განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
330310017002098135
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002098135

საქმე №3ბ/774-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი : თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------ თ-----–--ე;

 

მესამე პირები - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს „საქართველოს რკინიგზა“;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------ თ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება, თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემული N-- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის N-- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1878 წელს თბილისში გაიხსნა რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი, რომლის ბაზაზე შეიქმნა თბილისის სარკინიგზო-ტრანსპორტის ტექნიკუმი, აღნიშნული ტექნიკუმი გადაკეთდა ჯერ ამიერკავკასიის, შემდეგ თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკუმად.

 

1997 წლიდან აღნიშნული ტექნიკუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს რკინიგზის მუშაკთა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი.

 

ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი, სადაც ხორციელდებოდა საბაკალავრო, სამაგისტრო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

 

საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N020641079 ლიცენზია.

 

2008 წლიდან საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი.

 

2010 წლის ნოემბრიდან მას ეწოდა „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი“, რომელმაც 2011 წლის 25 იანვარს მიიღო ავტორიზაცია.

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის N410 დადგენილებით დაიწყო კოლეჯის ლიკვიდაცია და სამართალმემკვიდრეობის უფლებით იგი შეუერთდა ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტრუქტურული ერთეულის სახით. (ტ.1. ს.ფ. 22-23, 107, 109);

 

თ-----–--ის სახელზე გაცემულია სრსც N-- ბაკალავრის დიპლომი, სარეგისტრაციო N-----, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.(ტ.1. ს.ფ.26);

 

2017 წლის 21 ივლისს თ------ თ-----–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ 2001 წელს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების სრსც №-- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.(ს.ფ.94-95);

 

2017 წლის 24 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა მიმართა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია, დიპლომის მფლობელის - თ------ თ-----–--ის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ჰქონდა გავლილი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითებას თუ როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.

 

2017 წლის 24 ივლისის პასუხად, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტმა აცნობა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო ტრანპორტის კოლეჯის ინფორმაციით, თ------ თ-----–--ემ 1997 წლის 29 სექტემბრის N81(1) ბრძანების საფუძველზე დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მის სახელზე გაიცა სრსც N-- დიპლომი (სარეგისტრაციო N-----). (ს.ფ.101,106);

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილებით თ------ თ-----–--ეს უარი ეთქვა საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების სრსც N-- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N1-19/314 გადაწყვეტილებით „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, 2001 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.(ტ.1.ს.ფ. 17-21);

 

თ------ თ-----–--ე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2014 წლიდან დღემდე და დასაქმებულია ს----------------------–-----–------------------------------ს თანამდებობაზე.(ტ.1.ს.ფ. 29);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ე2) ამოწებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ვ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ თ------ თ-----–--ეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სრსც N-- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხსენებული მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - თ------ თ-----–--ის სახელზე 2001 წლის 30 იანვარს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემულია დიპლომი. დიპლომის თანახმად, თ------ თ-----–--ეს მიენიჭა "ინჟინერ-მექანიკოსის" კვალიფიკაცია ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. თ------ თ-----–--ის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.

 

„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N1-19/314 გადაწყვეტილებით „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, 2001 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა თ------ თ-----–--ის კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. უნდა აღნიშნოს, რომ მოსარჩელე თ------ თ-----–--ის მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები - საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს №----------------- ცნობა, რომ თ------ თ-----–--ე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2014 წლიდან დღემდე და დასაქმებულია ს----------------------–-----–------------------------------ს თანამდებობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------ თ-----–--ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ცნობილიყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ბაკალავრის N-- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის“ მიერ თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის სრსც N-- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების ცენტრის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მისთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.

 

აპელანტის მითითებით, გაუგებარია ცენტრი როგორ უნდა პროვოცირებდეს მესამე პირთა ჩარევას მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაციაში. თუ განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში სასამართლო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" (შემდგომში ასევე - წესი) არსებობასა და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას. აპელანტის მითითებით, დაუსაბუთებული და არარელევანტურია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებულ განათლების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ცენტრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მით უფრო, განათლების აღიარების პროცედურის განხორციელებისას, ვერ იქნება სახეზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო ამ ნორმის განმარტებისას უგულებელყოფს მის მე-2 და მე-4 პუნქტებს, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

 

საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89 /ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს. აპელანტის მითითებით, კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლზომიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების ცენტრის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან.

 

სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა. აპელანტის მითითებით, ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

 

ცენტრს არ დაურღვევია „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს“ და არ შეუზღუდავს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლება მიიღოს განათლება. მათთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მათ მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი"-ს რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.

 

ზემოაღნიშნული წესი განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ხსნებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. ამ წესის მოქმედების პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონზე. გადაწყვეტილებში განმარტებულია თუ რას ემსახურება კანონის არსებობა და რა პროცედურები არის დარეგულირებული აღნიშნული კანონით. აპელანტის მითითებით, აღნიშნული კანონით ცენტრი ვერ იხელმძღვანელებდა აქტის გამოცემის ფარგლებში. ვინაიდან, თ------ თ-----–--ის სწავლის პერიოდი მოიცავს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდს (2005 წლამდე). თ------ თ-----–--ე შპს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრში ჩაირიცხა 1997 წელს. აღნიშნულ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა რეგულირედებოდა 1991 წლის 14 ივნისს „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით. აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ფასიანი სასწავლებლის რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო. შესაბამისად, იმისათვის, რომ შპს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრს გაეცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა (დიპლომი), აუცილებელი იყო მას ჰქონოდა ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ გაცემული დოკუმენტი არ იქნებოდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას შპს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ 1997-2001 სასწავლო პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც დაირღვა ზემოაღნიშნული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. კერძოდ, ,,მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმინობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს - საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი იურიდიულ პირად სახელმწიფოს ას პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულება იყო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, მაშინ როდესაც მის დაფუძნებაში 2001 წლის პერიოდამდე სახელმწიფოს მონაწილეობა არ იკვეთება და შესაბამისად უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მისი 2001 წლამდე ლიცენზირებულად ჩათვლის თაობაზე და ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ რადგანაც შპს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს სახელმწიფოს ას პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის N03/4-965 დადგენილებით შეერწყა შპს - საქართველოს რკინიგზას უნდა ჩაითვალოს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება 2001 წლამდე პერიოდზე უკუძალით ვერ გავრცელდება.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებას, აგრეთვე, შეიცავდა „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი. რომლის, მე-8 მუხლის თანახმად, სასწავლო დაწესებულებების შექმნა, აკრძალული იყო „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე“.

 

1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო.

 

შესაბამისად, აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა თუ რა საფუძვლით მიიჩნია შპს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალის "საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის" მიერ ლიცენზიის მოპოვების გარეშე განხორციელებული საქმიანობა გამართლებულად. მაშინ როდესაც, კანონი თითოეულ იურიდულ პირს ავალდებულებდა, 1991 წლიდან, საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია იმ დროს მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს.

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის საფუძველი იყო უშუალოდ მოსარჩელის სწავლის პერიოდში (1997-2001 წლებში), დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად, ლიცენზიის არ ქონა, ანუ შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი“ უმაღლეს საგანამანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის არ ქონის გარეშე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფოს მხრიდან შპს საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის აღჭურვა გარკვეული უფლებამოსილებით, კერძოდ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად, არ მომხდარა. სახელმწიფოს დაწესებულებისათვის არ მიუცია უფლებამოსილება, რომ ლიცენზიის მოპოვების გარეშე განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა და გაეცა დიპლომები, მიენიჭებინა კვალიფიკაცია. ამდენად, კანონიერი ნდობის პრინციპის გავრცელება სრულიად უსაფუძვლოა მოცემულ შემთხვევაში. ვინაიდან, დაწესებულებამ უკანონოდ განახორციელა სტუდენტების მიღება და ჩარიცხვა ლიცენზიის მოპოვებამდე და არ არსებობის არავითარი ფაქტობრივი ან სამართლბრივი წინაპირობა იმისათვის, რომ ცენტრმა მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის სრსც/SRSC/СРСЦ №-- დიპლომის მიმართ თ------ თ-----–--ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც თ------ თ-----–--ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა თ------ თ-----–--ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რკონიგზის უფროსის 1992 წლის 12 ნოემბრის N7/ნ ბრძანების საფუძველზე, შალვა ელიავას სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკუმი გადაკეთდა უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლად (კოლეჯი); საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1996 წლის 16 აგვისტოს N122/ნ ბრძანებით კოლეჯი გადაკეთდა სასწავლო ცენტრად; შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის 2002 წლის 21 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაარსდა საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი. შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი“ იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის N03/4-965 დადგენილებით შეერწყა შპს საქართველოს რკინიგზას.

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი“. აღნიშნული დაწესებულების წესდების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი“ დაფუძნებულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0206414079 ლიცენზია.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N1-19/314 გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტირებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კვალიფიკაციის აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მათ შორის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დავით თ-----–--ის ჩარიცხვისა და კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში, შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრი“ არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და აღნიშნული ცენტრი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა უკანონოდ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 1991 წლის 14 ივნისს „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განხორცილებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნილ იქნა სამართლებრივი საფუძველი კერძო პირების მიერ განათლების სფეროში მოგების მიღებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებისათვის, აღნიშნულის შესაბამისად დაშვებულ იქნა ფასიანი სწავლება და კერძო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფასიანი სასწავლებლების დაარსების, სასწავლების წესდების და მხარეთა შორის გაფრომებული ხელშეკრულების საფუძველზე, სწავლების განხორციელების, აგრეთვე კურსდამთვარებულზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება განმტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“. აღნიშნული დებულების პირველი და მე-2 პუნქტებით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნება დაერთოთ დაეარსებინათ ფასიანი სასწავლებლები სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით.

 

აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ფასიანი სასწავლებლების რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო.

 

„სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სასწავლო დაწესებულებების შექმნა აკრძალული იყო „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე.“

 

1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვალა ლიცენზირებულად.

 

სააპელაციო სასამართლო ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ 2001 წლის 28 მარტიდან შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის“ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიჩნევა გულისხმობს აღნიშნული დაწესებულების მიერ საშუალო-პრეფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატი, დიპლომი) სახელმწიფოს მიერ აღიარებას, თუმცა არა ამ დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სახელმწიფოს მიერ შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განასახორციელებლად საჭირო უფლებამოსილებით აღჭურვა განხორციელდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 11 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტზე“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0206414079 ლიცენზიის გაცემით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------ თ-----–--ემ შპს „საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრში“ სწავლა დაიწყო და დაასრულა სახელმწიფოს მიერ სასწავლებლისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განასახორციელებლად საჭირო უფლებამოსილების მინიჭებამდე (1997-2001 წლები), თუმცა სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას თ------ თ-----–--ის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თაობაზე და განმარტავს, რომ 1993 წლის 18 თებერვალს (ოქმი N2-6) საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცდა საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ჩამონათვალი, მისანიჭებელი კვალიფიკაცია და სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობა. აღნიშნული ნუსხის თანახმად, არასრული საშუალო განათლების ბაზაზე სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრა - 3 წლით, ხოლო სრული საშუალო განათლების ბაზაზე - 2 წლით, მოსარჩელეს კი საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრში გავლილი აქვს 4 წლიანი სასწავლო კურსი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენელი თ------ თ-----–--ის შპს „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის“ მიერ 1997 წლის 20 ნოემბერს გაცემული N100 ჩათვლის წიგნაკით, რომელშიც ასახულია მოსარჩელის მიერ 1997 წლიდან 2001 წლამდე გავლილი სასწავლო დისციპლინების, თეორიული და საკურსო პრაქტიკული მეცადინეობების ჩამონათვალი, პროფესორის/დოცენტის გვარი, სტუდენტის მიერ მიღებული შეფასება და გამომცდელის ხელმოწერა. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მინიჭებულ იქნა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. ამასთან, საქართველოს რკინიგზის სასწავლო ცენტრის მიერ თ------ თ-----–--ის სახელზე გაცემულ იქნა სრსც N-- ბაკალავრის დიპლომი, სარეგისტრაციო N-----. გაცემის თარიღი - 2001 წლის 30 იანვარი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღება სასწავლებლის მიერ შესაბამისი განცხადების და მოთხოვნის წარდგენას უკავშირდება, რაზეც, ერთი მხრივ, სტუდენტი გავლენას ვერ მოახდენს, მეორე მხრივ კი, სტუდენტისთვის შესაძლებელია არც იყოს ცნობილი ინფორმაცია სასწავლებლის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობა ზოგადად არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიმართ, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - თ------ თ-----–--ე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2014 წლიდან დღემდე და დასაქმებულია ს----------------------–-----–------------------------------ს თანამდებობაზე. გარდა ამისა, შპს „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის“ მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე თ------ თ-----–--ემ 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სარკინიგზო ინსტიტუტის მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით ვაგონები და სავაგონო მეურნეობა. (ტ.1. ს.ფ. 50).

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გელა ბადრიაშვილი