განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100118002338504
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002338504

საქმე №1/ბ-306-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მ------ ე-–------ს ძე კ---–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონი, სოფელი შ----–ა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ კ---–--ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მ------ კ---–--ემ ზესტაფონ-ხარაგაულის საეტყეო უბნის საწაბლის სატყეო №6 კვარტალში, ბენზო ხერხით სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 14.284მ3 მოცულობის 42 ძირი თხმელის, მურყნის, რცხილის და ქართულის მუხის ჯიშის პირველი ხარისხის ხე-ტყე, რაც მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაზიდა მეზობლად მცხოვრები ჯ------- კ-----ის ვა------- მარკის ავტომანქანით. მ------ კ---–--ემ ხეების უკანონო გაჩეხვით გარემოს მიაყენა 4178,088 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით მ------ კ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გ--- დ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში და მ------ კ---–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ კ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - თ------ კ---------ის, ა---------– კ---–--ის, გ------- ბ------ის, ვ---- კ---–--ის, ჯ------- კ-----ის, გ------- კ---–--ისა და მ------ მ--------ის ჩვენებებით; საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; მ------ კ---–--ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსურათებით; ჯ------- კ-----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის წერილი თანდართული მასალებით; ხე-ტყის გაჩეხვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების ცხრილითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------ კ---–--ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ------ კ---–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, არ არის ნასამართლევი, ოჯახს გააჩნია მწირი შემოსავალი, მ------ კ---–--ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ მ------ კ---–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა და შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------ კ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ------ კ---–--ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 1 მ სიგრძის, 10 სმ დიამეტრის, 11 ცალი ხის მორი; 1 მ სიგრძის, 15 სმ დიამეტრის, 15 ცალი ხის მორი; 30 სმ სიგრძის, დახეთქილი შეშის 25 (ოცდახუთი) ნაჭერი და ბენზო ხერხი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);

 

მ------ კ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ------ კ---–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

მ------ კ---–--ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ჯ------- კ-----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე