განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
330210118002402721
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002402721

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/736-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შ-- ,,ტ---------“

წარმომადგენელი - ნ--- მ--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-----------–-----------------

წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

საქართველოს თ-----–--- ს------------ს სასარჩელო მოთხოვნა - შ-- ,,ტ--------ს“ ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 8 085.30 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

ს----------–-----------–-----------------სა და შ-- ,,ტ--------ს“ შორის 2017 წლის 03 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N5--, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 250 932 ლარით და 90 თეთრით.

 

მიმწოდებლის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, დარღვეულ იქნა საქონლის მიწოდების ვადა და ნაცვლად 12.11.2017 წლისა საქონელი მიწოდებულ იქნა 14.12.2017 წელს.

 

ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 20 632.30 ლარის გადახდა.

 

ს----------–--------ს, როგორც გარანტორს ეცნობა საგარანტიო თანხის 12 547.00 ლარის გადახდის ვალდებულების შესახებ, ბანკმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და უზრუნველყო საგარანტიო თანხის გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი მოპასუხე შ-- ,,ტ---------“-ს (ს/კN2--------) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე შ-- ,,ტ--------ს“ (ს/კ N2--------) მოსარჩელე ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 8085.30 (რვა ათას ოთხმოცდახუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შ-- ,,ტ---------ს“ წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შ-- ,,ტ---------“-ს სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, წარმოდგენილი უკუგზავნილით ირკვევა რომ, მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა, 2018 წლის 23 აპრილს, კერძოდ, სარჩელი თანდართული მასალებით და განჩინება ჩაბარდა გაყიდვების მენეჯერს მ--- ს------–---–ს.

 

2.2. მოპასუხეს წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა;

 

2.4. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ს----------–-----------–-----------------სა და შ-- ,,ტ---------“-ს შორის 2017 წლის 03 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N5--, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 250 932 ლარითა და 90 თეთრით.

 

მიმწოდებლის, ანუ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, დაირღვა საქონლის მიწოდების ვადა და ნაცვლად 2017 წლის 12 ნოემბრისა მოპსაუხემ მოსარჩელეს საქონელი მიაწოდა 2017 წლის 14 დეკემბერს.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობაა 20 632.30 ლარი.

 

სასამართლოს განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ სასამართლო გზავნილი საწარმოს მისამართზე გაყიდვების მენეჯერს ჩაბარდა საკმარის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნევისთვის. გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით ის გარემოება, რომ მენეჯერს გზავნილი არ გადაუცია ხელმძღვანელი პირისათვის, ან თუნდაც ის გარემოება, რომ გაყიდვების მენეჯერი უფლებამოსილ პირად არ უნდა ჩაითვალოს, ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თუკი საწარმოს მისი თანამშრომლის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, მხარეს უფლება აქვს, რომ ზიანის ანაზღაურება სწორედ მითითებულ პირს მოსთხოვოს, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. ამასთან, ამ უკანასკნელს ორგანიზაციის დირექტორისთვის ჩაბარებული მასალა არ გადაუცია. აპელანტის განმარტებით, გარდა იმისა, რომ არ არსებობდა გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გაამართლებდა, ასევე სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი მეორე წინაპირობა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების, ასევე მისი ძალაში დატოვების თაობაზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-- ,,ტ--------ს’’ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სასამართლო გზავნილი, რომლითაც შ-- ,,ტ---------’’ გაფრთხილებულ იქნა გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულებისა და მისი წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას შესახებ.

 

შ-- ,,ტ--------ს’’ ს----------–-----------–-----------------ს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები სასამართლო გზავნილთან ერთად 2018 წლის 23 აპრილს ჩაბარდა, კერძოდ, გზავნილი შ-- ,,ტ---------ს’’ გაყიდვების მენეჯერს - მ--- ს------–---–ს ჩაბარდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი გაეგზავნა და ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

 

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭიროა, მისი მიღება დასტურდებოდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კორესპონდენციის მიღებისათვის პირდაპირ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის მიღებისას ეს უკანასკნელი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად. ამავე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებას და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერით დაამოწმებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“. მოცემულ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები - მ--- ს------–---–ი მიჩნეულ უნდა იქნეს კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, ვინაიდან მან გზავნილის მიღებით დაადასტურა, რომ ამგვარი უფლებამოსილება გააჩნდა. უფრო მეტიც, აღნიშნულმა პირმა შეტყობინების ბარათზე მიუთითა, რომ იგი გზავნილის ადრესატის მინდობილი პირია, თანახმად #1-------- მინდობილობისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულებაში მხარის მიერ მითითებული თავისი მისამართი, სადაც ამ უკანასკნელს სასამართლო გზავნილი გაეგზავნა სისწორის თვალსაზრისით, ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მხარე მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა თუ კორესპონდენციის სათანადოდ მიღება-ჩაბარებას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მ--- ს------–---–ის მიერ გზავნილის მიღებისას არ არსებობდა ამ გზავნილის შ-- ,,ტ---------სთვის’’ ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარჩელისა და თანდართული მასალების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. გარდა ამისა, მართალია აპელანტი საზოგადოების წარმომადგენელი უთითებს, რომ გზავნილის მიმღებს სასამართლო გზავნილი ორგანიზაციისთვის დირექტორისთვის არ გადაუცია, თუმცა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ამ უკანასკნელს მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე /მოწინააღმდეგე მხარე სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ საზოგადოებაში დასაქმებულმა პირმა ჩაბარებული სასამართლო გზავნილი საზოგადოების ხელმძღვანელობას არ გადასცა ან დაგვიანებით გადასცა. სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, მოპასუხის მიერ არასაპტიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ არის კანონით გათვალისწინებული პირობა, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმპერატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაც კი არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (შედარებისთვის იხილეთ სსსკ-ის 230-ე მუხლი; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).

 

აპელანტის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით სასამართლომ არ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ შეიძლება გახდეს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის მტკიცების საგანი.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სარჩელში მითითებულ და დადასტურებულად მიჩნეულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით 8085.30 (რვა ათას ოთხმოცდახუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,ტ---------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

 

3. წინამდებარე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური/