განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002708974
საქმე №1/ბ-845-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (----------------------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-----------–--------------------- საცხოვრებელ ბინაში, ა-------------–---–მა ც------------–-–---–ს, რომელთანაც 12 წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების 2----–--–--------------–------------------–---–ის და 2----–--–--------------–-----------------–---–-- თანდასწრებით, ერთხელ თავისა და ორჯერ მარცხენა ბეჭის არეში დაარტყა მუშტი. ა-------------–---–ის ძალადობრივი ქმედებებით, ც------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით:
ა-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
ა-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ა-------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი გამართლებულ ა-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ც------------–-–---–მა და არასრულწლოვანმა მოწმემ გ---------------–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
მოწმე დ-------–---–----ის (საპატრულო პოლიციის თანამშრომელი) განმარტებით, 2018 წლის 18 ოქტომბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, - ქ---------------------------------–-, სადაც დახვდათ ც------------–-–---–ი და ორი არასრულწლოვანი. ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ მეუღლესთან (ა-------------–---–თან) ჰქონდა კონფლიქტი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაზარალებულმა ც------------–-–---–მა ანახა მუქი ფერის კარდა, რომელიც იყო გატეხილი და ფარდა, რომელიც იყო ჩამოწყვეტილი. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტზე მის მიერ ა-------------–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მოწმის განმარტებით, ის უშუალოდ არ შესწრებია ა-------------–---–სა და ც------------–-–---–ს შორის არსებულ კონფლიქტს, მან კონფლიქტის და ძალადობრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ც-------------–-–---–ისგან შეიტყო. ქალბატონი ც------------–-–---–ი იყო აღელვებული, რადგან ნერვიულობდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
მოწმე მ------------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 18 ოქტომბრის საღამო ხანს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა-------------–---–ის მეუღლემ (ც------------–-–---–მა) დაურეკა და უთხრა რომ კონფლიქტი მოუვიდა ქმართან. ც------------–-–---–ს და მის შვილს შეხვდა სკოლის ეზოში, შემდეგ სახლამდე მიაცილა. მოწმის განმარტებით უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. მოწმემ აღნიშნა, რომ ც------------–-–---–ი იყო განერვიულებული. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ სახლში მივიდა პოლიციის ეკიპაჟი. ც------------–-–---–მა პოლიციელებს განუცხადა, რომ ა-------------–---–ი სცემდა მას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არასდროს სმენია ა-------------–---–სა და ც------------–-–---–ს შორის არსებულ კონფლიქტის შესახებ.
ბრალდებულმა ა-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დადგენილია, რომ, ც------------–-–---–ს (----------–- ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 19 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ თ----------------–--ის მიერ. ბარათის მიხედვით, ქ-----------–--------------------–- მცხ, ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მისმა მეუღლემ ა-------------–---–მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნულ ფაქტს აქვს სისტემური ხასიათი რასაც ესწრებიან მათი არასრულწლოვანი შვილები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
N------- შეტყობინების თანახმად: ინიციატორი ქ--------------–-–-ილი მცხოვრები ქ. თბილისში, ითხოვს დროულ რეაგირებას ქ-----------–-----------------------ში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების თანხმად ქ-----------–-------------------–- მცხოვრებ ც------------–-–---–ს და მის ორ არასრულწლოვან შვილს მეუღლე ა-------------–---–ი ფიზიკურად უსწორდება.
N------- შეტყობინების თანახმად: ქ-----------–----------------------–ი მცხოვრებმა ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მისმა მეუღლემ ა-------------–---–მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნულ ფაქტს აქვს სისტემური ხასიათი, რასაც ესწრებიან მათი არასრულწლოვანი შვილები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ც------------–-–---–მა (ა-------------–---–ის მეუღლე) და გამართლებულ ა-------------–---–ის შვილმა - გ---------------–---–მა, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე და შვილი. ც------------–-–---–ი და გ---------------–---–ი არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ა-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმე დ-------–---–----ის და მ-----------–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის (ც------------–-–---–ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ ექსპერტიზის დასკვნით ც------------–-–---–ს ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-------------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი ა-------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი ა-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა-------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა-------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო, გაუქმებულია
ა-------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი