განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
060100117002223110
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002223110

№1/ბ-73-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ--- გ--–--ის,ადვოკატის - ა---- ჯ----–--ის

მსჯავრდებულის - ა---- ქ------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- დ-----ის ძე ქ------ის მიმართ (დაბადებული 1-----–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------მცხოვრები; სამტრედია, ვ----–--ის ქ.№7-ში.)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა---- ქ------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ადევნება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 2330 საათზე, ქ. სამტრედიაში, ა----–-----–ის ქუჩის №363-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა---- ქ------ემ განაწყენების ნიადაგზე, ცეცხლი წაუკიდა ნ---- ხ------ს კუთვნილ ,,ფოლცვაგენის’’ მოდელის ავტომობილს. ხანძარი შეამჩნია სახლში მყოფმა დაზარალებულმა ნ---- ხ------მ, რომელმაც გამოიძახა სახანძრო სამსახური. ცეცხლის წაკიდების გზით, ავტომანქანის დაზიანების შედეგად, ნ---- ხ------ს მიადგა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2015 წლის ივნისის თვეში, ქ. სამტრედიაში მცხოვრებმა ნ---- ხ------მ გაიცნო, ასევე სამტრედიაში მცხოვრები, ა---- ქ------ე, რომელთანაც ჰქონდა ახლო და მეგობრული ურთიერთობა, მალევე მათ დაეძაბათ ურთიერთობა, რის მიზეზიც იყო ა---- ქ------ის ეჭვიანობა. ნ---- ხ------სათვის აუტანელი გახდა ა---- ქ------ესთან ყოფნა და გაწყვიტა მასთან კავშირი. აღნიშნულის შემდგომ, ა---- ქ------ემ, შერიგების დაჟინებული მოთხოვნითა და მასთან ურთიერთობის იძულების მიზნით, ნ---- ხ------სთან დაიწყო სისტემატური სატელეფონო დარეკვა, მისი გადაადგილების მუდმივი თვალთვალი, ნ---- ხ------ს სახელით სოციალური ქსელით მანიპულირება, ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ სახლში და სამსახურში მიკითხვა, რასაც თან სდევდა ა---- ქ------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნულით ნ---- ხ------ განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს, რის გამოც მას შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება. ა---- ქ------ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები ნ---- ხ------ს მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა სხვადასხვა დროს, 2015-2017 წლებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა---- ქ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ა---- ქ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ა---- ქ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---- ჯ----–--ის მიერ, რომელმაც ა---- ქ------ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ა---- ქ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს: ა---- ჯ----–--ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ნ---- ხ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქუჩის №1 ბინა №57-ში, შვილებთან ერთად. მუშაობს სავაგონო დეპოში ოპერატორად. მას ტელეფონით ა---- ქ------ე 2015 წლის მაისის თვეში დაუკავშირდა და სთხოვა მეგობრობა, რაზედაც თავდაპირველად უარი განუცხადა, ხოლო, შემდეგ დიდი თხოვნის და დაპირებების გამო დათანხმდა. მათ შორის ნორმალური ურთიერთობა იყო 2015 წლის შემოდგომამდე, ხოლო შემდგომ ა---- ქ------ის პათოლოგიური სიმთვრალისა და ეჭვიანობის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც გადაწყვიტა მასთან გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ა---- ქ------ე მაინც ჯიუტად აგრძელებდა მის შევიწროვებას, რაც გამოიხატებოდა გამუდმებულ სატელეფონო ზარებში, მასთან სამსახურსა და სახლში მივარდნაში, კარებზე ხმამაღლა დაკაკუნებაში, რის გამოც იგი იძულებული ხდებოდა მასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ა---- ქ------ე წინ გადაუდგა მის ავტომანქანას ქ. სამტრედიაში, დ. ა----–-----–ის ქუჩაზე და შეეცადა მისი ,,ფოლცვაგენ ჯეტას’’ მარკის ავტომანქანის საქარე მინის დაზიანებას, რაც იმჟამად ხალხმრავლობის გამო ვერ განახორციელა, ხოლო 2016 წლის 28 აგვისტოს, მისი საქარე მინა მართლაც ნახა ჩამტვრეული, თუმცა მაშინ მას არ დაუნახავს თუ ვინ ჩაამტვრია აღნიშნული მინა, ამის თაობაზე მიმართა კიდეც მან პოლიციას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა---- ქ------ემ თურქეთში ყოფნისას მისი სახელით შექმნა ,,ფეისბუქის’’ გვერდი წარწერით: ,,ქალი გამოძახებით’’ და გამოაქვეყნა მისი ფოტოები ტანისამოსის გამოცვლის პროცესში, ვინაიდან მხოლოდ მას ჰქონდა ეს ფოტომასალა და შეეძლო ამგვარი ქმედების განხორციელება. ა---- ქ------ე მას ხშირად ემუქრებოდა და ეუბნებოდა ,,დაგაქცევ და ნულზე დაგსვამო’’ და ვინაიდან მას უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარების მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელებმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხეს მისი უსაფრთხოების დაცვა. 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, მის მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მივიდა ა---- ქ------ე და მიუხედავად დაცვის პოლიციელების გაფრთხილებისა, იგი მაინც ავიდა მის სამუშაო ოთახში და სთხოვდა საათსა და სათვალეს. მათ შორის საუბარი გადაიზარდა ჩხუბში და რკინის ჯოხის გამოყენებით ძლივს შეძლო თავის დაცვა, ამ ხმაურზე ამოვიდა პოლიცია და გაიყვანა ა---- ქ------ე, რომელსაც მოუწოდეს დაეტოვებინა ტერიტორია. სახლში წამოსულს, რა დროსაც თან ახლდა მისი არასრულწლოვანი შვილი, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაუჭრა გზა და შეუქმნა საავარიო სიტუაცია, აგინა უშვერი სიტყვებით, ამ ყოველივეთი აღელვებული ნ---- ხ------ წავიდა პოლიციაში და პოლიციის უფროსს თავად მოახსენა შექმნილი ვითარების თაობაზე, რომელმაც აღუთქვა დახმარება. მან კარგად იცოდა ა---- ქ------ის ხასიათი, პოლიციაც გააფრთხილა, რომ იგი ცუდად დაასრულებდა ამ ყველაფერს და დროულად მიეღოთ ზომები. სახლში დაახლოებით 8 საათისათვის დაბრუნდა და ეზოში დააყენა ავტომანქანა ისეთ ადგილას, რომ მისი სახლის ფანჯრებიდან ყოფილიყო ხილვადი. საქარე მინის გატეხვის შემდგომ იგი სისტემატურად ამოწმებს ხოლმე მანქანას. კორპუსის ეზოში იმ დღეს მხოლოდ მისი და მისი შვილის მანქანა იდგა. ამ დროს სახლში იყო მისი უფროსი ვაჟიც და მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც შეიყვანა დასაძინებლად. დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, რა დროსაც შემოესმა ძაღლების ყეფის ხმა, გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ვიღაც მის მანქანას ხელის მოძრაობით რაღაცას ასხამდა და ვინაიდან იმ საძინებელი ოთახის ფანჯარა იყო დაზიანებული, სასწრაფოდ გავარდა მისი უფროსი ვაჟის ოთახში, რომელსაც აქვს აივანი და როდესაც გაცვივდნენ აივანზე, მათი გასვლა და ცეცხლის აალება ერთი იყო, უცებ დაიყვირა ,,რას აკეთებო’’, მან ერთი შეაგინა და გაიქცა. სწორედ ამ დროს მან დაინახა ა---- ქ------ე, მას ეცვა იგივე ტანისამოსი რაც სამსახურში მივარდნის დროს. გარდა ამისა, ცეცხლის ალზე კარგად მოსჩანდა მისი ბოტასების თეთრი ძირები, ამასთან ნათელი ღამეც იყო და მასაც და მეორე სართულის მეზობელსაც აივანზე ანთებული ჰქონდათ შუქი. ამ ყოველივეს ერთვოდა ცეცხლის კაშკაშა ალი და ამ ყველაფრის ფონზე სილუეტით, ტანსაცმლითა და სიარულის მანერით ამოიცნო ა---- ქ------ე. იგი ინსტიქტურად ჩამოვარდა ქვემოთ და სანამ მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე ჩამოვიდოდა, უკვე ფაქტიურად მთელი კორპუსი გარეთ იყო და მანქანის წინა ნაწილი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, ავტომანქანის საბარგულში ელაგა მისი ბიზნესისათვის საჭირო საქონელი, რომელიც თითქმის ავტომანქანის ღირებულების საფასური იყო. მისი ავტომანქანის გვერდით იდგა მისი შვილის ავტომანქანაც, რომელიც სასწრაფოდ გადააყენა მისმა შვილმა, მან მაშინვე განაცხადა, რომ მანქანა დაუწვეს. ნ---- ხ------მ სასწრაფოდ დარეკა ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–- ბ----ესთან, შემდეგ კი 112-ში, რის შემდეგაც იგი წავიდა პოლიციაში, მან აღნიშნული მანქანა შეიძინა დაახლოებით 2 წლის წინ 5000 აშშ დოლარად. ამასთან, დაზარალებულმა განმარტა, რომ ქ------ეების ოჯახის არანაირი ვალი არ აქვს. მას ავტომანქანის დაწვის შედეგად მიადგა 6 000 (ექვსი) ათასი ლარის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლოში გ------ ჟ-------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტად, 2000 წლიდან. მოცემულ საქმეზე მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. კერძოდ, როდესაც შემთხვევა მოხდა სატელეფონო შეტყობინებით აცნობეს ავტომანქანის დაწვის თაობაზე. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში, გამომძიებელ ვ-–- ხ-------ესთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ კორპუსებთან ახლოს, ავტოფარეხის კარებთან, წინა ნაწილით, იდგა ,,ფოლცვაგენის’’ მარკის ავტომანქანა, რომელსაც დამწვარი ჰქონდა ძრავი. მისი მისვლის დროისათვის ცეცხლი უკვე ჩამქვრალი იყო და ნიადაგიც სველი იყო, იგი ეხმარებოდა გამომძიებელს ნივთმტკიცებათა შეგროვებაში, რა დროსაც მანქანის უკანა მხარეს, მარჯვენა საბურავთან ახლოს, აღმოჩენილი იქნა პოლიეთილენის მწვანე ფერის ბოთლი, თავსახურის გარეშე, რომელშიც დარჩენილი იყო სავარაუდოდ მცირე რაოდენობით ნავთობპროდუქტის კვალი და ვინაიდან მისი დაღვრის საფრთხე არსებობდა, საჭიროდ მიიჩნია მისი სათანადო ფორმით შენახვა, შემდგომი სრულფასოვანი საექსპერტო კვლევისათვის. მოიძია ბოთლის თავსახური და სითხე, რომ არ დაღვრილიყო დააცო აღნიშნული თავსახური და დალუქა. მოწმის განმარტებით ასევე, ავტომანქანასთან წინა მხარეს, დაახლოებით 1 მეტრის რადიუსის დაშორებით, ამოღებული იქნა თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი, რომელიც ვიზუალურად ახალივით გამოიყურობდა, იგი არ იყო დაკუჭული და დაზიანებული, აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებაც დაილუქა. ყოველივე აღნიშნული ფოტოგრაფირებული იქნა მის მიერ.

 

მოწმის სახით დაიკითხა ლ-–- ბ----ე, რომელმაც აჩვენა, რომ 2010 წლიდან მუშაობს სამტრედიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. დაზარალებულსა და ბრალდებულს იცნობს, მის წარმოებაში არსებული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე, კერძოდ, მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, ნ---- ხ------ს ტელეფონის დაზიანების ფაქტზე. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ნ---- ხ------სთან, ასევე ა---- ქ------ესთან. 2017 წლის 10 ივნისს, ღამის საათებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, ტელეფონზე დაუკავშირდა აღელვებული ნ---- ხ------ და უთხრა, რომ ა---- ქ------ემ დაუწვა მანქანა და სასწრაფოდ სთხოვდა ადგილზე მისვლას. ვინაიდან იმყოფებოდა პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფოდ მივიდა პოლიციის შენობაში და საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელობა, რომლებიც უკვე ინფორმირებულნი იყვნენ აღნიშნულის თაობაზე და ინსპექტორ -გამომძიებელ ო----- თ------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე მისული იყო სახანძრო ავტომანქანა და შეკრებილი იყო კორპუსის მოსახლეობა. იქვე იმყოფებოდა ნ---- ხ------ც, რომელიც იყო ძალიან აღელვებული. მან განუცხადა, რომ მანქანა დაუწვა ა---- ქ------ემ და დატოვა იგი შემოსავლის წყაროს გარეშე. ამ დროს ცეცხლი უკვე ფაქტიურად ჩამქრალი იყო. მისი და ო----- თ------ის მონაწილოებით უზრუნველყოფილი იქნა შემთხვევის ადგილის დაცვა, ტერიტორიიდან გაყვანილ იქნენ მოქალაქეები. გამომძიებელ ვ-–- ხ-------ისა და ექსპერტ გ------ ჟ-------ის მოსვლის შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მანქანის უკანა მარჯვენა საბურავთან აღმოჩენილ იქნა პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე რაოდენობით სითხე. დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით, აგრეთვე აღმოჩენილ იქნა სიგარეტის ნამწვი, თეთრი ფერის ფილტრით. ამ ყოველივეს ამოღება მოხდა ექსპერტის მიერ, ხელთათმანის მეშვეობით და დაილუქა საექსპერტო პაკეტში. ის და ო----- თ------ე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 2 მეტრში, რათა არ დაეზიანებინათ კვლები. შემთხვევის ადგილი ზომიერად იყო განათებული, რადგან ირგვლივ არის კორპუსები და გამომავალი შუქი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეზო განათებულიყო.

 

გ--- მ------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2000 წლიდან მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, ხოლო 2012 წლიდან დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაზარალებულს და ბრალდებულს იცნობს, ვინაიდან მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმეები ნ---- ხ------ს ავტომანქანის საქარე მინის დაზიანებისა და არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა ნ---- ხ------ და დანიშნული იქნა სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზა. დაზარალებულ ნ---- ხ------ს გამოკითხვით დადგინდა, რომ 2017 წლის 09 ივნისს, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით ღამის 1200 საათზე გადმოიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ მის მანქანასთან ჩაცუცქულმა პიროვნებამ, მანქანას გადაასხა რაღაც და წაუკიდა ცეცხლი, მის დაძახებაზე ამ პირმა შეაგინა და გაიქცა, რა დროსაც ამოიცნო მისი ყოფილი მეგობარი ა---- ქ------ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა გრუნტის ნიმუშები, ავტომანქანის მარჯვენა, მარცხენა, შუა, აგრეთვე ბამპერის მხრიდან და თავისუფალი ზონიდან. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მარჯვენა საბურავთან აღმოჩენილ იქნა ნავთობპროდუქტის კვალი. ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო ღია ცეცხლის წყარო, ნავთობპროდუქტის ზემოქმედებით, ხოლო ხანძრის კერა იყო ავტომობილის წინა მარჯვენა ზონაში.

 

ო----- თ------ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლიდან მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 ივნისს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას და 24 საათის განმავლობაში იყო მორიგე ჯგუფში. 10 ივნისს, დაახლოებით 0100 საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ,,ხის დამამუშავებელი კომბინატის’’ უბანში იყო ხანძარი, სადაც გავიდა ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–- ბ----ესთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ სახანძრო სამსახური. კორპუსებს შორის ეზოში, ავტოფარეხის წინ გაჩერებული იყო ავტომაქანა, რომელსაც წინა მხრიდან ეკიდა ცეცხლი და მეხანძრეები დარჩენილ ცეცხლის კერებს აქრობდნენ. იქვე ეზოში შეკრებილი იყო ხალხი. იმ წუთას ახლოს არ მისულა, რადგან მუშაობდა სახანძრო სამსხური და ჯერ კიდევ არსებობდა ავტომანქანის აფეთქების საშიშროება. იქვე იყო ნ---- ხ------, რომელიც შეკრებილ ხალს ესაუბრებოდა და ჩანდა ძალიან აღელვებული. ექსპერტის და გამომძიებლის მოსვლამდე მისი და ლ-–- ბ----ის მონაწილეობით დაცული იქნა შემთხვევის ადგილი. ექსპერტ გ------ ჟ-------თან და გამომძიებელ ვ-–- ხ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის 1 ლიტრი ტევადობის ბოთლი, რომელიც ეგდო ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავთან თავსახურის გარეშე. მან აღნიშნული ბოთლი ახლოდან ნახა დალუქულ მდგომარეობაში, ხოლო შიგ სითხე იყო თუ არა იმ მანძილიდან, სადაც ის იდგა, ვერ შენიშნავდა. აგრეთვე ამოღებულ იქნა თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვიც, რომელიც დაილუქა ასევე ექსპერტის მიერ.

 

დ----- ზ------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქ. 1, ბინა 45-ში, აღნიშნული კორპუსი არის 5 სართულიანი, თავად ცხოვრობს მეორე სართულზე, ხოლო ნ---- ხ------ მეხუთე სართულზე, რომელთანაც აქვს მეზობლური ურთიერთობა. 2017 წლის 09 ივნისს, ღამით, იყო სახლში, ყვირილის ხმაზე გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კორპუსთან მდგარი ნ---- ხ------ს ,,ფოლცვაგენის’’ მარკის ავტომანქანა იწვოდა, ცეცხლი მოდებული იყო მანქანის კორპუსის წინა ნაწილზე. მან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია 5----------- დარეკა 112-ში და გამოიძახა სახანძრო, რომელიც მოვიდა და მალევე მოჰყვა პოლიციაც. აღნიშნული ტერიტორია გარე განათებით არ იყო განათებული, მხოლოდ კორპუსის ფანჯრებიდან გამოსული შუქები ანათებდა ეზოს. ხანძრით გამოწვეული შიშის გამო, სახანძროს მოსვლის შემდგომ, შემთხვევის ადგილზე აღარ გასულა.

 

ნ----------–ა მ---------მ აჩვენა, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში კ-----------–-ის ქ.№1 ბინა 53-ში. 2017 წლის 09 ივნისს, გვიან ღამით, ზუსტი დრო არ ახსოვს, იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მძინარეს ჩაესმა ჩოჩქოლისა დ მისი შვილის ხმა ,,იწვის-იწვისო’’ გამოვარდა გარეთ და დაინახა, რომ ნ---- ხ------ს ავტომანქანა იწვოდა. იქვე იდგა მისი შვილის მანქანაც, რომელმაც მოასწრო გადაყენება. გავიდა სადარბაზოში და მისი მობილური ტელეფონიდან თ----- გ-------ემ დაურეკა სახანძროს, როცა სადარბაზოდან შემობრუნდა, ამ დროს ნ---- ხ------ იდგა ეზოში და ტიროდა, თან პოლიციის თანამშრომელს საყვედურობდა ,,მაინცდამაინც ამ დონეზე მიიყვანეთ საქმეო’’ ვინაიდან კორპუსთან ახლოს გადის გაზგაყვანილობის მილები და არსებობდა აფეთქების საშიშროება, თითქმის მთელი კორპუსი გარეთ იყო. ეზოში გარე განათება არ იყო, მაგრამ კორპუსის აივნებიდან და ფანჯრებიდან გამოსული შუქი ანათებდა ეზოს.

 

გ------ი მ-------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში კ--------ს ქ.№90/24-ში, მეხუთე სართულზე. 2017 წლის 09 ივნისს, გვიან ღამით, იმყოფებოდა სახლში და შუქჩამქრალ ოთახში უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც მოულოდნელად განათდა, როცა გადმოიხედა, დაინახა, რომ ნ---- ხ------ს ,,ფოლცვაგენ ჯეტას’’ მარკის ავტომანქანას ეკიდა ცეცხლი. ცეცხლი საკმაოდ მძლავრად ჰქონდა მოკიდებული ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს. ამის შემდგომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა 112-ში და ჩამოვიდა ეზოში, სადაც მეზობლებთან ერთად იყო ნ---- ხ------ და მოსული იყო, სახანძროც და პოლიციაც, რომლებიც მოქალაქეებს არ აძლევდნენ შემთხვევის ადგილთან მიახლოების უფლებას. ცეცხლის ალი იმდენად მკვეთრი იყო, რომ მის შუქზე თავისუფლად შეიძლებოდა ყველაფრის გარჩევა.

 

2017 წლის 10 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ეზოში, რომელშიც შევდივართ კ-----------–-ის ქუჩიდან, დასავლეთით არსებული გზით, სადაც განთავსებულია მობინადრეთა კუთვნილი ავტოფარეხები და დგას ავტომანქანები. აქედან ერთ-ერთი შავი ფერის ,,ფოლკსვაგენ ჯეტა’’-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,V--------, რომელიც წარმოადგენს ნ---- ხ------ს საკუთრებას და დგას ავტოფარეხის კედელთან დასავლეთის მიმართულებით. შემთხვევის ადგილიდან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით მდებარეობს ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დასავლეთით მდებარეობს კ--------ს ქუჩა, ხოლო აღმოსავლეთით კ-----------–-ის ქუჩა. ავტომანქანის აღმოსავლეთით, დაახლოებით ხუთ მეტრში, მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მეხუთე სართულზე ცხოვრობს ავტომანქანის მეპატრონე-ნ---- ხ------ და მისივე განმარტებით სრულად ხედავს, როგორც ავტომანქანას, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიას. ავტომანქანას წინა ნაწილში მარჯვნივ, შუაში და მარცხნივ აღენიშნება ხანძრის კვალი, რომელიც მესაკუთრის, ნ---- ხ------ს, განმარტებით ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ა---- ქ------ემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ავტომანქანის მარჯვენა უკანა მხარეს საბურავის ზონაში ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა პოლიეთილენის ერთი ლიტრის ტევადობის მწვანე ფერის ბოთლი, მასში არსებული სითხით, ხოლო ავტომანქანის მარჯვენა წინა მხარეს, 120 სანტიმეტრის დაშორებით, ამოღებულ იქნა სიგარეტის თეთრი ფერის ნამწვი, რომლებიც დაილუქა ექსპერტის მიერ. შემთხვევის ადგილი დაცული იქნა უბნის ინსპექტორების მიერ. შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება მოხდა ექსპერტის მიერ, რაც თან ერთვის ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 11 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის №9--- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2015 წელს გამოშვებული ,,VOLSKVAGEN JETTA 2.0’’ სახ ნომრით V------ ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6000 (ექვსი ათას) ლარს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკუ-რი სამსახურის 2017 წლის 11 ივნისის ექსპერტიზის ს.ტ №4--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა ნ---- ხ------ს კუთვნილი ავტომანქანა ,,VOLSKVAGEN JETTA’’ -ს სახ ნომრით V------, ხანძრით დაზიანების ფაქტზე:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ №2 პაკეტში ასებულ გრუნტის ნიმუშზე ვლინდება ნავთობპროდუქტის კვალი; 2. ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთი, ანთებული სანთებელა, პარაფინისა და სტეარინის სანთელი) ზემოქმედება წვად მასალაზე; 3. ხანძრის კერა მდებარეობს ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეს, მარჯვენა ფრთის ზონაში.

 

2017 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 ივნისს, ა---- ქ------ისაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდებულის თანხმობით, ექსპერტების მიერ, სპეციალური ბამბიანი ჩხირების საშუალებით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც ექსპერტის მიერ დაილუქა F--------- სპეციალურ პაკეტში.

 

2017 წლის 10 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ვ-–- ხ-------ის მიერ შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ბრალდებულ ა---- ქ------ისაგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის ქსოვილისაგან დამზადებული მაისური, წინა მხარეს ნახატით, რუხი ფერის ნაჭრის შარვალი, წინა მხარეს ორი ჯიბით, გვერდზე და უკანა მხარეს ორ-ორი ჯიბით, მუქი ლურჯი ფერის ,,ნაიკის’’ ფირმის ნაჭრის ბოტასი, ორი ცალი, თეთრი ძირით. თეთრი ფერის ნაჭრის წინდები, ,,ნაიკის’’ ფირმის. ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები დაილუქა #F--------- სპეციალურ პაკეტში, დაესვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ვ-–- ხ-------ის, ექსპერტის გ------ ჟ-------ისა და ბრალდებულ ა---- ქ------ის მიერ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №2-- ს/ქ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა) ა---- ქ------ისაგან ამოღებული-მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლის წინა ნაწილში აღინიშნება ნავთობპროდუქტის კვალი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 ივლისის №5--------- ნავთოპროდუქტების და სახანძრო -ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი პოლიეთილენის ბოთლში არსებული მოყვითალო ფერის სითხე (ობიექტი №1-ამოღებული 2017 წლის 10 ივნისს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქუჩის №1/57-ში საცხოვრებელი ბინის წინ სადგომზე მანქანასთან უკანა მარჯვენა საბურავის გვერდიდან) წარმოადგენს ბენზინს.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, 2017 წლის 10 ივნისს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქუჩის №1/57-ში საცხოვრებელი ბინის წინ სადგომზე, მანქანის უკანა მარჯვენა საბურავის გვერდიდან ამოღებული, პოლიეთილენის ბოთლში არსებული მოყვითალო ფერის სითხე (პაკეტი №1----------) - ბენზინი, მიეკუთვნება ადვილად აალებად ნივთიერებათა კატეგორიას.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით (... შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი სიგარეტის ნამწვი...’’ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ №1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---- ქ------ეს (ობ№4; პაკეტი წარწერით; ...ა---- ქ------ისაგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში...’’’) .

 

პაკეტში წარწერით ,, ... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მწვანე ფერის ერთი ლიტრი ტევადობის ბოთლი...’’ მოთავსებულ ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ№2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---- ქ------ეს (ობ№4); ამავე ბოთლის თავსახურსა და ბოთლის პირზე (ობ№3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია მსჯავრდებულ ა---- ქ------ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ა---- ქ------ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 1511–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროება არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს აზრით ა---- ქ------ის მიერ, დაზარალებულის - ნ---- ხ------ს მიმართ ადევნების დასადასტურებლად საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - (ნ---- ხ------ს ჩვენება), რაც ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის, ასევე იგი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც უტყუარად და დამაჯერებლად არ დასტურდება, რომ ა. ქ------ემ ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კრიმინალიზებული იქნა 2017 წლის 04 მაისს ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 01 ივნისიდან, ხოლო ა---- ქ------ეს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს ადევნება, რომელიც მოიცავს 2015-2017 წლების პერიოდს, ვინაიდან ახალ კანონს მის მიმართ უკუძალა ვერ მიენიჭება.

