განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002060948
საქმე № 3/ბ-22-19
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – ლ-----------ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ს---–----------------ე, ლ----------------ე, მ--------------ე, ზ--------------ე, ტ------–-----–----ე, ბ-------–--------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2017 წლის 23 აგვისტოს ს---–----------------ემ, ლ----------------ემ, ტ------–----------ემ, მ--------------ემ, ა-----–-----–----ემ, ნ--------–---------ემ, ტ------–-----–----ემ, ბ-------–--------------ემ და ზ--------------ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია) მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N------- წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის დაკისრება;
მოსარჩელეთა აღნიშვნით, 2013-2014 წლებში ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში წარადგინეს განცხადება და დოკუმენტაცია (შპს „ს--–------ის“ მიერ ციტრუსის შესყიდვის აქტი, საბაჟო დეკლარაცია და სხვა) სტანდარტული ციტრუსის რეალიზაციის შემდგომ ბიუჯეტიდან დამატებითი ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვეს შესაბამისი ანაზღაურება. სათანადო დოკუმენტაცია გამგეობაში წარადგინა შემსყიდველმა სუბიექტმა, შპს „ს--–------მაც“, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იყო თანხის გაცემა. საბოლოოდ, მოსარჩელეებს გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N------- წერილით ეცნობათ, რომ სამთავრობო კომისიის 2014 წლის 27 ივნისის №-- ოქმით სეზონი დასრულებულად გამოცხადდა, კომისიას სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა, მოსარჩელეების მიერ წარდგენილი განცხადებები იყო არასრულყოფილი და დაგვიანებული, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ვერ დააკმაყოფილებდა მოსარჩელეთა მოთხოვნას რეალიზირებულ 1 კგ სტანდარტულ ციტრუსზე დანამატის სახით 0.15 თეთრის გაცემის შესახებ, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ტ------–----------ის და ა-----–-----–----ის ნაწილში სარჩელი ხარვეზის შეუსვებლობის მოტივით არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში (ს.ფ.32-34, ტ.1).
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 262 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N------- წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ამავე გადაწყვეტილებით ნ--------–---------ის სარჩელი მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 300 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა:
- ბ-------–--------------ის სასარგებლოდ 2175 (ორიათასასსამოცდათხუტმეტი) ლარის გადახდა.
- ს---–----------------ის სასარგებლოდ - 412.50 ლარის გადახდა.
- მ--------------ის სასარგებლოდ - 1110 (ათასასათი) ლარის გადახდა.
- ზ--------------ის სასარგებლოდ - 522 (ხუთასოცდაორი) ლარის გადახდა.
- ტ------–-----–----ის სასარგებლოდ - 330 (სამასოცდაათი) ლარის გადახდა.
- ლ----------------ის სასარგებლოდ - 825 (რვაასოცდახუთი) ლარის გადახდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებით, აჭარის ა.რ. მთავრობას გამოეყო 12 000 000 ლარი 2013 წლის ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის 12 000 000 ლარის გამოყოფა.
2.1.2. „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით გადაწყდა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი განაწილებულიყო ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 3 150 000 ლარი.
2.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, განკარგულების 1-ლი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ციტრუსის შემსყდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წარდგენიული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია) საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის დამატებით 0.15 ლარის გაცემის უზრუნველყოფა.
2.1.4. განკარგულებით გამოყოფილი თანხის დანიშნულებით გაცემა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 06 დეკემბრიდან 2014 წლის 01 მარტამდე გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
2.1.5. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ციტრუსის მოსავლის აღებისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 05 დეკემბრის №-- განკარგულებით გადაწყდა, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 300 000 (სამასი ათასი) ლარის გამოყოფა.
2.1.6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 იანვრის №-- ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია 2013 წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.
2.1.7. 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებასთან ერთად წარუდგინა მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და დეკლარაციები და მოითხოვა ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხების გაცემა.
2.1.7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის კომისიის 2014 წლის 13 მარტის №- სხდომის ოქმის და 31 მარტის №- სხდომის ოქმის თანახმად, შპს „ს--–------ს“ 20 ფერმერზე გაცემული აქვს მანდარინის შესყიდვის აქტები 71900 კილოგრამ ციტრუსზე, ხოლო მის მიერ წარდგენილი იქნა დეკლარაციები 61090 კილოგრამ ციტრუსზე. საბაჟო დეკლარაციებში მითითებული წონები ნაკლებია შესყიდვის აქტების წონებზე, ხოლო ფირმის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ხარვეზის გასწორება ვერ მოხერხდა, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, შპს „ს--–------ს“ უკან დაბრუნებოდა ფერმერების შესყიდვის აქტები შესასწორებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნა, რომ იმ მოქალაქეთა განცხადებები, ვისგანაც შპს „ს--–------ს“ ჰქონდა შესყიდული ციტრუსი, არ უნდა განხილულიყო.
2.1.8. 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საბაჟო დეკლარაციებში მითითებული წონები ნაკლებია ფერმერებისაგან ციტრუსის შესყიდვის აქტების წონაზე, კერძოდ, შპს „ს--–------ს“ 20 ფერმერზე გაცემული აქვს მანდარინის შესყიდვის აქტები, 71900 კილოგრამ ციტრუსზე, ხოლო მის მიერ გამგეობისათვის წარდგენილი იქნა ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები, 61090 კილოგრამ ციტრუსზე.
2.1.9. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს „ს--–------ის“ დირექტორს 2014 წლის 02 აპრილის წერილით ეცნობა იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 იანვრის №-- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2014 წლის 23 მარტს შეისწავლა შპს „ს--–------ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გაარკვია, რომ ექსპორტზე გატანილი ციტრუსის საბაჟო დეკლარაციებში მითითებული ციტრუსის წონები ნაკლები იყო შესყიდვის აქტებში ნაჩვენებ წონებზე, რის გამოც დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით განსაზღვრულ წესებს, რის გამოც თანხების ანაზღაურება ვერ მოხდებოდა.
2.1.10. შპს „ს--–------ის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, რის საფუძველზეც მოითხოვა ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხის გაცემა.
2.1.11. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 10 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ შპს „ს--–------ის“ მიერ 2014 წლის 20 თებერვალს წარდგენილ დოკუმენტაციას გააჩნდა ხარვეზი და დაუბრუნდა გამოსასწორებლად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ციტრუსის სეზონი დიდი ხანია დასრულებული იყო და მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია თანხის ანაზღაურებაზე დაგვიანებით იყო წარდგენილი, ამასთან სამთავრობო კომისია 2014 წლის 27 ივნისის №-- ოქმით სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა, ვერ მოხდებოდა მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის გაცემა.
2.1.12. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების აუთვისებელი თანხები, 2 070 283 (ორიმილიონ სამოცდაცამეტიათას ორასოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაცემული მეციტრუსეებისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №-- დადგენილებით დაბრუნებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N------- წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
2.2.2. ზიანის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო ქმედების შედეგად, მოსარჩელეებმა ვეღარ მიიღეს თავისი კუთვნილი ციტრუსის ღირებულების დანამატი (სუბსიდია), რომელიც გამოყოფილი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, რომ უზურუნველეყო ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის დამატებით - 0.15 ლარის გაცემა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულება, შეფასებული უნდა ყოფილიყო, როგორც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, რომ გამგეობას კანონით გათვალისწინებული თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში განეხორციელებინა ციტრუსის ჩამბარებელი პირების, მათ შორის მოსარჩელეებისათვის 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე 0.15 ლარის გაცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებასთან ერთად წარუდგინა მეციტრუსეების, მათ შორის მოსარჩელეების (გარდა ნ--------–---------ისა) მანდარინის შესყიდვის აქტები და დეკლარაციები, რის შესაბამისად მოითხოვა, ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხების გაცემა. 2013 წლის შესყიდვის აქტების თანახმად, მოსარჩელეებისაგან (გარდა ნ--------–---------ისა) შპს „ს--–------ის“ მიერ შესყიდული იქნა მანდარინი. მოსარჩელეებისაგან შესყიდული მანდარინის ოდენობა სადავო არ გამხდარა არც შემსყიდველი იურიდიული პირის, ან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან.
შპს „ს--–------ის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, უკვე გასწორებული სახით, რომელშიც მოსარჩელეებისაგან შესყიდული ციტრუსის ოდენობის შესახებ მონაცემი არ შეცვლილა, რაც მიჩნეული იქნა დაგვიანებით და ხარვეზით წარდგენილად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ შპს „ს--–------მა“ დაგვიანებით, ციტრუსის დამზადების სეზონის დასრულების შემდეგ წარადგინა გამგეობაში გასწორებული დოკუმენტები ციტრუსის შესყიდვის და ექსპორტირების თაობაზე და ამის გამო მოსარჩელეებს აღარ უნდა მიეღოთ „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით განსაზღვრული სუბსიდია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზს, რაიმე ბრალი არ მიუძღვოდა.
სასამართლოს მოსაზრებით, თუკი შპს „ს--–------ის“ მიერ წარდგენილი ხარვეზიანი დოკუმენტების გამო, მოსარჩელეებისათვის სუბსიდიის გაცემა არასწორად მოხდებოდა და შედეგად მუნიციპალიტეტისთვის დადგებოდა რაიმე სახის ზიანი, ეს გახდებოდა გამგეობის მხრიდან შპს „ს--–------ის“ მიმართ პრეტენზიისა და დავის საფუძველი.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების აუთვისებელი თანხები 2 070 283 (ორიმილიონ სამოცდაცაათიათას ორასოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით, ანუ იმ დროისათვის, როდესაც შპს „ს--–------ის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები გასწორებული სახით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების თანხები ჯერ კიდევ გამგეობისსავე განკარგულებაში იყო და უკან არ ყოფილა დაბრუნებული ხაზინაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
სასამარტლოს მსჯელობით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა და საქმის გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ უნდა ჩათვლილიყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი, შესაბამისად სარჩელი სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია.
2.2.3. რაც შეეხება ნ--------–---------ის მოთხოვნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 300 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების თაობაზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------–---------ეს, ისევე როგორც შპს ,,ს--–------ს’’ არ მიუმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია ნ--------–---------ის მიერ ციტრუსის რეალიზაციის თაობაზე, არ იყო წარდგენილი შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია, ამდენად არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოებებით მიუთითებს იმ ფაქტებზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი ორგანო და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს: ბ-------–--------------ეს, ს---–----------------ეს, მ--------------ეს, ტ------–-----–----ეს, ზ--------------ეს და ლ----------------ეს მიადგა ზიანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქმედებით და შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა აენაზღაურებინა სუბსიდირების თანხა ჯამში 5374 ლარის ოდებობით და საპროცესო ხარჯები ასევე ჯამში 490 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მოსაზრებას მერია არ ეთანხმება, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მასალებს და მტკიცებულებებს.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით ნათლად ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წლის 20 თებერვალს N---------- განცხადებით მომართა შპს ,,ს--–------ის" დირექტორმა ბე----------------–ვილმა (განცხადებას თან ერთვოდა შპს ,,ს--–------ის" მიერ ექსპორტზე გატანილი შესყიდული სტანდარტული მანდარინის 22 მომწოდებლის სახელობითი სია 63850 კილოგრამზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საბაჟო დეკლარაციები) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულების თანახმად მოითხოვა შპს ,,ს--–------ის" მიერ ექსპორტზე გატანილი შესყიდული სტანდარტული მანდარინის მომწოდებლებზე 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე გადახდილი თანხის დამატებით 0.15 ლარის გადახდა. იმის გამო, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო ხარვეზის მქონე და ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N262 განკარგულების მოთხოვნებს, კერძოდ საზღვარგარეთ გატანილი მანდარინის საბაჟო დეკლარაციების ჯამი ბევრად ნაკლები იყო (2760 კგ) ფერმერებზე გაცემული შესყიდვების აქტების ჯამზე, შპს "ს--–------ს" გამგეობის 2014 წლის 02 აპრილის N----------გ/პ წერილით ეთხოვა უმოკლეს ვადაში მოეხდინა შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რათა მომხდარიყო ფერმერებზე კუთვნილი თანხების გაცემა. ხელვაჩაურის გამგეობის მიმართვის მიუხედავად შპს ,,ს--–------ის“ წარმომადგენელს არ წარმოუდგენია შესწორებული ვარიანტი. შპს ,,ს--–------ს“ გამგეობისგან 2014 წლის 06 მაისის N--------- წერილით განმეორებით ეთხოვა წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რათა მომხდარიო ფერმერებზე კუთვნილი თანხების გაცემა. 2014 წლის 20 აგვისტოს N--------- განცხადებით შპს „ს--–------მა“ განმეორებით წარმოადგინა განცხადება და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულების თანახმად მოითხოვა შპს ,,ს--–------ის" მიერ ექსპორტზე გატანილი შესყიდული სტანდარტული მანდარინის მომწოდებლებზე 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე გადახდილი თანხის დამატებით 0.15 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სამთავრობო კომისიის 2014 წლის 27 ივნისის N-- ოქმით სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით კომისიამ შეწყვიტა მუშაობა, შპს ,,ს--–------ს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 03 სექტემბრის N----------კ/პ წერილით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. 2013 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული ფერმერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერმერების მიერ ჩაბარებულია 7 189 532.67 კილოგრამი სტანდარტული ციტრუსი და კომპენსაციის სახით ანაზღაურებულია 1 078 429.90 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ის მოსაზრება, რომ მუნიციპალიტეტი მოცემულ შემთხვევაში იყო უმოქმედოდ და მისი უმოქმედობის გამო მიადგა ზიანი ამა თუ იმ მხარეს, არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც მუნიციპალიტეტის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულება, შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის გამგეობაზე (მერია) თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოსარჩელეებს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიდგომია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან (მერია) და გამგეობას (მერია) არ დაურღვევია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს. მისი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის არეგულირებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს/ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს და მოქალაქის ურთიერთობას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასააბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ თუ ფიზიკური პირის ბრალეულობა გამოიხატება განზრახვაში ან გაუფრთხილებლობაში, რაც პირის სუბიექტური დამოკიდებულებით განისაზღვრება, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ამ სხვაობას განაპირობებს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ასეთი, თავად არ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებას, იგი თავის საქმიანობას ასრულებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობა ვლინდება სწორედ ამ პირისა თუ ორგანოს ბრალეულობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო ქმედებით ვერ მიიღეს კუთვნილი ციტრუსის ღირებულების დანამატი (სუბსიდია), რომელიც გამოყოფილი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
პალატა აღნიშნავს, რომ „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულება წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რათა მას მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განეხორციელებინა ციტრუსის ჩამბარებელი პირების, მათ შორის მოსარჩელეთათვის 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, 0.15 ლარის გაცემა სუბსიდიის სახით. ამ ვალდებულების შესასრულებლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 150 000 ლარი და გამგეობას დაევალა, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია) საფუძველზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილ თანხაზე დამატებით გაეცა 0.15 ლარი. განკარგულებით გამოყოფილი თანხის, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნულებით გაცემა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 06 დეკემბრიდან - 2014 წლის 01 მარტამდე გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
უდავო გარემოებაა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებასთან ერთად წარუდგინა მეციტრუსეებისგან, მანდარინის შესყიდვის აქტები და დეკლარაციები, რის შესაბამისად მოითხოვა ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიის თანხების გაცემა.
ისიც უდავოა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–------ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საბაჟო დეკლარაციებში მითითებული პროდუქციის წონები ნაკლები იყო ფერმერებისაგან ციტრუსის შესყიდვის აქტებში ნაჩვენებ წონაზე, ანუ ერთმანეთს არ ემთხვეოდა შპს „ს--–------ის“ მიერ რეალურად შესყიდული და საქართველოდან ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის კომისიის 2014 წლის 13 მარტის №- სხდომის ოქმის და 31 მარტის №- სხდომის ოქმის თანახმად გადაწყდა, რომ შპს „ს--–------ს“ უკან დაბრუნებოდა ფერმერების შესყიდვის აქტები შესასწორებლად, ხოლო იმ მოქალაქეთა (მათ შორის მოსარჩელეების) განცხადებები, ვისგანაც შპს „ს--–------ს“ ჰქონდა შესყიდული ციტრუსი, არ განხილულიყო.
შპს „ს--–------ის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, უკვე შესწორებული სახით.
პალატა მიუთითებს, რომ შპს „ს--–------მა“ თავდაპირველად „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დათქმულ ვადებში, 2013 წლის 06 დეკემბრიდან - 2014 წლის 01 მარტამდე მომზადებული დოკუმენტაცია წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების აუთვისებელი თანხები 2 070 283 (ორი მილიონ სამოცდაათი ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №-- დადგენილებით დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მაშასადამე, იმ დროისათვის, როდესაც შპს „ს--–------ის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები შესწორებული სახით, სუბსიდირების თანხები ჯერ კიდევ გამგეობის განკარგულებაში იყო და დადგენილი წესით უნდა გადასცემოდა შესაბამის სუბიექტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. ზიანი ანაზღაურდება რეალურად დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ შესრულდა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დაკისრებული ვალდებულება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად შეფასდა, როგორც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გამომწვევი ქმედება (უმოქმედობა). ამდენად, სახეზეა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
აპელანტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე