განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001027108
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5406-15 22 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – ზ----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს--------------------------------------–------“
წარმომადგენელი - ა------------------ი
დავის საგანი - სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს--------------------------------------–------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა;
ზ----------------–---–ს სს „ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 577.16 (ხუთას სამოცდაჩვიდმეტი და 16) აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. 2012 წლის 29 დეკემბერს სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ გაიცა დაზღვევის პოლისი №M---------, რომლითაც განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა.
2.4. დაზღვევის პოლისით №M--------- პრემიის ოდენობა განისაზღვრა 864 აშშ დოლარით.
2.5. ზ----------------–---–მა სს ,,ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ პრემიის გადახდა განახორციელა ნაწილობრივ. მას სადაზღვევო პრემიიდან არ გადაუხდია 577.16 აშშ დოლარი.
2.6. დაზღვევის პოლისით №M--------- სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 29 დეკემბრიდან - 2013 წლის 28 დეკემბრამდე.
2.7. ხელშკრულების მოქმედების ვადაში ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, რაზედაც მოსარჩელესთან წარდგენილ იქნა პრეტენზია ზარალის ანაზღაურებაზე.
სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ ხელშკრულების შესაბამისად ზარალი ანაზღაურებულ იქნა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომანქანის გასხვისების ფაქტი არ არის დადსტურებული და მოპასუხეს მოსარჩელისთვის მანქანის გასხვისების შესახებ არ უცნობებია.
სასამართლომ ცალსახად დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყოფნის ფაქტი, რადგან 2012 წლის 29 დეკემბრის ავტომობილის დაზღვევის №M--------- პოლისით და საავტომობილო დაზღვევის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე, დაზღვევის პერიოდზე, სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობაზე, გადახდის ვადაზე, რაც ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებდა; ამასთან, ზ----------------–---–ის მიერ ანაზღაურებული იქნა სადაზღვევო პრემიის ნაწილი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტომობილის გასხვისების ფაქტი, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, მოპასუხის მიერ მტკიცებულების წარდგენით არ დადასტურდა;
მოპასუხემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მანქანის გასხვისების გამო, მას აღარ ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელების ინტერესი, მიუთითა მოსარჩელის, როგორც სატელეფონო, ასევე პირად გაფრთხილებაზე. მოპასუხე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილია საავტომობილო დაზღვევის პირობები, რომლის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს მზღვეველს დაზღვეული ავტომობილის სხვა პირის მფლობელობაში გადაცემის შესახებ. შესაბამისად, მხარის ახსნა-განმარტება სასამართლომ არ გაიზიარა, როგორც საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხემ გაასხვისა ავტომანქანა და აცნობა მოსარჩელეს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საავტომობილო დაზღვევის პირობების 5.16.1 პუნქტზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობაზე:
თუ დამზღვევს სურს გააუქმოს სადაზღვევო ხელშეკრულება, მზღვეველს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება გაუქმების თაობაზე 14 დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში დამზღვევს უბრუნდება გადახდილი პრემიის გამოუმუშავებელი ნაწილი დარჩენილი პერიოდის პროპორციულად, ერთი თვის შესაბამისი გამოუმუშავებელი პრემიის გამოკლებით. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამზღვევს აუნაზღაურდება ზარალი, გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევა დადგა და მზღვეველის მიერ ანაზღაურდა მიყენებული ზარალი, დამზღვევი ვალდებულია სრულად დაფაროს პრემია, თუ მისი გადახდა განაწილვადებულია მთელ პერიოდზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეწყვეტილა, რაც წარმოშობდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემია.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სს კოდექსის 816–ე მუხლი).
სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, 2012 წლის 29 დეკემბერს სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ გაიცა დაზღვევის პოლისი №M---------; ამ პოლისით განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. ამავე პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა - 864 აშშ დოლარი. ასევე დადგენილ იქნა, რომ ზ----------------–---–ის მიერ მხოლოდ ნაწილობრივაა გადახდილი პრემიის თანხა და მას სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელი აქვს 577.16 აშშ დოლარი.
სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედით, დამზღვევს სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.
ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
ამავე კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზ----------------–---–ის არგუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს; სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები, არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას; კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის, არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს; შესაბამისად, მას უფლება აქვს მოითხოვოს პრემიის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქო სამართლებრივი სანქცია; კერძოდ, ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა. რაც შეეხება ამავე სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დათქმას, პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულიც სწორედ უფლებადამდგენი ნორმაა და იგი არ შეიძლება აყვანილ იქნას ვალდებულების რანგში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე №ას-1708-1602-2012, სადაც აღნიშნულია, რომ კანონის ამგვარი განმარტება სახელშეკრულებო თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (სამოქალაქო კოდექსის 815.20-ს 819-ე მუხლები); ამასთანავე, საყურადღებოა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ, თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ. სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი).
უდავოა ის გარემოება, რომ ხელშკრულების მოქმედების ვადაში ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, რაზედაც მოსარჩელესთან წარდგენილ იქნა პრეტენზია ზარალის ანაზღაურებაზე. სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ, ხელშეკრულების შესაბამისად, ზარალი ანაზღაურებულ იქნა, ხოლო საავტომობილო დაზღვევის პირობების 5.16.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, რადგან პრემიის გადახდა განაწილვადებული იყო, მოპასუხე ცალმხრივად, თავისი სურვილით ვეღარ შეწყვეტდა ორმხრივ ხელშკრულებას მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 29 დეკემბერს სს „ს------------------------------- ჰ---–-----ის“ მიერ გაცემული ავტომობილის დაზღვევის პოლისის საფუძველზე წარმოშობილი სადაზღვევო ურთიერთობა, ვადის ამოწურვამდე არ შეწყვეტილა და არც დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის ფაქტი იქნა მოპასუხის მიერ დადასტურებული.
უდავოდ იქნა დადგენილი ისიც, რომ ზ----------------–---–მა ნაწილობრივ დაარღვია პრემიის შეტანის ვალდებულება, რომლის ოდენობაც 577.16 აშშ დოლარია, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას მზღვეველისათვის სწორედ ამ თანხის დაკისრება წარმოადგენდა, რაც სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბუთებულად ჩათვალა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1.1. აპელანტის მითითებით, მას სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------- ჰ---–-----თან“ ხშირი თანამშრომლობა აკავშირებს და გამოუცდელობის გამო, მან სიტყვიერი გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკმარისად მიიჩნია, მით უფრო იმ პირობებში, რომ კომპანიის მხრიდან გაფრთხილებული არ ყოფილა პროცედურის დაცვის თაობაზე.
ზ----------------–---–ის განმარტებით, მან არაერთგზის იკითხა კომპანიის ცხელ ხაზზე და კომპანიის სხვა თანამშრომლებთანაც, ხომ არ მოჰყვებოდა რაიმე სახის გართულება ხელშეკრულების შეწყვეტისა და მანქანის გაყიდვის თაობაზე მის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებას და მისთვის არცერთხელ არ უცნობებიათ, რომ შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული საჯარიმო სანქციები.
აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ იგივე მანქანა დაზღვეული იყო 2011-2012 წლებშიც და სრულად აქვს გადახდილი სადაზღვევო პრემია _ 864 აშშ დოლარი, ისე, რომ კომპანიას მისთვის არანაირი ზარალი არ აუნაზღაურებია; 2012-2013 წლებში გადახდილი აქვს თანხა 286.84 აშშ დოლარი; ე.ი. სულ ჯამურაად გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 1150.84 აშშ დოლარს; დასახელებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად სს ,,ს--------------------------------------–------ს“ მიერ ანაზღაურებული თანხის ოდენობას, რაც დაახლოებით 100 აშშ დოლარს შეადგენს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, იკვლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და მიუთითებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
_ 2012 წლის 29 დეკემბერს სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ გაიცა დაზღვევის პოლისი №M---------, რომლითაც განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. დაზღვევის პოლისით №M--------- პრემიის ოდენობა განისაზღვრა 864 აშშ დოლარით. ზ----------------–---–მა სს ,,ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ პრემიის გადახდა განახორციელა ნაწილობრივ. მას სადაზღვევო პრემიიდან არ გადაუხდია 577.16 აშშ დოლარი. დაზღვევის პოლისით №M--------- სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 29 დეკემბრიდან - 2013 წლის 28 დეკემბრამდე. დადგენილია, რომ ხელშკრულების მოქმედების ვადაში ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, რაზედაც მოსარჩელესთან წარდგენილ იქნა პრეტენზია ზარალის ანაზღაურებაზე. სს ,,ს--------------------------------------–------ს” მიერ ხელშკრულების შესაბამისად ზარალი ანაზღაურებულ იქნა.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზღვეული ავტომანქანის გასხვისების ფაქტი არ არის დადასტურებული და მოპასუხეს მოსარჩელისთვის მანქანის გასხვისების შესახებ არ უცნობებია.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტომობილო დაზღვევის პირობები (ს.ფ. 50-54 და 110-113), რომელსაც ერთვის აპელანტ ზ----------------–---–ის ხელმოწერა; შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მანქანის გასხვისების გამო, აპელანტს აღარ ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელების ინტერესი, იგი შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილია საავტომობილო დაზღვევის პირობები, რომლის თანახმადაც, დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს მზღვეველს დაზღვეული ავტომობილის სხვა პირის მფლობელობაში გადაცემის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის ახსნა-განმარტება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, როგორც საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მან გაასხვისა ავტომანქანა და აცნობა მოსარჩელეს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ.
სააპელაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ შეფასებას: საავტომობილო დაზღვევის პირობების 5.16.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დამზღვევს სურს გააუქმოს სადაზღვევო ხელშეკრულება, მზღვეველს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება გაუქმების თაობაზე 14 დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში დამზღვევს უბრუნდება გადახდილი პრემიის გამოუმუშავებელი ნაწილი დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ერთი თვის შესაბამისი გამოუმუშავებელი პრემიის გამოკლებით. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამზღვევს აუნაზღაურდება ზარალი გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ დასკვნას:
ის ფაქტი, რომ სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევა დადგა და მზღვეველის მიერ ანაზღაურდა მიყენებული ზარალი, წარმოშობს დამზღვევის ვალდებულებას სრულად დაფაროს პრემია, თუ მისი გადახდა განაწილვადებულია მთელ პერიოდზე.
სამოქალაქო საქმეთა პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, ასევე სწორადაა დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეწყვეტილა, აღნიშნული კი წარმოშობს დამზღვევის ვალდებულებას, აუნაზღაუროს მზღვეველს სადაზღვევო პრემია.
4.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა, ხოლო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თაობაზეც არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას მსჯელობა არ უწარმოებია, ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსს კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო შესაგებელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. შესაბამისად, მან დაკარგა უფლება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს შესაგებელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს; სწორედ ამ დასაბუთებით, სააპელაციო პალატამ არ მიიღო მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულება.
4.3. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პერეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/