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა---- ქ------ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება, ცეცხლის წაკიდებით. პალატას, უმთავრეს მტკიცებულებად მიაჩნია დაზარალებულ ნ---- ხ------ს ჩვენება, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი დამარწმუნებლად და ვარაუდების გარეშე გადმოსცემს ნივთის დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებს და გარემოებებს, სახელდობრ: 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 2400 საათზე თავის ბინიდან დაინახა ა---- ქ------ე თუ როგორ ასხამდა მის ავტომობილზე რაღაც სითხეს, რაც სწრაფად აალდა და მანქანას ცეცხლი წაეკიდა. მის დაყვირებაზე კი მსჯავრდებულმა შეიგინა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის დროს ნათელი ღამე იყო, მეზობლებს აივნებზე ანთებული ჰქონდათ შუქები და იმავდროულად ცეცხლის ალის შუქზე ნ.ხ------მ ნათლად დაინახა ა.ქ------ე და დეტალურად მიუთითა მის ჩაცმულობაზე, რის გამოც მისი ჩვენება კატეგორიულია. ამასთან, ა---- ქ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა პალატას დადასტურებულად მიაჩნია, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების გ------ ჟ-------ის, ლ-–- ბ----ის, გ--- მ------–---–ის, ო----- თ------ის, დ----- ზ------ის, ნ----------–ა მ---------ს და გ------ი მ-------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის №9--- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტიზის ს.ტ №4--------- დასკვნით, ნიმუშის აღების ოქმით, ამოღების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის №2-- ს/ქ ექსპერტიზის დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთოპროდუქტების და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეშე არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ხსენებული მტკიცებულებებიდან სააპელაციო პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---- ქ------ეს. 2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მწვანე ფერის, ერთი ლიტრი ტევადობის ბოთლზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---- ქ------ეს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები იმის შესახებ, რომ ,,ვერანაირად ვერ დარჩებოდა სიგარეტის ნამწვზე დნმ, რადგან ხანძრის ტემპერატურა 1000-1200 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო ადამიანის დნმ-ის ლღობის ტემპერატურა 81-82 გრადუსი ცელსიუსია, ასევე ის, რომ მეხანძრეებმა 1 ტონა წყალი გახარჯეს ხანძრის ჩაქრობის დროს და ნიადაგი ავტომანქანის წინა მხარის ირგვლივ მთლიანად სველი იყო” ვერ გამოდგება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გასაბათილებლად, რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის №0-------- დასკვნაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მასში გადმოცემული ინფორმაცია უშუალოდ გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებს ა---- ქ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

 

დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მოთხოვნებს დარღვეულად, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ ავტომანქანასთან ნაპოვნ ბოთლს თავსახური არ აქვს, ხოლო საქმეში იგი ნივთმტკიცებად წარმოდგენილია თავსახურთან ერთად.

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 ივლისის ნავთოპროდუქტების და სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი პოლიეთილენის ბოთლში არსებული მოყვითალო ფერის სითხე (ამოღებული 2017 წლის 10 ივნისს ქ. სამტრედიაში, კ-----------–-ის ქუჩის №1/57-ში საცხოვრებელი ბინის წინ სადგომზე მანქანასთან უკანა მარჯვენა საბურავის გვერდიდან) წარმოადგენს ბენზინს.

 

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბენზინი ადვილად აორთქლებადი ნივთიერებაა.

საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ,,ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას”.

 

მოცემულ შემთხვევაში თუ ავტომანქანასთან ნაპოვნი პოლიეთილენის ბოთლის თავი არ იქნებოდა დახურული, მასში მოთავსებული ბენზინი აორთქლდებოდა ან დაიღვრებოდა, რაც გამოიწვევდა ნივთიერი მტკიცებულების განადგურებას.

 

პალატა არ იზიარებს და ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი მსჯავრდებულ ა---- ქ------ის ახლობლები და საქმის შედეგით დაინტერესებულები პირები არიან. მათ მიერ აღნიშნული ჩვენებების მიცემა მიზნად ისახავს ა---- ქ------ის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას. ამასთან ისინი წინააღმდეგობრივი არიან საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის - სანდოობის სტანდარტს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კ-----------–-ის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- გ--–--ისა და მსჯავრდებულ ა---- ქ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- გ--–--ისა და მსჯავრდებულ ა---- ქ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

 

ა---- ქ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა---- ქ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ა---- ქ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 10 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: 2017 წლის 10 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პოლიეთილენის 1 ლიტრი ტევადობის ბოთლი, შიგ მოთავსებული სითხით, აგრეთვე, 2017 წლის 10 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვი, 2017 წლის 10 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 ცალი გრუნტის ნიმუში და ერთი ცალი საკონტროლო გრუნტის ნიმუში, 2017 წლის 10 ივნისს ა---- ქ------ისაგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. 2017 წლის 10 ივნისს შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას ამოღებული დაზარალებულ ნ---- ხ------ს ავტომობილი, რომელიც დგას სპეც. ავტო-სადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 2017 წლის 10 ივნისს ა---- ქ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, კერძოდ ერთი ცალი მაისური, ერთი ცალი შარვალი, ორი ცალი ბოტასი და ორი ცალი წინდა, რაც დალუქული სახით ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ასევე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე