განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310018002386784
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002386784

საქმე №3ბ/164-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

მოწინააღმდეგე მხარე - კ------------- ე--------ი;

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გასდაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ------------- ე--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე კ------------- ე--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით, საქმეზე N---------, კ------------- ე--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის N--------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულს სასჯელს დაემატა ზემოთხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ------------- ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, კ------------- ე--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

მსჯავრდებული კ------------- ე--------ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შესახლებული იქნა 2014 წლის 19 სექტებერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქმეზე N----------, მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-------------–---–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და, ვინაიდან, საკასაციო პალატას არ გააჩნდა სააპელაციო პალატის დაშვებული დარღვევების გამოსწორების და მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ, სსსკ-ის არსებითი დარღვევით უთხრა უარი ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების - დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების გამოკვლევაზე - დაკითხვაზე იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ იყო მითითებული მათი დაკითხვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით, საქმეზე N---------, მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი. იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე N--------, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი;

2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც

– ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კ------------- ე--------ი მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს-

52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტება, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."

 

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

საქმის მასალების დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით საქმეზე N---------, კ------------- ე--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის N--------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულს სასჯელს დაემატა ზემოთხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ------------- ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა. კ------------- ე--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქმეზე N---------- მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენით იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-------------–---–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და, ვინაიდან, საკასაციო პალატას არ გააჩნდა სააპელაციო პალატის დაშვებული დარღვევების გამოსწორების და მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით საქმეზე N--------- მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი. იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე N-------- ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვის და 7 (შვიდი) დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კ------------- ე--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2011 წლის 16 მარტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იგი შესახლებული იქნა 2014 წლის 19 სექტემბერს(იგი იმყოფებოდა ძებნაში). მის მიმართ კი საბოლოო განაჩენი დადგა 2017 წლის 10 ოქტომბერს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე კ------------- ე--------ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე კ------------- ე--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ქონია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ კ------------- ე--------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა 1 წელი, 1 თვე და 7 დღე.

 

აპელანტის მოსაზრებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით, არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით უნდა შევხვდეთ. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და მიუთითებს საქმეებზე: "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" "კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ" "ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ".

 

გარდა ამისა, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მსგავს საქმეებთან მიმართებით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 11 ნოემბრის №3/2827-14 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე და 2 დღე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 25 მაისის №3/4964-14 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ.ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 20 თებერვლის №3/4031-14 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 04 თებერვლის №3/4021-13 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის №3/780-16 გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით) რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზრვრა 10 000 ლარით. რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარი თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით, საქმეზე N---------, კ------------- ე--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის N--------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულს სასჯელს დაემატა ზემოთხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ------------- ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, კ------------- ე--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

მსჯავრდებული კ------------- ე--------ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შესახლებული იქნა 2014 წლის 19 სექტებერს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქმეზე N----------, მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და ვინაიდან საკასაციო პალატას არ გააჩნდა სააპელაციო პალატის დაშვებული დარღვევების გამოსწორების და მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.

 

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ, სსსკ-ის არსებითი დარღვევით უთხრა უარი ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების - დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების გამოკვლევაზე - დაკითხვაზე იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ იყო მითითებული მათი დაკითხვის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით, საქმეზე N---------, მსჯავრდებულ კ------------- ე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი. იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. კ------------- ე--------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე N--------, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, სადავო პეროდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე-7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნათა პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადგენს პირის უფლებას უკანონო მსჯავრდების/ბრალდების პირობებში დაექვემდებაროს კომპენსირებას.

 

სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რეაბილიტაციის საფუძველს ქმნის არა ცალკეული საპროცესო დოკუმენტი, არამედ მათი ერთობლიობით დამდგარი შედეგი - პირის უკანონო ბრალდების ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა.

 

სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ბრალის სავალდებულობის თაობაზე და თვლის, რომ წარმოდგენილი პოზიცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსს. მითითებული მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;

 

კ------------- ე--------ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით. ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო პალატა თვლის, იმ პირობებში, როდესაც კ------------- ე--------ს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვის და 7 (შვიდი) დღის განმავლობაში, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10000 ლარის დაკისრება არის გადაჭარბებული. სააპელაციო პალატა მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით ითვალისწინებს ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას და განმარტავს, რომ მორჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 10000 ლარის დაკისრების უსაფუძვლობის ნაწილში დასაბუთებულია და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ქმნის ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მოსარჩელე კ------------- ე--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. კ------------- ე--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე კ------------- ე--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე