განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002582206
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/38-19 22 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზ-------–-–--–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ----–---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ----–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ-------–-–--–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა: მოპასუხე ზ-------–-–--–--ეს მოსარჩელე ვ----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.
2. 2018 წლის 09 ოქტომბერს მოპასუხე ზ-------–-–--–--ემ წარადგინა საჩივარი 2018 წლის 25 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩნებით ვ----–---------–---–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება მასზე, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოპასუხეს რეალურად არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. მართალია, სასამართლოს გზავნილი მოპასუხის მეუღლეს - მ-----------–---ს, ჩაბარდა დადგენილი წესით, მაგრამ იმ დროისათვის მოპასუხესა და მის მეუღლეს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, ამასთან მ-----------–---ს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (რასაც ადასტურებს საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულება) და მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. მ-----------–---ს სასამართლო გზავნილი გადასცეს მაშინ, როდესაც იგი მისამართზე იმყოფებოდა დროებით ნივთების წასაღებად, ხოლო თავად მოპასუხე სახლში არ იმყოფებოდა. მოპასუხის მეუღლეს, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა დასთან, მარწმუნებლისათვის სასამართლო გზავნილი არ გადაუცია, რის გამოც მოპასუხე ზ-------–-–--–--ემ ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10. დადგენილია, რომ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ზ-------–-–--–--ეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები.
11. საქმეში არსებული საქართველოს ფოსტის უკუგზავნილით დადასტურებულია, რომ სასამართლო გზავნილი 2018 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს -მ-----------–---ს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2018 წლის 15 აგვისტოდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 24 აგვისტოს. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის.
12. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 25 სექტემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა ვ----–---------–---–ის სარჩელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 2321-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი შესაგებლის წარმოუდგენლობას უკავშირებს მეუღლესთან - მ-----------–---სთან კონფლიქტური ურთიერთობის არსებობას, რის გამოც მ-----------–---მ მიღებული გზავნილი მას (ზ-------–-–--–--ეს) არ გადასცა. სამოქალაქო საპროცესო კოდქესის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, აპელანტს წარმოეშვა მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
16. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა მისი მტკიცების ფარგლებში ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მ-----------–---ს ჩაბარდა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, ზ-------–-–--–--ეს მეუღლესთან (მ-----------–---სთან) დაძაბული ურთიერთობა ქონდა, რაც გამორიცხავდა მისთვის სასამართლო გზავნილის გადაცემას.
17. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისა და შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად. (ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს).
18. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
29. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ-------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე