედ, რომ დარღვეული იქნა სსკ-ის მოთხოვნები (საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა სსკ-ის 278-ე მუხლის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით), სამართალდამრღვევი პირი შპს ,,ს------ო’’ ს/ნ 4--------, დირექტორი რ-------- კ-------------ი (პ/ნ 4----------), გადამოწმების დრო: 29.03.2017 16:25, სსკ-ის 278-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
2017 წლის 21 აპრილს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტმა მიმართა მთავარ პროკურატურას რათა მოეხდინათ რეაგირება შპს ,,ს------ოს’’ ყადაღა დადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
შპს ,,ს------ოს’’ დირექტორმა რ-------- კ-------------მა 2017 წლის 28 აპრილს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოს და მოითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა N-------- ოქმის გაუქმება.
2017 წლის 04 მაისს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, შპს ,,ს------ოს’’ დირექტორის რ-------- კ-------------ის მიერ დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველმა საბჭომ 2017 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანებით შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) 2017 წლის 28 აპრილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მოწმე ვ----– ყ---–---–ის განმარტებით იგი არის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტ-ოფიცერი, იმყოფებოდა ქ-----––---ში დაურეკა შპს ,,ს------ოს’’ დირექტორ რ-------- კ-------------ს, რომელმაც უთხრა რომ არ იმყოფებოდა ქ-----––---ში და აღნიშნა რომ აღნიშნული საქონელი შპს ,,ს------ოს’’ საკუთრებას არ წარმოადგენდა და რომ გაყიდული იყო, დაყადაღებული ქონება მას შესაფასებლად არ წარედგინა და შესაბამისად დათვალიერება და დასურათებაც ვერ მოხერხდა.
მოწმე გ---------------–---–ის, დ---------------ის და მ-----–-----------ის განმარტებით ისინი არიან ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს ს/ჯ განყოფილების ოფიცრები, დაყადაღებული ქონება შესანახად გადაეცა რ-------- კ-------------ს, რომელიც იმ მომენტისათვის განმარტავდა, რომ აღნიშნული საქონელი ეკუთვნოდა შპს ,,ს------ოს’’, ქონების აღწერის დროს პირადად ახდენდნენ იდენტიფიცირებას გამოწერილი ზედნადებებიდან გამომდინარე, აღწერილი და შეტანილი იქნა ყველა მონაცემი აქტში. ექსპერტიზის განყოფილებამ მათ მიმართა, რომ ვერ ხდებოდა ქონების შეფასება, შესაბამისად დაუკავშირდნენ ოფიცრები რ-------- კ-------------ს, რომელმაც დაწერა ახსნა-განმარტება წერილობით, რომ დაყადაღებული ქონება გაყიდა და დარჩენილი ქონების რეალიზაციას ახორციელებდა, ქონება რომელიც ამოღების ოქმშია მითითებული და ქონება რომელიც მითითებულია დაყადაღების აქტში აღნიშნული ქონების იდენტიფიცირების მოხდენა შესაძლებელია თუ არ იციან, რაც შეეხება ქონების დალუქვას ქონება არ ილუქება და ბარდება წარმომადგენელს, კონკრეტულ შემთხვევაში ჩაბარდა შპს ,,ს------ოს’’ დირექტორს რ-------- კ-------------ს.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შემოწმდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა- აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის სერია N-------- და სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება N1---- წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო სსკ-ის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 29 მარტს, შპს ,,ს------ოს’’ მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია N-------- მასზედ რომ მის მიერ დარღვეული იქნა სსკ-ის მოთხოვნები, კერძოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, მოხდა ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა, რის გამოც სსკ-ის 278-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგასადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა, იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემული იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ 2017 წლის 06 მარტის N0----- ბრძანება, (რომელსაც შპს ,,ს------ოს’’ დირექტორი გაეცნო 09.03.2017წ), ხოლო 2017 წლის 09 მარტს შედგა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ N2------------ აქტი, რომლის საფუძველზე დაყადაღებას დაექვემდებარა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული, შპს ,,ა-------’’-ის (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო/გირავნობით იპოთეკით დატვირთული ქონება (შპს ,,ა------’’-სგან (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონელი). ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ N2------------ აქტში აღწერილი ქონება, ამავე აქტის თანახმად, შესანახად ჩაბარდა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) დირექტორს რ-------- კ-------------ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების უფროსის 22.03.2017წლის N3---------- სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, რამდენადაც რ-------- კ-------------ის განმარტებით დაყადაღებული საქონელი მის მიერ გაყიდული იქნა ექსპერტის მიერ ვერ მოხერხდა დაყადაღებული საქონლის დათვალიერება და შეფასება. დაყადაღებული ქონების ნაწილობრივ რეალიზაციის ფაქტი რ-------- კ-------------ის მიერ ასევე დადასტურებული იქნა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 23.03.2017 წლის N6---------- განცხადებაშიც. შპს ,,ს------ოს’’დირექტორმა რ-------- კ-------------მა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯ----------იას სახელზე დაწერა განცხადება, სადაც მიუთითა რომ დაყადაღებული ქონების ნაწილი გაასხვისა და რომ ნაწილი ქონების გასხვისებასაც აპირებს. ქონება რომელიც შპს ,,ს------ოს’’ დირექტორს ჰქონდა მიბარებული აღნიშნული ქონების აღწერა და შეფასება ვერ მოხდა, დაკითხული იქნა მოწმის სახით ექსპერტი, რომელმაც განაცხადა რომ იგი დაუკავშირდა რ-------- კ-------------ს, რომელმაც უთხრა რომ აღნიშნული საქონელი შპს ,,ს------ოს’’ საკუთრებას არ წარმოადგენდა და რომ გაყიდული იყო, ექსპერტს დაყადაღებული ქონება შესაფასებლად არ წარდგენია და შესაბამისად დათვალიერება და დასურათება არ მომხდარა მისი მხრიდან. ის რომ შპს ,,ს------ოს’’ დირექტორმა რ-------- კ-------------მა დაყადაღებული ქონება გაყიდა და დარჩენილი ქონების რეალიზაციას ახორციელებდა, აღნიშნული ფაქტის შესახებ თავად რ-------- კ-------------მა მოახსენა ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს ს/ჯ განყოფილების ოფიცრებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმის სახით და დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი.
2017 წლის 28 აპრილს შპს ,,ს------ოს’’ დირექტორ რ-------- კ-------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის სერია N--------, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველმა საბჭომ 2017 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანებით შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) 2017 წლის 28 აპრილის საჩივარი არ დააკმაყოფილდა.
რაც შეეხება მოსარჩელე შპს ,,ს------ოს’’ დირექტორის აპელირებას, თითქოს აიძულეს განცხადების დაწერა შემოსავლების სამსახურში და მიათითებინეს, რომ გაასხვისა ქონება, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტს მოცემული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებიში არსებული ამოღების ოქმში მითითებული ქონების ჩამონათვალის (სახეობის) და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების ჩამონათვალის სახეობის ერთმანეთთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს, ვინაიდან რ-------- კ-------------ის წერილობითი განცხადების და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა ჩვენებებით დასტურდება ყადაღადადებული ქონების განკარგვის ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება. შესაბამისად არ არსებობს 2017 წლის 29 მარტს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N ც------- ოქმის და შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის N1---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
აპელანტი მიუთითებს, რომ შემფასებელმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა პირნათლად, არ დალუქა აღწერილი ნივთები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზეც, რომ ამოღების, გადაბარების და შეფასება-აღწერის ოქმებში მითითებული პროდუქცია იდენტურია, რაც თავისთავად გამორიხავს რ-კ-------------ის მიერ ნივთების რეალიზაციის ფაქტს.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ფაქტიურად მთელი დასაბუთება დააფუძნა ერთ კონკრეტულ მიმართვაზე, რომელშიც თითქოს რ- კ-------------ი აღიარებს თავის დანაშაულს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მას აიძულეს მიეცა ხსენებული ჩვენება რომელშიც თითქოს აღიარებს, რომ ქონების ნაწილი გაყიდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის გაყიდვას აპირებდა. აპელანტი მიუთითებს, მას დაემუქრნენ, რომ თუ აღნიშნულ ხელწერილს არ დაწერდა დაუყადაღებდნენ ორივე კუთვნილ მაღაზიას და არ მისცემდნენ საშუალებას ევაჭრა, ხოლო აღნიშნული აპელანტის ბიზნესს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა, რაც მან გააჟღერა როგორც სასამართლოში, ასევე დეტექტივ-გამომძიებელთან ჩვენების მიცემის პროცესში.
აპელანტი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 278–ე მუხლზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ,,ლუქის" ახსნა ისჯება 4000 ლარიანი ჯარიმით, თუმცა აპელანტს სურს გაამახვილოს სასამართლო ყურადღება იმ ფაქტზე,რომ მოპასუხეების მოწმეები ამავე დროს აცხადებენ, რომ ლუქის დადების ვალდებულება მათ არ გააჩნდათ და ლუქს საერთოდ არ ადებენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელატს მიაჩნია, რომ სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მხოლოდ ერთ მტკიცებულებას , რომელიც არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ. აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და შპს ,,ს------ოს" ადმინისტრაციული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 06 მარტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის N0----- ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ შპს ,,ა-------ს’’ (ს/ნ4--------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. შპს ,,ს------ოს’’ დირექტორი რ-------- კ-------------ი აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო 2017 წლის 09 მარტს, ბრძანების მე-3 პუნქტით განემარტა, რომ საწარმოს არ გააჩნდა ქონების განკარგვის (ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკით, უზურფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ამასთან მხოლოდ იმ პირობით, რომ ამონაგები თანხა სრულად იქნებოდა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
შემოსავლების სამსახურის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ 09.03.2017 წლის N2------------ აქტის თანახმად, დაყადაღებული იქნა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული შპს ,,ა-------’’-ის (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (შპს ,,ა------’’-ისგან (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონელი). ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ N2------------ აქტში აღწერილი ქონება ამავე აქტის თანახმად შესანახად ჩაბარდა შპს ,,ს------ოს’’ (ს/ნ 4--------) დირექტორს რ-------- კ-------------ს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 29 მარტს, შპს ,,ს------ოს’’ მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია N--------, მასზედ, რომ საწარმოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ის 278-ე მუხლის მოთხოვნები (საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა). სამართალდამრღვევი პირი შპს ,,ს------ო’’ (ს/ნ 4--------), დირექტორი რ-------- კ-------------ი (პ/ნ 4----------), გადამოწმების დრო: 29.03.2017 16:25, სსკ-ის 278-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 4 000 ლარით.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 04 მაისს, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, შპს ,,ს------ოს’’ დირექტორის რ-------- კ-------------ის მიერ დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების დამატებითი შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე არ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა აღნიშნული დასკვნის გაკეთებისა და სარჩელის უარყოფის სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საგადასახადო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას, რომლის შეფასების პროცესში განმსაზღვრელია ის პრინციპები, რაც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
იმავე შინაარსის ნორმებს შეიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომლის 269-ე მუხლი მიუთითებს, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
აღნიშნულ მუხლზე მითითებით უნდა განიმარტოს შემდეგი: იმისთვის, რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება, სავალდებულოა, პირმა ჩაიდინოს მართსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ანუ, სახეზე უნდა იყოს გადაცდომის ფაქტი, რომელიც ჩადენილია კონკრეტული მოქმედებით ან უმოქმედობით.
როგორც სადავო აქტებიდან ირკვევა, მოსარჩელისათვის შედავებულია კონკრეტული ფაქტი - საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე დაყადაღებული ქონების გასხვისება, თუმცა, პრინციპულია, რომ თავად დაყადაღებული ქონების გასხვისება საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 04 მაისს, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, შპს ,,ს------ოს’’ დირექტორის რ-------- კ-------------ის მიერ დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილია ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.05.2017 წლის განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლითაც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ------------–---–---–ს მიეცა უფლება შპს ,,ს------ოს“ საწყობიდან ამოიღოს შესაბამისი საქონელი.
იმავე წლის 19 მაისს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შედგენილია ამოღების ოქმი, რომელშიც ამოსაღებ ობიექტად მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის N0----- ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული ქონება და რომლითაც შპს ,,ს------ოს“ საწყობიდან ამოღებული იქნა 37 დასახელების საქონელი, რომელიც დაილუქა 45 ფუთად, ლუქით 4---- და შენახვის მიზნით გადატანილი იქნა ქ. ახალციხეში 9-------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალციხის რეგიონალური სამმართველოს ეზოში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N2------------ აქტში მითითებული დაყადაღებული საქონლის ჩამონათვალი რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ საქონელი სრულ თანხვედრაშია ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შპს ,,ს------ოს“ საწყობიდან ამოღებულ საქონელთან. შემოსავლების სამსახური ვერ უარყოფს, რომ თანხვედრაა ასევე სასაქონლო ზედნადებებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამოღებულ და დაყადაღებულ საქონელს შორის სახეზეა არა მხოლოდ თვისობრივი თანხვედრა, არამედ დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული და პროკურატურის მიერ ამოღებული საქონელი არის ერთი და იგივე საქონელი.
სსკ-ის 278-ე მუხლის შესაბამისად, გადაცდომის შემადგენლობას ქმნის ყადაღადადებული ქონების განკარგვა და საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ახსნა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა, რაც იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ანუ, აღნიშნული მუხლისათვის მაკვალიფიცირებელია ქონების განკარგვის ფაქტი, რასაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს. ქონება ადგილზეა, ამოღებულია და არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოხდა დაყადაღებული ქონების განკარგვა.
სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითებით გამორიცხავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ახსნა-განმარტებისათვის უპირატესი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესაძლებლობას და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს შპს ,,ს------ოს“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, კერძოდ, ქონების გასხვისების ფაქტს, რაც გამორიცხავს მის მიმართ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტები არ შეესაბამება მათი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და ზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ექვემდებარება ბათილად ცნობას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე შპს ,,ს------ოს’’ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 (100+150) ლარის ოდენობით, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ს------ოს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ს------ოს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ს------ოს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი Nც------- და შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება N1----;
5. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ს------ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 250 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ- რობაქიძის გამზ.N7ა).
თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი